logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, უფალმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას
- +

26 მაისი. 2020. 21:57

 

 

 

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, უფალმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ტაძარში განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა.

 

გადმოგცემთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს.

 

დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, იმ ადამიანებს, ვინც თავი დადო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინც იღვაწა, ვისი დამსახურებითაც მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ალბათ, ვფიქრობთ, რა არის თავისუფლება, ვფიქრობთ, თავისუფლების ცნებაზე, დამოუკიდებლობის ცნებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება, გქონდეს გარეგნული თავისუფლება, მაგრამ არ იცოდე ეს და ვერ გამოიყენო სათანადოდ, იმიტომ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძალიან დიდი ნიჭი და ტალანტი, ღვთისგან მოცემული. ალბათ, პირველ რიგში, თავისუფლება ეს არის საშუალება იმისა, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ადამიანმა, მარტო მყოფმა, სხვებთან ერთად, თუ მთლიანად ერმა ღმერთის მსახურება და ღმერთის საქმის აღსრულება დედამიწაზე. ამისთვის არსებობს გარეგნული თავისუფლება, იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს შინაგან თავისუფლებას და ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. გარეგნული თავისუფლების გარეშე სულიერად კვდება ადამიანი, ჭკნება. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მოაზროვნეები წერდნენ, რომ, როდესაც მონობაში ამყოფებს ღმერთი ადამიანს, ნახევარ კაცად აქცევ მას. თავისუფლებით ადამიანი მთლიანდება სულიერად. მეორე მხრივ, თავისუფლებაც შეიძლება დაიკარგოს, თუ ადამიანმა არასწორად გამოიყენა და ვერ განახორციელა სულიერი ამოცანები. ამიტომ, ჩვენ ორივეზე ვფიქრობთ-გარეგნულ და შინაგან თავისუფლებაზე და ვევედრებით უფალს, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის, ვიხსენებთ წარსულსაც, ვიხსენებთ, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი წმინდანები ამ ორივე დიდი ღირებულებისთვის დებდნენ თავს, როგორც გარეგნული, პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ასევე შინაგანი თავისუფლებისთვის. რაც იყო მთავარი მიზანი. ეს იყო მსახურება ჩვენი იესო ქრისტესი, მისი მცნებების და ეკლესიის შენახვა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

მეუფე შიოს თქმით, საქართველოს 20 პროცენტი დაპყრობილია და ეს ყველა ქართველის სატკივარია.

 

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას. დღეს, სამწუხაროდ, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნისა, დაპყრობილია. ეს, ალბათ, ყველა ქართველი პატრიოტისთვის უპირველესი სატკივარია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას როგორც გარეგნულ, ისე შინაგან თავისუფლებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

 

right_banner
არქივი
right_banner