logo_geo
eng_logo
ეკა კვალიაშვილი: როდესაც სახელმწიფოს პრეტენზია გაქვს ევროკავშირის წევრობაზე...
- +

2 ივლისი. 2019. 16:36

 

მომღერალი ეკა კვალიაშვილი მრავალი წელია სცენას ამშვენებს და აქტუალობას არ კარგავს როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფოლკლორის, ჯაზის, სოულის, პოპისა და რომანსების შემსრულებლის რეპერტუარში არაერთი ცნობილი სიმღერაა,  მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. ეკა კვალიაშვილი „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საავტორო უფლებების დაცვაზე საუბრობს.

 

ეკა კვალიაშვილი: რამდენად არის საქართველოში საავტორო უფლებები დაცული? რა გითხრათ. არ ვიცი, მე მგონია. არის, მაგრამ უკეთესადაც შეიძლება და იქნება დაცული, ასე ვფიქრობ.

 

- ეგ როგორ გავიგოთ?

 

- როგორც ვთქვი, ისე გაიგეთ. მე მაგალითად, დაპატენტებული მაქვს ძალიან ბევრი პროექტი და იდეა. როდესაც სახელმწიფოს პრეტენზია გაქვს ევროკავშირის წევრობაზე, გინდა, მსოფლიო ფერხულში ჩაება, ბუნებრივია თავისთავად ყველაფერი უნდა გქონდეს მოწესრიგებული, საავტორო უფლებები კი - მაღალ დონეზე დაცული. სადაც თავი დავაღწიეთ იმ სამოცდაათწლიან მონსტრს, საბჭოთა კავშირს ვგულისხმობ, სადაც რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული ყველაფერზე, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი, ეჭვი არ მეპარება ამაში. მაინც ჩვენი ქვეყანა ცდილობს, იყოს მოწესრიგებული ამ კუთხით რასაც საავტორო უფლებების დაცვა ჰქვია.

- როგორ ფიქრობთ, ბაზარზე უნდა იყოს თუ არა ორი კომპანია, რომელიც დაიცავს ავტორთა უფლებებს?

 

- ჩემი აზრით, ერთი კომპანიაც სავსებით საკმარისია ჩვენი ბაზრისთვის. უნდა იყოს ერთი, რომელიც სათანადოდ დაიცავს ავტორთა უფლებებს, იქნება მოწესრიგებული და გამჭვირვალე. ავტორებს გვექნება შესაძლებლობა, გავიგოთ, რა საიდან და როგორ გვერიცხება.

 

ახლახან შემოვიდა ბაზარზე ახალი, ავტორთა უფლებების დაცვის კომპანია „GERA“, რომლის წევრიც გავხდი, გავაფორმე ხელშეკრულება და ძალიან კმაყოფილი ვარ მათი პირობებით. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაამართლებს, პრინციპში, ისეთი ადამიანები უდგანან სათავეში, ერთი პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენს იმედებს გაამართლებს.

 

- საავტორო უფლებათა ასოციაცია „GCA“ „GERA“-ს შემოსვლას საკმაოდ აგრესიული პიარკამპანიით შეხვდა. თქვენი აზრით, ეს მართებულია?

 

- რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მე წინააღმდეგი ვარ ყოველთვის ყველანაირი აგრესიის და ვგმობ. არც ის ვიცი, რატომ და საიდან წამოვიდა ეს აგრესია, ვინმე ვინმეს რამეს ართმევდა?

 

-„არა ინტელექტის ოკუპაციას“ ეს იყო ერთ-ერთი სლოგანი ამ პიარკამპანიის, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით. იცოდით, რისთვისაც წერდით ამ ვიდეორგოლს?

 

- მოვიდნენ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენლები, მითხრეს, რომ რუსეთი ედავებოდათ რაღაცას,  საერთოდ არ იყო ქართველებზე საუბარი, როდესაც ეს მითხრეს, რა თქმა უნდა, დავთანხმდი მონაწილეობაზე.

 

- არ თვლით, რომ მოტყუებული აღმოჩნდით მათი მხრიდან, როდესაც ყველაფერი გაარკვიეთ?

 

- მოდი, თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. მოტყუებულად რამდენად უნდა ჩავთვალო თავი, არ ვიცი. ის თვლის, რომ სიმართლეს ამბობს, მე ხომ არ ვიცი, მისი გადმოსახედიდან რა როგორ ჰქონდა გათვლილი. ვერ ვიტყვი, ჩანაფიქრი რა ჰქონდათ. მე როგორც ვიყავი ინფორმირებული იმ ეტაპისათვის, ბუნებრივია, მქონდა შესაბამისი რეაქცია. ვიცოდი, რომ რუსეთს უნდოდა ბაზარზე შემოსვლა და ყველაფრის მითვისება, რაზეც, რა თქმა უნდა, მქონდა ლოგიკური პროტესტი, რომელიც ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდებოდა.

 

­- თვლით, რომ ეს ასეა?

 

- როგორ მიითვისებს, ეს ხომ აბსურდია? რაც შეეხება მოტყუებას, მე მაინც არ აღმოვჩენილვარ მოტყუებული და მსხვერპლის როლში. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, რას საიდან და როგორ მირიცხავდნენ, სამ თვეში ერთხელ რაღაც სიმბოლური თანხა მაინც ირიცხებოდა, იქ წაგებაში არ ვყოფილვარ და აქ, მითუმეტეს, უფრო მოგებაში ვიქნები. ტექნიკურად უფრო კარგად არიან აღჭურვილები და მეტი შანსია იმის, საქმე უკეთესად გაკეთდეს და უკეთესად დაითვლიან. ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემი სიმღერა იყოს სათანადოდ შეფასებული და მე. როგორც პიროვნება - სათანადოდ დაფასებული.

 

- „GCA“-სთან თუ გამოთქვით თქვენი პრეტენზია?

 

- არა, რატომ უნდა გამომეთქვა? რაზე? სამ თვეში ერთხელ ირიცხებოდა სიმბოლური თანხა. არც არაფერს ვარკვევდი, ხომ ხედავთ, დრო სჭირდება ყველაფერს და თვითონ ირკვევა, ახლა მივყვები ამ სიტუაციას ბოლომდე. იმედი მაქვს და მოლოდინი ყველაფერი კარგის, მომწონს „GERA“-ს ხელშეკრულების პირობები. რომ არ მომწონდეს, არ გავწევრიანდებოდი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner