logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ეს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, ღმერთი ხომ არ არის?
- +

22 თებერვალი. 2020. 01:34

 

 

“მან თავისი გააკეთა, მისმა რეიტინგმა შეკრიბა მთელი საქართველო, მაგრამ დანარჩენზე ჩვენ ყველა უნდა მივეხმაროთ”

 

“ჩემთან ინტერვიუს ვიღაცა მხოლოდ იმიტომ წაიკითხავს, რომ აი, ქოცი ჯღარკავაა, მოდი კარგად ვაგინოთ, ვათრიოთო”

 

„ალია“ ესაუბრება ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას:

 

 

_ თქვენ ხართ „ოცნების“ მხარდამჭერი, თუმცა, არ იქცევით მხარდამჭერთა უმრავლესობასავით, რომლებიც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ. რამდენად აზიანებს „ოცნებას“ ბრმა მხარდაჭერა და თავად მხარდამჭერებს რა ამოძრავებთ? ივანიშვილის ფულის მოლოდინი? ასეთი ტიპის პოსტებში ვინმე ფულს იხდიდეს, დაჯერებაც მიჭირს, რომ ეს თვითშემოქმედებაა?

 

 

– მე ვერ ვისაუბრებ ყველას მაგივრად, მაგრამ მე მაქვს ჩემი პოზიცია, მე არ ვარ მარტო მხარდამჭერი, მე ვარ ის ჟურნალისტი, რომელიც 2004 წლიდან ვებრძვი რეჟიმს. 2005-2006-2007 წლებში ვამბობდი, რომ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ამათ მოერევა. ვიცოდი, რომ მიშას სხვა ვერავინ მოერეოდა, ჩვენ სხვადასხვა აქციებზე დავდიოდით, იყო ბურჯანაძის აქცია, იყო გრეჩიხების აქცია, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ისინი რეჟიმს ვერ დაამთავრებდნენ. არ ვიცი რატომ, ალბათ შინაგანი ინტუიცია მქონდა.

 

 

– თქვენ ფიქრობდით, რომ 2005-2007 წლებში ბიძინას სურვილი ჰქონდა, სააკაშვილი „დაემთავრებინა“?

 

 

– რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მე ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, თუ ის გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე და გადაწყვიტა გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე, ის აუცილებლად დაამარცხებდა.

 

 

– რატომ არა ბადრი პატარკაციშვილი?

 

 

– არ ვიცი, ჩემს თავს ვესაუბრებოდი. ყველას უკვირს, როცა რამეს ვამბობ, აუცილებლად ხდება. ვამბობდი, რომ ვერც პატარკაციშვილი, ვერც ვერავინ, ერთადერთი თუ ივანიშვილი გამოჩნდებოდა ჩრდილიდან, ის მოახერხებდა. არაერთ ადამიანთან მაქვს ნათქვამი, დამემოწმებიან.

 

 

– ამ დროს, ივანიშვილი ჯერ კიდევ აფინანსებდა სააკაშვილს.

 

 

– კი ბატონო და როდესაც გამოჩნდა ივანიშვილი – მაშინვე ვუთხარი ჩემ თავს, რომ აუცილებლად დამთავრდება ეს რეჟიმი და ყოველთვის ვიდექი მე ჩემი პროფესიული საქმიანობით მის გვერდით. „ობიექტივში“ ვმუშაობდი იმ დროს, ვაშუქებდით, ვამხელდით იმ რეჟიმის ჯალათებს.

 

 

– როგორ ფიქრობთ, დაამარცხა ივანიშვილმა სააკაშვილი?

 

 

– მე არ ვფიქრობ, რომ რეჟიმი დაამარცხა, ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ რეჟიმი არ დამარცხებულა, ამაშია საქმე სწორედ და ესაა ჩემი გულისტკივილი. რვა წელი ვამბობ, რომ რეჟიმი არ გასამართლდა! შეიძლება რადიკალი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ეს რეჟიმი რომ გასამართლებულიყო, დღეს არ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში, თავის მართლების. 2012 წელს სია გვქონდა დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების, რომლებიც წითელ ხიდზე ჩემოდნებით იდგნენ გასაქცევად და როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრემიერმა, მინისტრებმა გამოაცხადეს, რომ მათ არ ვერჩით, კოჰაბიტაციაა და ა.შ. ის ადამიანები მოტრიალდნენ და გახდნენ ისევ ის ურჩხულები, რაც იყვნენ ის 9 წელი. „ის 9 წელი, ის 9 წელი“ მეც ძალიან დავიღალე ამ ფრაზით, სულ არ მსიამოვნებს, იმ 9 წლის ხსენება, მაგრამ თუ არ გასამართლდნენ, არაფერი გვეშველება. მე ვარ ის ადამიანი, ვინც დახურულ სხდომაზე ვნახე კასრების კადრები.

 

 

– ეგ უნდა მეკითხა, სწორად მიგაჩნდათ იმ კადრების განადგურება?

 

 

– სხვათა შორის, ვინც წამოხტა და ამ კადრებს საერთოდ არ უყურა, ნიკა გვარამია იყო, არ უნდოდა გვენახა ეს კადრები, მაგრამ ვერ მიაღწია, ჩვენ უმრავლესობა ვიყავით.

 

 

– თუმცა, თქვენ ნახეთ კადრების მხოლოდ ნაწილი.

 

 

– რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ 10-15-წუთიანი სხვადასხვა ამონარიდი. ენითაც არ გამოითქმება ის საშინელება. თუ ციხის კადრების მერე რამე გაგვაოგნებდა, არ გვეგონა, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს იყო ენით აუწერელი რამ. ირაკლი ღარიბაშვილს სურდა, რომ ეს კადრები საჯაროდ ენახა ხალხს, მაგრამ იქ უმრავლესობამ უარი თქვა. მე ვთვლი, რომ ამის საჯარო ჩვენება უნდა ყოფილიყო, რადგან მოსახლეობას ეს ენახა და დღეს ეს განწყობა, რაც არის, არ იქნებოდა, კიდევ აქეთ რომ გვაბულინგებენ და ხედავთ ყველა, სოციალურ ქსელში როგორი ბულინგი მიდის ჩვენი მხარდამჭერების.

 

 

– რომელიმე ხელისუფლების ბრმად მხარდაჭერა კარგი გგონიათ?

 

-როდესაც ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მინისტრ ზურაბ ალავიძესთან და პრემიერ კვირიკაშვილთან, პირდაპირ ეთერში ვიყავი, დებატებში ჰყავდა ნაცმოძრაობის მხარდამჭერები და  იქ ვთქვი, რომე არ ვოცნებობდი ასეთ ხელისუფლებაზე, რომ ნაციონალების ყოფილი მინისტრი ყოფილიყო ჩემი მთავრობის მინისტრი, მაშინ რას ვუწუნებდით მიხეილ სააკაშვილს, თმის ფერი არ მოგვწონდა მისი თუ რა?

 

 

– აღმოჩნდა, რომ, თურმე მხოლოდ პიჯაკებზე ვედავებოდით.

 

 

– „ნაცმოძრაობა“ როგორც ცხოვრობდა ის ცხრა წელი, ეტყობა, ალავიძეს ეგონა, ასევე უნდა გაეგრძელებინა. მეორე დღეს ჩემს გენერალურ დირექტორთან იყო ზარი და უთხრეს, ყური აუწიეთ ნინო ჯღარკავას, როგორ გაბედა პრემიერის კრიტიკაო. მე მაშინ ვთქვი ხმამაღლა, რომ ცოტა ხანში შენ არ იქნები მინისტრი და კვირიკაშვილი აღარ იქნება პრემიერი-თქო და ასეც მოხდა.

 

 

– გულმა გიგრძნოთ თუ ივანიშვილი შეაწუხეთ?

 

 

– არა, არა, მე არავითარი კავშირი მაქვს ივანიშვილთან, გარდა საზეიმო მიღებებისა და ოფიციალური შეხვედრებისას.

 

 

– თქვენ თავიდან მითხარით, რომ ივანიშვილის ნათესავებთან საუბრობდით ხოლმე და ამიტომ გკითხეთ.

 

 

–  კი, იყვნენ იმ დროს მისი ნათესავები გარკვეულ თანამდებობებზე იმ პერიოდში, 2003-2004 წლებს ვამბობ, ვიცნობდი მე ამ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილთან მქონდა შეხება, რამდენჯერმე მყავს ნანახი ახლოდან, კითხვაც მაქვს მისთვის დასმული და ფოტოც მაქვს გადაღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიახლოვეს. კი ხედავთ, ოპონენტებზე მეტად ვაკრიტიკებ ჩემ ხელისუფლებას, მაგრამ იმ პრინციპიდან გამოვდივარ – მოყვარეს პირში უძრახეო… არ მახსოვს, რომელიმე მინისტრზე მეთქვას აუგი და ძალიან მალე იმ მინისტრს არ დაემთავრებინოს ცუდად თავისი კარიერა.

 

 

– ჯანდაცვის მინისტრზეც თქვით, იქნებ გაჭრას…

 

 

– რომელ მინისტრზე ამბობთ?

 

 

– ტიკარაძეზე…

 

 

– არ ვიცი, ეს ადამიანი ვერც გავიგე, ვერც აღვიქვი და ასე რომ, ამ მინისტრზე ჩემი აზრიც კი არა მაქვს. ერთადერთი შემთხვევაა, მინისტრზე აზრი რომ არ მაქვს. ვერ შევიქმენი აზრი, ანუ ამ ადამიანმა ჩემში ვერ გამოიწვია ვერანაირი ემოცია, ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი.

 

 

– პრემიერი შეიცვლება თუ არა? რას ამბობენ კულუარებში?

 

 

– მე არ ვთვლი, რომ დღეს პრემიერი არის რაღაცა დიდი ფუნქციების მქონე, პრემიერზე მეტის გაკეთება შეუძლია თითოეულ მინისტრს. არ არის პრემიერი ის ფიგურა, რომ მისი შეცვლა–არშეცვლა რამეს წყვეტდეს. მე ასე არ ვთვლი, მაგრამ შეცვლით, ალბათ აუცილებლად შეიცვლება.

 

 

– თუ შეიცვალა, რას ამბობენ, ვინ იქნება და კონკრეტულად თქვენ ვინ გინდათ, რომ იყოს? მე მაქვს ინფორმაცია, რომ პრემიერი ერთ კვირაში შეიცვლება.

 

 

– არ ვიცი, მართლა არ ვიცი, კულუარული ინფორმაციების გახმოვანება არ მიყვარს ჭორებით, რეალური მოცემულობა მართლა არ ვიცი.

 

 

– თქვენ ვის ისურვებდით?

 

 

– მე ვისაც ვისურვებდი, ყველამ ძალიან კარგად იცის, ვისი მხარდამჭერიც ვარ, ამას ღიად ვამბობ და არ ვმალავ. ჩემთვის ღარიბაშვილზე უკეთესი არც მგონია ვინმე, ეს სუბიექტური აზრია, აქ ობიექტურიც არის ბევრი რაღაც, მაგრამ ამ ადამიანის მიმართ სუბიექტური ვარ. ირაკლი იყო ნამდვილად კარგი პრემიერი. ყველამ უნდა იცოდეს, მას როგორ უყვარს ქვეყანა, როგორი პატრიოტია, ჩვეულებრივი ერთი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს სამშობლო. პრემიერი აღარ იყო, მაგრამ ინტერესდებოდა, სტკიოდა, ეს არ იყო მხოლოდ სკამი მისთვის. ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ვცემ პატივს კახა კალაძეს, არ შეიძლება არ დაინახო ამ ადამიანის მუშაობა, თან როგორ იზრდება.

 

 

– წეღან თქვით, რომ ყოფილი ნაციონალებიო… კახი არ იყო ნაციონალების მხარდამჭერი? სააკაშვილის მხარდამჭერი?

 

 

– არა, არა, რატომ, საიდან? მოდით ვისაუბროთ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ელიტარულ სახეებს, ცნობად სახეებს ყოველთვის იყენებენ იმისთვის, რომ აი, ჩემს შეხვედრაზე დაჯექი, მოდი ასე გაიცინე, რომ ხალხმა დაგინახოსო. სულ ეს იყო, მეტი არაფერი… მე გეტყვი ერთ რამეს, მე კახის ცხოვრება შესწავლილი მაქვს და ვფიქრობ, კახის ჰქონდა მადლიერების გრძნობა, მისი ძმის მკვლელობის საქმე გაიხსნა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და თუ გახსოვთ ის პერიოდი, ლევან გვაზავამ გენერლობაც კი მიიღო ამ საქმის გახსნის გამო. ალბათ კახას ჰქონდა ეს მადლიერება, რომ ამდენი წლის მერე გაიხსნა ეს დანაშაული და ალბათ ჩათვალა საჭიროდ, შეიძლება სთხოვეს კიდეც, თავისით ხომ არ ჩამოფრინდებოდა. მე ვფიქრობ, ეს იყო მადლიერების გამოხატვა მისი მხრიდან. კახი არასოდეს მინახავს, ქუჩა–ქუჩა მოსიარულეს ეთქვას, „ნაცმოძრაობის“ წევრი ვარ და მხარდამჭერი ვარო.

 

 

–  ახლა რომელიმე სპორტსმენმა რომ იგივე გააკეთოს, ხომ იტყვით, რომ არ უნდა გაეკეთებინაო?

 

 

– დღეს „ოცნების“ მხარდამჭერები კი არა, „ოცნების“ პარტიის წევრები, დეპუტატები მიდიან და ვიცე–სპიკერები, ხომ ვნახეთ ეს პროცესი, თითქოს მე ვიყავი ხელისუფლებაში და არა ისინი. ასე რომ, ვიღაც მსახიობი გადაუდგება თუ ფეხბურთელი გადაუდგება ხელისუფლებას, ეს არაფერს ნიშნავს. არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ აქვე გეკითხები, რომ შევცვალოთ, ვინ უნდა მოვიყვანოთ?! დამისახელეთ ერთი ადამიანი, „ოცნება“ ვისითაც უნდა შევცვალოთ. თუ არცერთი გვინდა, მაშინ, ანარქია გვინდა?! კი ბატონო, დავუშვათ, არ მინდა ეს ხელისუფლება, მაგრამ გადავხედე და რა, ვისაც 9 წელი ვებრძოდი, ის დავაბრუნოთ?! ოჯახებშიც არ არის ერთსულოვნება. როგორ შეიძლებოდა ივანიშვილს არ შეშლოდა დავუშვათ, ვიღაცის დანიშვნა. ეს ერთი ადამიანი ღმერთი ხომ არ არის, არა? იმ ადამიანმა თავისი გააკეთა, მისმა რეიტინგმა შეკრიბა მთელი საქართველო, მაგრამ დანარჩენზე ჩვენ ყველა უნდა მივეხმაროთ. მე დამიწერია პოსტი, მითქვამს რაღაცა, ჩამომიყალიბებია, რომ ეს არ გვინდა, ის არ გვინდა და სხვათა შორის გაუთვალისწინებია. არ ვიცი, კითხულობდა ამას, მიაწვდიდა ვინმე ამას, თუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა იმას რეაგირება.

 

 

– რას ფიქრობთ, დაახლოებით რა ხმებს მიიღებს „ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში, იმავე კანდიდატებით?

 

 

– აუცილებლად დიდი რაოდენობით ხმებს მიიღებს და არა იმიტომ, რომ „ოცნება“ ძალიან კარგია, მაგიტომ არა, აუცილებლად მიიღებს იმიტომ, რომ ადამიანებს აბსოლუტური რწმენა დაკარგული აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ. მე არ ვიცი, ბაზალეთის ოქროს აკვანში რომ ყმა წევს, არჩევნებამდე თუ გაიზრდება, ვერ გეტყვი, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, ვისაც იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს, ვიდრე „ოცნებას“, ახალგაზრდები წამოვლენ აუცილებლად. რა მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდას „ოცნება“ გამოიყენებს დასაბულინგებლად თუ „ნაცმოძრაობა“, ჩემთვის ის უკვე გამოყენებადია, მიმაჩნია, რომ იმას აღარ აქვს მომავალი, ჩემს თვალში მომავალი აქვს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ, გონება უჭრით, ენა უჭრით, რაღაცის შეცვლა უნდათ და არ არიან აგრესიულები.

 

 

–სამწუხაროდ, თუ აგრესიული არ არის პოლიტიკოსი, იმას რეიტინგი არა აქვს, ხომ ხედავთ?

 

 

– გეთანხმებით, როდესაც საუბარი მიდის მშვიდად, ჩვენ თვითონ არ ვუყურებთ, ხომ? არ აქვს იმას რეიტინგი, ესე იგი სკანდალს აქვს რეიტინგი, ჩხავიხარ, ყვირიხარ, რაღაცას დაალეწავ თავზე, ოპონენტს წყალს შეასხამ, ეს უკვე ყურებადია და რეიტინგულია, სულ არ აინტერესებს იმას, ცუდად რომ მოიქცა. ჩემთან ინტერვიუს ვიღაცა მხოლოდ იმიტომ წაიკითხავს, რომ აი, ქოცი ჯღარკავაა, მოდი კარგად ვაგინო, გამოქვეყნებდება და ამას წაიღებენ და ყველა კედელზე იდება ეს ჩემი ინტერვიუ და ამას გპირდებით რომ ესე იქნება ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრისგან და აი, კარგად გავლანძღოთ, კარგად ვათრიოთ, ჯგუფებში დავდოთ – აი, ეს მომენტი იქნება. აბა, იყოს სხვა, ჩემზე ჭკვიანი, განათლებული, უფრო კონსტრუქციული ადამიანის ინტერვიუ – არავინ არ წაიკითხავს, ალბათ.

 

 

– ასე ხდება იმ ქვეყნებში, სადაც სიღატაკეა და განათლების დაბალი დონე…

 

 

– გეთანხმებით, განათლების დაბალი დონეა და სიღატაკეც, მაგრამ ეს სიღატაკე დღეს არ შექმნილა, ახლა რომ ამბობენ ნაგავში იქექებიანო, მე სულ ვხედავდი.

 

 

– რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანების მდგომარეობა დღითი დღე რომ მძიმდება, არ მეთანხმებით?…

 

 

– მიჩვეული ვიყავით მაშინ, რომ ყველას ჰქონდა სამსახური, მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მეზობელ დიდ ბიჭებს უბნის ინსპექტორი დასდევდა, რატომ არ მუშაობო. დღეს ხალხი ამბობს, სამსახური გვინდა და არ არისო, მაშინ კი იყო სამსახური და ეზარებოდათ, იმიტომ, რომ მაინც კარგად ჭამდნენ, არაფერი აკლდათ. მიშას დროს საშინელი სიღატაკე იყო, სიღატაკე გაგრძელდა დღესაც, მაგრამ ახლა რომ ამბობენ, აქტივისტები საქმდებიან, ის აქტივისტი ადამიანი არ არის, იმის უკან ოჯახები არ არის, ისინი არ ითვლებიან სტატისტიკაში, ის ხომ ჩვეულებრივი მოქალაქეა?! ისიც რომ უმუშევარი იქნება, ხომ ემატება იმ უმუშევართა რიცხვს.

 

 

– მაგალითად, მდინარაძის ცოლი არ უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში გამოგონილ პოზიციაზე – საქმის მწარმოებლის მხარდამჭერის თანამდებობაზე და არ უნდა ჰქონდეს ამაში 3090 ლარი ხელფასი.

 

 

– მაშინ მე გეტყვი, რომ ჩვენთან, საქართველოში ეს ყოველთვის იქნება, მაგრამ 2004 წლიდან 2012 წლამდე სააკაშვილის რეჟიმის დროს უნდა ემუშავათ – ალეკო ხეთაგურის მამას, ვიღაცის ცოლს, თოფურიძის ძმისშვილს, დისშვილს, დედას, მამას… საქართველოში ეს სულ იქნება, შეიცვალა რამე?! არ გვინდოდნენ ისინი, ვყვიროდით მაშინ, იგივეს ვაკეთებდი და ვამხელდი იმ პერიოდში პირდაპირ ეთერში, მაგრამ, იმის გამო, რომ იმის ცოლია, იმის გამო, რომ იმის შვილია, არ უნდა იმუშაოს?! თუ არის საშუალება იმუშაოს.

 

 

– თქვენ გაზისა და ნავთობის კომპანიაში მუშაობთ, გეცოდინებათ, სააკაშვილს ნავთობიდან, საწვავიდან ლარი რომ მიჰქონდა, როგორ იყო ეგ ამბავი?

 

 

– საიდან უნდა ვიცოდე, შეიძლება მიჰქონდა კერძო კომპანიებიდან. რომ ითქვა, ლარი მიჰქონდა, გულისხმობდნენ წილებს, ვიღაცები ისხდნენ წილში…

 

 

– სად წავიდა ის წილები?

 

 

– პირდაპირ გეტყვით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხარჯზე სააკაშვილმა 300 მილიონი წაართვა კორპორაციას თავის დროზე და ააშენებინა ქუთაისის პარლამენტი, რომელზეც 2013 წელს კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა თვალაბეიშვილმა იჩივლა იურისტების ჯგუფთან ერთად და ის 300 მილიონი დავიბრუნეთ. ზუსტად იმ 300 მილიონით აშენდა გარდაბნის თბოსადგური.

 

 

– თუმცა, არ დამტკიცებულა და სააკაშვილს ამის გამო ბრალი არ წაყენებია.

 

 

– ამაზე ბრალი როგორ წარედგინება, ეს ჯიბეში კი არ წაუღია, წავიდა და ააშენა ქუთაისის პარლამენტი, მაგრამ სწორად მოიქცა?! ბრალი როგორ წაეყენებოდა, ჯიბეში ხომ არ ჩაუდია ის 300 მილიონი?! წავიდა და აიძულა სახელმწიფო ორგანიზაცია, რომ თანხით, რომელიც მოგება იყო კორპორაციის, აეშენებინა პარლამენტი.

 

 

– 2012 წლის მოვლენების მონაწილეებიდან ძალიან ბევრი წუწუნებს, რომ ჩვენ ჩაგვწიეს, უკან დაგვხიეს, ყურადღებას არ გვაქცევენო…

 

 

– ამაშიც გეთანხმებით, მაგრამ მეორე კუთხიდან შევხედოთ. ბევრისთვის მიკითხავს, რომ რას ნიშნავს ჩაგწიეს? მანამდე ვინ იყავი, რას აკეთებდი? რას ითხოვ? ვიღაცას იმ დროს რომ დროშა ეკავა და ვინც მაისური ჩაიცვა და აქციაზე მივიდა, ყველა თანამდებობაზე უნდა ყოფილიყო?! ერთ პატარა მონაკვეთს მოგიყვები, – ერთ–ერთ რესტორანში სადილზე ვიყავი მერიის წარმომადგენლებთან ერთად, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკაზეც ჩამოვარდა საუბარი და ერთ–ერთმა ოფიციანტმა რომ მოკრა ყური, თქვა, – მე „ოცნების“ მომხრე ვიყავი, დროშა მეკავაო და აგერ ვარ ახლა და მიმტანად ვმუშაობო. შევხედე და ვკითხე, მანამდე სად იყავი–თქო, მანამდეც მიმტანი ვიყავიო, და აბა, რა გინდოდა–მეთქი?! მე რომ ხვალ ვიღაცას დავუჭირო მხარი იმიტომ, რომ თანამდებობა მომცეს?! მე მიშას დროსაც ვმუშაობდი, მიშამდეც ვმუშაობდი, მე ჩემი პროფესიით ვმუშაობ, მაშინაც პიარი ვიყავი, ჟურნალისტი ვიყავი, არასდროს მთავრობის დანიშნული არსად არ ვყოფილვარ, ხვალაც რომ შეიცვალოს მთავრობა, მე ამ პროფესიით საკუთარ სააგენტოს გავაკეთებ, საკუთარ ფეისბუქ-ლაივს ჩავრთავ.

 

 

– ამბობენ, სააგენტოს გახსნა ახლაც გინდათ 2020 წლის არჩევნებამდე.

 

 

– კი, მინდა და ჩემი სიზმარმაცის ბრალია, ხანდახან ვიტყვი და მერე სიზარმაცის გამო ვეღარ ვაკეთებ. ალბათ 20-20–ში იქნება ეს სააგენტო აუცილებლად.

 

 

– სააგენტოს გახსნას ფული არ უნდა?

 

 

– სააგენტოს გახსნას ჯერჯერობით ფული არ უნდა, ჩემმა მეგობარმა გამიკეთა თვითონ ეს საიტი, გამიკეთეს და მაჩუქეს, დანარჩენი ახლა, ოფისს რომ ვიქირავებ, ქირა ჩემი ხელფასიდან უნდა გადავიხადო. ჯერჯერობით ვიქნებით სამი–ოთხი ადამიანი, ვისაც ჩემსავით ენდომება ენთუზიაზმზე მუშაობა.

 

მე არა ვარ არავის სახე, მე ჩემი ოჯახის სახე ვარ, ასე ვთვლი, დეპუტატი არა ვარ და არ დავდივარ ქუჩა–ქუჩა და მიკროფონებით არავის მოვუწოდებ „ოცნებას“ მიეცი ხმა–თქო. მაქვს ჩემი პატარა სივრცე, მაქვს ჩემი პროფილი, ჩემი სამსახური და ჩემი აგური, რომელსაც ვდებ სადაც მინდა იქ, არც ქონება მიშოვია, როგორც ამბობენ, მე მაქვს ხელფასი და ერთ კვირაში რომ ხელფასი აღარ მქონდეს, ვერ ვიცხოვრებ.

 

მხარდამჭერს რომ აბულინგებ იმიტომ, რომ ის უყვარს, რა ქნას ამ ადამიანმა, ამის გამო არ უნდა ათრიო და უკადრებელი არ უნდა აკადრო. ვიღაცას მოსწონს მიშა, არიან ადამიანები, რომ მოსწონთ. „ნაციონალების“ ყველაზე დიდი მხარდამჭერი ხომ არის მეგი გოცირიძე, არასოდეს მახსოვს, მეგი გოცირიძეს ჩემი შეურაცხყოფა ეკადრებინა. ერთხელ მახსოვს, როდესაც ჩემი ბულინგი იყო მის კედელზე, პირდაპირ თქვა – ძალიან გთხოვთ, ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ჩემს კედელზეო. ძალიან გამიკვირდა და შემდეგ ვიკითხე კიდეც. მეგი ამბობს ჩემზე, რომ გულწრფელად უყვარს ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ამის გამო ვაგინოო? მეც მიყვარს მიშაო. იმის შემდეგ ვეღარავინ ბედავს ჩემს შეურაცხყოფას მის კედელზე.

 

 

– იმავეს გააკეთებდით, თქვენს გვერდზე რომ ვინმეს მეგი გოცირძე ეგინებია?

 

 

– კი და გამიკეთებია კიდეც… მე ყველაზე დიდი ბულინგი მივიღე მაშინ, როცა ჩემს პირად მეგობარს გაუჭირდა. ის არ არის „ოცნების“ მხარდამჭერი და არის ბოკერიას „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი. ლევან გვაზავაზე ვამბობ, როდესაც მას დეიდაშვილი შემოაკვდა, მან თვითმკვლელობა სცადა, არავინ იცოდა, თუ გადარჩებოდა, ფაქტიურად, თავი მოიკლა. საავადმყოფოში ვიდექი გივი თარგამაძის და მისი ცოლის გვერდით, ვათენებდი და ვაღამებდი ასე ათი ღამე, მე, როცა ასეთი რადიკალი ვარ. მაშინ მივიღე საშინელი ბულინგი, რომ დგას საშინელი ზონდერის გვერდითო. მე ვთქვი, რომ ის არის ჩემი პირადი მეგობარი, არ შემიძენია ის პარტიის დროს, 19-20 წლის ვიყავით, იქიდან ვმეგობრობთ. არ ვერევით ერთმანეთის პოლიტიკურ თემებში, მაგრამ გაუჭირდა და ვიდექი მის გვერდით, თუ მე გამიჭირდა, ზუსტად ვიცი, ჩემს გვერდით იდგება, ამიტომ, არის თემები, რომელსაც პოლიტიკა ვერ ერევა. მიუხედავად იმისა, ჩემიანებისგან მივიღე საშინელი ბულინგი, მე უკან არ დამიხევია და დღესაც ამაყად ვამბობ, რომ ლევანი ჩემი მეგობარია და აუცილებლად მის გვერდით ვიდგები, როცა დავჭირდები.

 

თამო კეშელავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner