logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ფარისეველი ან რეგვენი უნდა იყო, რომ ეს არ გესმოდეს
- +

6 მაისი. 2020. 22:35

პანდემიამ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. გამონაკლისი არც საქართველოა. სახელმწიფო  ექიმებთან ერთად ებრძვის COVID - 19 - ს, თუმცა უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩაბმულებს,  გარკვეული ძალების მხრიდან შეტევის მოგერიებაც უწევთ.

 

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რეჟისორმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

 

- საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ კორონავირუსთან ბრძოლაში  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ეს არის  დასტური,  რომ ხელისუფლებას აქვს სწორი მიმართულება პანდემიასთან ბრძოლაში?

 

 

- ამის დასტური, ეპიდემიის გავრცელებასთან წარმატებული ბრძოლის შედეგებია საქართველოში. საერთაშორისო გამოძახილი კი - ამ წარმატების, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აღიარება.  თუ გავითვალისწინებთ ეპიდემიის მასშტაბებს, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია - რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა თუ  ირანში, რომ არაფერი ვთქვათ ევროპაზე და აშშ-ზე, აბსოლუტურად გამაოგნებელი შედეგები აქვს ქართულ სახელმწიფოს და მის მედიცინას. რაც რეალური საქმეებით  დასტურდება. საათებში წყდება ინფექციის გავცელების რაიონების, ჩაკეტვის ორგანიზების საკითხი.  ძალიან სწრაფად მიმდინარეობს კერების ლოკალიზება, რომელიც ამა თუ იმ  რეგიონში წარმოიშვება. საათივით მუშაობს ტესტებით შემოწმების სისტემა,  ბევრ ქვეყანაში ამ პროცესს დღეები სჭირდება, ჩვენთან საათებში ხდება. ჩვენ ხომ ამის მოწმეები ვართ  ყოველდღიურად. რამოდენიმე ევროპული, პატარა სახელმწიფოს გარდა, ესეთი კარგი შედეგები, როგორიც საქართველოს, არავის არ აქვს.

 

 

- ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთი დადებითი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, თუმცა, ოპოზიციისთვის ქველმოქმედებაც კრიტიკის საგანი გახდა ...

 

 

- შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს...  ეს ხომ ქართული ანდაზაა.  თუმცა, რომელ ოპოზიციაზეა საუბარი?!  შეუმდგარი პოლიტიკოსების ტერარიუმი, საიდანაც ისინი ცდილობენ,  დააზიანონ როგორც სახელმწიფო, ასევე კონკრეტული ადამიანები. პირველ რიგში მათთვის საძულველი და აუტანელია საქართველოში ყველაზე ხელგაშლილი ქველმოქმედი  და ქვეყნისთვის მზრუნველი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უპრეცედენტო საქმეებს აკეთებს სახელმწიფოსთვის და  ხალხისთვის. ამას ხედავს და აფასებს ყველა, მთელი მსოფლიო, გარდა ამ ტერარიუმის ბინადრებისა. ალბათ ისინიც ხედავენ, თუმცა, უნარი აქვთ დაკარგული  სიკეთე აღიქვან. შხამით აევსოთ თვალები და თავები.  „ცოცვისთვის განწირულებს, ფრენა არ უწერიათ“... ესეთი ანდაზაცაა.

 

 

ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა, მსოფლიოს მაგალითი აჩვენა,  ქველმოქმედების მასშტაბის, მოქალაქეების სახელმწიფოებრივი აზროვნების, სოციალური პასუხისგებლობის , ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულების, სახელმწიფო სტრუქტურების მდგრადობის და საზოგადოების გაჭირვებაში ერთობის. ახლა დადგა გადამწყვეტი ეტაპი ჩვენი სახელმწიფოსათვის. განსაცდელი, რომელიც გამოგვიგზავნა ღმერთმა, საქართველომ ღირსეულად გადაიტანა, როგორც სულიერი ისე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. საქართველო ერთ-ერთი იყო იმ ორ ქვეყანას შორის, რომელიც საზეიმო წირვა-ლოცვით, სამღვდელოებით და მრევლით, შეეგება ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს, უფლის ჩვენის ,იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!  მეორე იყო სერბეთი.

 

 

- მარნეულში და ბოლნისში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებთ ოპოზიციის ქმედებებს და ხედავთ თუ არა ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას?

 

 

- რაც ეს ბოროტი სექტა არსებობს, მას მერე ცდილობენ ეთნიკური შუღლის გაღვივებას საქართველოში. ჩვენ ეს გვახსოვს და ვხედავთ. შედეგიც დაგვიდგა მძიმე, მათი მართველობის ჟამს! საბედნიეროდ დღეს მაგის აღარც უნარი აქვთ და არც ძალა. შხამიანი საცეცები მოჭრილი აქვთ, ვეღარ აღწევენ საწადელს.

 

 

მარნეულში, ბოლნისში თუ სხვა რეგიონებში,  სხვადასხვა  ხელისუფლებების პირობებში, პირველ რიგში კომუნისტების მხრიდან, საბჭოთა იმპერიის დროს, რომლის მთავარი პრინციპი „გაყავი და იბატონე“ გახლდათ,  ეროვნებათა შორის დაპირისპირება და ეთნიკური გაუცხოება პოლიტიკის ნაწილი იყო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოებრივი უმწიფობის და დაუდევრობის მაგალითი.  ამის შედეგებს ვიმკით დღეს.  25-30 წელი ეს საკითხი სერიოზულად დღის წესრიგში არ დამდგარა, როგორც ქვეყნის პრიორიტეტი. ახლა ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს ქართულ სახელმწიფოს, რომ ახლებურად გაიაზროს ეს პრობლემა. პირველ რიგში ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა არ იცის ქართული ანუ სახელმწიფო ენა! როგორ უნდა ვიყოთ ერთიანნი, თუ ერთმანეთის არ გვესმის! როგორ უდა განვიცდიდეთ სახელმწიფოებრივ ერთობას, თუ სხვადასხვა ენაზე ვმეტყველებთ!? და ეს არის უპირველესად, ჩვენი ბრალი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა, ხოლო სახელმწიფო ენის ცოდნა, ადამიანის უპირველესი უფლებაა! ის, თუ როგორი ერთგულია საკუთარი სამშობლოსადმი მარნეულისა და ბოლნისის აზერბაიჯანული მოსახლეობა, საქართველოში დიდი გაჭირვების წლებში ძალიან კარგად გამოჩნდა. ამჟამად ჩვენ გვაქვს ყველა პირობა, რომ უახლოეს დროში, ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა! ამით უნდა დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს აღმასვლა და აღორძინება.

 

 

პანდემიამ მსოფლიო უკვე შეცვალა. რაც მეტი დრო გავა, მით მეტად დავრწმუნდებით იმაში, რომ მსოფლიოში მართვის და ურთიერთობის პრიორიტეტები ახლებურად ყალიბდება. ეს მშვენიერ შესაძლებლობას გვაძლევს, ერთხელ და სამუდამოდ მოვხსნათ  ბარიერები, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებმა საქართველოში თავი იგრძნონ ისე, როგორც ჩვენ ვგრძნობთ აქ თავს. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ქართული ენის ცოდნა. ენობრივი ბარიერი არის წინაპირობა იმ სირთულეების და გაუგებრობების, რომლებმაც იჩინეს თავი ამ განსაცდელის ჟამს.

 

 

- ბოლო პერიოდში  ეკლესიას და ახლა უკვე ქართველ ექიმებს ჭკუის სწავლება და მითითებები დაუწყეს, არის ეს მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა და რას ემსახურება?

 

 

- მე  განსაკუთრებული დამოკიდებულება ექიმებისადმი ომის დროს ჩამომიყალიბდა. მთელი ჩემი ცხოვრება, რაც არ უნდა მოხდეს, ვიქნები ექიმების პატივისმცემელი და მადლიერი იმ თავდადებისთვის, ერთგულებისთვის, კეთილშობილებისთვის, რისი მოწმენიც ვიყავით იმ დროს და ვართ დღეს! როგორი მონდომებით და თავგანწირვით იცავენ ისინი ადამიანების ჯანმრთელობას.

 

 

ნიუ-იორკში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეუდარებლად უფრო მძიმეა, ვიდრე საქართველოში. სადაც სახელისუფლო სტრუქტურები და ჯანდაცვის სისტემა არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე, რომ წარმატებით შებრძოლებოდა ვირუსს. მიუხედავად ძალიან დიდი მსხვერპლის და დაინფიცირებულთა რაოდენობის, ქალაქის მოსახლეობა ყოველდღე, დილის შვიდ საათზე, ჩერდება და ყველა როგორც ერთი, მადლიერების ნიშნად, ტაშით  ეგებება ექიმებს. ეს წესად აქვთ ქცეული, იმიტომ რომ,  აფასებენ ექიმების თავდადებას, იმას თუ რა თავგანწირვითაც იბრძვიან ისინი, საკუთარი თანამოქალაქეების გადასარჩენად. ნიუ-იორკი, ცნობილია, როგორც თანამედროვე ლიბერალიზმის (ჩემი აზრით ფსევდოლიბერალიზმის) ციტადელი. ამ დროს ჩვენთან, თბილისში,  ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ამ (ფსევდო)ლიბრალიზმის მიმდევართა სექტა, მათი მედია და სოცქსელები  ცილს სწამებენ, შეურაცხყოფენ და ლანძღავენ  ჩვენს წარმატებულ, თავდადებულ და კეთილშობილ მკურნალებს!

 

 

 რაც შეეხება ეკლესიას და მრევლს. ხარების ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ ერთი თვე გადის ხვალ. ბზობის შემდეგ სამი კვირა, აღდგომის შემდეგ კი ორ კვირაზე მეტი გავიდა უკვე, ანუ  კარანტინის ვადა ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში, ათასობით მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მიიღო წმინდა ზიარება! დაესწრო წირვა-ლოცვას! ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც ერთი! მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ყველას და განსაკუთრებით ეკლესიურად მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვახსოვს ცილისწამების, ბოღმის, ღვარძლის და შეგნებული მტრობის უპრეცედენტო მასშტაბები,  ლუციფერული მძვინვარება  მართლმადიდებელი რწმენის, ჩვენი ეკლესიის, მხცოვანი პატრიარქის, სამღვდელოების და მრევლის მიმართ, რომელიც მოდიოდა ამ სექტისგან და მათი მედიატერარიუმებიდან!

 

 

არის ასეთი დარგი მედიცინაში - პროქტოლოგია. თუ ვინმეს გადაუტანია, ან თუნდაც გაუგია, რა არის  ბუასილი, იცის, სად ჩნდება ეს ავადმყოფობა. ამ შემთხვევაში მე არ ვეხები პროფესიით ექიმ-პროქტოლოგებს.  მე ვგულისხმობ მოყვარულ პროქტოლოგ- თეოლოგებს, პროქტოლოგ-პოლიტოლოგებს, პროქტოლოგ-მედიოლოგებს, პროქტოლოგ- პარტიოლოგებს და პროქტოლოგ-ენჯეოლოგებს.  ყველას, ვინც ამ საქმიანობას ეწევა არასამედიცინო დანიშნულებით. მინდა, ყველა მათგანს მივუსამძიმრო, თუმცა, ნამდვილად ვერ გავიზიარებ მათ მწუხარებას, რომ არცერთ ჩვენგანს არაფერი დაემართა, რომ მიუხედავად მათი დიდი წადილისა და იმედისა, არ დავინფიცირდით, არ გაჩნდა მათთვის ესოდენ საწადელი საეკლესიო კლასტერი! ეს არის გაცხადებული:  „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“!

 

 

ასე რომ, პროქტოლოგ-იდეოლოგებო...  აწი იცოდეთ, რომ თქვენი მედიატერარიუმები შხამგაუმტარი შუშებით არიან იზოლირებული, საზოგადოება  დაცულია, დაცული!  შხამი ვეღარ აღწევს საწადელს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვიწევს და მომავალშიც მოგვიწევს მათთან ერთად არსებობა, როგორც ჩანს. სანამ მფარველები ეყოლებათ და დამფინანსებლები მსოფლიოში. ეგ არის, რომ საზოგადოება თანდათან იმუნიტეტს  იჩენს, მათი შხამის წინააღმდეგ...

 

 

- როგორ შეაფასებთ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას?

 

 

- როგორც ყველა ჩვენგანი. იმის მიხედვით, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა მსოფლიოში ამ მიმართულებით. მაგალითად, საფრანგეთი თვეში 200 ევროთი ეხმარება თავის გაჭირვებულ მოქალაქეებს. ვფიქრობ, რაც საფრანგეთის პირობებში 200 ევროა, დაახლოებით იგივეა 200 ლარი საქართველოში.  სხვა ქვეყანებში, ჯერ საერთოდ არ არი ცნობილი, რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს. რა დახმარება ექნება ბიზნესს.  რამდენადაც ცნობილია,  ეს  ანტიკრიზისული გეგმა, შემუშავებული იყო სერიოზულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, სახსრები მოზიდულია, მსოფლიოს მასშტაბის ფინანსური სტრუქტურებიდან. ბუნებრივია ამ რაოდენობის თანხებს, სამ მილიარდნახევარ დოლარზეა ლაპარაკი,  ტყვილ უბრალოდ და უკონტროლოდ არავინ მოგცემს. მით უმეტეს ამ მასშტაბის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ეტყობა დავიმსახურეთ.  ისე ყველაფერი პირობითია, 200 ლარი თვეში ზოგისთვის ფულია, ზოგისთვის არა. სულ არაფერს ეს სჯობია. მეტი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. ისიც რა ქვეყანა დაგვიტოვა  ამ მოყვარულ პროქტოლოგების სექტამ. 

 

 

შევადაროთ ერთმანეთს, 2008 წელის აგვისტოში, საშინელი განსაცდელის ჟამს, როგორ მოკურცხლეს და რა მდგომარეობაში მიატოვეს ქართველი ხალხი ნაცებმა. რამდენი  ადამიანი დაგვეღუპა და რამდენი ადამიანი დაზარალდა მაშინ.  გავიხსენოთ ის 4 მილიარდი დოლარი დახმარებაც, რომელიც ომის მერე გამოუყვეს საქართველოს იმჟამინდელ მთავრობას, ზარალის ასანაზღაურებლად. სად გაქრა ის ფული? ანდა რა დახმარება გაიმეტა იმ ფულიდან ნაცების მთავრობამ ომით გაუბედურებული თანამოქალაქეებისთვის. შევადაროთ დღევანდელი მთავრობის დამოკიდებულება საკუთარი მოვალეობებისადმი და გამოვიტანოთ დასკვნები.  იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზუსტად იმ გამქრალი ფულით ფინანსდებიან დღეს  მაგათი მედიატერარიუმები, გასაგები გახდება ისიც, თუ როგორ გახდნენ მილიარდერები და მილიონერები, ნაცების მთავრობის მინისტრები, პროკურორები და პრემიერ-მინისტრები. პრეზიდენტყოფილზე არ ვლაპარაკობ, მას ხომ დედა აფინანსებს და  ეს საყოველთაოდ ცნობილია. საერთოდ, თვითაღიარების დიდოსტატები არიან. რაც თვითონ აქვთ ნამამაძაღლარი, სხვას აბრალებენ. ნიჭის შეზღუდულობის გამო, ახმოვანებენ იმას  თვითონ რაც აქვთ ჩადენილი.  იმავდროულად ცდილობენ, საკუთარი  ნამოქმედარი „ქართულ ოცნებას“ მიაწერონ.

 

 

- რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის პოლიტიკურ მოტივს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება არ საჭიროებს აკრძალვების ასეთ ზომებს. რამდენად სწორია ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის პოლიტიზირება?

 

 

- შეხედეთ მსოფლიოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ინგლისს, იტალიას, იაპონიას.  ჩვენი მოგონილი ხომ არაა საგანგებო ზომები. შეზღუდვები დაწესებულია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ამ ბნელებს და უმეცრებს სხვა სალაპარაკო არ დარჩათ არაფერი და რაღაცაში ხომ უნდა გამოიყენონ დაგროვილი შხამი. პრობლემები, რომლებსაც ეს შეზღუდვები აჩენს, მოსახლეობას აზარალებს, თუმცა ამავდროულად მთავრობასაც. იმიტომ, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი  მოსახლეობის და ქვეყნის კეთილდღეობაზე თუ სიდუხჭირეზე. ეკონომიკურ თუ სოციალურ ყოფაზე. პირველი, ვინც დაინტერესებულია, რომ შეზღუდვები მოიხსნას და ეკონომიკა ამუშავდეს, ქვეყანა გაცოცხლდეს -  მთავრობაა. ფარისეველი ან რეგვენი უნდა იყო, რომ ეს არ გესმოდეს. ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ეს შეზღუდვები? ხალხს რომ სახლში ჯდომა უწევს, სამსახური რომ არ აქვთ და შემოსავალი გაუჩერდათ? რომელ ჭკუათმყოფელ ხელისუფლებას?!  ადამიანს ტვინი, გონება იმიტომ მისცა ღმერთმა,  რომ ეს ყველაფერი აწონ-დაწონოს და დასკვნა გამოიტანოს. ეს ხომ ძალიან მარტივია. მდგომარეობის დარეგულირებაა ძნელი. თორემ ლაი-ლაი - იცოცხლე...

 

 

- სააკაშვილი ვერ გახდა უკრაინის ვიცე–პრემიერი. მიმდინარე პროცესებს თუ გავითვალისწინებთ, უკრაინის ხელისუფლებას გადაწყვეტილება თითქმის მიღებული ჰქონდა. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმაღლესი რადადან სააკაშვილის დანიშვნის ინიციატივა უკან გაიწვია. რეალურად რა მოხდა, როგორ ფიქრობთ? რატომ ჩაიშალა სააკაშვილის დანიშვნა ვიცე–პრემიერის პოსტზე?

 

 

- არ ვიცი, რა ჩაიშლა და რა არა. უკრაინა დიდი ქვეყანაა. ჩვენ ხალხებს დიდი ხნის სიყვარული და პატივისცემა აერთიანებს. ჩვენ ქვეყნებს წარმატებული 100-წლოვანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს, რომ არაფერი ვთქვათ მრავალსაუკუნოვან კულტურულ ურთიერთობებზე. ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტ ზელენსკის გეგმები სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს სხვა არაფერია, თუ არა  კრიმინალის საერთაშორისო მხარდაჭერა.  შენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, ადამიანი ძალიან მძიმე სახელმწიფო დანაშაულებებზეა მსჯავრდებული და ძებნილი. ამ დროს მისი ხელისუფლებაში, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, პირველ რიგში საკუთარი სახელმწიფოს უპატივისმცემლობაა, საერთაშორისო სამართლის და სახელმწიფოებს შორის ცივილიზებული ურთიერთობების აბუჩად აგდება.  

 

 

ბატონი ზელენსკი ესტრადაზე მყავს ნანახი.  მისი პაროდიები სააკაშვილზე, ზოგი მწარე, ზოგი სასაცილო იყო. მაგრამ სახელმწიფო არაა ესტრადა და არც მინისტრთა კაბინეტი პაროდია. ის, რაც სასაცილოა  სცენაზე, სულ არაა სასაცილო რეალურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი, საკუთარი ქვეყნის მომავალზე  კარგად უნდა  დაფიქრდეს. ერთსა და იმავე ფოცხზე ორჯერ ფეხს,  გონიერი პოლიტიკოსები არ აბიჯებენ. თუ მაინცდამაინც  თავს გადადებს სააკაშვილის გულისთვის, ეს მისი არჩევანი იქნება. ქართული ანდაზაა - „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“... ისე ანდაზის კონტექსტი უხდება შექმნილ ვითარებას. ცნობილია, რომ  სააკაშვილის მთავარი პროტეჟე, ჩვენი ყოფილი თანამემამულე (მიშასი არ იყოს) დავით არახამიაა - უმრავლესობის ფრაქციის თავჯდომარე უკრაინის რადაში. თუ უკრაინა ძებნილი კრიმინალების თავშესაფრად უნდათ აქციონ და მთავრობა მათთვის ნავსაყუდელად, სცადონ... რასაც დათესავენ, იმას მოიმკიან.

right_banner
არქივი
right_banner