logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: თამარაშენში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ!
- +

9 ივნისი. 2016. 20:01


პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემაზე საუბრობს. როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მუსლიმანები მეჩეთის აშენებას გეგმავენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი მართლმადიდებლები.



- ცხინვალის რეგიონში, თამარაშენში, რომელიც კონფლიქტის ზონას განეკუთვნება, ცხოვრობს 1000-მდე მუსლიმანი. ისინი ითხოვენ მეჩეთის აშენებას. ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა ამის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ჩვენმა პარტიამ გადაწყვიტა, ეს პრობლემა მიიტანოს მთავრობამდე, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, ჩართოს პროცესში ძალა, რადგან მდგომარეობა უკვე კონფლიქტამდეა მისული. აქ საუკუნეების განმავლობაში არ აშენებულა მეჩეთი. ხალხი წინააღმდეგობის გაწევას კი ცდილობს, მაგრამ ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ამ დროს რას აკეთებს ზაქარეიშვილის უწყება? რატომ არ არის ინფორმირებული?


- საქართველოს მთავრობას რამდენად აქვს ამის ბერკეტი, შეაჩეროს მეჩეთის მშენებლობა?


- თუ მივიჩნევთ, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოა, მგონი, ყველა მხრივ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ბერკეტები და ყველანაირი ძალა ჩავრთოთ პრობლემის მოგვარებაში. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ოსი ცხოვრობს. ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ ყველანაირად გვერდით ვუდგავართ ოს მოსახლეობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ, რომ არ დაიწყოს ამ მეჩეთის მშენებლობა. თუ საჭირო გახდა, ოს ხალხს გვერდით დავუდგებით პროტესტის დროს. იქ მართლმადიდებელი მოსახლეობა ცხოვრობს და ასე იყო საუკუნეების განმავლობაში.


- მეჩეთის მშენებლობით ადგილობრივი ქრისტიანების აღმსარებლობას რა საფრთხე ემუქრება?

 

- მართლმადიდებელ ეკლესია არცერთ რელიგიას არ ებრძვის, მაგრამ სადაც მუსლიმანური ტაძრები შენდება, დიდი საფრთხეა, შემოვიდნენ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები, რაც მსოფლიოს 21-საუკუნის საფრთხეა. ანუ ხალხს ეშინია, რომ ამ ყოველივეს მოჰყვება რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებები. სწორედ ეს საფრთხეა. თორემ ლოცვას კი არავინ უშლით.


- მუსლიმანი მოსახლეობა საიდან დასახლდა თამარაშენში?


- ესენი ადგილობრივი მოსახლეობა არ არის. ესენი არიან ჩამოსულები ჩრდილოეთ კავკასიიდან და ცდილობენ, თავისი წესი შემოიტანონ. როგორც დღეს საქართველოშია, ამერიკელები თავს მასპინძლებად გრძნობენ, ქართველები კი - სტუმრებად. იქაც ზუსტად ასეა.


იქ ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს საუკუნეების განმავლობაში, შემდეგ მოდის მოსახლეობა, რომელსაც სურს მუსლიმანური გავლენები დაამკვიდროს, ეს ძალზედ სახიფათოა. მუსლიმანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე არ ჩავდივარ ბაქოში, დაღესტანში და არ ვითხოვ რამის აშენებას. ადგილობრივი მოსახლეობის ნებაა, რომ ეს მეჩეთი არ აშენდეს.


- რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობას, როგორც ვიცით, თქვენს პარტიაში აფხაზები არიან გაწევრიანებული, მათ რა ინფორმაცია აქვთ მკვლელზე?


- ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაჭერილი არ არის. ჩვენს პარტიაში გაწევრიანებული აფხაზები ყველა მხრივ ცდილობენ, აფხაზეთიდან მივიღოთ სწორი ინფორმაცია. ყველა აფხაზი იმ აზრზეა, რომ მკვლელი უნდა დაისაჯოს. ჩვენ გავაკონტროლებთ და ხელს შევუწყობთ, რომ რეალური ინფორმაცია გავრცელდეს.


- პარტია როდის დააფუძნეთ?


- პარტია დავაფუძნეთ 2015 წლის 5 ოქტომბერს. მასში გაწევრიანებულია აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა. მე დედა მყავს ოსი, წარმოშობით ახალგორელი ვარ და ჩემთვის ნაცნობია კონფლიქტის ზონის წინაშე არსებული პრობლემები. ეს ტკივილი ჩემთან ახლოსაა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩავუდგე სათავეში პარტიას. ჩვენ აქამდეც ბევრი საქმე გავაკეთეთ, დავაახლოვეთ ქართველები და ოსები, გავაღრმავეთ ურთიერთობები და გადავიყვანეთ სხვა დონეზე.


- რას აპირებთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?


- ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსენით ოფისები. ვმუშაობთ ინტენსიურად. მომავალში წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს, რომლებიც ვფიქრობ, ხალხს მოეწონება. ასე რომ, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ.


 

right_banner
არქივი
right_banner