logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: 26 მაისს სააკაშვილის ბანდამ ნამდვილი სასაკლაო მოაწყო!
- +

26 მაისი. 2020. 20:19

 

 

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა, „ობიექტივის“ ეთერში 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.

 

 

- ალბათ ძალიან მძიმეა 2011 წლის 26 მაისის გახსენება, თუმცა, გთხოვთ, გაიხსენოთ ის დღე, საიდან დაიწყო ძალიან სასტიკი დარბევა?

 

- ეს არ იყო დარბევა, ეს იყო სასაკლაო და პირდაპირი გამეტება ადამიანებისა! ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ!

 

- დაკავებების სერია იყო თვალშისაცემი. დააკავეს 800-ზე მეტი ადამიანი. 250-ზე მეტი დაიჭრა, გარდაიცვალა არაერთი ადამიანი. თქვენ ესწრებოდით ამ ყველაფერს?

 

- დღევანდელი გადასახედიდან, ეს ყველაფერი სტატისტიკაა, მაგრამ, უშუალოდ მათთვის, ვინც იმ პროცესებში მონაწილეობდა, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, გაცილებით მძიმე გასახსენებელია. ეს იყო სასაკლაო, ხელებშეკრულ ხალხს ქუჩაში აგდებდნენ და სცემდნენ. ამაზრზენი სანახაობა იყო.

 

- დაშავდნენ ადამიანები და მათ შორის თქვენც იყავით... მედიის წარმომადგენლებზეც მიმდინარეობდა თავდასხმა...

 

 

- იქ, მერაბიშვილის და ახალაიას სპეცრაზმელებს  საერთოდ არ ანაღვლებდათ,  ჟურნალისტი და მოქალაქე ვინ იყო. იქ, ცალსახად ყველა მტერი იყო, მათი სახელმწიფო მოწყობისთვის, ავანტიურისტული გეგმებისთვის, სისხლიანი კალოებისთვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის ეჭირა კამერა, ფოტოაპარატი,  მიკროფონი თუ საქართველოს დროშა. იქ მყოფი ნებისმიერი მოქალაქე მათთვის  მტერი იყო.

 

ეს არ იყო მხოლოდ ჯგუფური დარბევა. ინდივიდუალურად მისდევდნენ ადამიანებს. მაგალითად, მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა, ბექა სივსივაძე, როდესაც გავრბოდით, ორი მეტრის მანძილიდან, პირდაპირ, დამიზნებით გვესროდნენ. დიახ, ეს იყო ინდივიდუალურად დაგეშილი ძაღლების მიქსევა ადამიანებზე!

 

- მძიმე დაზიანებები მიიღეთ მაშინ, როგორც მახსოვს...

 

- 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა ბექას და 30-ზე მეტი დაზიანება მქონდა მე. ეს არ იყო მხოლოდ კერძო საექსპერტო ბიუროს დასკვნა. ეს იყო სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ სახელმწიფოს კლანჭებში იყო მოქცეული და ნაბიჯს ვერ დგამდნენ სააკაშვილის ნებართვის გარეშე და მათაც ვერ აუარეს გვერდი რეალობას...

 

ახლაც, მადლობა მინდა გადავუხადო ირმა ინაშვილს, რადგან მისი წყალობით უცხოეთშიც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა უშუალოდ ჩვენს მიმართ განხორციელებულ სადიზმს დაპირადად ბაროზოსაც საკმაოდ მკაცრი რეაგირება ჰქონდა...

 

 

- ეს იყო სასტიკად გასწორება იმ მოქალაქეების მისამართით, რომლებიც წინ აღუდგნენ მაშინდელ ხელისუფლებას. იქ იმყოფებოდნენ ოპოზიციის დეპუტატებიც. ისევე როგორც ახლა, როდესაც აქცია იყო 20 ივნისს, იყო საუბარი, რომ დაშავდნენ დეპუტატები. თუმცა, მაშინდელი ოპოზიციის დეპუტატი კარლო კოპალიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები.

 

 

- მე ვერც შევადარებ 20 ივნისს 26 მაისს, სასაცილოა. 20 ივნისი, რა თქმა უნდა, ტრაგიკული ფურცელია ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილმა ხომ აღიარა, 20 ივნისს ხელისუფლება გამოვიწვიეთ, რომ  ესროლათ ჩვენთვისო. 26 მაისს არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ხელისუფლების მიმართ ძალადობისა.  იდგნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, მათ ჩაუკეტეს ყველა გასასვლელი და როდესაც დავიძარით გასასვლელებისკენ  თავის გადასარჩენად, სწორედ მაშინ დაიწყო შტურმი ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც იქ მყოფ ადამიანებზე.

 

ვერცერთ დარბევას ვერ შევადარებ, ერთადერთი იყო 7 ნოემბერი, სადაც  მიზანმიმართულად დასდევდნენ და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აგდებდნენ ადამიანებს. ნაცისტების ხელისუფლების პიკი იყო 26 მაისს, როცა ყველანაირი რესურსი ამოწურა  ნაცბანდამ და ყველანაირი სიხისტე, სიველურე გამოიჩინეს ადამიანებთან მიმართებაში!

 

სამწუხაროა, რომ 26 მაისის „გმირები“ ყელყელაობენ და დღესაც მორალს უკითხავენ საზოგადოებას. ბევრი მათგანი ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში და დღეს მეორე მხრიდან უკითხავენ მორალს  საზოგადოებას.

 

- დასჯილები არიან თუ არა ის ადამიანები პოლიტიკურად და სამართლებრივად, რომლებიც 26 მაისის და 7 ნოემბრის შემოქმედნი იყვნენ?

 

- როდესაც ვანო მერაბიშვილს კონკრეტულად ამისთვის მიუსაჯეს მინიმუმი, სასაცილოა ამ თემაზე საუბარი. დასჯისას არაა აუცილებელი ვიღაცის ჩამოხრჩობა და ფეხებით დაკიდება, მაგრამ დასჯილია სააკაშვილი?  26 მაისის გამო ბრალდება წაყენებული აქვს? - არა.

 

ახალაიები დასჯილები არიან 26 მაისის გამო?  ან ნებისმიერი ზონდერი, ხელმძღვანელი, 26 მაისს უშუალოდ ვინც გასცა ბრძანება, მითითება ან უშუალოდ მონაწილე იყო ამ სისხლიანი კალოსი,  დასჯილია? სამწუხაროდ, არ არიან  დასჯილები.

 

სამართლიანობაც აღდგება და სამართალიც იზეიმებს, ურმით მოდის სამართალი. იმედს ვიტოვებ, მოვა ის დრო და სამართალი იზეიმებს!

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner