logo_geo
eng_logo
რევაზ კვერენჩხილაძე: უსაფრთხო გარემო, ჯანსაღი კვება და ცოდნის დონის ამაღლება საუკეთესო მკურნალია!
- +

1 ივლისი. 2020. 17:48

 

 

„უსაფრთხო გარემო — ჯანმრთელი მომავლისათვის!“— ამ იდეის გარშემო საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის სახელქვეშ ჟურნალისტებისა და ექიმების გუნდი გაერთიანდა, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად! რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორები და რომელი დაავადებები არ უნდა დაგვავიწყოს კორონავირუსმა? აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ს გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ასოციაცია „გარემოს მედიცინის“ პრეზიდენტი რევაზ კვერენჩხილაძე გვესაუბრება.

 

- ბატონო რევაზ, თვლით თუ არა, რომ ექიმებსა და ჟურნალისტებს ერთად აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებით გარკვეული დაავადებების პრევენცია შეგვიძლია?

 

- ჩვენი თანამშრომლობა საზოგადოების ინფორმირებისა და, შესაბამისად, დაავადებების პრევენციის მიზნით უმნიშვნელოვანესია. მადლობას მოვახსენებ, უპირველეს ყოვლისა, თქვენს გაზეთს აღნიშნული პროექტის ხელშეწყობისა და აქტიური მხარდაჭერისათვის, რომელიც უსაფრთხო გარემოსა და ჯანმრთელი მომავლის იდეას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობა მრავალი კომპონენტისაგან შედგება, სადაც განიხილება არამარტო ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე, არამედ სოციალური მდგომარეობაც. ასევე აღსანიშნავია, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ჯანმრთელობაზე ყველაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ჯანმო-ს მიერ მოცემულია, რომ ჩვენს ჯანმრთელობას გენეტიკური ფაქტორები მხოლოდ 7-10 პროცენტში განსაზღვრავს. დანარჩენი 90 პროცენტი კი დამოკიდებულია იმაზე, რა გარემოში ვცხოვრობთ, როგორი ცხოვრების წესს მივსდევთ, როგორ ვიკვებებით და ა.შ.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მისასალმებელია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის შექმნა, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს დაავადებათა პრევენციის საქმეში, მითუმეტეს, მნიშვნელოვანია ამ საქმეში ისეთი მაღალტირაჟიანი გაზეთის ჩართულობა, როგორიცაა „ასავალ-დასავალი“!

 

- კარანტინის მოხსნის შემდეგ ღია სივრცეებში ხალხმრავლობა შეინიშნება... წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ცხოველების მიერ ფეკალიებით დაბინძურებული გარემო?

 

- ყველა ადამიანმა, ვისაც ჰყავს ცხოველი, უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ფეკალურმა მასებმა არ დააბინძუროს გარემო. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადაეცემა. მაგალითად, ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი და ა.შ. კარგი იქნება, თუ ამ საკითხით საფუძვლიანად დაინტერესდებით.

 

- საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრი გახდა 13 წლის გოგონა, რომელიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ უცხო ძაღლების განავალსაც ნაგვის ურნაში ანთავსებს...

 

- ამ გოგონას საქციელი არის სამაგალითო და სწორედ ასეთ მაგალითზე უნდა აღიზარდონ პატარები. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვასწავლოთ მომავალ თაობას გარემოს სიჯანსაღისა და ჰიგიენის მნიშვნელობა.

 

- საინტერესოა, შეუძლია თუ არა არაჯანსაღ გარემოს, შეცვალოს ფრინველთა და ცხოველთა ქცევა? მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ თბილისში ყვავი თავს დაესხა მოქალაქეებს, რომლებიც მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს...

 

- არაჯანსაღი გარემო, რასაკვირველია, მოქმედებს ყველა ცოცხალი არსების ჯანმრთელობასა და ქცევაზე, თუმცა, ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გახდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყვავის აგრესიულობის მიზეზი. პირადად მე ხუთი წლის წინათ მომსწრე გავხდი იმისა, თუ როგორ დაესხა ყვავი თავს გამვლელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. მაშინ რამდენიმე ადამიანი კლინიკაშიც მოხვდა და თავზე ნაკერების დადება დასჭირდათ. როგორც შემდეგ გაირკვა, ყვავს ბახალა გადმოუვარდა ბუდიდან და იმიტომ იყო აგრესიული. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით დაბინძურებულმა ჰაერმა ან გამოსხივების ზემოქმედებამ შესაძლოა, ცხოველებისა და ფრინველების აგრესიულობა გამოიწვიოს. ასეთი ფაქტები სპეციალისტების მიერ შესწავლის საგანს უნდა წარმოადგენდეს.

 

- ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილია კლინიკები და აფთიაქები. ხალხს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შემოსავლის დიდ ნაწილს სამედიცინო სერვისებში ხარჯავს. რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი ვითარებიდან?

 

- უსაფრთხო გარემო, ჯანსაღი კვება და ცოდნის დონის ამაღლება საუკეთესო მკურნალია. ითვლება, რომ პროფილაქტიკაზე დახარჯული თითოეული თეთრი იძლევა 7-14-ჯერად ეკონომიას. თუკი სამოქალაქო აზროვნება არ შეიცვლება და ადამიანები არ გაიაზრებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას ამ დიდ საქმეში, რასაც პროფილაქტიკური მედიცინა და სამოქალაქო ჩართულობა ჰქვია, პრობლემას ვერ გამოვასწორებთ!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner