logo_geo
eng_logo
პიერ რიშარი: საქართველო ჩემი გულია, ვგიჟდები ქართულ ღვინოზე
- +

5 მაისი. 2020. 22:57

 

 

დავით ბეჟიტაშვილი ბოლივუდთან ასოცირდება და ინდური კინოს ვარსკვლავების საქართველოში ვიზიტის უკან, სწორედ ის დგას. თუმცა ამჯერად რადიკალურად განსხვავებული სტუმრით უნდა მოეწონებინა თავი.

 

 

რომ არა პანდემია, დათოს საქართველოში ფრანგული კინოს ლეგენდა – პიერ რიშარი ჩამოჰყავდა.

 

 გაწერილი იყო რიშარის სამდღიანი გრაფიკი, მზად იყო კონტრაქტი, ვარსკვლავს ღვინის სამშობლოში თან მოჰქონდა საკუთარი წარმოების ფრანგული ღვინო!

 

 პიერ რიშარი საქართველოში 1996 წელს იმყოფებოდა, როდესაც ის ქართველმა რეჟისორმა, ნანა ჯორჯაძემ თავის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ გადაიღო.

 

 

 

 

 

ჯორჯაძე იხსენებდა, თუ როგორ შესთავაზა როლი კანის კინოფესტივალზე გაცნობილ რიშარს.

 

 

 

რიშარი სევდიანი მომეჩვენა და ვკითხე, არ გიფიქრიათ, რომ თავი არა კომედიურ ჟანრში მოგესინჯათ-მეთქი? როგორ არ მიფიქრია, მაგრამ რეჟისორები სულ ასეთ როლებში მხედავენო. სწორედ მაშინ გადავწვყივტე, რომ ის გადამეღო ფილმში, რომელიც არ იქნებოდა კომედია.”

 

 

 

დათო ბეჟიტაშვილის ფრანგული კინოსა და რიშარისადმი სიყვარული 12 წლის ასაკიდან იღებს სათავეს, მაშინ, როდესაც კინოთეატრში მივიდა, კინოს გაშვება ისწავლა და პირველი კატეგორიის მექანიკოსი გახდა. ინდურთან ერთად ფრანგული კინოც იმ დროს შეიყვარა.

 

 დავით ბეჟიტაშვილი: – „სათამაშო“, „მამები“, „უიღბლონი“ – რიშარის ფილმებზე გავიზარდე. ვფიქრობდი, რომ მოვიდა დრო, ლეგენდა თბილისში ჩამომეყვანა.

 

 გასული წლის თებერვლიდან კი დავიწყე ამაზე ზრუნვა. ეტყობა, ინდური კინოს ვარსკვლავების ჩამოყვანით გავთამამდი. მას უკრაინული ტელე-კინო ფროდაქშენის – „კვარტალი 95“-ის მეშვეობით დავუკავშირდი. პიერი ორჯერ ყავდათ ჩაყვანილი, უკრაინის ახლანდელ პრეზიდენტს, ზელენსკის თავის გადაცემაშიც ჰყავდა სტუმრად. მოკლედ, ამ პროდიუსერების შუამდგომლობით დაიწყო მოლაპარაკების პროცესი.

 

 

 

მიუხედავად თავისი ასაკისა, დღემდე იღებენ ფილმებში, თამაშობს თეატრში და 85 წლის პიერი მეღვინეობა-მევენახეობას ეწევა.

 

 

 

თავიდან 2019 წლის სექტმებერი დაიგეგმა. თუმცა მისი დატვირთული გრაფიკის გამო გადაიდო. პრაღიდან გამოგზავნა ვიდეო, სადაც თავის მენეჯერთან ერთად იმყოფებოდა. ამ ვიდეოში ამბობს, მე მიყვარს საქართველო, მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, თუმცა მარტში თქვენთან ვარო.

 

 

აბოლოოდ უკვე კონტრაქტით 1, 2 და 3 აპრილი დაიგეგმა. დაიჯავშნა სასტუმრო, ბილეთები.

 

 ფრანგული კინოლეგენდის ვიზიტის სამი დღე დათომ მეგობრებთან ერთად დაგეგმა.

 

 ქართველებისთვის თავისი ღვინო უნდა წარედგინა და ავტოგრაფით გაეჩუქებინა. უნდა ეთამაშა მონო სპექტაკლი „მე – პიერ რიჩარდ მესამე“. იგეგმებოდა კახეთში ვიზიტი, მეღვინეებთან შეხვედრით.

 

 

 

დათო: – საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად, თებერვალში პარიზში ჩავედი. ლალი მაროშკინა იყო ჩემთან ერთად. რადგან მან ჩემი იდეის შესახებ იცოდა, გვერდში დამიდგა. პარიზში მასპინძლობას მისი ახლობელი, მარინა მუმლაძე გვიწევდა, რომელიც რიშარს ფრანგულად ეკონტაქტა. პიერმა მოუწონა ფრანგული და იმის დასამტკიცებლად, რომ აი, ქართული ენა მეც რა კარგად მახსოვსო, მომიბრუნდა და მეუბნება – ქალბატონო! ქალ-ბა-ტონო! არტისტულად და დამარცვლით. ეგონა, რომ მომმართავდა, ბატონოთი.

 

 85 წლის რიშარი ჩვენთან შეხვედრაზე მოტოციკლეტით მოვიდა. „ქეჟუალ“ ფორმით და ახალგაზრდული შემართებით იყო. ვერაფრით იფიქრებთ, რომ ამ ხნის არის.

 

 

 

გვიან საღამოს მოახერხა ჩვენთან შეხვედრა. კაფეში შევხვდით… მივუტანეთ ქართული ღვინო. ძალიან გაუხარდა, მიყვარს თქვენი ღვინო და აუცილებლად დავლევო. მაგრამ კურიოზული მომენტი შემემთხვა.

 

 ისეთი აჟიტირებული ვიყავი მასთან შეხვედრით, რომ ღვინის ჩანთის მიცემა დამავიწყდა და უკან წამოვიღე. კიდევ კარგი იქვე აღმოვაჩინე, რომ ხელში მეჭირა ეს სასაჩუქრე ჩანთა.

 

 პარიზის წვიმიან საღამოს ვირბინე, რომ სანამ თავის მოტოციკლეტზე შეჯდებოდა, მიმესწრო. ბედად, ვიღაცები გამოელაპარაკნენ და მოტოციკლეტზე დაჯდომა დააგვიანდა. ბედნიერი ვიყავი, რომ მივუსწარი და ღვინო გადავეცი.

 

 

 

 

სახლში დაგვპატიჟა, მაგრამ მეორე დღეს უკან მოვფრინავდით. სიამოვნებით გადავცვლიდი ბილეთებს, მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, ერთი კვირით მიწევდა პარიზში დარჩენა.

 

 „საქართველო ჩემი გულია. ვგიჟდები ქართულ ღვინოზე. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო“ – ეს გვითხრა.

 

 მისი შვილი მისი ერთ-ერთი მენეჯერია. მასთან მოაგვარეთ ტექნიკური საკითხებიო, გვითხრა, თვითონ ასეთ დეტალებზე არ საუბრობს.

 

 არის უშუალო და ემოციური ტიპი. ვიჯექი და საუბრისას ჩემს გონებაში კინოფირივით გაიარა მთელმა ჩემმა ბავშვობამ კინოპროექტორთან მდგომი, როგორ ვუშვებდი მის ფილმებს. ჩემთვის ეს წუთებია დიდი სიმდიდრე. მატერიალური სიმდიდრე არასდროს მქონია. ღმერთმა მომცა საუშუალება, რომ ასეთი მომენტები გამევლო.

 

 

 

მოკლედ, რიშარის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ფართო სარეკლამო კამპანიის დაწყების წინ პანდემია გამოცხადდა და ეს ვიზიტი დროებით ჩაიშალა. ამის შესახებ არსად არაფერი მითქვამს. პირველები თქვენ ხართ, ვისაც ეს ამბავი გავუმხილე.

 

 იმდენად დიდია რიშარის ჩამოსვლის სურვილი, რომ ჩვენი შეთანხმება არ გაუქმებულა. შემოდგომაზე უნდა ჩამოვიდეს, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ ვამბობთ.

 

 დარწმუნებული ვარ, ჩვენი და მისი ოცნება ახდება. საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და ქართველი მაყურებელი თავის კუმირს ნახავს.

 

 გამოვტყდები, რომ რიშართან შესახვედრად პირველად გახლდით პარიზში, ამის სურვილი აქამდე არ მქონია.

 

 დღეს უკვე პარიზი ჩემთვის პიერ რიშართან ასოცირდება. ის უკვე ძალიან მენატრება…

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner