logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მრავალჯერადი მკვლელები, ხაზინის ქურდები, ქვეყნის ღალატში ეჭვმიტანილები, ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ გახდებიან პოლიტპატიმრები!
- +

17 მარტი. 2020. 19:48

 

 

„კაციჭამიები ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ვერ გახდებიან, ვერც მკვლელები, მრავალჯერადი მკვლელები და ხაზინის ქურდები; ვერც ქვეყნის ღალატში ეჭვმიტანილები და თუ რომელიმე კონგრესმენი, სენატორი ან ევროპარლამენტარი მათ პოლიტპატიმრებად რაცხს, ეს მათი მორალის ან უმეცრების პრობლემაა“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა  ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას საარჩევნო მოდელის ცვლილების შესახებ, ხაინდრავა ქვეყნის გარედან  თავსმოხვეულ გაუაზრებელ მოთხოვნად აფასებს და თვლის, რომ სამომავლოდ, სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანას ზიანს მოუტანს:

 

- საზოგადოდ, დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების არსი, კომპრომისია. თუ ორი მხარე გაჯიუტდება და კომპრომისზე არ თანხმდება, მოლაპარაკება, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება.

 

ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად უპრეცედენტო ჩარევას გარედან საქართველოს შიდა საქმეებში. რაც მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიოში პოლიტიკური კულტურა დაეცა. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების თუ ცალკეული პოლიტიკოსების ეპისტოლარული ჟანრით გატაცება უკვე კომიკურ ხასიათს იძენს, რომ არა საქართველოს დაუცველობა ამგვარი წინდაუხედავი და ხშირად სახიფათო ბრალდებებისაგან, რომელთაც ჩვენ ამ გზავნილებში ვკითხულობთ და რომელთაც უმეტესწილად, არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.

 

ყველაფერი შედარებითია და თუ ვინმე ამჟამინდელ საქართველოს დემოკრატიის უკან დახევაში ადანაშაულებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს უკანდახევა ნაციონალური რეჟიმის მიერ დამყარებულ „დემოკრატიასთან“  შედარებით, უკანდახევად იგულისხმება. ვინც ასე თვლის, იმ ადამიანებმა ან არ იციან, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ან ქვენა გრძნობები ამოძრავებთ. ვინაიდან ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რომელიც თავს გვახვევია, კარგად ვიცით, რა იყო დემოკრატიის მხრივ გაჩაღებული „მიშების“ დროს ჩვენს ქვეყანაში  და რა არის ახლა. ამიტომ, მათ წერილებზე ხან გვეცინება და ხან გვეტირება...

 

რაც შეეხება ამ ქალბატონების და ბატონების დაჟინებას საქართველოში არჩევნების პროპორციული წესით  ჩატარების თაობაზე, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ მათ არა მარტო ის არ იციან, თუ რა პოლიტიკური გარემოა საქართველოში, არამედ არც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ გააზრებული ამ მხრივ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ მსგავსი სისტემა ბევრ ჩვენზე უფრო გამართულ და მდგრად ქვეყანაში, როგორც წესი, პოლიტიკური კრიზისების წყაროა. ჩვენთან კი - სახელმწიფოებრივი სიგიჟის ტოლფასი. იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები (რადგან პროპორციული სისტემა დაფუძნებულია სერიოზულ პარტიულ მზაობაზე, ანუ დახვეწილი პოლიტიკური სუბიექტების არსებობას გულისხმობს), საქართველოში კი ისინი არ არსებობენ,  წმინდა პროპორციული სისტემა არის სახელმწიფოებრივი სუიციდი, ანუ იაპონურად ჰარაკირი და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, იმ  30-40-50 და ა.შ.  „სუბიექტის“  ჩათვლით,  ვინც იმ „შავი სიების“ მაგიდას უზის. რადგან მათი სრული უმრავლესობა, სულ რაღაც ორი პოლიტიკური ორგანიზაციის გამოკლებით, საკუთარი თავის გარდა, არავის წარმოადგენენ. მათ პოლიტიკურ ასპარეზზე არასოდეს არაფერი გაუკეთებიათ და არც არავინ იცნობს! ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში... ევროპაში, როგორც ჩანს, იცნობენ, ეტყობა, ამერიკაშიც...

 

მე ადრეც დავსვი ეს შეკითხვა და ახლაც გავიმეორებ: იქნებ ამ 30-40-50 და ა.შ. პოლიტიკური პარტიის მეორე წევრი დაგვისახელოს ვინმემ?! პირველები მაგიდასთან სხედან და ვხედავთ, თუმცა, არ ვიცნობთ მათ პოლიტიკურ „მოღვაწეობას“! მაგრამ მეორენი, მეორენი ვინ არიან სიაში? ანუ ეს არის სრული სიგიჟე, რომელსაც ხელების ამოგრეხით აიძულებენ  საქართველოს  „მეგობრები“, იმის გაუაზრებლად, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას ჩვენი მოსახლეობისთვის.

 

 

- ეს არჩევნები ხომ ჯერ სრულიად პროპორციული არ იქნება, წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, რაც მიახლოებული იქნება პროპორციულ სისტემასთან... 

 

 

- რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, რომ სრულიად პროპორციული არ არის. შეხედეთ, რა ხდება ისრაელში, იტალიაში, სხვაგან, თვეების განმავლობაში ვერ აყალიბებენ  მთავრობებს... მით უმეტეს, ეს დაუშვებელია ისეთი დაბალი პარტიული კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სადაც არის ერთი პოლიტ-სექტა, ნაწილ-ნაწილ დაყოფილი, გარშემორტყმული მემკვიდრეობითი „პოლიტ-პარტიული-ბიზნესებით“  და ხელმოცარული ფსევდოპოლიტიკოსებით და არა პოლიტიკური ორგანიზაციები. ამ ფონზე „მეგობრების“ ასეთი გაჯიუტება სრული უგუნურებაა ანდა...

 

მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია, სამწუხაროდ, პოლიტიკური კონიუნქტურა დღეს მსოფლიოში.

უნებურად მახსენდება საბჭოთა ეპოქა, როდესაც მოსკოვიდან  დირექტივას გვიგზავნიდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, იმის გაუთვალისწინებლად, კარგი აზრი იყო ეს თუ ცუდი ჩვენთვის, გვჭირდებოდა თუ არ გვჭირდებოდა...  იქ ასე მიაჩნდათ და მორჩა! ასე თვლიდნენ საჭიროდ. ქართველი ხალხი რას ფიქრობდა, ამას ვინ დაეძებდა ან ვის აინტერესებდა?

 

 

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოება ბოლომდეა გარკვეული იმ საკითხში, პროპორციული სისტემა უკეთესია თუ მაჟორიტარული?

 

 

- ამ საკითხის ავ-კარგი ხალხმა კი არა, პოლიტიკურმა სუბიექტებმაც არ იციან ხეირიანად, ამომრჩევლებმა ხომ - მითუმეტეს. საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებშიც აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხზე. სახალისოა ისიც, რომ იმ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ვინც პროპორციულ სისტემას გვიკიჟინებს, თავის ქვეყნებში მაჟორიტარებად არიან არჩეული, მეტიც, მაგალითად, ამერიკაში საარჩევნო სისტემა სრულიად მაჟორიტარულია, სხვაგან შერეული, როგორც ჩვენთან. რაც მთავარია, დღეს ყველა ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს, ეს ჩვენი,  ცოდვით სავსე პოლიტიკანები,  იქაური სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, ევროსაბჭოელები, ყველა ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს!  სინამდვილეში არავინ ინტერესდება, რას ფიქრობს ამაზე ქართველი ამომრჩეველი!

 

ხალხს, პირველ როგში, ჩვენს ქვეყანაში სჭირდება წესი და კანონი, მისი უზენაესობა და არა ვაი-პოლიტიკოსების ხუშტურებზე იწილო-ბიწილო! არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და წესიერად, თორემ რა სისტემით, ამას ჩვენთვის, ამომრჩეველთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს! ვინც ცოტა მაინც იცნობს საკუთარ ქვეყანას, ანდა უცხოელი - საქართველოს, იმან მშვენივრად იცის, რომ პიროვნების ცნობადობის ინსტიტუტი ჩვენში, ტრადიციულად, არის ძალიან მაღალი და მოთხოვნადი. საქართველოში ირჩევენ, ყველა სფეროში, და პატივს სცემენ პიროვნებებს, ყურადღებას აქცევენ პიროვნებებისადმი ნდობას და არა რაღაც გაურკვეველი ორგანიზაციების ფსევდოერთობას, სადაც კაცმა არ იცის, ვინ არიან შეკრებილი და რა განზრახვით.

 

მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდია და უტოპია საქართველოს ასეთი ძალდატანებით გადაყვანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. სამწუხაროდ, საქართველო იმდენად ძლიერი ქვეყანა არ არის, რომ იგნორირება მოახდინოს, თუნდაც იმ სრულიად აბსურდული, დაუმსახურებელი, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი მოთხოვნების, განსაკუთრებით იმ ქვეყნების პოლიტიკოსების მხრიდან,  ვისაც გავლენა აქვთ საკუთარი მთავრობების გადაწყვეტილებებზე და ჩვენს მეგობრად და მხარდამჭერად აღიქმებიან. უნდა გავითვალისწინოთ ეს,  მაგრამ ჩვენი ქვეყნის საქმე ვაკეთოთ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. დღევანდელ მსოფლიოში  ვითარება ასეთია და ჯერჯერობით სხვა გზა არ ჩანს.

 

 

- შეთანხმების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განსაკუთრებით გახარებულები ჩანდნენ. გამარჯვების როგორი შანსი აქვთ მათ მიმდინარე წლის არჩევნებში?

 

 

- რა უხაროდათ, ეს არის საინტერესო. გოცირიძეს და ბოკერიას რა სისტემით მოუწევთ ჩოქბჯენი, დავიჯერო, ეს არის საინტერესო მათი პატრონებისთვის, ვინც მაგათ აფინანსებთ? გოცირიძის და ბოკერიას პოლიტიკურ ლიდერად გადაქცევის მცდელობა ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს სწადია, სრულ გაუგებრობაში არიან, მაგათ ეტყობა, ჰგონიათ, რომ როგორც რუსები იტყვიან: „ძალა თუ გაქვს, ჭკუა საჭირო არ არის“. თუმცა, ამ შემთხვევაში ფული უფრო შესაფერისია.  

 

საქართველოში წლების მანძილზე ყველაზე „პოპულარულმა“ პოლიტიკოსმა ჩვენი ქვეყნის „მეგობრების“ ვერსიით - დავით ბაქრაძემ ამას წინათ განაცხადა, რომ თურმე იმიტომ უნდათ „ოცნების“ დამარცხება, რათა უკეთესი საქართველო ააშენონ! ეტყობა, ფიქრობენ, რომ ხალხს ამნეზია დაემართა,  არ გვახსოვს მაგათ მიერ, ომში დანა-ჩანგლის ანაბარა დატოვებული, გზადაგზა გაუპატიურებული საქართველო. სიცრუის, ძალადობის, მომხვეჭელობის, ლაჩრობის და უღირსობის ხანა, რომელშიც გვამყოფეს ცხრა წლის განმავლობაში. რა მხარდაჭერაც უნდა ჰქონდეთ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან თუ დასავლეთიდან, ეგენი ვერასდროს დაბრუნდებიან, გამორიცხულია. მათ განაჩენი გამოტანილი აქვთ და ის გადახედვას, ქართველი საზოგადოების მხრიდან, არ ექვემდებარება

 

 

- მაინც ვინ არის მათი „პატრონი“, ბატონო გოგა?

 

- ჩრდილოეთში ერთი ძალაა, ყველამ იცის, რომელ სისტემას ეფუძნება. დასავლეთში, დღეისათვის კრახგანცდილი, ფსევდოლიბერალური ძალები, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, საკმაოდ გავლენიანი მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას საფრთხე შეუქმნან. ეს ძალები არიან  როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.  ყველაზე დიდ პარადოქსი, და მე არ მესმის რატომ,  არის ის, რომ ჩვენთან მათი ინტერესები, ნებსით თუ უნებლიეთ, იკვეთება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჭკუით. ჩვენს თავს უნდა ვეყრდნობოდეთ, ჩვენს ნიჭს, უნარს, საუკუნოვან გამოცდილებას და რაც მთავარია, ჩვენს ერთობას.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს ამერიკის ახალი ელჩის. ძალიან გონიერი ქალბატონია, ეტყობა, დიდი პირადი ისტორიით და პოლიტიკური თუ დიპლომატიური გამოცდილებით. ეს მის პირველივე  ქმედებებში გამოჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, ქალბატონი კელი დეგნანი ჩამობრძანდა ჩვენთან სამუშაოდ.  

 

მადლობა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.  ეს მეტყველებს თეთრი სახლის ჩვენი ხალხისადმი გულწრფელ, ჭეშმარიტად მეგობრულ და მადლიერ დამოკიდებულებაზე. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ელჩი ზედმიწევნით კარგად გაერკვევა  ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში და თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასაც ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში. ჩვენი მომავალი ხომ დღეს, დიდწილად, აშშ-ის კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. რომ არა ეს ქვეყანა, საქართველოს უმძიმესი განსაცდელი ელოდება.

 

 

- მეორე ულტიმატუმი, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას წამოუყენეს, ე.წ. პოლიტპატიმრების თემა იყო. მათი თქმით, დასახელებული პირების გათავისუფლების გარეშე, ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ...

 

- ულტიმატუმი?! ვისი - გრიშასი და მიშასი?! ნუ მაცინებთ. მაგათ რისი ულტიმატუმის თავი აქვთ. რაც შეეხება ჩვენს „შეწუხებულ მეგობრებს“, პოლიტპატიმრები  მოიკითხონ „ნაციონალური მოძრაობის“ უბეში, იქნებ მოძებნონ ვინმე. როდიდან გახდნენ  პოლიტკაციჭამიები პოლიტპატიმრები?! მკვლელები, მრავალჯერადი მკვლელები, ხაზინის ქურდები, ქვეყნის ღალატში ეჭვმიტანილები არიან პოლიტპატიმრები?! თუ ეგ კრიმინალები რომელიმე კონგრესმენისთვის, სენატორისთვის ან ევროპარლამენტარისთვის პოლიტპატიმრები არიან, ეს მათი პრობლემაა, მათი მორალის, სამართლის ცოდნის, პოლიტიკური განათლების... საქართველოსთვის  უგულავა, რურუა, ოქრუაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები და ძმანი მათნი პოლიტპატიმრებად ვერასდროს შეიქნებიან!

 

სამარცხვინოა, როდესაც ოპოზიციონერი „ევრო-რუსო-გლობალერო“ პოლიტიკოსები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდისგან ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და ამავდროულად, დემოკრატიაზე და ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე, ევროპულ ორიენტაციაზე აცხადებენ პრეტენზიას! ეს არის კლასიკური ავტორიტარული, საბჭოთა აზროვნება! სინამდვილეში წმინდა წყლის საბჭოთა პროდუქტია გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, შალვა ნათელაშვილი და მათ ეს არაერთხელ დაადასტურეს, თავიანთი აზროვნებით და მოქმედებით!  რატომ სთხოვთ „ქართულ ოცნებას“ პატიმრების გათავისუფლებას? სად გაქრა თქვენი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობის დაუოკებელი წყურვილი? თუ ეს თქვენს კრიმინალურ წარსულს არ ეხება? რა ქვეყნისკენ გვიბიძგებთ, ამხანაგო კომისრებო?! როგორი სასამართლო სისტემის არსებობას აწერთ ხელს?  მიშას, გიგას თუ ზურაბის ზარებზე აწყობილს, როგორც გქონდათ?! თუ „ჩეკისტი“ ვაშაძე გრიგოლის,  „ცენტრიდან“ მიღებული დირექტივების შესაფერის?! ... აბსურდის თეატრია.  

 

ახლა დეზინფენქციას რომ აკეთებენ  ყველგან კორონავირუსთან დაკავშირებით, პირველ რიგში იმ გაერთიანების დეზინფენქციას გავაკეთებდი, ლეიბორისტული პარტიის ოფისში რომ იკრიბებიან. იქნებ, ამ პოლიტიკურმა კორონავირუსმა დაგვანებოს თავი, იმიტომ რომ ქვეყანას მოსვენება არ ექნება, სანამ ამ სახის კორონავირუსი ქვეყანაში დაძრწის. ზედ ის ბოროტების წყაროებიც იქნებ გავაუვნებელყოთ, ფეკინფექციურ ვირუსებს რომ ავრცელებენ მაყურებლებში დღენიადაგ.

 

 

- დღესდღეობით საქართველო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, პანდემიას ებრძვის. როგორ შეაფასებდით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ამ მიმართულებით?

 

 

- ახლა მნიშვნელოვანი ჩემი შეფასება კი არ არის, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრი და საერთაშორისო საზოგადოების შეფასება.  ექსტრაორდინარული ზომები იქნა მიღებული საქართველოში.

 

ნახეთ, მაღალგანვითარებულ ევროპულ ქვეყნებში რა ხდება! საპირისპიროდ  ჩვენთან, ვირუსს კუდში კი არ მივდევთ, არამედ შესაძლო საფრთხეებს წინ ვუსწრებთ! დღეს მთელი მსოფლიო და პირველ რიგში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვრწმუნდებით, რომ ეს 30 წელი ტყუილად არ დაგვიკარგავს! ჩვენ სახელმწიფო ავაშენეთ! დღეს ჩვენ გაგვაჩნია სახელმწიფო და არა მხოლოდ სამშობლო! დღეს  ეს,  იქნებ ცოტა მოულოდნელადაც კი,  ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ აღმოაჩინა...

 

მინდა, ყველას მიულოცო ეს გრძნობა! ღმერთმა ქნას, რომ აწი აღარასოდეს დაგვტოვოს ამ განცდამ, იმიტომ რომ ის გვაძლიერებს და გვაერთიანებს! თავდაუზოგავად მუშაობს და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საავადმყოფოები, საკარანტინო ზონები, ყველა  თანამშრომელი, ექთანი თუ ექიმი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უვლიან ჩვენს ძმებს, დებს, შვილებს თუ მშობლებს, სტუმრებს თუ მგზავრებს! აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, უმაღლესი კლასის სპეციალისტებით და კრიზის-მენეჯერებით არის დაკომპლექტებული, რაც სამაგალითოა მსოფლიოში! გვყავს დღედაღამ მობილიზებული სამედიცინო, საპოლიციო თუ სასაზღვრო ამქარი, გვაქვს ლუგარის ლაბორატორია.

 

ეს ყველა სიკეთე და ეს ადამიანები  არ უნდა დავივიწყოთ! ყველგან, სადაც ავადმყოფობის  კერები შესაძლებელია გაჩენილიყო, ძალიან მაღალი ხარისხის ზომებია მიღებული და მკურნალობა მიდის ძალიან  წარმატებულად. ჩვენ რომ მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, უფრო წარმატებით გავართმევთ თავს ამ განსაცდელს. ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და კრიზისისთვის მომზადებული ქვეყანა აღმოვჩნდით, მინდა, დიდი მადლობა და ჩემი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მთავრობას! ჩვენ ვხედავთ მათ შრომას, ვაფასებთ მათ ზრუნვას და პროფესიონალიზმს!

 

საქართველო ქრისტეს მოყვარე ქვეყანაა! ჩვენ გვჯერა უფლის და მისი წყალობის! ყველაფერი კარგად იქნება! ბევრად უკეთესად, ვიდრე ამ განსაცდელამდე!

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner