logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: ფრთხილად, მერაბიშვილო, სადმე არ გადამეყარო!
- +

11 თებერვალი. 2020. 15:13

 

 

ზუსტად 11 წლის წინათ, ვანო მერაბიშვილმა ორი გვამი მოითხოვა. მას მაშინ პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის თავი მიართვეს. ეს ისტორია შემთხვევით არ გაგვიხსენებია. სავარაუდოდ, თვის ბოლოს ვანო მერაბიშვილი ციხის საკანს დატოვებს, დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას და ვერც ვერავინ დაადანაშულებს, რადგან ორი გვამის მოთხოვნის თაობაზე მის წინააღმდეგ საქმეც არ აღუძრავთ!

 

როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამწარებული ადამიანები ამბობენ, მერაბიშვილს ურჩევნია, ციხეში იყოს – მას გარეთ უამრავი გამწარებული და იმედგაცრუებული ადამიანი დახვდება, რომელიც დღემდე ელოდება სამართლიანობის აღდგენას!

 

ლია კრიალაშვილი, ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ დროს დაღუპული გია კრიალაშვილის და:

 

– შურისძიების გრძნობით არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ ვმალავ, რომ ნაძირალა მერაბიშვილი გისოსებს მიღმა ძალიან დიდხანს უნდა ყოფილიყო. მისი ციხიდან გამოსვლა კიდევ ერთი ტრაგედია იქნება ჩემთვის და ამას წინასწარ განვიცდი.

 

– სხვებისგან განსხვავებით, მან 7 წელი გაატარა გისოსებს მიღმა...

 

– ჩანაწერი, სადაც ეს უნამუსო ადამიანი ორ გვამს ითხოვდა, მთელმა ქვეყანამ ნახა, გიას მკვლელობის საქმეზე კი მას ბრალიც არა აქვს წაყენებული. ეს არაადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ? ასე ვაშენებთ სამართლიან დემოკრატიულ ქვეყანას?

 

საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილი გიას მიწიდან ამოღებას ითხოვდა, მერაბიშვილი გვამების საფასურად პრემიების დარიგებას ჰპირდებოდა ხალხს. სხვათაშორის, გიას მკვლელობიდან მეორე დღეს გაცემული პრემიების სია დღესაც დევს პროკურატურაში და, თურმე, მტკიცებულებებს დაეძებენ. სპეცრაზმელი ზვიად ხარაზიშვილი, რომლის ტყვიამაც შეიწირა ჩემი ძმა, ანტიტერორისტულ დეპარტამენტში არის დაწინაურებული. როდესაც უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის ამის შესახებ ვკითხე, მიპასუხა – სპეცრაზმელი იყო და ასეთი ბრძანება ჰქონდაო...

 

– მერე არ დაგისვამთ ხელისუფლების წარმომადგენელებისთვის შემხვედრი კითხვა – ვინც სპეზრაზმელს შეუკვეთა მკვლელობა, აქვს თუ არა ბრალი წაყენებულიო?

 

– ცხადია, ვკითხე, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რომ ამაზე პასუხი ჰქონდეს, ვანო მერაბიშვილს გარეთ გამოუშვებდნენ? მადლობელი ვარ გია ვოლსკის, ჩემს ყველა ზარს პასუხობდა, შემხვდა კიდეც, თუმცა, ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. იმედი მქონდა, წინასაარჩევნოდ მაინც ჩამოიღებდნენ თაროდან ამ საქმეს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამჯერად აპირებენ, ნაციონალებს პასუხი აგებინონ. თქვენ მართლა, მშვიდობით ხართ? ვის უშვებთ გარეთ, ვანო მერაბიშვილს, კაცს, რომლის ბრძანებითაც ჩემს ძმას უსამართლოდ ტყვია დააჭედეს? რას შვრებით, ნაცსექტის ბუნაგში ყველაზე შხამიანი გველი შეგყავთ და 2020 წლის არჩევნების მოგებას აპირებთ?

 

კატეგორიულად მოვითხოვ, გიას მკვლელობის საქმეზე გაასამართლეთ მერაბიშვილი, აღძარით საქმე და დატოვეთ იქ, სადაც არის! ზოგ-ზოგები კი თვლიან, რომ მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა და კანონიერი უფლება აქვს, თავისუფლებით დატკბეს, მაგრამ გია კრიალაშვილის საქმეზე მის წინააღმდეგ საქმეც არ აღძრულა! დიახ, მას მთავარ დანაშაულზე ჯერ პასუხი არ უგია! შვილებს მამა უნდათო, რომ ამბობენ, გიას შვილებსაც უნდოდათ მამა, მაგრამ უსამართლოდ მოუკლეს!

 

– ერთია თქვენი მოთხოვნა, მეორე – ის ვალდებულებები და ანგარიშები, რომლებიც საქართველოს დასავლეთთან აქვს...

 

– მესმის, რომ კონგრესმენები ნაცებს ჰყავთ მოსყიდული და ტყუილად არ აგზავნიან წერილს წერილზე, მაგრამ მაინც ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩვენს მთავრობას დემოკრატიას უწუნებენ. სააკაშვილი, რომელიც სისხლის გუბეებს აყენებდა, თურმე, დემოკრატიის შუქურა ყოფილა, „ქართული ოცნება“ კი, რომელსაც დასავლეთის შიშით დამნაშავე მერაბიშვილისთვის საქმე ვერ აღუძრავს – დიქტატორული. რა ხდება, სადაური დემოკრატიაა ეს?

 

ახლად დანიშნულ ამერიკის ელჩს მინდა მივმართო – ქალბატონო კელი, მოიკითხეთ გია კრიალაშვილის, გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის და სააკაშვილის რეჟიმის მიერ სხვა არაერთი უდანაშაულოდ მოკლული ადამიანის საქმე! ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რამდენად გსურთ ამ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის განვითარება!

 

დაანახვეთ ხალხს თქვენი კარგი მხარე, თორემ ბრაზი დასავლეთის მიმართ დღითი დღე იზრდება და არცთუ უსამართლოდ!

 

რაც შეეხება მერაბიშვილს, ჯობს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ არსად გადამეყაროს, მის გველის წიწილებს რომ ვხედავ, მაშინ მახრჩობს ბრაზი, მერაბიშვილი რომ დავინახო, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ, შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო და შევეწირო. არც იმას გამოვრიცხავ, გია კრიალაშვილის მკვლელობის შემკვეთმა ჩემზეც იძიოს შური. ვერ აიტანოს სიმართლე, ჩემი ლანძღვა-გინება და ციხიდან გამოსულმა მეც გამისტუმროს იმქვეყნად. ორი გვამის ავტორისგან რამე გასაკვირია! იცოდეთ, უცაბედად რამე რომ მომივიდეს, გაიხსენეთ ორი გვამის ავტორი – მერაბიშვილი! ეს ის ხალხია, იურა ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე რომ მოკლეს!

 

ჩემ გარდა კიდევ რამდენი კაცი ჰყავს მერაბიშვილს გამწარებული, გგონიათ, მხოლოდ დაბადების დღეებს ულოცავდა თანამშრომლებს?

 

რა გარანტია აქვს, რომ ვინმე არ სწვდება ყელში?! ტყუილად გიხარია ციხიდან გამოსვლა! იმდენი განრისხებული ადამიანი დაგხვდება გარეთ, შენს ადგილზე ციხიდან გამოსვლას საერთოდ არ ვისურვებდი.

 

დიახ, პირადად მე, ლია კრიალაშვილი, გეუბნები, ფრთხილად, სადმე არ გადამეყარო, მერაბიშვილო!

 

ჯამბულ გამცემლიძე, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა:

 

– ვანო, შენ რომ გამოდიხარ, ჩემი გიორგი სად არის? ჩემს საჯიშე შვილს ვინ დამიბრუნებს? შენ არ იყავი ის, პატრულს რომ ეუბნებდი, დამიცავით მე და დაგიცავთ თქვენო. ამ პოლიტიკის გამო რამდენი კაცი გაისტუმრეთ იმქვეყნად, ალბათ, არც დაგითვლია? შენ არ ხელმძღვანელობდი იმ სახანძრო მანქანებს, რომლებიც სისხლს რეცხავდნენ თბილისის ქუჩებიდან? ბოდიშიც კი არ მოგიხდია იმ ასობით გამწარებული ადამიანისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც შეიწირეთ. შენს ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, შენ კი გარეთ გამოსვლას ლამობ და ისევ პოლიტიკისკენ იმზირები!

 

– აქ რომ მერაბიშვილი იყოს, აუცილებლად დასძენდა – რაზეც ბრალი მქონდა წაყენებული, სასჯელი მოვიხადეო...

 

 

 

– ვანო მერაბიშვილმა 100 წელი რომ გაატაროს ციხეში, ვერ გადაფარავს იმ სიმწარეს, რაც მან სააკაშვილთან ერთად მიაყენა ქართველ ხალხს! ორი გვამის ავტორი ციხეში უნდა დაეტოვებინათ! მან პასუხი უნდა აგოს თუნდაც ამ სამი სიტყვისთვის!

 

თქვენ, მერაბიშვილისნაირი ნაძირალების გათეთრებით რომ ხართ დაკავებული, გულზე ხელს რომ იბრახუნებთ და მთავრობას აგინებთ, რა გააკეთეთ მაშინ, როცა ბაღდათში სიუჟეტს იღებდით და ოთხი შვილის დედას ალაპარაკებდით, როგორ შიოდათ და იყინებოდნენ! ეს ხომ პირველებმა ნახეთ, რა მიუტანეთ ან რით დაეხმარეთ ამ საცოდავ ადამიანებს? მაჩალიკაშვილს რომ დასდევთ უკან, არიქა, უშველეთ – შვილი მოუკლესო, ჩემი შვილი პატრულმა არ მოკლა?! მერაბიშვილის „სანაქებო“ პატრულმა არ მოკლა ბუტა? ამ ბლუყუნას კაპრიზს არ შეეწირა ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი – გია კრიალაშვილი? ვინ მოკლა თბილისის შუაგულში გურამ შარაძე, უძვირფასესი ქართველი, რომელსაც იმდენი წიგნი აქვს დაწერილი, თქვენ მის გადაფურცვლასაც ვერ შეძლებთ? მერაბიშვილმა არ დამალა სანდროს მკლველობა? მან არ ამცნო საზოგადოებას ზურაბ ჟვანიას სიკვდილიდან ერთ საათში, რომ პრემიერი გაზით გაიგუდა?! ან იქნებ ზურა ვაზაგაშვილის სიკვდილში არ მიუძღვის წილი? ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ გიტრიალდებათ ენა პირში და კიდევ ტლიკინებთ?

 

არ დაგიმალავთ, შურისძიებით ვარ გამსჭვალული, მაგრამ, სამწუხაროდ, ლოგინს ვარ მიჯაჭვული, ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს და ყოველდღე შვილთან შეხვედრას ველი. მთელი გულით მინდა მოვესწრო მკვლელების დასჯას, თუმცა, ეტყობა, ამას ვეღარ შევძლებ.

 

ჩემი თხოვნაა, მერაბიშვილის გაბადრულ სახეს ნუღარ მაცქერინებთ. მისი ადგილი ციხეშია და თუ ვერ შეძლებთ მის წინააღმდეგ კიდევ არაერთ დანაშაულზე საქმის აღძვრას, იცოდეთ, უფალი დიდია, ის ყველას ერთად მოგთხოვთ პასუხს!

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner