logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ლომჯარია უნდა ჩამოვაშოროთ სახალხო დამცველის პოსტს!
- +

30 იანვარი. 2020. 15:59

 

გასულ კვირას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხელისუფლების გასაკრიტიკებლად მისული ომბუდსმენი თავად მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს საჯაროდ პირში მიახალა ის, რასაც დიდი ხანია ამბობს საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი.

 

როგორც სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი აცხადებს, დროა, ერიც გამოფხიზლდეს და საკუთარი უფლებების დაცვა სწორედ ნინო ლომჯარიას ნამოქმედარზე პასუხის მოთხოვნით დაიწყოს:

 

– ლომჯარიას ომბუდსმენობა იმთავითვე უკან გადადგმული და მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის. ვთქვი კიდეც, ძალიან მალე ინანებთ-მეთქი და კიდევ ბევრი დარწმუნდება იმაში, თუ როგორი უსამართლო, მატყუარა და პოლიტიკურად ანგაჟირებული სახალხო დამცველი გვყავს.

 

დიახ, ეს არის ყველაზე უსამართლო და უტიფარი სახალხო დამცველი, რომელიც აქამდე გვყოლია, არაფრით ჩამოუვარდება ნაციონალების ხელისბიჭს გიორგი ტუღუშს, რომლის საქციელი კიდევ შეიძლება, შიშის ფაქტორით ახსნა – ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი იყოო, მაგრამ არავითარი გამართლება არა აქვს ნინო ლომჯარიას საქციელს, რადგან მას დღეს გაცილებით თავისუფალ გარემოში უწევს საქმიანობა.

 

– არადა, რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში პირადად განცხადა ამის თაობაზე – ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებენ, რომელზედაც რეაგირება არ მომიხდენიაო...

 

– როდესაც რამდენიმე ადამიანმა პროკურორი მედეა ცირამუა ზეწოლაში დაადანაშაულა, ერთ-ერთმა პატიმარმა სამჯერ სთხოვა სახალხო დამცველის ოფისს, მისთვის ყურადღება მიექციათ, თუმცა, წარმომადგენელიც კი არ გაგზავნა. არადა, როდესაც ჩასაფრებული პოზიციიდან მიადგა ლევან ვასაძის სკოლას, რომელმაც გენდერული ბალანსის აღსადგენად ერთი უფასო ადგილი დაამატა ბიჭისათვის (ისეთივე რამ წინა წელს გოგოსთვის გაკეთდა), ლამის, სასამართლოს გადასცა სკოლა და მთელი რიგი განცხადებები მიუძღვნა ამ „აღმაშფოთებელ“ ფაქტს. ისიც საკითხავია, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში, რატომ მიანდო ყველაფერი გამოძიებას და არ თქვა გარკვევით, რომ მოზარდების უფლებები ამ სკოლამ შელახა?

– თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ?

 

– იმიტომ, რომ ნაციონალების სკოლაა! სხვა შემთხვევაში უნდა გამოსულიყო სახალხო დამცველი და აღებ-მიცემობაზე გადასულ სკოლებთან დაკავშირებით სერიოზული განმარტებები გაეკეთებინა.

 

რატომ არ გააკრიტიკა ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც პოსტზე მდგარ პოლიციელს ლანძღავდა და ხელს ურტყამდა? იმიტომ, რომ ნაციონალი იყო!

 

სახალხო დამცველს არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი, როდესაც ტელევიზიით ხდება ნარკოტიკების პოპულარიზაცია პოლიტიკოსების და ცნობილი ადამიანების მიერ.

 

არ უნდა ამოიღოს ხმა, როდესაც ლევან ბერძენიშვილი სტუდენტებთან ლექციაზე პირდაპირ ამბობს, რომ, თურმე, ნარკოტიკის ერთხელ ან 17-ჯერ მოხმარება არავის არაფერს ვნებს?

 

რატომ ერთხელ მაინც არ დაძრა სიტყვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ განაწამები და უფლებაშელახული ადამიანების შესახებ, რომლებიც დღემდე ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას? რატომ არ იღებს ხმას მთვარისა ნავერიანის უფლებების შელახვაზე, იმიტომ, რომ ამ ფაქტის უკან ნიკა გვარამია დგას? არაფერს ვამბობ, პატრიარქის ლანძღვა-გინებაზე. ასეთ მძიმე შეურაცხყოფაზე მხოლოდ ორი სიტყვა წაიბურდღუნა, თანაც ისე, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. სამაგიეროდ, ისეთი კანონპროექტების წინააღმდეგ გამოდის, რაც ევროპაშიც არის მიღებული.

 

– კერძოდ, რომელს გულისხმობთ?

 

– ახლახან მიიღეს ევროპაში კანონი „ცილისწამების და ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ“, ჩვენთან კი, თურმე, ეს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად ითვლება. როდის მერე გახდა ცილისწამება თავისუფალი სიტყვა?! ასევე წინააღმდეგია, მიღებულ იქნას კანონი „რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის შესახებ“, რაც ას წელზე მეტია, ევროპაში მოქმედებს. აი, ასე იცავს ჩვენს ეროვნულ სიწმინდეებსა და ფასეულობებს ეს ქალბატონი.

 

როდესაც სახალხო დამცველად დაინიშნა, პირველი, რაც გააკეთა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში 34 ათას დოლარად ოფისი დაიქირავა. აბსოლუტურად უსაქმური დასეირნობს 100-ათასდოლარიანი ჯიპით და საკუთარი თავის გაპიარებით არის დაკავებული. დიახ, ლომჯარია მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების დაკვეთებს ასრულებს!

 

– შეიძლება, ამ ბრალდებების გამო, იუსტიციის მინისტრის მსგავსად, თქვენც გიჩივლოთ საკუთარი სამართლის დასამტკიცებლად...

 

– დაასახელოს მის მიერ გაკეთებული რაიმე ღირებული საქმე და გავჩუმდები, მანამდე პირშიც ვეტყვი, რომ უსაქმური და ყოვლად უმაქნისი სახალხო დამცველია! დიახ, ნინო ლომჯარია, შენ ხარ მატყუარა! საზოგადოების კონსოლიდაციის ნაცვლად ქვეყანაში შუღლის ჩამოგდებას ცდილობ!

 

მე, მანჩო გიორგობიანი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლომჯარიას გაწვევის საკითხი დღის წესრიგში დადგეს!

 

დიახ, ლომჯარია უნდა ჩამოვაშოროთ სახალხო დამცველის პოსტს, ყოველი შემთხვევისთვის წყალი მაინც შევუყენოთ. არავის სჭირდება ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მხოლოდ რაღაც ჯგუფების ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მუშაობს!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner