logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხალხი ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაციონალები“ ერთხელ და სამუდამოდ ამოიშანთონ პოლიტიკიდან
- +

16 მარტი. 2020. 22:34

 

 

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნებას ეცდება, ხალხი არათუ ქუჩაში გამოვა, დაიწყება ჯგუფების მასობრივი ორგანიზება და გატარდება ღონისძიებათა სერიები, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოიშანთონ ესენი ქართული პოლიტიკიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.

 

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის გაერთიანება საარჩევნო სისტემის გარშემო, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო. რაც შეეხება შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ ეს დიდწილად დასავლელი პარტნიორების გავლენის შედეგად მოხდა:

 

 

- იმისათვის, რომ ჩვენი დასავლელი პატრნიორების მიერ წარმოებული პროცესის შედეგად, საბოლოოდ მიღებული შეთანხმება შევაფასოთ, საჭიროა, პრეისტორიას გადავავლოთ თვალი. გავიხსენოთ, რა ხდებოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში 2019 წლის 20 ივნისამდე და 20 ივნისის შემდგომ. 20 ივნისმა ერთგვარი წყალგამყოფი გაავლო და მძაფი პოლარიზაცია მოახდინა ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის, რომელთა რიგებიც გაძლიერდა ჩემთვის გაუგებარი და რთულად შესაფასებელი კონგლომერატით და საბოლოოდ, 22 პარტიამ მოიყარა თავი ოპოზიციურ რიგებში, ფორმალურად საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ დღეს ვაჭრობა მიდის უკვე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, დათმობა-არდათმობასა და კოორდინაციის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ საარჩევნო სისტემის გარშემო ფორმალური ერთობა, არამედ ამას გააჩნია პოლიტიკური პლატფორმის შინაარსი.

 

- უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ, ბატონო დიმიტრი?

- აშშ-ის ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის ბოლო აკორდი, რომელმაც საბოლოო შეთანხმებას წერილი დაუსვა, იმის უტყუარი დადასტურებაა, რაც გითხარით. მანამდე გვახსოვს ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის შეგონებები, სენატორთა ეპისტოლარული ჟანრის მიმოწერა, კონგრესმენთა წერილები... ვხედავდით არნახულ ზეწოლას კიდევ უფრო ადრე, როდესაც 20 ივნისის საკითხთან დაკავშირებით, კეთდებოდა ძალიან მწვავე შეფასებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრემიერ ბახტაძესთან კი არ ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებს პრეტენზიები, როგორც მთავრობის გუნდის მეთაურთან, არამედ, რატომღაც - შს მინისტრ გიორგი გახარიასთან. მხოლოდ ბატონი გიორგი გახარია იყო კრიტიკის ობიექტი, მხოლოდ ის იყო დარტყმის ობიექტი, მხოლოდ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას მოითხოვდა გარკვეულ ჯგუფთა ერთობლიობა და საბოლოო ჯამში გვახსოვს, რომ მისი ბიუსტი დადეს სწორედ რუსთაველის გამზირზე. იმის შესახებ, რომ ქვეყანას პოლიტიკურად პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, ხმას არავინ იღებდა.

ეს იყო 17-დან 23 ივნისამდე დაანონსებული გეი-კვირეულის ფორმალური პერიოდი, როდესაც თბილისი-პრაიდის სახელით ჩამოყალიბებულმა ორგანიზაციათა კოალიციამ გადაწყვიტა, საქართველოში ჩაეტარებინა გეი-აღლუმი და გახსოვთ თქვენ, ბატონ გიორგი გახარიას ძალიან მტკიცე, პრინციპული პოზიცია, როდესაც მან განაცხადა, რომ არ იყო მზად გეი-პრაიდში მონაწილე პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც გახდა წითელი ხაზი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ თითი დაუქნია საქართველოს მთავრობას, თითი დაუქნია უშუალოდ ბატონ გახარიას და სანქციებით დაგვემუქრა.

 

- ანუ დასავლეთის გაღიზიანების მიზეზი ის იყო, რომ თბილისში გეი-პრაიდის ჩატარება არ დაუშვეს?

 

- ეს იყო ერთგვარი ტესტი იმასათან დაკავშირებით, რამდენად პროდასავლური იყო ღირებულებათა სისტემა ჩვენი ხელისუფლების ერთი ნაწილისა. გარკვეული ნაწილი, როგორც ჩანს, სტაბილურ დასაყრდენად მიაჩნიათ დასავლეთში, მაგრამ გახარია და მისი გარემოცვა, რატომღაც, ძალიან არასტაბილურ პარტნიორად მიაჩნდათ და ყველა ღონეს ხმარობდნენ მის გზიდან ჩამოსაცილებლად. გვახსოვს 17 მაისი, 17 ივნისი, 20 ივნისი და შემდგომი აქციები, ძალიან მძიმე პროცესები, რომელიც 20-24 ივნისის ღამეს განვითარდა და გვახსოვს ასევე, ის 4 სისიხლისმღვრელი შტურმი, რომელზეც მე პირადად, როგორც უფლებადამცველმა, გავაკეთე ერთგვარი საგამოძიებო ჩანართი და დავასკვენი, რომ ამ პროცესში მონაწილეობდნენ გარკვეული ძალები, რომლებიც იმართებოდნენ სწორედ კონკრეტული ცენტრებიდან და ამ ძალებს ჰქონდათ მიზნად, მოეხდინათ გადატრიალება, აბსოლუტური ქაოსი, შეექმნათ რევოლუციური გარემო და შემდგომში ამღვრეულ წყალში ეთევზავათ ისე, როგორც დასჭირდებოდათ. მათი მიზანი იყო გახარიას ჩამოგდება და გადაგდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

- თუმცა გიორგი გახარია ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა...

 

- როდესაც გახარიაზე ვსაუბრობ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გახარიას პიროვნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონგლომერატისგან აბსოლუტურად განყენებული ფიგურაა, რომელიც ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც ჩანს, გარკვეული ძალებისთვის. ისიც კი ვთქვი, რომ თუკი გახარია გააგრძელებდა ურჩობას და თუკი მას არ გადააყენებდნენ დასავლელი პატრნიორების შეუვალი მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლებოდა სერბეთის პრემიერის, ჯინჯიჩის ბედიც გაეზიარებინა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ის ძალიან აღიზიანებდა გარკვეულ წრეებს დასავლეთში.

 

ამის შემდეგ იქნა მიღებული უპრეცედენტიო გადაწყვეტილება პოლიტიკური დონეზე და ბატონი გახარია გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რასაც მე მივესალმე პირადად, და ვთქვი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, კონტრნაბიჯი უნდა ყოფილიყო არა უკანდახევა, არამედ, პირიქით, დამტკიცება იმისა, რომ შტურმებს ჰქონდა პოლიტიკური შინაარსი, ეს იყო გადატრიალებისკენ მიმართული ნაბიჯები და რომ ამას, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს ძალიან მკაცრი, ადეკვატური და შეუვალი ნაბიჯებით.

 

როდესაც 20 ივნისის შემდგომი პროვოკაციების შედეგად, სასურველი პოლიტიკური ცვლილებები არ გამოუვიდათ, უკვე წავიდნენ მაქსიმუმზე და ყველა კონგრესმენი, ყველა სენატორი, ევროპარლამენტის ფრაქციათა უმრავლესობა, ევროსაბჭოს საპარლამენტიო ასამბლეის ფრაქციათა უმრავლეობა ჩართეს იმ მიმართულებით, რომ გარკვეული პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექციათ ქვეყანა. ამ ყველაფრის შემდეგ კი, დღევანდელი მოცემულობით, შეიქმნა უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც საუბარი იმაზეც კი წავიდა, რომ თურმე, მართლმსაჯულება არ უნდა იქნეს ამოქმედებული პოლიტიკურ პროცესში...

 

- ამ შემთხვევაში ალბათ, ოპოზიციის მოთხოვნებს გულისხმობთ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით...

- დიახ, ასეა და ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რომ ვინც დღეს გიგი უგულავას თავისუფლების მცველია, მათი უმეტესობა 26 მაისს რუსთაველზე იდგა და ცხრა პირი ტყავი გადასძვრა! ამ ადამიანებს შევახსენებ, რომ 26 მაისი არის გიგი უგულავას და თბილისის მუნიციპალიტეტის კისერზე. შეიძლება, ხალხის მასებმა არ იცოდნენ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ, მაგრამ 26 მაისის ორგანიზატორებმა ხომ ძალიან  კარგად იციან, რომ მთავარი პასუხისმგებელი პირი, ვისაც საკუთარ თავზე როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აეღო, თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, რომელმაც არამცთუ გახსნა გზები, რასაც კანონი მოითხოვს, არამედ საგულდაგულოდ ჩაგმანა ისინი. არც ერთი გზიდან გასასვლელი ხალხს არ მისცა, რასაც მოჰყვა 700 ადამიანის მძევლად აყვანა, 3 ადამიანის სიკვდილი, ათეულობით ადამიანის დასხიჩრება, ფიზიკური ჯანმრთელობის ხანგრძლივვადიანი მოშლა და ამის ფონზე, გიგი უგულავას თავისუფლებას მცველები ჰყავს, თანაც ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისს იყვნენ დაზარალებულები, ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისის აქციების ორგანიზატორები იყვნენ!

 

აუცილებლად მოხდება ამის შეფასება ქართველ საზოგადოებაში, იმიტომ, რომ დღეს გიგი უგულავას პოლიტპატიმრად ცნობის იდეა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ავანტიურა, რომელშიც კეთილსინდისიერი ადამიანები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას... ყველას გაეცემა ჯეროვანი პასუხი. „პოლიტიკურ პატიმრებს“, რომლებიც მთელი ცხოვრება ჰუმანიტარული სამართლის საპირისპიროდ მოქმედებდნენ და ქართველი საზოგადოების წინააღმდეგ სპეციალურ შეიარაღებულ ოპერაციებს ატარებდნენ, აუცილებლად გამოვუტანთ განაჩენს.

 

- როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით განმარტა, თუ ჩათვლის, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. როგორ ფიქრობთ, შეიწყალებს უგულავას პრეზიდენტი?  

 

- მან ძალიან სწორი განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყალების ინდივიდუალური ფორმულა, უგულავას შემთხვევაში, ცალკე განხილვის საგანი არ არის და იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უფლებამოსილების ფარგლებში აქვს მინიჭებული საქართველოს პრეზიდენტს. თუ გავიხსენებთ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც 80 პროცენტს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებდა, პრეზიდენტმა გამოიჩინა არნახული პრინციპულობა, სწორი დამოკიდებულება, აბსოლუტურად სამართლიანი მიდგომა საკითხისადმი და არ აქცია ეს საკითხი სპეკულაციის საგნად.  

 

ახლა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე ვფიქრობ, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ღირსებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება.  

 

ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ დონეზე არც ერთხელ გაეცა პასუხი იმ ბულინგს, რასაც ხშირ შემთხვევაში ვისმენთ ხოლმე ქალი პრეზიდენტის წინააღმდეგ. აქვე მინდა მივმართო ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რომელიც თავად ქალია და ელემენტარული ქალური სოლიდარობა მაინც უნდა ამოძრავებდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ტრენდზე, - როდესაც ქალი პოლიტიკოსის, ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ ბულინგი ხორციელდება, რატომ არ იღებს ხმას?! რატომ არაფერს ამბობს მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიასგან, გიორგი გაბუნიასგან და მათნაირებისგან არნახული ბულინგის ატანა, არნახული შეურაცხმყოფელი წინადადებისა და ფრაზების მოსმენა უწევს ქვეყნის პრეზიდენტ ქალბატონს და ამის მოწმეა მთელი ქართული საზოგადოება!.. და აი, როგორ „აბია პრეზიდენტს თავზე ლობიოს ქოთანი“, როგორც თავად განმარტავენ, მაგასაც ვანახებთ!

 

- არჩევნების ასეთი მოცემულობის გამო, კმაყოფილებას გამოთქვამს მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებული „ნაციონალური მოძრაობა“. როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში?

- სანამ სტარტზე გამოვა, კისერს მოიღერებს და ჰალსტუხს გაისწორებს გიგა ბოკერია, კიდევ ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყანაში... ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს აცნობიერებს, რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი მთავარი აქტორი არის ის, ვის მიერაც დელეგირებულია დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ამ მწამებლების, ამ ტერორისტების, ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც გადაწყვიტეს დღეს, რომ ხელისუფლება გადმოიბარონ და ეს მოახერხონ ე.წ. პარტნიორების მხარდაჭერით. მათ არ ექნებათ არანაირი მხარდაჭერა ქართველი საზოგადოების მხრიდან. თქვენ ნახავთ, რა შედეგები მოჰყვება ასეთ მცდელობას, თუ მოხდება კოალიციური მთავრობისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დეკლარირების ფონზე, უგულავებისთვის, ბოკერიებისთვის, მერაბიშვილებისთვის, ადეიშვილებისა და სააკაშვილებისთვის ხელისუფლების უკან დაბრუნების მცდელობა.

 

ამას მოყვება ის, რაც უნდა მოჰყოლოდა 2012 წლის შემდეგ, როდესაც ხალხი მოთმინებით ელოდა კოჰაბიტაციის დასასრულს. ახლა მეორედ, ქართველი ხალხი არ შეცდება, დამთავრდება, წერტილი დაესმება ამ ყველაფერს. დაე, ხელისუფლებამ მიმართოს დასავლელ პატრნიორებს და „დააბრალოს“ ყველაფერი ხალხს, მის აღმატებულება ქართველ საზოგადოებას, ამის უფლებას ჩვენ მას მივცემთ! ღიად თქვას ხელისუფლებამ, რომ ხალხის წინააღმდეგ ვერ მიდის! როგორც ბატონმა გახარიამ შეძლო და გააკეთა ისტორიული მნიშვნელობის განცხადება გეი-პრაიდის წინ და თქვა, რომ ის არ უზრუნველყოფდა პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ისევე მოუწევთ ახლა საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინება 2020 წლის საპარტლამენტო არჩევნების წინ.

 

- ბატონო დიმიტრი, როგორ ფიქრობთ, ჰყავს თუ არა საქართველოს  პოლიტიკური პატიმრები?

 

- გამომდინარე იქიდან, რომ თავად გახლავართ უფლებადამცველი და ვიყავი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტპატიმრად ცნობის სტანდარტებთან, ჩემთვის ცნობილია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2002 წლის დადგენილებით არის ეს სტანდარტები ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პატიმრის სტატუსს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც, მიუხედავად კრიმინირებული ქმედებისა, თავისუფლება აღეკვეთა პოლიტიკური ნიშნით.

 

ამ შემთხვევაში კი, ვის გულისხმობენ, ვის მოიაზრებენ პოლიტიკური პატიმრის სტატუსთან დაკავშირებულ პირებად?! - გიგი უგულავას, რომელიც დედას აგინებდა ქართველ საზოგადოებას 20 ივნისს ღამეს? გიგი უგულავა იმ დანაშაულებისთვის, რაზეც გესაუბრეთ, არ დასჯილა. საერთოდ, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა 26 მაისის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და გარდა ამისა, 48 მილიონი ვინმეს 48 ლარი ჰგონია? 48 მილიონი ეს არის დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთი ძალიან პატარა დეტალი. გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა ლობისტური საქმიანობისთვის, ბიუჯეტიდან თანხების არამართლზომიერ ხარჯვასთან დაკავშირებით, საქმე აღიძრა და არ აღსრულდა... დავით ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სამართლიანად, იმიტომ, რომ 375 ათასი ფუნტი სტერლინგი არ აღმოჩნდა მის მიერ დეკლარირებული ბანკში, რომელიც ლონდონში ჰქონია განთავსებული პატივცემულ ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც ფეიბუქ-მეგობრებს 38 ათას ლარად, საქართველოს ბიუჯეტიდან, ეპატიჟებოდა ხოლმე და ამის გამო პოლიტიკური ომი გამომიცხადა თავის დროზე, როცა ეს ვამხილე... გიორგი ვაშაძეს 11 ათასი ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა დაბეჭდილი მარტო აჭარის რეგიონში, როდესაც აჭარის სუს-ის ყოფილი უფროსი, ბატონი პატარაძე დაიჭირეს... კეზერაშვილმა, წაგებული ომის მინისტრმა, წაგებული ომის შემდგომ, მილიარდები იშოვა და ობშორებში გაიტანა, სწორედ იმ წაგებიდან გამომდინარე, სწორედ იმ გათეთრებული თანხებიდან გამომდინარე, რომელთან დაკავშირებითაც აღიძრა საქმე და საბოლოოდ არ აღსრულდა... იგივე, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც კერძო სამართლის იურიდიული პირი შექმნა გენერალურ პროკურატურაში იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, გარდა საპროცესო შეთანხმებებით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელებისა, კონტრიბუციები შეეწირათ ამ კერძო სამართლის პირისთვის, წარმოიდგინეთ, რეკეტი დააკანონა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, შემდეგ კი მთელი ეს თანხა გაიტანა საფრანგეთში და იქ ცხოვრობდა არხეინად. ეს ყველაფერი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე და ვინმეს მოუტრიალდება ენა, თქვას, რომ მათ შორის რომელიმე პოლიტპატიმარია? ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები? საზოგადოებამ გასცეს პასუხი ამ კითხვებს! ქართველი საზოგადოება არის პოსტტრავმული აშლილობის სინდრომის ქვეშ, ამათ რომ კიდევ ამბიციები გამოავლინონ უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხალხი არათუ ქუჩაში გამოვა, დაიწყება ჯგუფების მასობრივი ორგანიზება და გატარდება ღონისძიებათა სერიები ისევ საზოგადოების მიერ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ესენი ამოიშანთონ ქართული პოლიტიკიდან. 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner