logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდა გამორიცხოს!
- +

20 თებერვალი. 2016. 18:47



საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ომარ ნიშნიანიძე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც მოძრაობა „ეროვნულების" მიერ საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ საკონსტიტუციო შესწორების პროექტს ხელი მოაწერა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით საკუთარი მკაფიო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა:


- ისტორიკოსი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, ქართველმა ერმა დღევანდლობამდე რის ფასად მოიტანა ჩვენი ტრადიციები, ზნე და ჩვეულება. ამიტომაც პატივად მიმაჩნია, რომ პირველმა მოვაწერე ხელი კანონპროექტს, რომელმაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდა გამორიცხოს!


თითოეული ნორმალური ქართველისათვის ოჯახი ძალიან მაღალზნეობრივი ღირებულებაა, რომელიც ყოველმხრივ და ყველანაირად უნდა დავიცვათ.


იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი სახის უმცირესობის მიმართ ყოველგვარი ჩაგვრა და ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ უმრავლესობასაც გვაქვს უფლება, ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენს მამა-პაპათ უცხოვრიათ.


- კოალიცია „ქართული ოცნება" რამდენად ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას შეუძლებელს გახდის?

 

- კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.


კოალიციის მხოლოდ ერთი სუბიექტის პოზიციაა საეჭვო და, ალბათ, მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ.


- ამას მარტო მე კი არა, მთელი საქართველო მიხვდება - რესპუბლიკური პარტია გყავთ მხედველობაში!

 

- დიახ, სწორედ რესპუბლიკელებს ვგულისხმობ, თუმცა, ხელაღებით არც იმის თქმა მსურს, რომ ისინი ტრადიციული ოჯახის დაცვის საკითხს რადიკალურად დაუპირისპირდებიან!


ვფიქრობ, რესპუბლიკურ პარტიაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც ერთსქესიანა ქორწინების დაკანონება მიუღებელია!


- ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა, კანონპროექტი მზად გვაქვს და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე მუშაობაც დაწყებულიაო, მაგრამ საკითხავია - მოასწრებს კი კანონის მიღებას ამ მოწვევის პარლამენტი?

 

- პირადად მე ძალიან მსურს, რომ კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებული შესწორების შეტანა ამ მოწვევის პარლამენტმა მოასწროს!


დიახ, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენვე უნდა გავაკეთოთ, რადგან მომდევნო პარლამენტი შეიძლება, გაცილებით ჭრელი იყოს და ამ კანონის მიღება უფრო გართულდეს.


ისე, შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცები იმასაც ფიქრობენ, იქნებ ეს საკითხი ხელოვნურად გავწელოთ და მომდევნო მოწვევის პარლამენტში როგორმე „გამოვძვრებითო".


- ხომ არ იცით, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი კოალიციის დამფუძნებლის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია?

 

- ბატონი ბიძინა ქართული ტრადიციებისა და ადათ-წესების ერთგული კაცია და შეუძლებელია, მხარს არ უჭერდეს კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც ოჯახის სიწმინდის დაცვას ემსახურება!


ვერც კი წარმომიდგენია, ისეთი რა უნდა მოხდეს და ბიძინა ივანიშვილზე ისეთმა ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა, რომ იგი ამ საკითხის წინააღმდეგ წავიდეს?


იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების დაუშვებლობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც ისეთივე პრინციპული პოზიცია ექნება, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა!


იმედი მაქვს, პარლამენტში დეპუტატების სათანადო რაოდენობა მოიძებნება და კონსტიტუციაში ჩავწერთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!


- თუმცა, კონსტიტუციაში შესწორების შესატანად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას" არა აქვს!

 

- დიახ, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო უმრავლესობაში არა ვართ, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!


ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე უნდა დავაფიქსიროთ, რომ მხარს ვუჭერთ ოჯახის სიწმინდეს და არა რაღაც სიბილწეს, რომელიც ერის გადაგვარებას ისახავს მიზნად!


ქართველმა ხალხმა პარლამენტში იმისათვის აგვირჩია, რომ ეროვნულ ინტერესებს ვემსახუროთ!


ეს ყველა დეპუტატს კარგად უნდა ჰქონდეს გასიგრძეგანებული

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner