logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ანტიკრიზისული გეგმა არსებობს და თან, ძალიან ეფექტური!
- +

17 მარტი. 2020. 16:29

 

„თუ პანდემია გაგრძელდა 3 თვეს, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა გამოწვევას გაუძლებს, ეკონომიკა არ ჩამოიშლება, მაგრამ თუ არსებული მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, მაშინ სად მივდივართ, რთული სათქმელია!“- ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, როგორც მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ეპიდემიის გლობალურ კრიზისს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მარტივად „გადააგორებს“, თუმცა, თუ პანდემია დროულად ვერ დავამარცხეთ და მსოფლიოში თავისუფალი რესურსის პრობლემა შეიქმნა, სიტუაცია გართულდება.

 

როგორია მსოფლიო კრიზისის ფონზე ქართული ეკონომიკის მდგომარეობა, შევინარჩუნებთ თუ არა ანტიკრიზისული გეგმის საშუალებით, არსებულ დინამიკას, რატომ იმატებს პროდუქტზე ფასები, ექნება თუ არა სახელმწიფოს საშუალება, დისტანციურად მომუშავე ადამიანებს ხელფასი გადაუხადოს, რა პრობლემის წინაშე დგას კერძო სექტორი და რა პრობლემას შეუქმნის ის ქვეყნის ეკონომიკას?! - აღნიშნულ და სხვა კითხვებზე პასუხს ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

- დღევანდელ, ასე ვთქვათ, „დაპაუზებულ“ მსოფლიოში, როცა ეროვნული ვალუტა მასობრივად გაუფასურდა და ხშირად არის მომენტი, რომ საფონდო ბირჟებიც გაჩერებულია, რა ეშველება საქართველოს ეკონომიკას, სად ხედავთ გამოსავალს?

 

- მსოფლიო, მთლიანობაში, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ვდგავართ პრობლემის წინაშე, რომლის არც მოგვარების რაიმე გზა არსებობს ამ წუთისთვის, ჯანდაცვის კუთხით და არც ეკონომიკური ხედვა, - ფართო თვალსაზრისით. მაგალითად, როდესაც ინფლაცია გაქვს, იცი, რა ქმედებების ნაკრები შეიძლება აამოქმედო, რომ ინფლაცია დაძლიო. როდესაც, პირობითად, ეკონომიკის გადახურებაა, იცი, რა უნდა მოიმოქმედო, რომ ეკონომიკა დაასტაბილურო, მაგრამ კორონა ვირუსით მიღებული ნეგატივის დარეგულირება ეკონომიკურად როგორ უნდა მოხერხდეს, ამ დროისათვის უცნობია. მთავარი პრობლემაა, რომ ვადები არ ვიცით და აქ უკვე მარტო ეკონომიკა კი არ თამაშობს როლს, არამედ - ადამიანის ფსიქოლოგიური და სხვა ფაქტორებიც.

 

მაგალითისთვის, ჩვეულებრივი კრიზისის დროს, თუ ხედავ, რომ გაქვს შენელებული ეკონომიკა, პირობითად, ასაქმებ მეტ ადამიანს. მეტი დასაქმებული ადამიანი მეტ შემოსავალს რომ მიიღებს, გარკვეული პროპორციით, მეტს ხარჯავს, მიდის სუპერმარკეტში, ყიდულობს ტანსაცმელს, იძენს ტექნიკას... და ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული პანიკა ცოტა სხვანაირია. ახლა სამუშაო ადგილების სტიმულირება რომ მოახდინო, ადამიანმა შეიძლება შემოსავალი მიიღოს, მაგრამ სურსათის გარდა, ყველაფერზე უარი თქვას, თუ კომუნალურ გადასახადებს და მედიკამენტებს არ ჩავთვლით. ასე რომ, უკვე ეკონომიკის სტიმულირება რთულდება. შეიძლება პირობითად, ინფრასტრუქტურაში ჩადო ფული და ამით შემატო ეკონომიკას სამუშაო ადგილები, მაგრამ ხალხი თუ საკვების და მედიკამენტების გარდა ყველაფერზე უარს იტყვის, ამ ფულს არ დახარჯავს და ეკონომიკა არ ამოქმედდება, ამას ეფექტი არ ექნება. ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა გვაქვს, სამწუხაროდ.

 

არის სექტორები, რომლის დასუბსიდირება შესაძლებელია, რაღაც დოზით, მაგრამ რამდენად უნდა დაასუბსიდირო, როგორ და რა ფორმით, ესეც რთული განსასაზღვრია.         

 

- რომელ სექტორებს გულისხმობთ?

 

- სექტორები, რომელიც შესაძლებელია, მოთხოვნადი იყოს ამ მოცემულ სიტუაციაში. მაგალითად, პირბადეებზე და სადეზინფექციო საშუალებებზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია გაზრდილი, თანაც გრანდიოზულად. შეიძლება ამ მიმართულებით მხარი დაუჭირო, პირველადი ბიძგი მისცე ბიზნესს სუბსიდიის ან თანადაფინანსების სახით, თუნდაც შეღავათიანი სესხით და შეიძლება ამან გაამართლოს, მაგრამ თუ პირობითად, ერთ თვეში ეს პრობლემა მოგვარდა და შენ უზარმაზარი თანხები გაქვს გაღებული ისეთი პროდუქტის წარმოებაში, რომელიც უკვე აღარ არის საჭირო, ან იმ დოზით აღარ არის საჭირო, ესეც რისკიან ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს.

 

სუპერმარკეტების მიმართულება, რომელიც ყოველდღიური მოხმარების საგნებით და პროდუქტით ვაჭრობს, შედარებით უკეთესად გრძნობს თავს დღეს, ვიდრე კრიზისამდე. ამიტომ მათგან, შეიძლება, ცოტა მეტი შემოსავალი მიიღოს ბიუჯეტმა, მაგრამ ჯამურად იმხელა ზარალი გვაქვს, რომ შეუძლებელია, მხოლოდ სუპერმარკეტებმა და ჯანდაცვის სექტორმა მედიკამენტების გაყიდვის კუთხით, სხვა დანარჩენი დააბალანსოს. მთავრობას გააჩნია ვალდებულებები, გასცეს ხელფასები, პენსია, დახარჯოს გარკვეული თანხა თუნდაც ინფრასტრუქტურაზე  და ა. შ, და ეს ყველაფერი, შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ შემოსავლების სტაბილური ბაზა არასტაბილური გახდება.

 

- ფაქტია, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამიტომ საინტერესოა, რა ალტერნატიული საშუალებები არსებობს ქვეყნის თუნდაც ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც აქამდე გვქონდა?

 

- არის ალტერნატივა, რომ აიღო სესხი, საშინაო ან საგარეო და რაღაც დროით მოაგვარეო პრობლემა. პირობითად, თუ პანდემია გაგრძელდა 3 თვეს, ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევას გაუძლებს, არ ჩამოიშლება, მაგრამ თუ არსებული მდგომარეობა გაგრძელდა ერთი წელი  მაშინ სად მივდივართ, რამდენი ვალი უნდა ავიღოთ და რა გზით უნდა ვმართოთ მერე ეს სახსრები - რთული სათქმელია.

 

ჩვენ, როგორც მცირე ეკონომიკის ქვეყანას, ის შეღავათი გვაქვს, რომ თუ რამდენიმე მილიარდით დაგვეხმარებიან მეგობარი ქვეყნები, რამდენიმე თვეს მარტივად გადავაგორებთ, შეიძლება უფრო მეტსაც, მაგრამ თუ სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, შეიქმნება თავისუფალი რესურსის პრობლემა მსოფლიოშიც, ყველა თავის თავზე დაიწყებს ზრუნვას და არავის ეცლება სხვის დასახმარებლად.

 

ამიტომ, ძალიან ბევრი რამ, ვადებზე და საზოგადოების განწყობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სარესტორნო ბიზნესი, დიდწილად, უკვე დაიხურა, მაგრამ მეორე მხრივ, არის მოწოდება, რომ სურვილის შემთხვევაში შეკვეთას სახლში მოგიტანენ. თუ ხალხს ექნება შიშის განცდა, რესტორნიდან საჭმელს ნამდვილად არ შეუკვეთავს მაშინ, როდესაც ისედაც სახლშია, თვითონ გააკეთებს. ამიტომ, ესეც არაა ცალსახა, რომ მიტანის სერვისი მაინცდამაინც ზემოგებაზე იმუშავებს, რადგან ხალხი შეშინებულია, არ იცის, რა იქნება ხვალ და ფულს იზოგავს. 

 

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს თუ არა ანტიკრიზისული გეგმა, იმისათვის, რომ ქვეყანამ არსებული დინამიკა და სტაბილურობა შეინარჩუნოს?

 

- ანტიკრიზისული გეგმა, რასაკვირველია, არსებობს და საკმაოდ ეფექტურიც!  მაგრამ აქაც ისევ ვადებს ვეჯახებით. ეს გეგმა კარგია, თუ პრობლემა ორ-სამ თვეში მოგვარდა, მაგრამ თუ დავუშვათ, 6-7 თვე ან მეტი დროით გახანგრძლივდა, უკვე ეს ანტიკრიზისული გეგმაც აღარ იქნება ეფექტური.

 

რეალურად, ბანკებმა მოსახლეობას და კერძო სექტორს ვალები გარკვეული დროით გადაუვადა. მართალია, პროცენტი „არ აპატია“, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს, ბანკმა რაღაც შეღავათი მისცა მომხმარებელს.

 

- ამ შემთხვევაში ბანკი არ ზარალდება? 

 

- რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში ექნებათ შემოსავლების კლება, იმიტომ რომ მათაც საკუთარი გათვლები აქვთ, მაგრამ თუ საბანკო სექტორის ზარალიანობას 2-3 თვეზე გავთვლით, პირდაპირი გაგებით, ეს მათ კრიზისში არ ჩააგდებს. ბანკი მაინც მიიღებს თავის კუთვნილ შემოსავალს, გარკვეული დროის შემდეგ.

 

მეორე მხრივ, შეიძლებოდა, ისინი ამ დათმობაზე არ წასულიყვნენ და უარესი შედეგიც მიეღოთ, ანუ ცალსახად იმის თქმაც, რომ ბანკებმა ამით მხოლოდ საზოგადოებაზე იზრუნეს, არასწორია. მათ თავიანთ თავზეც იზრუნეს, რადგან შეიძლება საერთოდ ვერ დაეფარა სესხი მომხმარებელს და ეს უფრო რთული მოსაგვარებელი იქნებოდა ბანკისთვის, ვიდრე მათ მიერვე გადაწეული ვადები. ასე რომ, ბანკის ნაბიჯებშიც რაციონალიზმი იგრძნობა.

 

- ტურისტული სეზონი დროზე ადრე დასრულდა. რომ აღარაფერი ვთქვათ, ზოგადად, ტურიზმის შეფერხებაზე, სეზონის ნაადრევად დასრულებაც, ალბათ კრიზისული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის?

 

- ტურისტული სეზონი დროზე ადრე დასრულდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ისედაც მილევად რეჟიმში იყო, რაღაც გრანდიოზულ დანაკარგს ამის გამო არ მივიღებთ. ასეულობით ათასი ადამიანი ჩამოდიოდა ყოველ თვე, მაგრამ ეს თვეები, მარტი და აპრილი მაინც ტურისტების ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა. ამიტომ, თუ ეს პრობლემა უახლოეს თვეებში მოგვარდა და ოპერატიულად აღიდგინა ძალები ტურისტულმა სექტორმა, დიდი დანაკარგი არ გვექნება, თუმცა, რა თქმა უნდა, დანაკარგი - დანაკარგია. ადამიანები ერთი და ორი თვით რომ უმუშევრები დარჩებიან, კატასტროფაა, მაგრამ თუ პრობლემა უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სექტორსაც გაუჭირდეს.

 

შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასების გადახდა შეძლონ, მაგრამ საჭირო გახდეს ხელფასების შემცირება.

 

- თუმცა, დისტანციურად ვინც იმუშავებს და არ შეაფერხებს სამუშაო პროცესს, ისინი ალბათ ანაზღაურებასაც სრულყოფილად მიიღებენ... 

 

- ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ვარ საავიაციო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი. ჩვენ, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებმა, გამოვაცხადეთ დისტანციური მუშაობის რეჟიმი და ლექციებსაც ონლაინ ვკითხულობთ. მაგრამ იმ სტუდენტებმა ან მათმა მშობლებმა თუ სწავლის საფასური ვეღარ გადაიხადეს და მათი რაოდენობა დაგვაკლდა, მერე სად მივდივართ?! როგორ მოხდება თანამშრომლების ანაზღაურება?

 

დისტანციურად მუშაობა საუკეთესო საშუალებაა ვირუსის პრევენციისთვის, მაგრამ ეკონომიკურად ეს ვერაფერს აგვარებს, - შეიძლება პირიქითაც. ეკონომიკურ პროცესს დისტანციური მუშაობა ანელებს, ამ ფორმით და ამ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით, თუმცა, სხვა დროს არ გამოვრიცხავ, რომ ასეთმა მიდგომამ უფრო მეტი სარგებელიც მოგვიტანოს.

მე მაგალითად, ძალიან მომწონს ჩვენი ხელისუფლების მოქმედების სტრატეგია, რადგან ყველა გამოწვევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ადეკვატური რეაქციით პასუხობს. ჩვენ რომ პირველივე დღეს ჩაგვეკეტა საზღვრები და კარანტინი გამოგვეცხადებინა, შესაძლოა, გვყოლოდა, სულ მცირე რაოდენობით ნაკლები დაავადებული, მაგრამ ამასაც ვერ ვიტყვით მტკიცებით ფორმაში, რადგან ყველა ინფიცირებული ჩვენი მოქალაქეა და მაინც უნდა მიგვეღო. სამაგიეროდ, პირველივე დღეებში მივიღებდით მასობრივ უმუშევრობას, მასობრივ ეკონომიკურ უკუსვლას და უამრავ სხვა უარყოფით შედეგს, რაც ისეც გარდაუვალი იქნება, თუ ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდა. თუმცა, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ პასუხობ გამოწვევებს, უარყოფითი ეფექტიც შენელებულია და ნაკლებად მტკივნეულად გირტყამს, ამიტომ ეს არის სწორი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან. მთავარია, სიტუაცია არ გაგვექცეს ხელიდან. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის.

 

- მიუხედავად საქართველოს მთავრობის მოწოდებისა, პროდუქტსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასების ზრდის შემთხვევები მაინც დაფიქსირდა. ვერსად ნახავ პირბადეს და სადეზინფექციო ხსნარებს და თუ მაინც ნახავთ სადმე, - თითქმის გაათმაგებულ ფასად. ამ ყველაფერს თვითნებურად ზრდიან თუ ფასების ზრდის რეალური საფუძველი არსებობს? 

 

- ბაზარზე არსებულ მსხვილ მოთამაშეებს არ გაუზრდიათ ფასები, ფასები გაზარდეს მცირე მოთამაშეებმა, - საკუთარი პატარა მაღაზიის მფლობელებმა, ბაზრობაზე ან ბაზარში მომუშავე ადამიანებმა. 

 

კარტოფილს თუ სხვა მალფუჭებად პროდუქტს, რაც სუპერმარკეტების მიერ არის ნაყიდი და გასაყიდად გამოტანილი, მიმწოდებელი აწვდის. სწორედ ამ პროდუქტებზეა, ძირითადად, ფასი გაზრდილი, რასაც ცალსახად სუპერმარკეტს ვერ დააბრალებ. ეს მისი მომწოდებლის მიერ გაზრდილი ფასითაცაა გამოწვეული და ცოტა სხვაგან უნდა ვეძებოთ პრობლემის შემქმნელები, ვიდრე სუპერმარკეტში.

 

პირბადეებს რაც შეეხება, უკვე მთელ მსოფლიოს შეექმნა პრობლემა ამის გამო, რადგან თუნდაც ჩინეთის ქარხნები მასობრივად დაიხურა, სადაც ის მზადდებოდა. თურქეთმა კი, როგორც ვიცი, საერთოდ აკრძალა პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების ექსპორტი. შეიქმნა ობიექტური დეფიციტი და ფასიც, ცალსახად, მთელ მსოფლიოში გაიზარდა. თუკი დღეს რომელიმე ქართველი ბიზნესმენი შეიძენს მას საზღვარგარეთ, პირბადის საბაზრო ღირებულება ადგილზე უკვე 50 ცენტამდეა გაზრდილი, მისი საქართველოში ჩამოტანის და გადასახადების ჩათვლით შესაძლოა თვითღირებულება 2 ლარამდეც კი ავიდეს. შესაბამისად, მოიმატებს გასაყიდი ფასიც და მან შესაძლოა 2 ლარს გადააჭარბოს. გამოდის, რომ 20-თეთრიანი პირბადე, არსებული მოცემულობით, უკვე დაახლოებით 2 ლარი ჯდება. ფიზიკურად არ არსებობს დღეს მსოფლიოში ის 2-3-ცენტიანი პირბადეები, რომელიც დისტრიბუტორებს აქამდე შემოჰქონდათ, მათი ფასი რამდენიმე ათეულჯერ არის გაზრდილი.

 

შესაბამისად, ახლა რომ შემოიტანონ აფთიაქებმა პირბადეები და დაიწყონ მისი თუნდაც 2 ლარად გაყიდვა, შესაძლოა, მათ ეს რეპუტაციული რისკის ფასად დაუჯდეთ. რადგან პირდაპირ აფთიაქებზე წავა შეტევა, რომ ისინი ხალხის გაჭირვებით სარგებლობენ. არადა, აფთიაქებს ბევრი სხვა რამის გამო უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ზოგადად, თუნდაც იმის გამო, რომ მაღალი ფასნამატით ყიდიან ყველაფერს, არის ოლიგოპოლიის ნათელი ნიშნებიც და ა.შ. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დეფიციტურ პროდუქტზე ფასი რეალურად არის გაზრდილი.

 

სამწუხაროდ, თუ საქართველო ვერ შეიძენს ამ გაძვირებულ პირბადეებს ან ანტისეპტიკურ საშუალებებს, სხვა ქვეყნების არმია დგას, ვინც მზად არის, ეს გააკეთოს, ფასის მიუხედავად. ეს არის სამწუხარო რეალობა ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის. 

 

- აღნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლების მოქმედების სტრატეგიას ემხრობით და პრევენციულ ღონისძიებებს იწონებთ. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ თავისი მოქალაქეებისთვის? 

 

- მიჭირს კონკრეტული ქმედებების განსაზღვრა. ის, რაც პირველ ეტაპზე მეგონა, რომ გასაკეთებელი იყო, ფაქტობრივად, ყველაფერი გაკეთდა.

 

შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მოდი, გადასახადები გავაუქმოთ, - კი ბატონო, გააუქმე, მაგრამ მერე მასწავლებელი რომ სახლში ბრძანდება, პენსიონერი რომ პენსიას ელოდება, ჯანდაცვა რომ ახლა განსაკუთრებულ დაფინანსებას საჭიროებს, - როგორ უნდა მივაწოდოთ ამ ადამიანებს მათი კუთვნილი ხელფასები თუ აპარატურა თუ ა.შ.? ასე ცალსახად იმის თქმა, რომ მოდი, გადასახადები გავაუქმოთ, მოდი, მთავრობამ ყველა დააფინანსოს, ყველა სახლში დაჯდეს და მთავრობამ ყველას მაგივრად ყველაფერი აკეთოს, - უბრალოდ შეუძლებელია!

 

რეალური სურათიდან რომ ამოვიდეთ, ჩვენ კი არა, შვედეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპზე უარესი არ არის და არავითარ საგანგებო მდგომარეობას არ მიმართავენ; ბრიტანეთმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, სახლში დაბრძანდით, ყველას დახმარების რესურსი არ გაგვაჩნიაო; ავსტრიაში 60 წელს ზემოთ თუ არა ხარ, ანუ განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნები, საერთოდ უარს გეუბნებიან ტესტის გაკეთებაზე; ამერიკაში, პირდაპირი გაგებით, კილომეტრიანი რიგები დგას სუპერმარკეტებში, მთავრობა კი აცხადებს, რომ საკმარისი ტესტები არა აქვთ და მოსახლეობას სახლში თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს; იტალიაში ვისაც გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვს, პირველ რიგში იმ ადამიანების მკურნალობაზე გადავიდნენ, მძიმედ დაავადებულებს კი შანსი, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად უმცირდებათ...

 

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში რა სურათიც გვაქვს, უნდა ვილოცოთ, რომ ამის იქით არ წავიდეს საქმე. იმედია, ვაქცინას მალე შექმნიან, ამ პრობლემას მსოფლიო მალე დაძლევს და ჩვენი ქვეყანაც გამარჯვებული გამოვა ამ რთული ჟამიდან. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის. გამოწვევებს ვპასუხობთ ადეკვატურად.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner