logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: სააკაშვილი და ბოკერია აუცილებლად უნდა გასამართლდნენ!
- +

15 მარტი. 2020. 18:58

 

 

მას შემდეგ, რაც „თუმანიშვილის თეატრი“ დატოვა, რეჟისორი ქეთი დოლიძე თავისუფალი გრაფიკით მუშაობს, იწვევენ სხვადასხვა თეატრში, იძენს ახალ გამოცდილებებს და თვლის, რომ ძალიან ბედნიერია.

 

მმართველი გუნდის აქტიური მხარდამჭერი „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, რომ რაც არ მოსწონს, ყოველთვის ამბობს და პატიებაც იქამდე შეუძლია, ვიდრე „დაუკრეფავში გადავლენ...“

საუბარი რეჟისორთან ბოლო დროის აქტუალური თემით დავიწყეთ.  

 

- ქალბატონო ქეთი, ვირუსის ხომ არ გეშინიათ? რა საშუალებებს მიმართავთ მის ასარიდებლად?

- რატომღაც, აბსოლუტურად არ მეშინია, არანაირი შიში არა მაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფო იშვიათი ქვეყანაა, სადაც ასეთი ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ტარდება კორონავირუსის დასამარცხებლად, სადაც ასე აუღეს ალღო სიტუაციას. იტალიელებიც, ხომ ხედავთ, ვერ მოერივნენ ამას, საქართველოს ხელისუფლება ძალიან სწორად იქცევა და იმედი მაქვს, ბოლომდე კარგად გაუმკლავდება ამ დაავადებას.  

 

როგორ გითხრათ, ხელებს ვიბან საათში ერთხელ, არც ნიღაბს ვიყენებ და არანაირ სხვა დამცავ საშუალებას, თუმცა, სახლიდან არც გავდივარ, ფაქტობრივად. თუ რამე მჭირდება, აქვე, პატარა სუპერმარკეტში ვყიდულობ. აქ არც რიგები მინახავს და არც ზედახორა, როგორც ამბობენ...

 

„ფეისბუქზე“ ვნახე რაღაც ხუმრობა, - „რომელი ზოდიაქოს ნიშანი როგორ რეაგირებს კორონავირუსზე“, მე მშვილდოსანი ვარ და მშვილდოსნებზე წერია „ერთი მოგცლიათ, რა!“ - მთლად ასე არა ვარ, მაგრამ (იცინის)...

 

ერთი ეს არის, რომ რასაც გეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო, დაიცავი, გაიგე და ნუ დაწანწალებ აქეთ-იქით. რა სიამოვნებაა ასეთი მაინც, რომ ორი დღე წახვიდე საზღვარგარეთ, ჩამოხვიდე და ამდენ ადამიანს საფრთხე შეუქმნა! ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და არა მხოლოდ... ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული!

 

- ზოგადად, თუ გაქვთ რაიმე მეთოდი ვირუსისგან თავდასაცავად, თუნდაც ხალხური საშუალება?

- მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს ეს არ არის სწორი, მე მაინც მგონია, რომ ნიორი იცავს ვირუსისგან ადამიანს. ბავშვობაში, როცა ავად ვხდებოდით, ბებია, ჩვენი პროტესტის მიუხედავად, დაჭყლეტდა ნიორს და ცხვირში ამოგვისვამდა ხოლმე, ხელებს კი, ყოველ წუთს გვაბანინებდა.

 

ახლა ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა საოცარი რამ, ბრიტანეთში გამოცემული წიგნი, რომანი, სადაც აღწერილია უხანი, კორონავირუსი და 2020 წელი... ეს არის ათეული წლების წინ გამოცემული წიგნი. ფაქტია, რომ ასეა და ეს ჩემს ფეისბუქ-გვერდზე გავაზიარე კიდევაც. გაოგნებული დავრჩი...

 

- ანუ თვლით, რომ ეს ხელოვნურად გამოყვანილი ვირუსია?

 

- მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე. რა თქმა უნდა, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბიოლოგიური ომი რომ არსებობს დედამიწაზე, მოსახლეობა რომ კატასტროფულად იზრდება და დედამიწა ვერ უძლებს ამას, ხომ ფაქტია!

 

მოდებულნი არიან მთელ მსოფლიოს ჩინელები, სადაც მიდიან, თავიანთი ჰგონიათ ყველაფერი. ერთი ანეკდოტი მომეწონა ამ დღეებში ძალიან: გურული ამბობს, ერთი სიკვდილი მქონდა ჩემი და ისიც „მეიდ ინ ჩინა“ როგორ უნდა გახდესო? ეს იუმორი რომ არ გვქონდეს, რა გადაგვარჩენდა!  

 

- ქალბატონო ქეთი, მას შემდეგ, რაც თუმანიშვილის თეატრი დატოვეთ, სად ხართ, რას საქმიანობთ?

 

- ბოლო წლებია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვა თეატრში მეპატიჟებიან. მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის თეატრს და სოსო გოგსაძეს, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ანდრო ენუქიძის, რომ 3 სპექტაკლი დავდგი მასთან ბათუმის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ჩხაიძის მიწვევით კი, დავდგი საბავშვო ზღაპარი, რაც ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო. ძალიან კმაყოფილები დავრჩით მეც და მაყურებელიც. ახლა სადაც მივდივარ და ვდგამ სპექტაკლებს, არც მე ვარ მათზე დამოკიდებული და არც ისინი - ჩემზე. ყველგან მხვდება სიყვარული და ბედნიერება.

 

- თქვენ იძულებული გახდით, თუმანიშვილის თეატრი დაგეტოვებინათ...

 

- ის, რაც ჩემს მიმართ მოხდა, იყო ძალიან დიდი უსინდისობა, ეს იყო ორი პრიმიტიული, შურიანი ადამიანის გაკეთებული და ჩაწყობილი საქმე. მინდა გითხრათ, რომ აქ არც ერთ მსახიობს არ ვგულისხმობ. მათგან ერთ-ერთი იყო ადამიანი, რომელიც მე მივიყვანე 1980 წელს თეატრში და რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ხელოვნებასთან. არ უნდა მიმეყვანა... ხშირად მეგობარი არ უნდა მიიყვანო შენთან, სამსახურში.

 

- არ გინდათ თქვათ, ვინ არის ეს მეგობარი?

 

- არა, ახლა არ მინდა, „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“ სახელი დავასახელო. უბრალოდ, რამდენჯერმე რომ გიღალატებს და ზურგში დანას ჩაგარტყამს ადამიანი, მას აღარ უნდა ენდო. რა გააკეთა, რას მიაღწია ამით?! რომ გითხრათ, რომ აყვავდა თეატრი და გადავიდა ჭკუიდან, - ვერაფერი! მთელი მსოფლიო მოვატარე თეატრს. სულ ვცდილობდი, მომეწვია უცხოელი რეჟისორები, გვქონდა უამრავი პრემიერა, სპექტაკლები.... ახლა რა ხდება თუმანიშვილის თეატრში? - არაფერი, გარდა იმისა, რომ არის ზაზანოვას კაფე. მე რომ გავხსენი იქ პირველი კაფე, სადაც არაჩვეულებრივი შეხვედრები იმართებოდა, ჩამქოლეს, მიჩივლეს ამის გამო და ახლა იწყებენ ნულიდან იმას, რასაც მე ვაკეთებდი? - ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამაზე მეტი ცინიზმი.

 

გადახედეთ თეატრებს. ხედავთ, რომ ვინმეს უცხოელი რეჟისორი მოეწვიოს? უფრო ახალგაზრდები ცდილობენ თითქოს, მაგრამ მე ვიყავი ამის ინიციატორი ყოველთვის. მიხეილ მარმარინოსი რომ ჩამოვიყვანე, იმის შემდეგ, მეორე თაობა წამოვიდა, რაც აღარ უნახავთ მსგავსი სპექტაკლები. მიხეილ მარმარინოსმა არაჩვეულებრივი გავლენა იქონია მაშინ ქართულ თეატრზე. მერე კი, გამოჩნდა ბევრი „პატარა მიშიკო“ და ისე უსინდისოდ აკეთებენ კოპირებას, რომ არც რცხვენიათ.

 

- ალბათ შემოქმედებითად ახლა მეტად თავისუფალი ხართ, ვიდრე ადრე, როცა საორგანიზაციო საქმეებს უძღვებოდით...

 

- სპექტაკლების დადგმა დავიწყე მას შემდეგ, რაც თუმანიშვილის თეატრიდან წამოვედი. მანამდე ერთადერთი სპექტაკლი „ვეფხვი“ მქონდა დადგმული, რადგან მთელ ჩემს დროსა და ენერგიას საორგანიზაციო საკითხებს, თეატრის განვითარებაზე ზრუნვას და მათ აქეთ-იქით ტარებას ვუთმობდი. მაპატიეთ, ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მგონია, რომ წარმატებული რეჟისორი ვარ და რაც მიხეილ თუმანიშვილმა და მამაჩემმა მასწავლეს, მე ის კინოში განვახორციელე. მერე კი დავიწყე სპექტაკლების დადგმა, სადაც ერთი უარყოფითი რეცენზიაც არ მახსენდება. პარალელურად, ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი რეჟისორი მომეყვანა, რომ ამათ ცოტა თვალი გაეხილათ.

 

თუმანიშვილის თეატრი დღესაც ჩემი თეატრია, ჩემი მოგონებულია იქ, უხეშად რომ ვთქვათ, ყველა ტრიუკი და ხერხი, რასაც დღემდე იყენებენ.  მე რომ არ მიმეწვდინა ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, მამაჩემის დახმარებით, შევარდნაძისთვის, არავითარი თუმანიშვილის თეატრი არ იქნებოდა, არ იქნებოდა და მორჩა! ამიტომ ამ პირველობას არავის დავუთმობ! მე დავიწყე ამ თეატრის ტარება უცხოეთში, ეს ასეა. ვერვინ გაბედავს, რომ ეს თავის თავზე აიღოს.

 

სპექტაკლი, რის გამოც გამომაგდეს და ვერ აიტანეს, მოგვიანებით გრიბოედოვის თეატრში გადავიტანე, მაგრამ რადგან იქ ქართული სპექტაკლი ვერ შევა, ჩემს ნაშრომს ვერავის მოვაკვლევინებ და ისევ თუმანიშვილის თეატრში გადმოგვაქვს. 

 

- მინდა, წარმატება გისურვოთ, ქალბატონო ქეთი და გკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხართ მმართველი გუნდის აქტიური მხარდამჭერი, არ თვლით, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია?

- „ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რაღაც არ მომწონს, ამას არ ვამბობ. ზოგადად, როდესაც მოდის ახალგაზრდების ჯგუფი, ახალი იდეებით, ყოველთვის მხარს ვუჭერ. მხარს ვუჭერდი ზურაბ ჟვანიასაც. ჟვანიას ვგულისხმობ, თორემ სააკაშვილის მხარდამჭერი და ამომრჩეველი არასდროს ვყოფილვარ, სულ ვამბობდი, გიჟია-მეთქი! ზურაბსაც ვეუბნებოდი, ეგ სააკაშვილი გიჟია და რაღაც უბედურებას გადაგვყრის-მეთქი. რაღაც შანსს მაინც ვაძლევ ყველას, მაგრამ მერე, როდესაც „დაუკრეფავში გადადიან“, ყოველთვის ვიღებ ხმას, ჯვარი კი არ მაქვს ვინმეზე დაწერილი! ახლა ზოგიერთი ისეთი სახეა „ქართულ ოცნებაში“, „ნაციონალებიდან“ რომ დაპორტირდნენ და გადმოხტნენ, რომ ვგიჟდები, რა უნდათ ამ ადამიანებს მმართველ გუნდში?!

 

- მაინც რა არის აუცილებლად გამოსასწორებელი, თქვენი აზრით?

 

- არაფერი მაწუხებს იმაზე მეტად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს! ქვეყანამ უნდა მიიღოს ბოლოს და ბოლოს ეს გადაწყვეტილება. როგორც არ უნდა გვეწინააღმდეგებოდნენ ამაში ამერიკელები, რას იზამენ? დახურავენ საქართველოს? აბსოლუტურად ვუჭერ მხარს ირმა ინაშვილს და ბევრ საკითხში მის მიდგომებს ვიზიარებ!

 

ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა მითხრა, დაიმახსოვრეთ, ქართველებო, რომ თქვენი მეზობლები ჩვენ არა ვართ, თქვენი მეზობლები არიან რუსები და უნდა ისწავლოთ მათთან ურთიერთობაო. სააკაშვილმა კი ლამის გორამდე მოიყვანა რუსის ჯარი...

 

რა თქმა უნდა, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს! ასევე, აუცილებლად უნდა გასამართლდეს გიგა ბოკერია! ეს არის სწორედ „ოცნების“ მთელი უბედურება და დანაშაული, რომ ბოკერია დღემდე გვასწავლის ჭკუას. რა უფლებით? - ნაციონალები რა უფლებით გამოდიან და რა უფლებით მასწავლიან ჭკუას?

 

ახლა ამ არაადეკვატურმა, აბსოლუტურმა იდიოტმა სააკაშვილმა, გიორგი სააკაძესაც შეადარა თავი. ან დეგენერატია ეს კაცი, ან კოკაინით არის „დაბოლილი“, სხვა რა უნდა იფიქრო? და ამას რეკლამირებას უწევს „მთავარი არხი“, რომელიც თავის გვარამიებიანად, ზუსტად ისეთივე დამნაშავეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“! ეგენი არიან საქართველოს დაუძინებელი მტრები! არის ასეთი გამოთქმა - ჩემს უკან წყალს წაუღია ყველაფერიო და სწორედ ასე მოქმედებენ ეგენიც.  საქართველოს განადგურებაზეც კი დაუფიქრებლად მოაწერენ ხელს, ოღონდ ივანიშვილი გალანძღონ, გათათხონ და ქვეყანას რამით ავნონ.  

 

 

right_banner
არქივი
right_banner