logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: მაკკეინისტებს რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ომის გაჩეღება სურთ!
- +

11 თებერვალი. 2020. 15:54

 

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველიც, ერთ ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტზე გვესაუბრება, რომელიც ნაცმიდრეკილ ქართულ ტელეარხებს ან თავიანთი სიბრიყვის გამო გამორჩათ, ან შეგნებულად მიაჩუმათეს:

 

 

– სულ ახლახან თბილისში იმყოფებოდა ქალბატონი ბონი ლაურა გლიკი, რომელიც „იუესეიდის“ (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ, „იუესეიდი“ კი, მოგეხსენებათ, ის სტრუქტურაა, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებების კოორდინაციას ახდენს.

 

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ბონი გლიკი „იუესეიდის“ უმაღლეს მმართველობაში თავად პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა.

 

– ანუ ბონი ლაურა გლიკი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, პრეზიდენტ ტრამპის უშუალო წარმომადგენლად უნდა განვიხილოთ?

 

– დიახ, ქალბატონი გლიკი პრეიდენტ ტრამპის პირდაპირი წარმომადგენელია და ის ფაქტიც, რომ მან საქართველოში ტრამპის ქალიშვილის ივანკა ტრამპის ინიციატივა ჩამოიტანა, სწორედ ამაზე მეტყველებს.

 

– კერძოდ, რა ინიციატივაზეა საუბარი?

 

– ქალბატონმა გლიკმა ჩამოიტანა ტრამპის ქალიშვილის ინიციატივა, რომელიც ქალი მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თბილისში ჩამოსულმა „იუესეიდის“ უმაღლესმა წარმომადგენელმა ამერიკელი ნეოკონსერვატორებისა და ქართველი ნაცლიბერალების რევოლუციურ გეგმებს ცივი წყალი გადაასხა.

 

– რას გულისხმობთ?

 

–  „იუესეიდის“ მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი 14 მილიონი დოლარი, რომელიც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დაეხარჯათ, ქალბატონმა გლიკმა 6 წელიწადზე გადაანაწილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წლიური დაფინანსება საგრძნობლად შემცირდა.

 

– და ეს ნაცების  რევოლუციური სცენარის ჩაფლავებას რატომ ნიშნავს?

 

– მოგეხსენებათ, ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მოკავშირეები არიან და პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილის პარტია ძირითადად სწორედ მათ ეყრდნობა, მაგრამ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან მსუყე დაფინანსების გარეშე თითს არ და ვერ გაანძრევენ.

 

მოკლედ, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელმა ბონი გლიკმა „იუესეიდის“ მიერ გამოყოფილი დაფინანსების 6 წელზე გადანაწილებით ქართული „ენჯეოების“ რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა.

 

– ე.ი. ნაცების რევოლუციურ სცენარს ამერიკის მხრიდან პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა არ ექნება?

 

– ფაქტია, რომ ნაცებს „იუესეიდის“, ანუ ოფიციალური ამერიკის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას არ შეეცდებიან. არ დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილსა და ნაცებს დიდი ფული აქვთ, რომელიც ქართველი ხალხის ძარცვით დააგროვეს, საკუთარ მედიასაშუალებებსაც უხვად აფინანსებენ და ამერიკელი ნეოკონსერვატორების, ანუ მაკ-კეინის ჯგუფის მხარდაჭერაც არ აკლიათ. ნაცებმა კარგად იციან, რომ არჩევნებში არანაირი შანსი არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას განიხილავენ.

 

– ამერიკელი ნეოკონსერვატორები მაკ-კეინის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სააკაშვილის ლობირებასა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას?

 

– ამერიკელ ნეოკონსერვატორებს, ანუ მაკკეინისტებს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს ღიად ებრძვიან, რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ომის გაჩაღება სურთ, ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნება სჭირდებათ.

 

– კი მაგრამ, რაში სჭირდებათ მათ ახალი შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის?

 

– გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო, როცა ამერიკის პრეზიდენტობისთვის მაკ-კეინი და ობამა იბრძოდნენ და მაკ-კეინს, როგორც გამოკვეთილად ანტირუს პოლიტიკოსს, ამერიკელი ამომრჩევლისთვის რუსეთის აგრესიული და დამპყრობლური სახის ჩვენება სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიეს და მაკ-კეინის რეიტინგიც საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, აგვისტოს ომმა ნოემბრამდე ანუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ „გაქაჩა“ და მაკ-კეინსაც აღარ ეყო რესურსი, ობამა დაემარცხებინა.

 

დღესაც ანალოგიური ვითარებაა: 2020 წლის ნოემბერში ამერიკაში არჩევნებია და ტრამპს, რომელიც ანტირუსული პოლიტიკით არ გამოირჩევა, შანსი აქვს, მეორე ვადითაც გახდეს პრეზიდენტი, რასაც ნეოკონსერვატორები, ანუ მაკკეინისტები ეწინააღმდეგებიან და ტრამპის რეიტინგისთვის დარტყმის მისაყენებლად ამერიკელ ამომრჩეველში ანტირუსული შიშების გაღვივება სჭირდებათ.

 

– ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მიერ საქართველოს ხელისუფლების წერილებით დაბომბვაც ამ სცენარის ნაწილი ხომ არ არის?

 

– იმ კონგრესმენებისა და სენატორების ერთ ნაწილზე, რომლებმაც გიორგი გახარიას კრიტიკული წერილები მისწერეს, მაკ-კეინის ყოფილმა მარჯვენა ხელმა, ნეოკონსერვატორმა რენდი შონემანმა იმუშავა, რომელიც ამერიკაში სააკაშვილის ლობისტია, მეორე ნაწილი კი ტეხასში რეგისტრირებულ ნავთობის კომპანია „ფრონტერას“ ლობირებს და მის ბიზნესინტერესებს იცავს.

 

მთავარი ის არის, რომ ცალკეული კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არის დაწერილი, არაფერი აქვს საერთო ამერიკის მთავრობასთან და მის ოფიციალურ პოზიციასთან, რასაც თბილისში სტუმრად მყოფმა „იუესეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმაც გაუსვა ხაზი, როცა განაცხადა – ეს კონგრესმენები მხოლოდ თავიანთ ინტერესებს გამოხატავენ და კონკრეტულ საარჩევნო ოლქებს წარმოადგენენ, მე კი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოვადგენო!

 

– ცოტა ხნის წინათ სააკაშვილმა განაცხადა – ზელენსკის წარუმატებელი პოლიტიკის გამო უკრაინას ხუთ ნაწილად დაშლა ემუქრებაო. რა ხდება, ნაცების ავანტიურისტი ბელადი ახლა უკვე უკრაინის ახალ პრეზიდენტსაც უპირისპირდება?

 

– სააკაშვილს უკრაინაში თანამდებობის მიღება და გავლენის სფეროების ხელში ჩაგდება სურს. მაგალითად, იგი ოდესის მერის თანამდებობას უმიზნებდა, მაგრამ არ გამოუვიდა და ამის გამო ზელენსკიზე დაბოღმილია.

 

საერთოდ, უკრაინაში სააკაშვილის რეიტინგი ერთ პროცენტზე დაბალია და მას იქ არავითარი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია, რის გამოც მთელ თავის რესურსს საქართველოში გადატრიალების მოწყობის მცდელობას მოახმარს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner