logo_geo
eng_logo
მანანა მაჩაბელი: გურამ დოჩანაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა სულიერი სიფაქიზით!...
- +

10 ივნისი. 2016. 11:09


 

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფსიქოლოგი მანანა მაჩაბელი ამბობს, რომ მას ღმერთმა უხვად დააფრქვია საინტერესო ადამიანები და არაჩვეულებრივი მეგობრები. მის სამეგობროში მრავლად იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებსაც დღეს ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ, მათ შორის არიან გურამ დოჩანაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, თამაზ სანებლიძე, ზურაბ ჩაჩხიანი და სხვანი. ქალბატონი მანანა მაჩაბელი „რეპორტიორს" გურამ დოჩანაშვილთან ურთიერთობასა და მეგობრობაზე ესაუბრა.


- როგორც ვიცით, თქვენ და ბატონი გურამ დოჩანაშვილი კლასელები იყავით. მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე, მეგობრობაზე...

 

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ღმერთმა ძალიან უხვად დამაფრქვია საინტერესო ადამიანები და არაჩვეულებრივი მეგობრები. ცოტა რთულია ასეთ დიდ პიროვნებაზე ლაპარაკი, მაგრამ როცა ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს, მის გრანდიოზულობას იმდენად ვერ ხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები გაქვთ. ხვდებით ერთმანეთს ლხინში, ჭირში... იყო შატალო, ქეიფი, სკოლის გაცდენა, მუსიკაზე სიარული, დავდიოდით ოპერაში და კიბეებზე ჩამომსხდარნი ვუსმენდით ხოლმე.


ჩემი და გურამ დოჩანაშვილის ურთიერთობა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენ მე-9 კლასში შეგვაერთეს - ბიჭები და გოგოები. მანამდე იყო ქალთა №1 სკოლა და ვაჟთა №1 სკოლა. გურამი შვიდი წლის იყო, მე ექვსის გახლდით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გურამს არაჩვეულებრივი ბებია ჰყავდა და ძალიან კარგი ოჯახის შვილია. იმ დროს ენგელსის ქუჩაზე (ახლანდელი ასათიანის ქუჩა) იყო არაჩვეულებრივი მუსიკალური სასწავლებელი. გურამი ვიოლინოზე დადიოდა, მე - ფორტეპიანოზე. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ხშირად კონცერტებზე გამოვდიოდით ერთად.


ხანდახან ვამბობ, ღმერთო, ახლა თანამედროვე კლასიკოსია და შენ ხარ ძალიან ახლოს და მახსენდება ის პერიოდი, როცა არც კლასიკოსები ვიყავით, არც დამსახურებულები, ჩვეულებრივი ბავშვები და შემდეგ სტუდენტები.


- როგორი ბავშვი იყო გურამ დოჩანაშვილი?


- გურამი ყოველთვის გამოირჩეოდა სულიერი სიფაქიზით და იმით, რომ უფროს თაობასთან საუბარი უყვარდა. ძალიან ხშირად, ღამის საათებში ვაფლის ტორტით ხელში ამოდიოდა ჩვენთან. მაშინ მე და დედაჩემი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ძალიან ხშირად მე დამიძინია, ვიცოდი, რადგან გურამი ამოვიდა, ეს დიალოგი გათენებამდე გაგრძელდებოდა. აქედან დავასკვენი, რომ მას უნდოდა რომ ცხოვრების შიდა შრეებში ჩაეხედა, გაეგო, ვინ რას განიცადა. დედაჩემი სწორედ ის თაობა იყო, რომელმაც გასაბჭოებაც განიცადა, 1937 წლის მოვლენებიც და კიდევ ბევრი სირთულე. ისინი ხმადაბლა ლაპარაკობდნენ და მათი ლაპარაკი იავნანასავით მესმოდა.


თავიდანვე გენიოსი არავინ დაბადებულა, ადამიანმა დიდი გზა უნდა განვლოს და ასე ნელ-ნელა ფოლადივით გამოიწრთოს. ცხოვრებამ გურამს ძალიან დიდი ადამიანური ტკივილები შეახვედრა.


გურამს ყოველთვის უჭირდა. განსაკუთრებით იმ შავბნელ პერიოდში, როცა ცხოვრება ჭირდა. მას ძალიან გვერდში ედგა ეკლესია. ძირითადად პროდუქტით ეხმარებოდა. ჩვენ, მთელ ჩემს კლასს იმ პერიოდში რწმენა დედის რძესთან ერთად გვქონდა შეთვისებული, ისევე, როგორც ენა, მამული, სარწმუნოება. დამირეკავდა გურამი და მეტყოდა, მანანა გიცდის ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი... მეც მივდიოდი. ასეთი იყო გურამი.


მაშინ ლიტერატურა თითქოს არ შემოდიოდა, რკინის ფარდა იყო, როტოპრინტზე გადაბეჭდილი უამრავი ლიტერატურა გვქონდა, ერთმანეთისგან ვთხოულობდით. მშობლები გვეჩხუბებოდნენ თვალები აგტკივდებათო, რადგან ამგვარად ნაბეჭდი წიგნი ძალიან ძნელად ამოსაკითხი იყო, მაგრამ უნდა დაგვემთავრებინა, იმიტომ რომ რიგი იდგა, სხვებსაც უნდოდათ წაეკითხათ.


- ბავშვობაში თუ წერდა გურამ დოჩანაშვილი?


- ბავშვობაში წერდა და ვეცნობოდი მის ნაწერებს. დედაჩემმა მესამე კლასიდან დამაწყებინა წერა, რათა აზრის გამოთქმა მესწავლა და მაშინ კალიგრაფიას აქცევდნენ ყურადღებას. ამ მესამე კლასიდან წერამ მიმიყვანა იქამდე, რომ დღიურის გარკვეული მონაკვეთი ესსეს ან მოთხრობის სახით ჩამოყალიბდებოდა. გურამმა როდესაც რამდენიმე ჩემი ამონარიდი წაიკითხა, მიმიყვანა თამაზ ჭილაძესთან და დავუტოვე ერთი ჩემი მოთხრობა, „მტრები" ჰქვია, ლექსებიც მქონდა. როცა სამსჯავროზე მივედი, თამზმა მითხრა, ლექსებს ნუ წერ, პროზაში შეგიშლისო და ერთი-ორი ისეთი ამოარჩია, რომელიც ძალიან ავტობიოგრაფიული იყო, ქალაქმა უკვე ყველაფერი იცოდა, იქ რაც იყო აღწერილი, ასე რომ, უარი განვაცხადე.


- გარდა ლიტერატურისა და წერისა, რა იყო ბავშვობაში მისი ინტერესის სფერო?

 

- გურამი ისტორიულზე სწავლობდა და არ გამოუტოვებია არცერთი გათხრა. ყოველთვის ჩახუტებული იყო საქართველოს ისტორიაზე და საქართველო იყო მისი. ასევე საოცრად უყვარდა მუსიკა. გურამს აქვს დაწერილი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", თავის თავზე რომ დაწეროს, იქნება „კაცი, რომელსაც უყვარდა ლიტერატურა და მუსიკა".


- თქვენ რას ფიქრობთ მის შემოქმედებაზე?


- რა თქმა უნდა, ვიცნობ მთელ მის შემოქმედებას. არ არსებობს, რომ არ მაჩუქოს წიგნი. ხან ავიწყდებოდა და ერთსა და იმავე წიგნს რამდენჯერმე მჩუქნიდა. თავად არასდროს იკითხავდა, მოგეწონა თუ არ მოგეწონაო. უცდიდა შეფასებას, ანუ მორიდებული იყო. დიდად ქებაც არ უყვარდა. წყნარად უნდა გეთქვა, კარგია ან ცუდია. დიდ ყურადღებას აქცევდა, თუ კონკრეტულ მონაკვეთზე ეტყოდი შეფასებას, ამით იგი ხვდებოდა, რომ წაკითხული გქონდა, თან გამოწმებდა, როგორც ჩანს.


- როგორც იცით, 31 მაისს გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის" მიხედვით ამავე სახელწოდების მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამის პრემიერა გაიმართება ოპერისა და ბალეტის თეატრში. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?


- როდესაც მისი წიგნი „სამოსელი პირველი" წავიკითხე, სულ ვხედავდი სპექტაკლს. იმიტომ, რომ ისეთი გმირები არიან და ისეთი სიტუაციაა, რომელიც სცენაზე ან ფილმში გათამაშდებოდა. გულისფანცქალით ველი და მინდა, რომ დიდი გამარჯვება იყოს, იმიტომ, რომ ნაწარმოები არაჩვულებრივია.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner