logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: „ავანსცენაზე ავიდა აგრესიული დილეტანტიზმი“
- +

18 თებერვალი. 2020. 14:18

 

„ახლა არის ეპოქა,  როდესაც კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილებაზე ითქვა უარი“

 

ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეფასება პოეტ დავით მაღრაძეს ვთხოვეთ:

 

- მოდი, არა მხოლოდ შექმნილ ვითარებასა და შედეგებზე ვისაუბროთ, არამედ ამის მიზეზების მოძიებაც ვცადოთ. ჩემი განცდით, თანამედროვეობა მსოფლიოსთვის ნამდვილად არ არის რენესანსის ეპოქა. ეს უფრო დაცემის ხანას ჰგავს. შესაძლოა ადამიანების გარკვეულ კატეგორიას მიაჩნია, რომ ლიტერატურა და ხელოვნება ცალკე არსებობს და პოლიტიკა - ცალკე, მაგრამ, ჩემი აღქმით, ერთი და იგივე პროცესი მიდის ახლა ყველა მიმართულებით. ახლა არის ეპოქა, როდესაც კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილებაზე ითქვა უარი. ეპოქამ რედაქტორი დაკარგა. ამ დეკადანსს ჩვენს შემთხვევაში კიდევ პერიფერიულობის სიმპტომი ემატება, როდესაც უნიჭობის ნიჭიერებად გასაღებას ცდილობენ, უსამართლობის - სამართლიანობად და ა.შ. ხელოვნების ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს ტენდენცია ადრეც იყო, მაგრამ ამან დღეს საყოველთაო ხასიათი მიიღო. შედეგად, ავანსცენაზე ავიდა აგრესიული დილეტანტიზმი, რომელიც ღირებულებათა მთელ სკალას ებრძვის. სამყაროში მოხალისე ხომ უფრო მეტია, ვიდრე შემძლებელი, მოხალისეების ეპოქა დადგა, მათ კი ჭეშმარიტის, ნამდვილის არსებობა  აცოფებთ. არაჩვეულებრივი მოაზროვნე ჟან ბოდრიარი წერს, რა არის საზოგადოება ჰეროიკული განზომილების გარეშეო. თუ საზოგადოებაში ჰეროიკული განცდა და სულიერება ქრება, ის სახეს კარგავს და იქცევა მხოლოდ მოსახლეობად, რომელიც კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილების გარეშე საზოგადოებას ვეღარ ქმნის. საზოგადოებაზე ლაპარაკისას არ ვგულისხმობ საბჭოთა მატრიცას, სადაც იყო ხელისუფლება, მოსახლეობა და კონფორმისტი ინტელიგენცია. ვგულისხმობ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ენ-ჯე-ოების კრებული კი არ არის, იმ პირებისგან შედგება, ვინც ძალადობას არ ეპუება და სახელისუფლებო რეპრესიულ მანქანას უპირისპირდება.

 

როცა აგრესიულ დილეტანტიზმს ქვეყანაში პროვინციული ყოფაც ემატება, უარეს ვითარებას ვიღებთ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აუხსნელია ეს პროვინციალიზმი, რადგან მიმაჩნია, რომ ქართული კულტურა მარადიული ღირებულებების მატარებელია. მას შეუძლია ადამიანი პროვინციალიზმისგან გათავისუფლების გზაზე დააყენოს. ამ კანონზომიერებით, ასეთ სულიერ მდგომარეობაში თითქოს არ უნდა ვიყოთ.

 

იცით,  აგრესიული დილეტანტიზმის მიზეზი რა მგონია? ბოლშევიკებმა ერთხელ რომ  გააქეზეს მოსახლეობა საზოგადოების წინააღმდეგ, ანუ იმჟამინდელი არისტოკრატიის წინააღმდეგ, მას მერე ვეღარ გათავისუფლდა ჩვენი ხალხი ამ აგრესიისგან. ერთხელ რომ გაქეზდა იმის წინააღმდეგ, ვინც სულიერებასა და განათლების მატარებელი იყო, ერთხელ რომ იფიქრა, ის, ვინც ქვეყნის საამაყო შვილია, იმისთვის ქვით ედევნა, დღემდე ვეღარ გაჩერდა. არადა, ეს არის საზოგადოების განვითარების დამამუხრუჭებელი, რაც სიძულვილს, თანაცხოვრების კულტურის გაქრობას იწვევს.

 

დღეს კულტურაზე უარის თქმა მოდურია, მის მარგინალიზებას ცდილობენ, სამაგიეროდ, საკუთარ უნიჭობას არქმევენ გენიალურობას, ურწმუნოებას - ქრისტიანობას, აგრესიას - ლიბერალობას. მსოფლიო ისტორიაში ამის მაგალითი ბევრია, ყველა დიდი უსამართლობა სამართლის სახელით ხდებოდა. ინკვიზიციაც ასე იყო, ახლა დემოკრატიასაც ეს დღე დაუდგა, მისი სახელით აგრესიის ტრენდად ქცევას ცდილობენ. მაგალითისთვის ერთს ვიტყვი - მე „ფეისბუქზე“ არა ვარ, მაგრამ მეგობრები არიან და მიყვებიან, ხანდახან მაჩვენებენ კიდეც, რა ხდება. ელისო ვირსალაძის შესახებ დიდი პოლემიკა გაიმართა მას მერე, რაც ერთ პიანისტზე გამოთქვა აზრი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, ამ სფეროში ყველას ჰქონია აზრის გამოთქმის უფლება, ელისო ვირსალაძის გარდა. სხვა რამეა, მე მის აზრს ვეთანხმები თუ არა, არც მისი გამოსარჩლება მაქვს მიზნად, მე ვლაპარაკობ იმ სნეულებაზე, რაც ჩვენს ხალხს სჭირს - აგრესიულ დილეტანტიზმზე. ელისო ვირსალაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რა ხარისხის ხელოვანია. სვიატოსლავ რიხტერს აქვს ნათქვამი, ის სამყაროში თანამედროვეობის ყველაზე ძლიერი პიანისტი ქალიაო. ამავე აზრის იყო ნეიჰაუზიც, მაგრამ საკმარისია, შენს სამშობლოში რაიმე არ მოეწონოთ, ქვა მუდამ მზად აქვს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამ ვითარებაში ძალიან რთულია ნამდვილი გადარჩენა. თუ შენ არ იზიარებ რეზო გაბრიაძის ესთეტიკას, რომელის შობის დღესასწაულთან დაგაახლოებს, არ გინდა, გურამ რჩეულიშვილს აჰყვე ალავერდის ტაძრის გუმბათზე, თუ ფიროსმანის სიწრფელე შენთვის სამუდამო აღფრთოვანების საგანი არ არის, თუ ალუდა ქეთელაურის სამშობლოდან გასახლებას არ განიცდი და ვერ ხედავ, სამშობლო ალუდა ქეთელაურს თან როგორ მიაქვს, მაშინ შენ ქართულ დღესასწაულზე ამბობ უარს,  რომელსაც ის ადამიანები ქმნიან, ღვთაებრივ სამყაროში გზას რომ გვიკვალავენ. თუ ელისო ვირსალაძეს ვერ თუ არ წაჰყვები შუმანის ღვთაებრივ სამყაროში, მხოლოდ მაშინ დაგეუფლება აგრესია და ყველა ის ადამიანი შეგძულდება, რომლებიც უნდა გეამაყებოდეს, აი, ამ ვითარებაშია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს ქმნის ჩვენში ყოველდღიურ პერიფერიულ ყოფას.

 

ჩვენი სულიერი და ინტელექტუალური დაავადების მიზეზი ის არის, რომ ქართველმა თავშეკავების ნიჭი დაკარგა. არადა, კულტურის ისტორია თავშეკავების ისტორიით იწყება. როცა უარს ამბობ კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილებაზე, ეს სიმახინჯეს შობს, პროვინციაში კიდევ პროვინციული სიმახინჯე იბადება. მე, როგორც ქრისტიანი, ვალდებული ვარ, მომავლის იმედი მქონდეს, რომ ნაყალბევი ნამდვილზე ვერასდროს გაიმარჯვებს, მაგრამ ეს მარადიული ბრძოლაა. ეს ერთჯერადი აქტი არ არის, თუ ერთხელ გაიმარჯვე ბოროტებაზე, არ უნდა გეგონოს, რომ სულ სიკეთე გამეფდება, მაგრამ მწამს, რომ ის ხალხი სულ იქნება ქვეყანაში, ვინც თავის არჩევანს სიკეთის მხარეს გააკეთებს.

 

- ბრძანეთ, სულიერების კრიზისი წარმოშობს კრიზისს ყველა მიმართულებითო. დღეს პოლიტიკურ ველზე შექმნილ ვითარებას ტრაგიკომიკური ელფერი დაჰკრავს, მმართველმა ძალამ მერვე წელს დაიწყო ლაპარაკი სამართლიანობის აღდგენაზე...

 

- როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, იმდენად მაღალი იყო წინა ხელისუფლების უსამართლობის ხარისხი და მოსახლეობის დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება, იყო საშიშროება, რომ გამარჯვებულ ძალას ზღვარგადასული შურისძიება დაეწყო. ამიტომაც გასაგები იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან კოაბიტაციის მოთხოვნა, თუმცა ძალიან  საეჭვოა, დასავლეთს ისეთი ხარისხი მოეთხოვა, როგორიც გააკეთა „ოცნებამ“, რომელმაც ამ პროცესს გემო ჩაატანა. იმჟამადაც ვამბობდი, რომ ეს იყო ცდა, საზოგადოების მონაწილეობა გამარჯვებაში იგნორირებული ყოფილიყო, რომ არ ჰგონებოდა ვინმეს, რაიმეთი იმაზე უკეთესი იყო, ვინც ლამის სიცოცხლის ფასად უპირისპირდებოდა სააკაშვილის მმართველობას. კოაბიტაცია „ოცნებამ“ საზოგადოების გამარჯვებაში უგულებელსაყოფად გამოიყენა. რაც შეეხება უგულავას დაკავებას, როგორც ქრისტიანი და პოეტი, ყოველთვის პატიმრის მხარეს ვიქნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა. დღეს „ნაცმოძრაობის“ საქმეებს მათივე გამოზრდილი პროკურორები იძიებენ და მათივე მოსამართლეები ასამართლებენ. კაცობრიობის გამოცდილებაც ამას გვასწავლის - შენი აღზრდილი პროკურორი და მოსამართლე, თავის დროზე ჩემზე რომ დაგეშე და უსამართლოდ დამსაჯა, ახლა სხვა ხელისუფლების სამსახურშია და მზად არის, შენ დაგსაჯოს უსამართლოდ. „ოცნებამ“ სიამოვნებით იმემკვიდრა წინა ხელისუფლებისგან სისტემა იმავე მოსამართლეებითა და პროკურორებით. მე მათ არც მაშინ ვენდობოდი, როცა „ნაცმოძრაობას“ ემსახურებოდნენ და არც ახლა ვენდობი, როდესაც უკვე სხვა ხელისუფლების სამსახურში არიან. არ ვიცი, „ოცნებაში“ საიდან გამოჰყავთ ეს 60%-იანი მხარდაჭერა, მაგრამ ასე მგონია, მათ და „ნაცმოძრაობას“ თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. საპრეზიდენტო არჩევნების წინაც გაიძახოდნენ, 100%-ით ვიგებთო, მაგრამ პირველი ტური ლამის წააგეს. მერე ისევ ჩავერთეთ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ გვენდობოდა საზოგადოება, ვინც თავის დროზე ძალადობას ვუპირისპირდებოდით, მაგრამ უკვე ამ ხელისუფლებაზეც აცრუებული გვქონდა გული და მაინც როგორღაც მოვახერხეთ, გარდატეხა შევიტანეთ პროცესში და დავდეთ ის შედეგი, რაც დავდეთ. შემდეგ ის გაუხდა ამ ხელისუფლებას საფიქრალი, როგორ მოეხერხებინა ამ გამარჯვებიდან ჩვენი ჩამოშორება. ამ ხელისუფლების უბედურება ის არის, რომ საზოგადოების ხმის გაგონება არაფრით არ უნდა, ოღონდ არ არსებობდეს განსხვავებული აზრი და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მთელი მათი ენერგია და ძალისხმევა ამაზე იხარჯება.

 

- საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მწვავე შეფასება მოჰყვა...

 

- მაინც მგონია, რომ მათი განცხადებები მეტ-ნაკლებად ტენდენციურია. არ მახსოვს, ამგვარი გამოხმაურებები მაშინ, როდესაც ჩვენ სააკაშვილს ვუპირისპირდებოდით. ახლა დიდი ცვლილებების ეპოქაა, აშშ-ში ტრამპია ხელისუფლებაში, რომელსაც ხშირად პოლიტიკური ტრენდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

- ისე ჩანს, „ოცნება“ მხოლოდ თავისი საზოგადოების აზრს კი არ უგულებელყოფს, დასავლეთსაც არ უსმენს. ამის მაგალითია ანაკლიის პროექტის ჩაშლა და პროპორციული არჩევნების დაპირების შეუსრულებლობა...

 

- ანაკლიის პორტზე გამიჭირდება ლაპარაკი, რადგან შესაბამისი კომპეტენცია არ მაქვს. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ფაქტია, ხელისუფლებამ სიტყვა არ შეასრულა, ანუ ხელისუფლებას შეუძლია თქვას ერთი და გააკეთოს მეორე. ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი ძალიან იკლებს. მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხმა უცხოელებზე კი არა, საქართველოს მოქალაქეებზეც ვერ მოახდინა შთაბეჭდილება, ღიმილის მოგვრის გარდა. მაჟორიტართა პოზიციის ამერიკელ კონგრესმენებს კი არა, მგონი ოჯახების წევრებსაც არ სჯერათ.

 

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოების პრობლემაა, რომ ვერა და ვერ მოხერხდა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება?

 

- ეს პროცესი ძალიან გართულდა, რადგან პოლიტიკური ველიც, ფინანსებიც, მედიასივრცეც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გადანაწილებულია ორ პოლუსზე, ახალი ძალისთვის ჰაერი აღარ რჩება...

 

- ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკული პოზიცია ამანაც ხომ არ განაპირობა, ხედავენ საფრთხეს, რომ შესაძლოა, საქართველომ საგარეო ვექტორი შეცვალოს?

 

- არა მგონია, ეს ხელისუფლება რუსეთში ეძებდეს გამოსავალს. ეს უფრო ზედმეტად თავდაჯერებული ხელისუფლების ნამოქმედარს ჰგავს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველას გარეშე გაიმარჯვებს. ეს ყველაფერი უფრო საკუთარი საარჩევნო სურვილებისა და მიზნებისთვის გააკეთეს. არა მგონია, ვერ ამჩნევდეს ვინმე, რამხელა გავლენა აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოზე. მეც კი, ეკონომიკურად უმეცარს, მგონია, რომ ის ეკონომიკურადაც ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და თუ გამოგვეცალა, საბოლოოდ ჩამოგვექცევა ლარიც და მთელი ეკონომიკაც. მათ ათასი ბერკეტი აქვთ ჩვენზე გავლენისთვის, მაგრამ არ სარგებლობენ, ელოდებიან ხელისუფლების დემოკრატიისკენ შემობრუნებას და იმედია, ხელისუფლებაში ეს ესმით.

 

- ოპოზიცია გაზაფხულისთვის ისევ საპროტესტო აქციებს გეგმავს. როგორ ფიქრობთ, ისევ ქუჩაში გადავა პოლიტიკური პროცესი?

 

- აქამდე ვერ გადაიყვანეს და ასე მგონია, ვერც გაზაფხულზე მოახერხებენ, რადგან ხალხს არ სურს პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გაგრძელება. მას მშვიდობიანი განვითარება და საინტერესო ცხოვრება უნდა. არის ამ ხალხში არტისტული ტალანტი, რომელიც გვკარნახობს გზა საინტერესო ცხოვრებისკენ, მაგრამ არ აცლიან უნიჭო ქართველები ნიჭიერ ქართველებს საინტერესოდ ცხოვრებას.

 

მინდა, შევეხო ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარებას და რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლასაც. მიმაჩნია, რომ დიპლომატიის ფარგლებში ყველაფერი უნდა გამოიყენოს ქართველმა დაკარგული მიწა-წყლის დაბრუნებისთვის. ჩვენი ძალა მხოლოდ იმაში თუ არის, ე.წ. საზღვართან ან რუსთაველზე გავმართოთ ღრიანცელი, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. გასაგებია აღშფოთება, რაც გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დანახვას მოჰყვა, მაგრამ მეც გამოვხატე პროტესტი, მაგრამ არა მგონია, დიპლომატიურ-ცივილიზებულ სივრცეზე საქართველომ უარი უნდა თქვას. დეოკუპაცია თუ გვინდა, ჯერ საქართველოს დეგოიმიზაცია უნდა მოხდეს. დეოკუპაციას დიდი სიბრძნე, საზრიანობა და კულტურა სჭირდება. ასე რომ, თუ ლავროვთან მოგიწია ურთიერთობამ, ეს შენთვის, როგორც ქართველისთვის, რაც უნდა მიუღებელი იყოს, თავი უნდა დაიმდაბლო შენი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, მით უფრო, თუ ამას შენი სტრატეგიული პარტნიორებიც გირჩევენ. ჩვენ გვჭირდება გონიერი ინიციატივა და პარტნიორების მხარდაჭერა, სხვა შემთხვევაში, მარტო დავრჩებით დიდ და რთულ მეზობელთან პირისპირ, რომელიც მასშტაბითაც დიდია, აგრესიითაც და შეიარაღებითაც. არ შეიძლება, ერის ინტერესი ტრაბახს და მეტიჩრობას გადააყოლო. სამწუხაროდ, პასუხისმგებლობის სურვილს ვერ ვხედავ ხელისუფლებაში, თვითხიბლშია ჩავარდნილი. არადა, დღეს დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება.

 

შევახსენებ ყველას - სამშობლო არჩევანიც არის, ანუ რას ემემკვიდრები წარსულიდან. ილია ჭავჭავაძემ თავისი არჩევანი გააკეთა და შეეწირა სამშობლოს, ახლა სამშობლომ უნდა გააკეთოს არჩევანი - ილიას ირჩევს საკუთარ შვილად თუ ბერბიჭაშვილს? როგორც ქრისტემ აიტანა კაცობრიობის ცოდვები ჯვარზე, ილიამ ქართველების ცოდვები მიიტანა წიწამურის ტყეში. ის ძალისძალად ეშვილა სამშობლოს და ახლა სამშობლო უნდა ემშობლოს ილიას, მის სამშობლოდ იქცეს. ჯერჯერობით ვერ ვამჩნევ, რომ ეს ილიას სამშობლოა.

მაია დოლიძე

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner