logo_geo
eng_logo
ოქროსგულიანი სოპრანო
- +

12 აპრილი. 2016. 15:00


ძალიან დილა მშვიდობისა!!!


დღეს, წესით და რიგით, გაღვიძებისთანავე, უნდა გამოვწყობილიყავი ფუშფუშა, აუცილებლად ღრმადეკოლტიან სასცენო კაბაში, ლამაზად და თეატრალურად გამეშალა ხელები ან პირიქით, გულზე დამეკრიფა სევდანარევად და შემესრულებინა მაგალითად ნორმას, აიდას, ტოსკას ან, ბოლოს და ბოლოს, დონა ლაურას არია...


რადგანაც, ზუსტად ამ დღეს, 1933 წლის 12 აპრილს ქალაქ ბარსელონაში დაიბადა შეუდარებელი და ბრწყინვალე ქალბატონი, მარია დე მონსერატ ვივიან კონსენსიონ კაბალიე!



თავიდანვე მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი მონსერატი ძალიან ამაყობს თავისი სახელით, რომელიც დაკავშირებულია ბარსელონას ახლოს მდებარე მთაზე განლაგებულ წმინდა მარია მონსერატის მონასტერთან. ამიტომაც ის კი არ ითხოვს, მოითხოვს, რომ მას მხოლოდ სახელით მიმართონ, ყოველგვარი წინსართებისა და რეგალიების  გარეშე. ამიტომაც, მე მისი პატივისცემით, სწორედ ასე მოვიქცევი...


მონსერატის ტიტულებისა და ჯილდოების, პრემიების და ორდენების ჩამონათვალი 6 გვერდს შეადგენს, ის ამშვენებდა მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ სცენებს, გამოდიოდა ყველაზე ცნობილ მომღერლებთან ერთად... მაგრამ შეძლო შეენარჩუნებინა ადამიანობა, ნათელი და ბავშვივით გულწრფელი ღიმილი და დიდი კი არა, უზარმაზარი გული, რომლისთვისაც მას „ოქროსგულიან სოპრანოს" ეძახიან.


ამბობენ, რომ მონსერატი ყველას უყვარს, რაც ამ რთულ ცხოვრებაში ძალიან ძნელი წარმოსადგენია... ამბობენ, რომ როდესაც ის სცენაზე გამოდის, დარბაზი ისე თბება, თითქოს გათბობა ჩართესო... ამ  დროს კი, მინდა გითხრათ, რომ მონსერატი სწორედ მსოფლიო ვარსკვლავების იმ ძალიან მოკლე სიაში შედის, ვისთვისაც მთავარი მაყურებელია და ვინც გასტროლებზე წასვლის წინ, არ კითხულობს რა დარბაზში გამოვა, რა სასტუმროში იცხოვრებს და მის მენიუში იქნება თუ არა მაგალითად მარწყვიანი ღვეზელი, რომელიც მონსერატს ძალიან უყვარს და გემრიელად ამზადებს კიდევაც, დედამისის რეცეპტით.



მონსერატს არანაირი კომპლექსი არ გააჩნია თავის სოლიდურ აღნაგობასთან დაკავშირებით. ის ასე ამბობს: „მე დიდი ხმა მაქვს, რომელსაც ფართო დიაფრაგმა ჭირდება და აბა ფართო დიაფრაგმა პატარა ტანში ფრთებს როგორ გაშლის". რა ნაცნობი სიტყვებია... ჩემი ბიძაც, ცნობილი ტენორი ზურიკო ანჯაფარიძე, რომელსაც ასევე დღეს აქვს დაბადების დღე, თავის აღნაგობას სულ დიაფრაგმას აბრალებდა, სანამ ბებიამ, ტანწერწეტა დელ მონაკოს კონცერტის ტელევიზიით ტრანსლაციის დროს, რეპლიკა არ ესროლა - „სავარაუდოდ, დელ მონაკოს დიაფრაგმა არ ჰყოფნის და ხმას დასამუშავებლად შენთან უშვებსო"...


მონსერატი არაჩვერულებრივი დედა და მეუღლეა, მან თავისი მეორე ნახევარი, ტენორი ბერნაბე მონტი სცენაზე გაიცნო, ისინი ასრულებდნენ სასიყვარულო დუეტს „მადამ ჩიო ჩიო სანიდან" და მთავარი გმირების ლიბრეტოთი გათვალისწინებული კოცნა საეჭვოდ გაგრძელდა... ორკესტრმა დაკვრა შეწყვიტა... დარბაზი გაისუსა... იმის მოლოდინში, თუ როდის შეძლებდა შეყვარებული ტენორი მონსერატისაგან მოწყვეტას...  მეორე დღეს მონტიმ მონსერატს წინადადება გაუკეთა და იმ დღის შემდეგ ისინი ერთად არიან. მონსერატს ჰყავს ქალ-ვაჟი, სახლში ის ჩვეულებრივი ესპანელი დიასახლისია და სულ იმას იმეორებს, რომ ძალიან უყვარს სცენა, მაგრამ ოჯახი მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა.



მონსერატი საოცრად კეთილი და თავმდაბალი ადამიანია. ჰყვებიან, რომ სახელგანთქმული მომღერალი ელენა ობრაზცოვა, მონსერატისა და პავაროტის დუეტის შემდეგ შევარდა მონსერატის საგრიმიორო ოთახში და მუხლებზე დაუდგა... მადლიერებისა და აღფრთოვანების ნიშნად... უნდოდა ეჩუქებინა ძვირფასი მოსასხამი, მაგრამ მონსერატმა გაიხუმრა, რომ ელენას გორჟეტკა მას ცალი ხელთათმანის მოსართავად თუ ეყოფოდა. რამდენიმე დღეში კი უკვე მონსერატი დაესწრო ელენას „კარმენს" და სპექტაკლის შემდეგ უკვე ის დაეშვა მუხლებზე ობრაზცოვას წინაშე...


აქ შემიძლია გავჩერდე და აღარაფერი აღარ ვთქვა... ეს კულმინაციაა!!! მაგრამ იმდენი ვაქე მონსერატი, რომ ერთი მაინც პიკანტური ნეგატივი რომ არ დავამატო, არ გამოვა... ჰოდა, გამოგიტყდებით - მონსერატს იმისთანა გაბრაზება სცოდნია, რომ ოჯახის წევრებიც კი ემალებიან, ისე შედის როლში, აბრიალებს თვალებს და ხმას კი რა ემართება, ხომ წარმოგიდგენიათ... თუმცა, სიბრაზე უცებ გასდის და თუ დაინახა, რომ მისი გაბრაზების ობიექტი მისი იერიშის შემდეგ, მაინც გადარჩა და ნანობს, მისთვის ბოდიშის მოხდაც არ ეთაკილება...


აი, ასეთია საოცარი მონსერატ კაბალიე... ადამიანი, ვიზედაც თქვენთვის მოყოლით მივიღე დიდი სიამოვნება და იმდენი დადებითი ემოცია, რომ ვცდილობ, გაგინაწილოთ, რადგანაც ნამდვილად ვიცი, რომ გადამდებია...


გისურვებთ ბედნიერ დღეს... მე კი მაინც გავალ აივანზე და ასე ჯინსებიანი, მონსერატის და ფრედი მერკურის კოსმოსური დუეტის პატივსაცემად, დავჭექავ „ბარსელონას"!


მითუმეტეს, რომ მეზობელი უკვე სამსახურშია და თქვენ კი... 


მაინც ვერ გაიგონებთ, როგორ ვმღერი... საბედნიეროდ!...


ლელა ანჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner