logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: უსიმპტომო პაციენტის „გაპარვა“ ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი
- +

18 მარტი. 2020. 21:13

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასული წლის დეკემბერში ჩინეთში გავრცელებული ვირუსი COVID-19, რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა, პანდემიად გამოაცხადა და გლობალურ საფრთხედ აღიარა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ აღიარებით არაფერი შეცვლილა, შეფასდა მხოლოდ რეალური სურათი.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განმარტა, სასურველი შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და დამატებითი საჭირო რეგულაციებიც შემოვიტანოთ. 

 

„რეპორტიორთან“ საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობისა და აბსოლუტური ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, ყოველგვარი მცდელობა უშედეგო იქნება:

 

- ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება რეალურ სურათს არ ცვლის, მხოლოდ რეალური სურათის შეფასებაა პანდემიის დეფინიციის გამოყენება. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ და ცოტა მეტი საჭირო რეგულაციებიც შემოვიტანოთ, ვიდრე ვთქვათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მითითებული. ჯობია, რეკომენდაციებით დავასწროთ, ვიდრე დავაგვიანოთ.

 

რეალური ეპიდვითარება ჩინეთში იმედისმომცემი და რადიკალურად გაუმჯობესებულია, მაგრამ სამწუხაროდ, რადიკალურად გაუარესებულია სურათი ჩინეთს გარეთ. ჩვენ, განსხვავებით სხვა მაღალი რისკ-ფაქტორის ქვეყნებისაგან, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ არც მშვიდად ყოფნის საფუძველი გვაქვს. არ შეიძლება, თვითკმაყოფილებით დავკავდეთ, რადგან რეალურად, საქმე გვაქვს პანდემიასთან, ვირუსთან, რომლის ხასიათიც ბოლომდე არ არის შესწავლილი მეცნიერების მიერ და ამის გამო, მისი არაპროგნოზირებადი განვითარების რეალური საფრთხეც არსებობს.

 

- ანუ ჯერ კიდევ არავინ იცის, სად როგორ პროგრესირდება ეს დაავადება?

 

- როგორც აღვნიშნე, დაავადების ხასიათი ბოლომდე შეუსწავლელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი მიზანი - ერთი შეკავების, რომ არ მოხდეს იმპორტი ამ ვირუსის, რასაც, მინდა გითხრათ, რომ ეფექტურად ვახორციელებთ, უფრო უფექტურადაც, ვიდრე ზოგიერთი ქვეყანა ამას ახერხებს და შედეგიც სახეზეა, მაგრამ ასევე არსებობს შიდა გავრცელების რისკი, რაც რეალური რისკია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რეკომენდაციებით უნდა დავასწროთ რეალურ შედეგს. თუ გვინდა, რომ რეალური შედეგი გვქონდეს სასურველი და არა სახიფათო, ვირუსის შეკავებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს პრევენციული ღონისძიებები, რომ არ მოხდეს შიდა გავრცელება.

 

- რაც ახლა ახსენეთ, რეკომენდაციების დასწრების მცდელობა, ეს იყო ალბათ პრემიერის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიზანიც...

 

- რა თქმა უნდა. სოციალური სიმჭიდროვის განეიტრალება არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ვირუსი ქვეყნის შიგნით არ გავრცელდეს. ამ ყველაფერს საკმაოდ ეფექტურად ვაკონტროლებთ, მაგრამ რისკები რეალურად არსებობს იმისა, რომ კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს დაინფიცირებული პირი, რომელიც შეიძლება შიდა გავრცელების წყარო გახდეს.

 

- ამ შემთხვევაში, მე მაინც თვითიზოლაციაში მყოფი პირები მიმაჩნია სახიფათოდ, რომელთა გაკონტროლებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

 

- აქ არის სამი სეგმენტი. ერთი, რომ ჩვენ გავაკონტროლოთ რისკის ქვეშ მყოფი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც ვახერხებთ, მეორე, რომ იყოს საკარანტინო ლოკაციები და აბსოლუტურად საკმარისი და საკმაოდ ეფექტურია ეს ხაზი და ყველაზე მაღალი რისკის მქონეა მესამე - თვითიზოლაციის სეგმენტი, რადგან ვხედავთ, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში. კონტროლის მექანიზმები, ამ შემთხვევაში სუსტია, რადგან შიდა იზოლაცია არის გეოგრაფიულად გაბნეული, საკუთარ ოჯახებში არიან ისინი და მათი კონტროლის მაღალ ხარისხში განხორციელების საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს. არ ვართ დარწმუნებული, რომ ისინი დაიცავენ რეკომენდაციებს, ანუ არის შემთხვევები, როცა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები გამოდიან გარეთ და შედიან მოსახლეობასთან კონტაქტში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სწორედ ეს სეგმენტია.

 

გარდა იმ რეკომენდაციებისა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა, გარდა იმისა, რასაც მთავრობა ახორციელებს და ყოველდღიურად, დღეში ზოგჯერ ორჯერაც, იკრიბება პრემიერის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა პასუხისმგებელი პირი, ყველა უწყების ხელმძღვანელი, ზოგჯერ მოადგილეებითაც კი, ყოველდღიურ შეხვედრებს ესწრება, სრული კოორდინაცია არსებობს... ამ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ჯანდაცვის სეგმენტი სასურველ შედეგებზე ვერ გავა, სხვა ნებისმიერი უწყების კონსოლიდაციისა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გარეშე.

 

- ბატონო დიმიტრი. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა იტალიაში, რატომ გავრცელდა იქ ასე უკონტროლოდ ვირუსი?

 

- მე არ მინდა, იტალიის ცუდი მაგალითი ჩვენი რეალობა გახდეს, ამის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ თეორიულ შანსსაც სჭირდება ანგარიშის გაწევა. იტალიას სწორედ ეს დაემართა, დაბალი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სოციალური, არამედ მოქალაქეობრივი და შედეგი არის აბსოლუტურად არასახარბიელო, სახიფათოც კი. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და მხოლოდ ხელისუფლება ვერ იზამს ამას. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, დაიცვან რეკომენდაციიები, რომ ხელი ხშირად დაიბანონ, რომ მიაკითხონ ექიმს დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე, რომ ჩვენი ტრადიციული წესი ამ შემთხვევაში დაივიწყონ, რადგან მისალმება ხელის ჩამორთმევით, გადაკოცნა-გადახვევა და ა.შ. საფრთხის შემცველია. ამ ყველაფერს ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს. ეს უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. ამიტომ, ყველა ერთად, შევეცადოთ, ვირუსი არ გავრცელდეს და არ მივიღოთ არასასურველი შედეგი.

 

ინფექციის გავრცელების ყველაზე ნეგატიურად ეფექტური საშუალება არის ხელი. გიორგი ვოლსკის ჰქონდა ინიციატივა ცოტა ხნის წინ, რომელსაც ყურადღება არ მიექცა,  - დროებით, მისალმების წესად ვაქციოთ, არა ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება, არამედ საკუთარ გულზე ხელის დადებით მისალმება. ეს ინიციატივა უკვე უმრავლესობის სხვა წევრებისაგან წამოვიდა და უფრო ახალგაზრდებმა გაიზიარეს, რაც ძალიან კარგი და აუცილებელია. დროებით ნუ ჩავეხუტებით ერთმანეთს, მაგრამ გავიმეტოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება გულიდან...

 

მინდა, მადლობა გადავუხადო მედიცინის თითოეულ წარმომადგენელს, ექიმი იქნება, სანიტარი, ექთანი თუ ნებისმიერი სხვა პირი. ფაქტობრივად, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს მიღმა მუშაობენ ისინი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ აქვე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნებათ ადამიანებს, სასურველ შედეგებზე ვერ გავალთ.

 

- თუმცა, ვირუსს უკვე მრავალმა დაავადებულმა დააღწია თავი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოშიც გვყავს გამოჯანმრთელებული...

 

- გამოჯანმრთელების შემთხვევები იქნება, აუცილებლად, საბედნიეროდ! ეს დროის ფაქტორია. ამ დღეებში, იმედია, უკვე გამოვლინდება გამოჯანმრთელების სხვა ფაქტები, თუმცა, ჩვენ გვინდა, ყველა სცენარი გავიაროთ და მათ შორის, შესაძლო გართულების სცენარიც. ამიტომ, თუ არ იქნა შეთანხმებული ქმედება, თუ მთლიანი ჯაჭვი არ შეიკრა პრემიერიდან დაწყებული, პარლამენტით და თითოეული მოქალაქის ჩართულობით დამთავრებული, შესაძლოა და დიდი შანსია, რომ სასურველ შედეგებზე ვერ გავიდეთ, ამიტომ ყველას ვალდებულებაა ეს.

 

- პაციენტი, რომელიც ვირუსს თავს დააღწევს, ჩვეულებრივად გაეწერება თუ მას ისევ თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა, რაღაც პერიოდის განმავლობაში?

 

- გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც უკვე ვირუსის მატარებელი აღარ იქნება და გადაცემის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, გაეწერება ბინაზე და ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული, ჩვეულებრივი, სრულფასოვანი მოქალაქე, მაგრამ ჩვენ გვაქვს რისკ-ფაქტორებზე საუბარი.

 

ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს ამ სიტუაციაში და ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა გაიზიაროს, მათ შორის ოპოზიციამაც, რომელიც სულ კრიტიკითაა დაკავებული, თითქოს ეს ვირუსი არის პარტიული ხაზით „ქართული ოცნების“ ან რომელიმე პარტიის კუთვნილება. ამ ვირუსმა არ იცის ეთნიკური შემადგენლობა, პოლიტიკური მრწამსი, გვარიშვილობა და არც პოზიტიურადაა განწყობილი რომელიმე სეგმენტის მიმართ, ის შეიძლება ყველას კართან მივიდეს...

 

- რაც შეეხება საკარანტინო ლოკაციებს და ინფექციურ საავადმყოფოებს. იქნება თუ არა საკმარისი მათი რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტთა რაოდენობა გაიზრდება? 

 

- არის იმაზე მეტი საკარანტინო ლოკაცია, რამდენიც საჭიროა და მაქვს სურვილი, რომ ამაზე მეტი არ დაგვჭირდეს. გვყავს საკმაოდ ბევრი თვითიზოლირებული და ეს არის, როგორც გითხარით, შედარებით ნაკლებად კონტროლირებადი ხაზი. რაც შეეხება კლინიკებს, რამდენიმე კლინიკა მომზადებულია, რესურსი, საბედნიეროდ, არის იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად სჭირდება პაციენტებს.

 

- საქართველოს უამრავი მოქალაქე ჩამოვიდა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან. ხომ არ არის საშიშროება იმისა, რომ გაგვპარვოდა უსიმპტომო პაციენტები?

 

- მაღალი რისკის ქვეყნებად, იტალიის გარდა, გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი მოიაზრება. ამ ქვეყნებიდან შემოსული თითოეული მოქალაქე ხვდება საკარანტინო ზონაში. ყველაფერი ტარდება მაღალ დონეზე, ძალიან ორგანიზებულად და ამიტომ, უსიმპტომო პაციენტის „გაპარვა“, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner