logo_geo
eng_logo
დავით კოღუაშვილი: იმართლოს თავი წინა რეჟიმმა!
- +

7 ივნისი. 2016. 15:59


პოლიტსაბჭოს ახალი სახე დავით კოღუაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან" ყველა იმ კითხვას პასუხობს, რომელიც მისმა ერთ­ერთმა ინტერვიუმ საზოგადოებაში გააჩინა:


- ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენმა ინტერვიუმ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია,ბევრმა სათავისოდაც კი გამოიყენა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას", პრემიერმა განაცხადა, რომ თქვენ თავად გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით განცხადებას, როგორი იქნება თქვენი განმარტება?


- გეთანხმებით, ჩემმა ინტერვიუმ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, განსაკუთრებითკონტექსტიდან ამოგლეჯილმა იმ ფრაზებმა, რომლის ტირაჟირებაც აქტიურად ხდებოდა. თუმცა, თუ ადამიანი წაიკითხავდა მთლიან ტექსტს, მიხვდებოდა რაც იგულისხმებოდა, შავით თეთრზე წერია ჩემი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი პოლიტიკური მმართველი ძალის ყველა იმ ძალმომრეობაზე, რაც მან იმ წლების განმავლობაშიჩაიდინა. მე ეს ტექსტი საკმაოდ გაშლილი მქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნაწილი ამ ტექსტისა არ იყო სრულფასოვნად გადმოცემული.


- ანუ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი?


- კი, მათ შორის, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ამავდროულად ითქვა ის ფრაზა, რაც ითქვა და გამოტანილ იქნა წინა გვერდზე. მე ერთი წუთით არ ვიხსნი პასუხისმგებლობას ჩემს ნათქვამ სიტყვებზე, უბრალოდ ვთვლი, რომ დამატებითი განმარტებებია საჭირო. მადლობა, რომ მაძლევთ ამის საშუალებას. მე მესმის მათი, ვისი გულისწყრომაც გამოიწვია ჩემმა ეპითეტებმა, სწორედ ამიტომ ვთვლი ვალდებულად თავს მათ წინაშე, რომ დამატებითი განმარტებები გავაკეთო. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ეს მათთვის ვინც მე ძალიან კარგად მიცნობს, იცის რა ჩემი პოლიტიკური წარსული და ჩემი პოზიცია, როდესაც ყველაზე მწვავე ფორმით გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ვგულისხმობ 2003 წლიდან მოყოლებულ პერიოდს, როცა მიხეილ სააკაშვილი ახალი ინტრონიზირებული იყო, მე ამ სიტყვას შეგნებულად ვამბობ, იმიტომ რომ მე მას იმპერატორი ვუწოდე, როდესაც თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია და პრაქტიკულად უზურპაცია მოახდინა მთელი სახელისუფლო ვექტორის.დიახ, სწორედ მაშინ ვამხილე მე ის ხელისუფლების უზურპირებაში, კონსტიტუციის ჭრა­კერვაში და ზუსტად ეს იყო ერთ­ ერთი მიზეზთაგანი, რის გამოც მე დავტოვე აქტიური პოლიტიკა. ჩემს მწვავე პოზიციებზე და ძველ განცხადებებზე დიდ აქცენტებს აღარ გავაკეთებ, ჩვენს ხალხს ეს ძალიან კარგად ახსოვს. ახსოვს 2007 წელიც, როდესაც მე თავდაუზოგავად ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს.


რაც შეეხება ჩემს ფრაზებს მერაბიშვილზე და უგულავაზე, კითხვა იყო დასმული ასე­ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო იხილავს მათ საქმეებს და არის დიდი ალბათობა, რომ პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭოს მათ. ამ კუთხით, ჩვენ ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ვიყოთ ავანგარდში ყველა იმ ღირებულებათა ინსტიტუციონალური უზრუნველყოფის კუთხით, რასაც ჰქვია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უპირობო ხელშეუხებლობა და დაცვა. მათ შორის, სასამართლოს ინსტიტუტსაც ვგულისხმობ. რაც არ უნდა უკანასკნელი ვიგინდარა და გარეწარი იყოს ადამიანი, ჰქონდეს ძალიან მძიმე დანაშაული ჩადენილი და მე სწორედაც რომ მიმაჩნია, უგულავას, მერაბიშვილს და მათ არაერთ თანაგუნდელს უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ვალდებულია დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.


მთავარია, ჩვენ მივეჩვიოთ კანონიერ, სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრებას. -  რას ნიშნავს სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრება? - კანონის უზენაესობას. ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ხელწერა წინა ხელისუფლების რეჟიმისგან, სადაც იყო დომინანტი ძალმომრეობის, ხელის გადაგრეხვის, ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების, ზეწოლის, რეპრესიის, დევნის, თვალთვალის, მოსმენის, შევიწროვების და შეზღუდვის და შედეგად მივიღეთ, პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საპყრობილეებში. ისინი იქ რას განიცდიდნენ და რა წნეხის ქვეშ იყვნენ, ეს კიდევ ცალკე თემაა, არ მინდა ჭრილობები გავუღვივო თავიდან მოსახლეობას. ყველამ ეს ყველაფერი კარგად ვიცით, ყველამ ეს ყველაფერი კარგად ვნახეთ და ერთად, 2012 წელს განაჩენი გამოვუტანეთ იმ ხელისუფლებას. სწორედ იმ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ უგულავაც და მერაბიშვილიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ამიტომ, მე მათ პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ მოვუხსნი და ვერ გავმიჯნავ სააკაშვილისგან, რომელიც ახლა სისხლის სამართლის დამნაშავეა და საქართველოდან არის გაქცეული. თუმცა თუ ჟურნალისტი სვამს კითხვას, რომ ევროპის სასამართლოს შესაძლოა კითხვები გაუჩნდეს დამდგარ განაჩენთან დაკავშირებით, რა რეაგირება უნდა მოახდინოს დემოკრატიულმა სახელმწიფომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებას სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დამნაშავეობასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი პატიმარი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს ევროპულ სასამართლოს, ციხეში უფრო ზიანის მომტანია ქვეყნისთვის.ამაზე იყო ზუსტად ჩემი პასუხი, რასაც კარგად მიხვდებიან ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები. მაგრამ აქვე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების,რომელთაც გაეხსნათ მოუშუშებელი ჭრილობები, რისთვისაც მე მინდა მართლა გულით მოვუხადო ბოდიში, თუ ვინმეს გული ეტკინა და არასწორად იქნა აღქმული ჩემი მოსაზრება. დიახ, მეც იგივეს განვიცდი და ვთვლი, რომ დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემი პასუხი გამომდინარეობდა დასმული კითხვიდან, რომელიც ეხებოდა ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ კონვენციური ვალდებულებები გვაქვს აღებული.


- რაც შეეხება თქვენს ნათქვამ ფრაზას ყოფილი ხელისუფლების წევრების ნიჭიერებასთან დაკავშირებით...


- მე ქებით კონტექსტში არ მითქვამს ეს. „უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, თუ მაღალი ზნეობა და ღვთისმოშიშობა არ ახლავს თან..." - ეს ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებია.


აი სწორედ ეს იყო მათი და თითოეული ჩვენგანის უბედურება, რომ თავიანთი ნიჭი, რესურსი, ენერგია და თუნდაც, გარკვეული განათლება გამოიყენეს ბოროტად, ქვეყნის საზიანოდ და ამიტომაც უთხრა მათ საზოგადოებამ უარი. ამიტომაც გამოვკვეთე გირგვლიანის საქმე, მათი „მოღვაწეობის" თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც პრაქტიკულად ფარდა ახადა მათ მორალურ სახეს, მათ ზნეობრივ და სამართლებრივ დამოკიდებულებას ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების და კანონის მიმართ. ეს მემკვიდრეობა დახვდა „ქართულ ოცნებას", რომლის მთავარი ამოცანა იყო საზოგადოების ძალმომრეობისაგან დაცვა და ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომლის ავტორიტეტმა, თავგანწირვამ და მზაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში რომ, დღეს ადამიანის უფლებები დაცულია, თავისუფალია სასამართლო, ბიზნესი, მედია...


- თქვენმა ინტერვიუმ კითხვები გაააჩინა თავად ქართული ოცნების რიგ წევრებშიც.

 

- დიახ, თუმცა ეს საკითხი განხილული იყო გუნდის შიგნით და კითხვებზე პასუხები გაიცა. ჩვენი საზრუნავი პირველ რიგში არის ქართულ საზოგადოება და ჩვენ პირველ რიგში მათთან ვართ ანგარიშვალდებული.იმისდა მიუხედავად, ვინ ახლა მოვედით, ვინ დაგვხვდა,ჩვენ ახლა ერთ გუნდში ვართ და ერთად უნდა ვემსახუროთ ქვეყანას. მე ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი ქართული ოცნების გამარჯვებაში. ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას შევასრულებთ. ჩვენ ვიზრუნებთ თითოეული ოჯახის, მოქალაქის კეთილდღეობაზე და ამას საქმით დავამტკიცებთ. ჩვენი განმასხვავებელი წინა ხელისუფლებისგან არის სიტყვა და საქმე ერთად. სწორედ ესაა მთავარი, რომ იტყვი, ის უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, იმ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, რაც დახვდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, იყო და ჯერ კიდევ დარჩა პრობლემები. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თავი სამართლებელი ნამდვილად არ გვაქვს, იმართლოს თავი წინა ხელისუფლებამ და წინა რეჟიმმა. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე.

 

- თქვენ გქონდათ პაუზა პოლიტიკაში, რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში დავით კოღუაშვილი და რა პოზიციაზე ხედავს ახალ გუნდში თავის თავს.


- ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული, ძალიან სერიოზულ რეფორმების ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. ეს იყო, ჯერ ევროკავშირის და შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ეგიდით. ორივე შემთხვევაში საკითხი ეხებოდა საგადასახადო საბაჟო სისტემების რეფორმირებას, რა ჭრილშიც, ბევრი სიკეთე გაკეთდა, თვისობრივი გარღვევა მოხდა ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების კუთხით. დღეს, ვხელმძღვანელობ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების უზრუნველყოფის მიმართულებას.


- ანუ უფრო ეკონომიკურ გუნდში?


- ჩემთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა უცხო არ არის და გუნდი სადაც საჭიროდ ჩათვლის ჩემი რესურსის და ენერგიის გამოყენებას, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა.მჯერა, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს ყველა გამოწვევასთან გამკლავებას და ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწევთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას.



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner