logo_geo
eng_logo
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსური მაქინაციებით შვეიცარია დაინტერესდა?!
- +

11 აპრილი. 2016. 16:12

 


რამდენიმე დღის წინ შვეიცარიულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პანამურ დოკუმენტებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილი სახელიც ფიგურირებს.


შვეიცარიული გამოცემა Tribune de geneve წერს: „2006 წელს, როდესაც დავით კეზერაშვილი საქართველოში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურდა, საკუთრებაში მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. 2008 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა და... მალევე ოლიგარქი გახდა". გამოცემისვე ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ყოფილი მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის დააფუძნა სამი ოფშორული კომპანია, რომელთა ანგარიშებზეც ნავთობის გაყიდვისგან მიღებული სოლიდური თანხები ირიცხებოდა. ე.წ. პანამური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს კეზერაშვილის ერთ-ერთმა ოფშორულმა კომპანიამ შვეიცარიულ ბანკ Banque Cantonale de geneve-ში (BCGE) ანგარიში გახსნა, სადაც 20 მილიონი ფრანკი გადაირიცხა. ამასთან, ორ შვეიცარიულ ბანკში (ABN AMRO და BNP Paribas) ანალოგიური გზით ჯამში 25 მილიონი ფრანკი გადაირიცხა. შვეიცარიული გამოცემა იუწყება, რომ 2013 წელს, მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო და ინტერპოლმა მისი დაკავების ორდერი გასცა, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს მოულოდნელად დოკუმენტების ძველი თარიღით რეგისტრირება მოსთხოვა. ამის შემდეგ, სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე, კეზერაშვილმა მთელი თავისი აქტივები კიდევ სხვა ორ ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა. Tribune de geneve-ის ინფორმაციით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ის ფინანსური შუამავლის როლს არ ასრულებდა და კომპანიას კლიენტების ანგარიშებზე წვდომა არ ჰქონდა.


ცნობილი ხდება, რომ 2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდენიმე ბანკის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი BCGE აღმოჩნდა, რომელშიც დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ე.წ. პანამური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca ზოგიერთ კლიენტს ფულის გათეთრებაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. იურიდიული კომპანიის კლიენტებს შორის ნახსენები არიან მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი სპორტსმენები.


რატომ დაინტერესდა შვეიცარიული მედია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსებით და დადგება თუ არა დავით კეზერაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი დემურ გიორხელიძე საუბრობს:


- ზოგადად, ოფშორებში კომპანიების დარეგისტრირება ბიზნესსექტორში აპრობირებული მეთოდია. მთავარია, თანხების წარმომავლობა კანონიერი და დასაბუთებული იყოს. როგორც ჩანს, კეზერაშვილის შემთხვევაში, მთავარი კითხვა სწორედ მისმა დაუსაბუთებელმა ფინანსებმა გამოიწვია. როგორ მოხდა, რომ თანამდებობიდან წასვლიდან 10 დღეში თავდაცვის მინისტრმა ოფშორებში სამი კომპანიის დარეგისტრირება შეძლო? ფაქტია, შვეიცარიული მხარე ამ საკითხით არ დაინტერესდებოდა, ხელში კონკრეტული მასალები რომ არ ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოაშკარავდება, დაუმალა თუ არა სოლიდური თანხები კეზერაშვილმა სახელმწიფოს, რის შემდეგაც სამართლებრივი მექანიზმები ავტომატურად ამოქმედდება.


- შვეიცარიულ მხარესთან ერთად, გამოძიებაში საქართველოც უნდა ჩაერთოს?


- რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ პროკურატურა კეზერაშვილის ფინანსური საქმიანობით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდა. თუ ე.წ. პანამური დოკუმენტების საფუძველზე შვეიცარიის საგამოძიებო სამსახური კეზერაშვილის ფინანსურ მაქინაციებს გაშიფრავს, ბრიტანელი მოსამართლე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვერ გამიგია, რა არგუმენტით მოუხსნა ბრალი ლონდონის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს? მათ მიერ გამოქვეყნებული წერილი ტექნიკურად და სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი და არადამაჯერებელი იყო. არ გამოვრიცხავ, შვეიცარიული გამოცემის მასალების საფუძველზე საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთოს და კეზერაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოში კიდევ ერთხელ დადგეს. მართალია, ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი საქმიანობის შესახებ, თუმცა ზოგად ინფორმაციას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, რისი მოძიებაც შვეიცარიელებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ.


„კვირის პალიტრა" დავით კეზერაშვილის ადვოკატ შოთა მინდელსაც დაუკავშირდა: - სიმართლე გითხრათ, როდესაც შვეიცარიული გამოცემის მასალებს გავეცანი, მასში განსაკუთრებული დარღვევის ნიშნები ვერ აღმოვაჩინე. ეს არ ნიშნავს, რომ თანხა დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა, ინვესტიციების მოზიდვა კი დანაშაულს არ წარმოადგენს. ეს იყო საინვესტიციო კაპიტალი გარკვეული ბიზნესის დასაწყებად. შესაბამისად, კეზერაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი საფრთხე არ არსებობს.


ლევან ალაფიშვილი, იურისტი: - ე.წ. პანამის დოკუმენტების საფუძველზე გამოძიების დაწყება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, თუმცა ოფშორებში კომპანიების შესახებ ინფორმაცია კონსტიტუციით გასაიდუმლოებულია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, კომპანიებიდან დამატებითი მასალები გამოძიებას მიაწოდონ.


რუსუდან შელია


 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner