logo_geo
eng_logo
თუ ხალხი გაღატაკდა, ბინებს თბილისში ვინ ყიდულობს?
- +

10 ივნისი. 2016. 20:14


 

ბინათმშენებლობა

 

წერილი მეორე


ამ შეკითხვით მივმართავ ცნობილ ეკონომისტს, პროფესორ დავით იაკობიძეს:


- ვინც ყიდულობს, იმათი ერთი ნაწილი იპოთეკარებია. ასე დავარქვათ იმათ, ვინც ოჯახის გაზრდის გამო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პრობლემის წინაშე დადგა, გაფართოება დასჭირდა. გაყიდა თავისი ძველი ბინა, მიღებულ თანხას დაუმატა წლების განმავლობაში დაზოგილი ფული ან ბანკში აღებული სესხი. ეს „იპოთეკარი" ახალ ბინას ყიდულობს იმ ვარაუდით, რომ ვალს გაისტუმრებს არსებული წესის თანახმად.


მეორე ჯგუფი ურბანიზებული ხალხია. ისინი მოდიან რაიონებიდან, სადაც აქვთ ბიზნესი. ამ გზით გამომუშავებული თანხა დააგროვეს და მიეცათ საშუალება თბილისში გადმოსვლის, გათბილისელების - ყიდულობენ ბინებს ან „ოტსტუპნოით" - იჯარით - იძენენ.


ეს არის ინტენსიური პროცესი, საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი.


მესამე ჯგუფი ჩვენი ის თანამემამულეები არიან, რომლებსაც საზღვარგარეთ მუშაობით გაუჩნდათ ფული, ჩამოვიდნენ თბილისში და, უწინარეს ყოვლისა, იძენენ ბინებს.


დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო ათ წელიწადში თბილისს 100 ათასზე მეტი მოსახლე შეემატა.


კომუნისტების ბოლო პერიოდში თბილისში 1 მილიონ 350 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 2000 წლისთვის მიგრაციული პროცესების შედეგად 900 ათასამდე შემცირდა. ამჟამად 1 მილიონ 100 ათასს გადასცილდა. ნელ-ნელა იზრდება.


ამასობაში ძველი საცხოვრებელი ფონდი დაძველდა. საჭირო ხდება ახალი სახლების აშენება. მაგრამ თბილისი ქალაქგარეთ კი არ იფართოებს საზღვრებს, არამედ, უმეტესად, ცენტრში, ძველი სახლების დანგრევის, ახალი მრავალსართულიანი შენობების ხარჯზე ხდება უფრო ტევადი. ცენტრში ბინათმშენებლობა მომგებიანია მშენებლისთვის, სასურველია - მყიდველისთვის: თბილისში დამკვიდრდეს და ისიც გარეუბანში?! - ასეთია ობივატელის პოზიცია.


მოკლედ, მოძრაობა არის, ბინების გაყიდვის პრობლემა არ დგას.


ამასთან, მშენებლობაში შრომის ნაყოფიერება მაღალია, რაც პროდუქციის გაიაფებას იწვევს, ბინების ყიდვა ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდა.


- ბატონო დავით, ექსპერტების ერთი ნაწილი, უფრო ზუსტად, გაექსპერტებული „პოლიტიკოსები", ამტკიცებენ, რომ საქართველოში ეკონომიკა არ გვაქვს, ხალხი დაუსაქმებელია, მაშასადამე, არ აქვს შემოსავალი, გაღატაკებულია, მოკლებულია არსებობის ელემენტარულ საშუალებებს და ბინის ყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რაღაც არ ესადაგება ეს პოზიცია თქვენსას.


- დილეტანტებთან კამათი ყოველთვის რთულია, რადგან მათი მსჯელობა, როგორც წესი, პოპულისტურია და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებზეა მორგებული.


ეკონომიკა რომ არ გვაქვს, მართალია. მაგრამ არ გვაქვს ინდუსტრიული ეკონომიკა: აღარ ფუნქციონირებს უზარმაზარი საწარმოები რუსთავში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში და ა.შ. მიზეზი უამრავია და ყველა კერძო შემთხვევა კონკრეტული სპეციფიკური გარემოებით აიხსნება. ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ.


ეკონომიკაში დღეს წამყვანია მცირე საწარმოები. ისინია ტონის მიმცემი: სწრაფად და იოლად ითვისებს ინოვაციებს, ადვილად შეიძლება გარდაიქმნას, სხვა ტიპის ტექნოლოგიები აითვისოს დიდი დანახარჯების გარეშე.


ასობით ასეთი საწარმო მუშაობს დღეს საქართველოში. ამან გამოაცოცხლა ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში. მაგრამ თუ დღეს ამ დარგში არ გვაქვს მკაფიო შედეგები, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია „სასოფლო ინდუსტრიის" სპეციფიკა. კაცმა ვენახი ჩაყარა, მოსავლის მისაღებად კი დროა საჭირო.


ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა და ხალხის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.


ამუშავდა საშენი მასალების მწარმოებელი - ბლოკების დამამზადებელი თუ ინერტული მასალების მოპოვება-დამუშავების საწარმოები. საგზაო თუ ბინათმშენებლობა ისეთი დიდი მოცულობისაა და მასშტაბური, რომ აუცილებლად სჭირდება გვერდიდან მიხმარება. ეს მიმართულებები, მაგალითად, ისეთი ოდენობით მოიხმარს ინერტულ მასალებს, რომ ეკოლოგებს ეშინიათ, საერთოდ არ გამოგველიოსო ქვეყანაში.


ინტენსიურად მუშაობს ხეტყის დამმუშავებელი, პარკეტის დამამზადებელი საამქროები, რაც ასევე აუცილებელია სამშენებლო საქმისთვის და ა.შ.


- ემიგრანტების გამოგზავნილი ფული გვაცხოვრებსო?..

 

- საქართველოდან საზღვარგარეთ 400 ათასი ქართველია წასული (სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებზე ამჯერად ნუ ვილაპარაკებთ). მათი გამოგზავნილი ფულით რომ ვსულდგმულობდით, იმ პერიოდიდან უკვე გამოსულები ვართ.


ეს წყარო თანდათან იწრიტება, უმთავრესად იმიტომ, რომ შემცირდა ქართველების გასვლა, რადგან ადგილზე უფრო მეტის შოვნის შესაძლებლობა გაჩნდა, თანაც - კვალიფიცირებული შრომით და არა მოხუცების მოვლით. სამწუხაროდ, ჩვენი სოციოლოგები ამ პროცესს არ იკვლევენ. უნივერსიტეტში ის ვერ გაურკვევიათ, სწორად არის თუ არა არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა და მიგრაციის ურთულესი პროცესების მეცნიერული შესწავლისთვის როდის მოიცლიან, მე არ ვიცი.


დაბოლოს, მგონი ნათელია, რომ გაღატაკებული ხალხი ახალ ბინებს ვერ იყიდის. ის რეალობა, რომელიც ამჟამად ბინათმშენებლობაშია ჩამოყალიბებული, საწინააღმდეგოს ამტკიცებს.



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner