logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია; მზად ვარ, გემსახუროთ კორონავირუსით დაავადებულთა მოვლის საქმეში!
- +

15 მარტი. 2020. 15:25

 

 

„ხელისუფლებამ დროულად უნდა მოამზადოს სამოქალაქო სექტორი იმ შემთხვევისათვის, თუკი ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და სახელმწიფოს მოქალაქეების დახმარება დასჭირდება, დავიწყოთ ჩემგან“, - ამის შესახებ „რეპორტიორს“ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ განუცხადა.

 

მანამდე კი, მან სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს მთავრობას მიმართა და გამოთქვა მზადყოფნა, გაიაროს პირველადი დახმარების მოსამზადებელი კურსები და ჩაერთოს კორონავირუსით ინფიცირებულთა მოვლის საქმეში.

„საქართველოს მთავრობას!

გთხოვთ, ყურად იღოთ ჩემი მზაობა და ინიციატივა!

თქვენი უშუალო კონტროლის ქვეშ გავივლი პირველადი დახმარების მოსამზადებელ კურსებს. მოხალისედ ჩავერთვები ჩვენი მედპერსონალის დახმარების და ინფიცირებულთა მოვლის საქმეში.

გარდა ამისა, ვცხოვრობ მარტო. ჩემს საცხოვრებელ ფართში მოთავსდება 8-10 პაციენტი. მთელი გულით და შეგნებით მზად ვარ გემსახუროთ და ვემსახურო ჩემს ხალხს!

ბევრი ჩემი მეგობარი მზადაა, დაგვიდგეს გვერდში!

ეს არ არის რაიმე ახალი და გასაკვირი! მძიმე ჟამობის ხანს ყოველთვის დგებოდნენ სიცოცხლის სადარაჯოზე რიგითი ადამიანები!

გთხოვთ, არ დავკარგოთ დრო და მოვამზადოთ ბრძოლისთვის სამოქალაქო სექტორი!

ჩემი უდიდესი პატივისცემა საქართველოს ექიმთა დიდ არმიას!

ჩემი უმორჩილესი თხოვნა საქართველოს მთავრობას!“- დაწერა ხათუნა ხოფერიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

როგორც ხოფერიამ „რეპორტიორთან“ განაცხადა, მსგავსი მოწოდებით, სოციალურ ქსელში მას ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა და დახმარების სურვილიც არაერთმა გამოთქვა:  

 

- საერთოდ არ ჩართულვარ ამ საკითხში და არც ჩემი აზრი გამომითქვამს კორონავირუსთან დაკავშირებით სახალხოდ, გარდა იმისა, რომ ერთხელ ხუმრობით გავაზიარე „შელოცვის“ ტექსტი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მაგრამ გუშინდელი ინფორმაციები, რომელიც იტალიიდან მოვიდა, იყო ძალიან შემაშფოთებელი, პრაქტიკულად, ღამეც ვერ დავიძინე... იქ ერთი ახალგაზრდა იტალიელი ბიჭი წერდა, რომ თვითონ გადაუყვანიათ კარანტინში, 80 წელს გადაცილებული მისი მშობლები კი, სახლში დაუტოვებიათ, რადგან საკმარისი ადგილები აღარ ყოფილა ჰოსპიტალში.... ორივე სახლში გარდაცვლილა. ეს ძალიან შემაშფოთებელი იყო ჩემთვის.

 

თუ შევხედავთ დინამიკას, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გარკვეული ზრდა ჩვენთან არის. ეს არის პანდემია მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ თუ ამ დაავადებამ სერიოზული ეპიდემიის სახე მიიღო საქართველოში, ჩვენს ექიმებს ძალიან გაუჭირდებათ დახმარების გარეშე, იმიტომ, რომ თვითიზოლაცია უკვე აღარ იქნება საკმარისი. გადაყვანა, გადასხმები დასჭირდებათ პაციენტებს, ფილტვებზე მკურნალობა არის ურთულესი პროცესი და ალბათ საწოლი ადგილებიც არ ეყოფათ. დილით ჩემს მეგობრებს დაველაპარაკე და მათაც გამოთქვეს სურვილი, რომ იქნებ გამოვყოთ ლოკაციის ადგილი, სადაც მსურველები, მოხალისეები, რეზერვისტები შევძლებთ მისვლას, ელემენტარულ წესებს შევისწავლით და გვეცოდინება, რომ თუ ვთქვათ, დასჭირდათ დახმარება, სად უნდა მივიდეთ, რომ ეს ჩვენი აღჭურვილობები ავიღოთ, ჩავიცვათ, რომ ამას ჰქონდეს ორგანიზებული სახე... ამას მე სახელმწიფოს დაუხმარებლად ვერ გავაკეთებ, ეს არ არის პროცესი, რომელიც შესაძლებელია, მოხალისემ დამოუკიდებლად გააკეთოს. მე ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სამოქალაქო სექტორის მომზადება ამისთვის. ეს მნიშვნელოვან ფინანსებთან არ იქნება დაკავშირებული.

 

- გეთანხმებით, თქვენი ეს შეთავაზება მისასალმებელია და ძალიან ადამიანური, მაგრამ ხომ არ თვლით, რომ ასეთი წინასწარი მზაობა საზოგადოებაში შიშს გააძლიერებს და შესაძლოა პანიკაც გამოიწვიოს?

 

- შიში ისეც არის ადამიანებში. ჩემი პოსტის ქვეშ 100-ზე მეტი კომენტარია, იქიდან კი, 20-მდე ადამიანს მაინც აქვს სურვილი, ჩაეთრთოს ამ პროცესში. არანაირი პანიკის გამომწვევი არ იქნება ეს ინიციატივა, რომ შეიძლება ჩვენ ხვალ მივიდეთ და დავრეგისტრირდეთ, თუნდაც ონლაინ გადავაგზავნოთ ჩვენი მონაცემები. მერე თუკი ეს საჭირო გახდება, გვეცოდინება, სად უნდა მივიდეთ, სად უნდა ავიღოთ საჭირო აღჭურვილობა და დავეხმარებით პაციენტებს შეძლებისდაგვარად. ღმერთმა დაგვიფაროის და, თუ ვირუსი ძალიან გავრცელდა, ვერანაირი საავადმყოფოები ამას ვერ გაუძლებს. თუ კურსები მექნება გავლილი და ვიქნები სათანადოდ აღჭურვილი, ჩემთან სახლში ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ რამდენიმე ადამიანი მოვათავსო, მეზობლებიც დამეხმარებიან მათთვის საკვების მიწოდებაში და ჩვენი სახსრებით, რაღაცნაირად შევძლებთ ადამიანების დახმარებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა სახელმწიფოს ნება.  

 

მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ერთნაირი ხასიათი გვაქვს ჩვენ და იტალიელებს, და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული საშიშროება არსებობს, რადგან ეს ვირუსი ძალიან ადვილად გადაეცემა. ხელსაც დავიბანთ და პირსაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რეზერვი უნდა იყოს გამზადებული, თუკი ეს საჭირო გახდა. მე ჩემი ხმა მივაწვდინე ხელისუფლებას, სხვებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ თავიანთ სახლებში შეუძლიათ მოათავსონ 10-15-კაციანი ლოკალური ჯგუფები, სადაც დეზინფექციაც ჩატარდება, მკურნალობა და კვებაც ექნებათ პაციენტებს.

 

- გადავხედე კომენტარებს და თქვენი მეგობრების უმრავლესობა მართლაც გამოთქვამს დახმარების სურვილს, თქვენი ინიციატივა კი საყოველთაო მოწონებას იმსახურებს...

 

- არანაირი პრობლემა არ მქონდა, რომ მაგალითად, დამერეკა და ბატონი ამირან გამყრელიძისთვის შემეთავაზებინა ჩემი ინიციატივა პირადად, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურება, რომელიც ამას მოჰყვა სხვა ადამიანების მიერ. ამის მზაობა არის სამოქალაქო სექტორში, რომ ხელისუფლებას, ქვეყანას და ხალხს დაუდგნენ გვერდში.

 

მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ადამიანებმა გულით მიიღეს ეს ყველაფერი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოიარა და გადალახა. აფხაზეთის ომის დროს, როცა ვიცოდით, რომ მატარებელი მოდიოდა დასავლეთ საქართველოდან, სადგურზე გავდიოდით, ვხვდებოდით აფხაზეთიდან ჩამოსულ ადამიანებს, მოგვყავდა სახლში და ვეხმარებოდით შეძლებისდაგვარად. ამას ვაკეთებდით აფხაზეთის ომამდეც. როდესაც საქართველოს ოქროს ხაზინა დაცარიელდა, თბილისელმა ქალებმა შექმნეს ფონდი და დაიწყეს ხალხში ოქროს აგროვება, 141-ე ვარ ამ სიაში, წიგნია გამოცემული. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიტანა იქ თავისი ოქრო და მეც ვარ იმ ნუსხაში. ოქრო და ძვირფასეულობა შეგროვდა მაშინ იმისათვის, რომ ხაზინა შევსებულიყო. ასე რომ, არავის უკვირს მსგავსი თანადგომა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როგორ დადიოდნენ ომის დროს ახალგაზრდები მოხალისე მედდებად და ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, ცალ მხარზე ჩანთით, მეორე მხარზე - ავტომატით. ამაში არაფერია გასაკვირი. უბრალოდ, ხელისუფლებამ დროულად უნდა მოამზადოს სამოქალაქო სექტორი. ჩემი პოსტის მთავარი მიზანიც ეს იყო.

 

 

right_banner
არქივი
right_banner