logo_geo
eng_logo
მაია ზალდასტანიშვილი: ბორელიოზი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან გვიანი გართულებები ახასიათებს
- +

1 ივლისი. 2020. 18:44

 

 

კორონავირუსის პანდემიამ მოსახლეობას დაავიწყა ბევრი ისეთი დაავადება, რომელიც წლების მანძილზე საფრთხეს უქმნიდა ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ყველაზე მეტად სად და რა ტიპის საფრთხე გვემუქრება წელიწადის ამ სეზონზე, რატომ მოიმატა ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ბორელიოზის შემთხვევებმა და რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად? ამ მეტად საჭირბოროტო თემაზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრი მაია ზალდასტანიშვილი გვესაუბრება:

 

- წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებულია, ვინაიდან მთელი გაზაფხული ადამიანებმა კარანტინსა და თვითიზოლაციაში გაატარეს, ხოლო შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ხალხმრავლობა შეინიშნება სკვერებში, ბაღებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ კორონავირუსი არსად წასულა და არც ის უამრავი საფრთხე გამქრალა, რომელიც წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონს ახლავს. ბოლო ხანებში წინა პლანზე წამოიწია ნაწლავურმა ინფექციებმა და ე.წ. მწერის კბენის შედეგად განვითარებულმა დაავადებებმა.

 

- ქალბატონო მაია, კონკრეტულად რომელი დაავადების შემთხვევებმა იმატა ინფექციურ საავადმყოფოში?

 

- ზოგადად, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში იმატებს ბორელიოზის შემთხვევები და ამ მხრივ არც წლევანდელი ზაფხულია გამონაკლისი. არადა, ბორელიოზი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან გვიანი გართულებები ახასიათებს და შესაძლოა, სავალალო შედეგებით დასრულდეს. ამავდროულად მკვეთრად მოიმატა ისეთი მძიმე დაავადების შემთხვევებმა, როგორიცაა ყირიმ-კონგოს ცხელება. მისი გადამტანია ტკიპა, რომელიც ჯერ დაავადებულ ცხოველს კბენს და შემდეგ - ადამიანს. მოხარული ვიქნები, თუკი თქვენი გაზეთი ამ თემითაც დაინტერესდება.

 

- ამჯერად ბორელიოზის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მკითხველს...

 

- ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ფართოდ გახლავთ გავრცელებული. ინფექციის გადამტანია მცირე ზომის ყავისფერი ტკიპა. ადამიანის ინფიცირება სწორედ მისი ნაკბენით ხდება. გამომწვევი აღწევს ჯერ კანში, შემდეგ — სისხლში და ამ გზით მთელ ორგანიზმში ცირკულირებს. ბორელიოზის გამომწვევი ტკიპა კანზე დიდი ხნით უნდა გაჩერდეს, რომ თქვენი დაინფიცირება მოახერხოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სხეულის ზედაპირზე ტკიპის აღმოჩენისთანავე მოხდეს მისი მოცილება. უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი სწორად მოცილების წესის დაცვა, რაც ამცირებს ბორელიოზით ინფიცირების რისკს.

 

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ბუნებაში გასეირნების შემდეგ ჩვენს სხეულზე ტკიპას აღმოვაჩენთ?

 

- თუკი ტკიპას პირველივე საათებში აღმოაჩენთ, ფრთხილად უნდა მოიცილოთ კანიდან და ამოძრობისას არ გაჭყლიტოთ, რადგან  პათოგენურ მიკროორგანიზმებს მის სანერწყვე ჯირკვლებში უდევს ბინა. ბორელიოზის გამომწვევი კონცენტრირდება ტკიპის თავში, რომელიც მოგლეჯისას ხშირად ჭრილობაში რჩება. სასურველია, ტკიპის ზედაპირზე დაასხათ ზეთი, რაც მას მოადუნებს, სუნთქვის საშუალებას წაართმევს და უმოძრაოს გახდის. შემდეგ კი ზედმეტი ძალდატანების გარეშე, წრიული მოძრაობით უნდა ამოქაჩოთ და სცადოთ მისი მოცილება. თუ ტკიპის ნაწილი, წესების დაცვის მიუხედავად, ჭრილობაში დაგრჩათ და შავი წერტილის მსგავსი ლაქა დაგიტოვათ კანზე, ასეთ დროს უმჯობესია, სამედიცინო დაწესებულებაში მიბრძანდეთ. ზოგჯერ იმდენად რთულდება ტკიპის სხეულის ზედაპირიდან ამოძრობა, რომ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა და ნაკბენის მიმდებარე ქსოვილის ამოკვეთა.

 

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც შვილები სასეირნოდ მიჰყავთ და სად უფრო მაღალია ინფიცირების საფრთხე?

 

- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ღია სივრცეებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე სეირნობისას. ჩვენ გვაქვს ე.წ. ენდემური კერები, სადაც ხშირია ბორელიოზით დასნებოვნების შემთხვევები. ასეთ კერებად ითვლება კუს ტბა, ლისის ტბა, წყნეთის მიმდებარე ტერიტორია, არცთუ იშვიათია შემთხვევები დასავლეთ საქართველოშიც...

ეცადეთ, ბავშვი არ დასვათ გამწვანებაზე საფენის გარეშე და აუცილებლად ჩააცვით დახურული ტანსაცმელი — გრძელი შარვალი და მაისური.

 

გაითვალისწინეთ, რომ ტკიპები და მწერები, თუნდაც ლეიშმანიოზის გამომწვევი ფლებოტომუსები განსაკუთრებით დაბინდებისას აქტიურდებიან. სახლში მოყვანისთანავე ბავშვი აბანავეთ და საგულდაგულოდ დაუთვალიერეთ სხეული, რაც ბორელიოზის გარკვეულ პროფილაქტიკას წარმოადგენს.

 

უმნიშვნელოვანესია იმ ბიზნესმენებისა თუ სახელმწიფო ინსტიტუტების როლი, ვის მფლობელობაშიც არის გამწვანებული ტერიტორიები და სკვერები! აუცილებელია, ღამით მოხდეს მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით ტერიტორიის დამუშავება. ყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და შექმნას ჩვენი მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემო.

 

რადგან ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანი მოძრაობს რეკრეაციულ ზონებში, საჭიროა, ყოველ საღამოს მოხდეს დასუფთავების სამუშაოების ჩატარება სწორი წესით, პროფესიონალთა რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით!

 

- სხვათაშორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა, რომელიც, წესით, უნდა დაინტერესებულიყო საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის შეთავაზებით, გაურკვეველი მოტივით უარი გვითხრა ქართველ ექიმებსა და ჟურნალისტებს, ჩაგვეტარებინა საჩვენებელი დასუფთავების აქცია, რათა პროფესიონალ ექიმებთან ერთად კიდევ ერთი კეთილი ნაბიჯი გადადგმულიყო. იქნებ „ასავალ-დასავალის“ საშუალებით მაინც მივცეთ მითითება გარემოს დაცვის სამსახურს და ყველა იმ კერძო პირს, რომელთა დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე ჩვენი შვილები შეიძლება დასნებოვდნენ. დარწმუნებული ვარ, გარემოს დაცვის სამსახურის მხრიდან ჩვენი და პროფესიონალი ექიმების იგნორირების ფაქტი თბილისის სანიმუშო მერის კახა კალაძისათვის უცნობია!

 

- ჩემი და ყველა ინფექციონისტის რეკომენდაცია იქნება, უფლებამოსილმა სტრუქტურებმა აიღონ პასუხისმგებლობა და სპეციალური ხსნარებით უზრუნველყონ მეტალის ზედაპირების, სკამების, სასრიალოების, საქანელების, ყველა იმ საგნის დამუშავება, სადაც ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების ხელი ეხება. ეს დამატებით დაგვიცავს არამარტო კორონავირუსის საფრთხისაგან, არამედ ყველა იმ მიკრობისგან, რომელმაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩვენი ინფიცირება შეიძლება გამოიწვიოს.

 

ძალიან დასანანია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახური სწორად ვერ ჩასწვდა ჩვენი პროფესიონალებისა და ჟურნალისტების შეთავაზების არსს, რომელიც საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და დაავადებების პრევენციას ემსახურება ამ მძიმე პერიოდში — კორონავირუსის პანდემიის დროს.

 

- დავუბრუნდეთ ბორელიოზის თემას... აღგვიწერეთ, როგორია ინფექციის ორგანიზმში შეჭრიდან მისი მოქმედების მექანიზმი და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

 

— აღნიშნულ დაავადებას განვითარების სამი სტადია გააჩნია. პირველ  სტადიაზე სიმპტომები ვითარდება ტკიპის კბენიდან დაახლოებით ერთ კვირაში და შესაძლოა, ერთ თვემდე გაგრძელდეს. ნაკბენ ადგილას ჩნდება დამახასითებელი მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სიცხე, საერთო სისუსტე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი. თუკი დაავადებული დროულად მიმართავს ექიმს და დაიწყება სპეციფიკური მკურნალობა, თავიდან იქნება აცილებული ისეთი სერიოზული გართულებები, რომლებიც ბორელიოზს მომდევნო სტადიებზე ახასიათებს.

 

- რა ტიპის გართულებებს გულისხმობთ და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ჩვენი ჯანმრთელობა უბრალო ტკიპის ნაკბენმა?

 

- კბენიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ პაციენტს შესაძლოა, განუვითარდეს ართრიტი, ანუ სახსრების ანთება, დაეწყოს სახსრების ტკივილი და ჩამოუყალიბდეს გულისა და ნერვული სისტემის მხრივ გართულებები. დაავადების ამ ეტაპზე შესაძლოა, ადამიანს გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, სისუსტე, დისკომფორტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვნება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი,  ასეპტიკური მენინგიტი, სახის ნერვის დამბლა და პერიფერიული ნევროპათიები. უფრო გვიან ეტაპზე კი, რომელიც თვეების ან წლების შემდეგ იწყება, სახეზე გვაქვს ქრონიკული ართრიტები და ზოგიერთ პაციენტში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებიც კი. არანამკურნალები პაციენტების უმრავლესობას უვითარდება სახსრების მძიმე დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ ბორელიოზი საკმაოდ სერიოზული და მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, დროული მკურნალობის შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე მისი განკურნება სავსებით შესაძლებელია!

 

- რამდენად რთულია ბორელიოზის დიაგნოზის დასმა?

 

- პროფესიონალი ინფექციონისტებისათვის, რომელთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის დიდი ტრადიციების მქონე ინფექციური საავადმყოფო, ბორელიოზის დიაგნოზის დასმა და მისი სწორი მკურნალობა პრობლემას არ წარმოადგენს. ბორელიოზის დიაგნოზი ადრე მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ისმებოდა, ამჟამად კი გაგვაჩნია დიაგნოზის ლაბორატორიულად განსაზღვრის შესაძლებლობა.

 

- დაბოლოს, როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები ჩვენი ორგანიზაციის — საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და კონკრეტულად „ასავალ-დასავალის“ მისამართით, რომელიც პროექტის „უსაფრთხო გარემო — ჯანმრთელი მომავალი“ ექსკლუზიური მხარდამჭერია?

 

- უპირველეს ყოვლისა, მივესალმები ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც ხალხის სასიკეთოდ და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება. ჟურნალისტებსა და ექიმებს ნამდვილად დიდი როლი გვაკისრია დაავადებების პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს პროპაგანდის საქმეში. ჩემი, როგორც ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგის, რეკომენდაცია იქნება, ხშირად დაინტერესდეთ ისეთი მნიშვნელოვანი დაავადებებით, როგორიცაა: შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები, ნაწლავთა ინფექციები, მენინგიტები, ყირიმ-კონგოს ცხელება, ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი, ტეტანუსი, კატის ნაკაწრის დაავადება, ბოტულიზმი, მონონუკლეოზი, ჰერპესული ინფექცია და სხვა რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე იქნება, თუკი საზოგადოებას ყველა იმ უხილავი მტრის შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, რომელიც ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება, დაემუქროს!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner