logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მათ სათავეში ჩეკისტი ვაშაძე ჰყავთ!
- +

3 თებერვალი. 2020. 19:05

 

 

გაერთიანებული ოპოზიცია 4 თებერვალს აქციებს იწყებს. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. რას სთავაზობს ხალხს ოპოზიცია და რა შანსები აქვთ არჩევნებში გასამარჯვებლად, - ამ და სხვა თემებზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

- ოპოზიცია ხვალიდან აქციებს აგრძელებს. რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ხალხს განსხვავებულს, რაც ახალ წლამდე არ შემოუთავაზებიათ და  აქციები რა პერსპექტივას უსახავს?

 

- აქციების გარდა, სხვა გამოსავალი მათ არ გააჩნიათ. ხალხის მხარდაჭერა  და რეალური სამოქმედო გეგმა არ აქვთ. სურათი ნათელია, სასოწარკვეთილი ჯგუფია ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, ხალხის სახელით ილაპარაკონ. როგორი მხარდაჭერა აქვთ ხალხში, ყველამ კარგად ვნახეთ. ერთი და იგივე 100-კაციანი ჯგუფი დადის და სხვადასხვა სახელით ლაპარაკობს. ესაა რეალობა !

 

- თუ აქციები არჩევნებამდე გაგრძელდა, როგორც ოპოზიცია აანონსებს, ეს მათ არ გამოფიტავს?

 

- რომ გამოიფიტოს, რაიმე შიგთავსი ხომ უნდა ჰქონდეთ?!  ჩვენ არც ბრმები ვართ და არც ყრუები. ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას წარმოადგენენ ისინი. იარონ და იყვნენ. ეს რეალობას ვერ შეცვლის. ხალხს ვერ აგროვებენ და მხარდაჭერა არ გააჩნიათ. არც ექნებათ, იმიტომ, რომ არანაირი პოზიტივი არ გააჩნიათ. ისინი არაფერს სთავაზობენ ხალხს, ლანძღვა-გინებაზე არიან გადასულები. არცერთი ნორმალური ადამიანი, იმ ადამიანებს, რომლებიც ლანძღვა- გინების, ფურთხების მეტს არაფერს აკეთებენ, მხარს არ დაუჭერს. ქართველი საზოგადოება ბრძენია და დიდი გამოცდილება აქვს. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები რისი მაქნისები არიან, ყველამ კარგად ვიცით. ძალიან მარტივია მათი მსოფლმხედველობის გაშიფვრა, იმიტომ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ.

 

- ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება იძლევა შანსს, აქციაზე ბევრი ხალხი გამოვიდეს?

 

- იქ, მაგიდის გარშემო მყოფ ადამიანებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელების თქმა  ძალიან ძნელია. ერთ პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნი, ყველა ერთად რომ შეკრიბო. გარდა ამისა, მათ სათავეში აშკარად პრორუსული წარმომადგენლები ჰყავს! ესაა ჩეკისტი ვაშაძე, რომელიც დღესაც წარმატებით ემსახურება რუსეთს და  ნინო ბურჯანაძე, რომელიც არ მალავს თავის პრორუსულ განწყობებს. არათუ მალავს, ლამისაა, ბინა დაიდოს მოსკოვში. მინდა შევთავაზო ქართული პრესის ნაწილს, რომლებიც სინამდვილეში პრესას წარმოადგენენ და არა იმ პარტიულ, პროპაგანდისტულ წყაროებს, რომელიც თავის თავს პრესას ეძახის, წარმოადგინონ სურათი  და ქართველ საზოგადოებას აჩვენონ, ის ხალხი, რომელიც მაგიდასთან ზის, ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, რა მოხდება. კოშმარულ სიზმარში არ გვინდა ამის წარმოდგენა. ისეთი გაჭირვებულები არიან მხარდაჭერების თვალსაზრისით, საკუთარი შვილები ჩართეს საპროტესტო აქციებში.

 

- ოპოზიციისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საბაბია, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემო არ იყოს?

 

- „მამაო ჩვენოსავით“ დაუჩემებიათ არჩევნების ჩატარება პროპორციული წესით, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები საქართველოში არ არსებობენ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მუდმივად ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ. რეალურად კი, ქართველი ხალხის უმცირესობის ნაწილის განწყობასაც არ წარმოადგენენ.  ქართველი საზოგადოებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნები იქნება თუ შერეული. ქართველი ხალხისთვის მთავარია სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. ხელმოცარული ხალხის ხელში კი არ იქნება ქვეყანა, არამედ იმ ადამიანების, რომლებსაც პასუხისმგებლობა გააჩნიათ და გარკვეული ცოდნა, უნარი ქვეყნის მართვის.

 

 

right_banner
არქივი
right_banner