logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ეს უმძიმესი დღეები, ნებისმიერი მიმართულებით, ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს
- +

12 აპრილი. 2020. 16:22

 

 

„სამყარო ერის დაბერებისკენ მიდის და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ევროპაში ამდენი მოქალაქე დაიღუპა, სწორედ ესაა“, - ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

 

 

- მსოფლიოს არაერთი უფრო მძიმე სენიც ახსოვს, რომელმაც ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგალითად, მეოცე საუკუნის დასაწყისში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა „ესპანკამ“, ანუ „ესპანურმა გრიპმა“. დედამიწის მოსახლეობა ყველზე მეტად მაშინ „გამოიხშირა“. ცნობილია, რომ იან ფლემინგს ნობელის პრემია პენიცილინის აღმოჩენის გამო მიანიჭეს. ეს დაავადებაც სწორედ პნევმონიით მიმდინარეობდა.

 

მჯერა, დღეს ისეთი ჭკვიანი მეცნიერები გვყავს, მსოფლიოს მასშტაბით, რომ COVID-19-ის წინააღმდეგაც გამოიგონებენ ვაქცინას. ზოგადად, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და როდესაც ღმერთის გჯერა, ნაკლებად გეშინია.

 

- ვიცი, რომ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, საეკლესიო მსახურებებში მონაწილეობას მაინც იღებთ. ხომ არ ფიქრობთ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, ახლა უმჯობესია, ტაძარში სიარულისგან თავი შევიკავოთ?    

 

- არ ვფიქრობ, რომ თავი უნდა შევიკავოთ, თუკი ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ გვიშლის ამაში. გულსატკენია, როცა ვხედავთ, რომ ეკლესიას არიან ჩასაფრებულნი და ცუდად ქილიკობენ ამ თემაზე. უწმინდესმა ყველას მისცა არჩევანის საშუალება, ზოგს შეუძლია, სახლში ილოცოს, ხოლო ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მივიდეს ეკლესიაში. რწმენა აუცილებელია ადამიანისთვის. სოციალური დისტანცირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზიარებაზე უარი ვთქვათ. მე, ისე როგორც სხვა დროს, მთელი ჩემი ოჯახი ვაზიარე ამ დიდ მარხვაში, მათ შორის მოხუცი დედა, რომელსაც ფილტვების მძიმე დაავადება აქვს და მცირეწლოვანი შვილი.

 

მსოფლიო ჩვენზე საუბრობს, არა მხოლოდ ქრისტიანული და მართლმადიდებლური, არამედ, მუსლიმანური სახელმწიფოებიც კი, რომ საქართველო ერთადერთი აღმოჩნდა სერბეთთან ერთად (თუმცა სერბეთმაც რაღაც შეცვალა), რომელმაც არ შეცვალა ზიარების წესი, არ დაკეტა ეკლესიები და ყველგან აღნიშნავენ, თუ როგორი სამაგალითო ვართ. ჩვენ კი, ქართველი ერი და ქართული მედიის ნაწილიც, სამწუხაროდ, შეურაცხვყოფთ და ვაკრიტიკებთ მრევლსა და ეკლესიას ამის გამო...

 

- განდა ვერსია, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა მსოფლიოს მოსახლეობის გამოხშირვის მიზნით...

 

- არ მინდა, ჩემი ნათქვამი რამდენიმე ექსპერტის და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ვარაუდს დაუკავშიროთ, რომ თითქოს ეს ეპიდემია გამოწვეულია მოსახლეობის გამოხშირვის მიზნით, რადგან ჩემი ანალიზი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერ იქნება კომპეტენტური, მაგრამ  ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ 1960-1970 წლებში მსოფლიოში შობადობის ბუმი იყო და ახლა სწორედ 60-იანელების თაობა შედის საპენსიო ასაკში, რომლებიც არიან ჯანმრთელები, რადგან მათ ახალგაზრდობის პერიოდი ნაკლები სტრესითა და ფსიქოემოციური მდგომარეობით გაატარეს და გაცილებით ჯანსაღად იკვებებოდნენ, ვიდრე შემდგომი თაობები.

 

- ანუ ევროპის ის შედეგები, რაც ქვეყნდება, ერის დაბერების მიზეზითაც არის გამოწვეული?  

 

- რა თქმა უნდა, ხანდაზმულთა წილობრივი რაოდენობა მათ ძალიან დიდი ჰყავთ. ევროპელი ხანდაზმულები კი ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. 70 წელი მათთვის ხანდაზმულ ასაკად სულაც არ ითვლება. სწორედ ამ ტალღას გადაუარა ეპიდემიამ და იტალიაში მსხვერპლის 80 პროცენტიც ასაკოვანია.

 

- ალბათ, ჩვენი ქვეყნის მედიცინისა და სწორი გათვლების დამსახურებაა ის, რომ ქართველ მედიკოსებზე დღეს მსოფლიო ლაპარაკობს...

 

- რასაკვირველია. თუმცა, ჩემთვისაც კი, რომელსაც ძალიან ახლო შეხება მაქვს ჯანდაცვის სფეროსთან, რადგან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან, მოულოდნელი იყო ქართველი ექიმების ამ დონის პროფესიონალიზმი, რაც მათ ამ კონკრეტულ ბრძოლაში გამოავლინეს. მე ვიცოდი ბატონ თენგიზ ცერცვაძის შესახებ, რომ ის იყო ძალიან ძლიერი ინფექციონისტი, შიდსთან მებრძოლი საუკეთესო სპეციალისტი და მისი ქეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენებოდა, საუბარიც ზედმეტია პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის პროფესიონალიზმზე, მაგრამ ვთვლი, რომ მათი სწორი მიხვედრა, სწორი გათვლები, რაც მთავარია, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და არდამორჩილება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, იყო მათი უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი რისკი, რამაც გაამართლა! რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა პიკისკენ მივდივართ და სავარაუდოდ, გაიზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან საკმაოდ მძიმე კატეგორიის პაციენტები გვყავს, მაგრამ უნდა გვქონდეს უფლის და ამ ადამიანების იმედი.

 

- ანუ თვლით, რომ ამ ყველაფრის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი რამ შეიცვლება?

 

- არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ამ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს პოლიტიკა შეიცვლება. ჯერჯერობით ორპოლუსიანი პოლიტიკაა მსოფლიოში, - ამერიკა და რუსეთი. თუმცა, უკვე აშკარად იკვეთება მესამე პოლუსი და ეს არის ჩინეთი. ჩინეთმა ძალიან ძლიერი სიტყვა თქვა თუნდაც ამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ახლა გამოჩნდა, თუ როგორ მოწესრიგებულად იბრძოლა ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ. არ ვიცი, დამალეს ინფორმაცია, გვიან გაამჟღავნეს თუ რა, მაგრამ  ფაქტია, რომ ჩინეთს დაუგროვდა ძალიან დიდი ფულადი კაპიტალი. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში უკვე წამოვიდა მესამე პოლიტიკური პოლუსი, რაც გარდაუვალი იყო.  

 

მე ერთი რამის მოლოდინი მაქვს, - მოუთმენლად ველი აღდგომის დღესასწაულს, და ველი, რომ უკვე ამ პანდემიის შემდგომ, მსოფლიო არა მხოლოდ ქართველ მედიკოსებზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ისაუბრებს, ასევე ისაუბრებს ქართულ ეკლესიაზე, თუ როგორ გაიყვანა ქართულმა ეკლესიამ ერი სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყანა გახდება სამაგალითო რელიგიისა და რწმენის კუთხითაც, არა მხოლოდ ქრისტიანული სახელმწიფოებისთვის.

 

საქართველომ ეს უმძიმესი დღეები, ნებისმიერი მიმართულებით, ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. რა თქმა უნდა, იქნება ეკონომიკური კრიზისიც, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც გავუძლებთ!

 

 

right_banner
არქივი
right_banner