logo_geo
eng_logo
ლევან რატიანის დედის ინტერვიუ და უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე
- +

11 აპრილი. 2020. 22:36

 

 

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, დღითიდღე მატულობს საზოგადოების ინტერესი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველ ხაზზეა.

 

 

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქვთ, მათ შორის არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, რომელიც ყოველდღიური ბრიფინგებით გვატყობინებს მასთან მყოფი პაციენტების მდგომარეობას.

 

 

AMBEBI.GE ცნობილ და პოზიტიურ ექიმს უფრო ახლოს გაგაცნობთ. ლევან რატიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში დაიბადა და გაიზარდა. მეექვსე კლასამდე ამავე სოფლის სკოლაში სწავლობდა. შემდეგ, მისივე გადაწყვეტილებით, სწავლა ფოთის მეორე გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა.

 

 

ლევან რატიანის დედა მარინა გვასალია პედაგოგია. მამა - რევაზ რატიანი პროფესიით ინჟინერია, რომელიც ამჟამად პენსიონერია და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ჰყავს უმცროსი და. ლევან რატიანის მეუღლე გვანცა ჯანიგაშვილი პედიატრია. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: რატი, გიორგი და ლუკა.

 

 

AMBEBI.GE ლევან რატიანის დედას ესაუბრა. ქალბატონ მარინას შვილზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ლევანი ძალიან ნიჭიერი, მონდომებული და მიზანდასახული იყო. შვილის პირველი წარმატებაც კარგად ახსოვს.

 

 

 

 

 

 

 

"პირველ წარმატებას 1998 წელს მიაღწია. ლევანმა ისტორიის ოლიმპიადიაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მას შემდეგ არ გაჩერებულა, არის არაერთი კონკურსისა თუ ტურის გამარჯვებული. იყო მერის სტიპენდიანტი. 1997 წელს როგორც საუკეთესო მოსწავლე პარლამენტს სტუმრობდა. პუნქტუალური და მოწესრიგებული ბავშვი იყო. ძალიან ბევრს კითხულობდა. ზოგჯერ ვთხოვდი დაესვენა, მაგრამ ჩემი არ ესმოდა", - ამბობს ქალბატონი მარინა.

 

 

 

ლევანი ექიმობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა.

 

 

"არგად მახსოვს, რომ დაიბადა და სახლში მოვიყვანეთ, ბებიამისმა ხმამაღლა განაცხადა, ეს ექიმი უნდა გამოვიდესო. ბაბუასაც ასე სურდა, რადგან თვითონაც პედიატრი იყო. პლატონ რატიანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. იგი სოფელს დღესაც ახსოვს. მისი სამედიცინო ხელსაწყოები შენახული მაქვს.

 

 

სახლში ყველა ბალიში ლევანის მიერ ნემსებით იყო დაჩხვლეტილი. ჩემს შვილს სისხლსა და ხორცში გამჯდარი ჰქონდა, რომ ექიმი უნდა გამოსულიყო.

 

მას სხვა არაფერი აინტერესებდა. 2001 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე. მე მინდოდა პედიატრიულზე ჩაებარებინა, მაგრამ არ დამიჯერა . უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი", - ამბობს მარინა გვასალია.

 

 

 

 

ლევან რატიანმა თავდაპირველად მუშაობა არამეანცის საავადმყოფოში დაიწყო. თბილისისი თითქმის ყველა კლინიკაშია ნამუშევარი. ამჟამად კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ხელმძღვანელობს. სამედიცინო უნივერსიტეტში კი ლექციებს კითხულობს.

 

 

"ის, რომ ლევანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელია მისი შრომის შედეგია. უნივერსიტეტში, სადაც ის სწავლობდა, ყველამ დაინახა თუ როგორი მონდომებული იყო და ხელი შეუწყვეს, რომ მას წარმატებისთვის მიეღწია. აუცილებლად უნდა გავიხსენო ლევანის დეკანი, გარდაცვლილი თემურ პეტრიაშვილი. მისი დიდი დამსახურებაა ლევანის წარმატება, რადგან მან სათანადოდ შეაფასა ჩემი შვილის ცოდნა" - აცხადებს ქალბატონი მარინა.

 

 

 

 

ლევან რატიანი ძალიან დაკავებულია. გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ახერხებს მშობლების მონახულებას, მაგრამ მათ ყოველდღე ეხმიანება. რატიანის დედის თქმით, ქალიშვილიც რომ ექიმია, ლევანის დამსახურებაა.

 

 

 

 

"ლევანი თბილი და მოსიყვარულეა. იგი სოფელში ჩამოსვლას დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ახერხებს, მაგრამ ყოველდღე გვირეკავს და გვეხმიანება. ყველა მის წარმატებას, სიხარულს პირველი მე მიზიარებს. ასე მოხდა მაშინაც, როცა კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ყველა დედას ვუსურვებ ასეთი შვილის ყოლას. შეიძლება ეს ჩემი დამსახურება არაა და თვითონ არის ბუნებით ასეთი. დღე არ გავა არ დამირეკოს, რა დროც არ უნდა იყოს. მომიკითხავს, მომესიყვარულება და რა თქმა უნდა მის ყველა წარმატებას პირველი მე მიზიარებს.

 

მის კლინიკაში მოთავსებული კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელებაც მაუწყა, ღამის ორ საათზე დამირეკა. ძალიან შემეშინდა. მან კი მითხრა, რომ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს, სიხარულსგან აღარ იცოდა, რა ექნა. ჩემი ქალიშვილი, თამუნა რომ ექიმია, სწორედ ლევანის დამსახურებაა. თამუნაც, დატვირთული გრაფიკის გამო, ჩამოსვლას იშვიათად ახერხებს. მისით ვამაყობ და ბედნიერი ვარ,“- აცხადებს ლევან რატიანის დედა.

 

 

ლევან რატიანის დის  თქმით, ძმის წარმატებაში დიდი როლი  მეუღლემ ითამაშა.

 

"ლევანიმ 2009 წელს შექმნა ოჯახი. ბრწყინვალე მეუღლე ჰყავს, შესანიშნავი ოჯახის შვილი. ჩემი შვილის წარმატებაში, თამამად შემიძლია ვთქვა, გვანცას დიდი წვლილი მიუძღვის. მათ სამი ვაჟი ჰყავთ. შვილების აღზრდა ადვილი არ არის, მაგრამ გვანცამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლევანისთვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი. ლევანისთვის მთავარი პაციენტია, ღამის პირველ საათზე, ორზე, ოთხზე მნიშვნელობა არა აქვს, თუ პაციენტს სჭირდება, ის სახლიდან მიდის", - ამბობს რატიანის დედა.

 

 

 

 

ლევანი შექმნილი მდგომარეობის გამო ოჯახის ნახვასაც ვერ ახერხებს, ისინი მცხეთაში არიან. ლევანი მათ ყოველ დღე ურეკავს. მანანა გვასალია თქმით, ცნობილი ექიმის დედობა ადვილი არ არის.

 

 

 

 

 

"ასეთი ადვილი არ არის. თუმცა, ძალიან დიდი ბედნიერებაა. ლევანს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ ძალიან განვიცდი. მთხოვს, რომ არ ვინერვიულო და არ ვიტირო. სულ მამშვიდებს, რომ არაფერი ცუდი არ იქნება. არავის არაფერი დაემართებაო. ეკრენზე როცა ჩნდება, ვტირი და ვეფერები შორიდან. ამ მდგომარეობიდან, იმედია, მალე გამოვალთ და ყველაფერი გამოსწორდება. მსურს, ბევრი გამოჯანმრთლებული პაციენტი ჰყავდეს ჩემს შვილს. ნაკლები ყოფილიყოს დაინფიცირების შემთხვევა. ნაკლები სიკვდილიანობა და მალე გამოსულიყოს მთელი მსოფლიო ამ მდგომარეობიდან “, - ამბობს მარინა გვასალია.

 

 

ავტორი: მაია ძაგანია

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner