logo_geo
eng_logo
თემურ ხაჩიშვილი: ზვიადმა დროში გაგვისწრო! ბოკერია და რურუები წარმოადგენდნენ „მხედრიონის“ მანკიერ მხარეს!
- +

4 ივლისი. 2020. 15:19

 

 

 

 

„მხედრიონის“ ლიდერთან, გენერალ თემურ ხაჩიშვილთან ეს ინტერვიუ 2014 წლის ოქტომბერში ჩავწერე, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებამ თავიდან უნდა წაიკითხოს ბატონი თემურის პოზიცია ნაცების ლიდერებზე – ბოკერიაზე და გიორგი რურუაზე, რომლებმაც ფეხი სწორედ „მხედრიონში“ აიდგეს“, – წერს ჟურნალისტი ზაზა დავითაია და  თემურ ხაჩიშვილთან თავის ძველ ინტერვიუს აქვეყნებს:

 

– ძალიან შემაშფოთა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით აშშ-ის ელჩის განცხადებამ, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავლისკენ კი არა, წარსულისკენ მიემართება. ამ გაცხადების ქვეტექსტში მე პირადად არა მხოლოდ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის — ამერიკელთა მიერ გამოტანილი სასტიკი განაჩენი ამოვიკითხე! თურმე, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, წარსულისკენ ვიცქირებით. თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა აიკრძალოს, ხალხისთვის წაგლეჯილი ფული არ უნდა ჩამოერთვათ და ყოველნაირად ხელი უნდა შეეწყოთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში! პოლიტიკოსები იშვიათად კითხულობენ ასეთ განცხადებებში ქვეტექსტებს, მაგრამ ყველა საფუძველი მაქვს, დავასკვნა, რომ საქართველოს უმძიმესი პერიოდი ელოდება. საზოგადოებამ უნდა შეძლოს ძალების მოძიება და მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება. ასეთი განაჩენისა და საჯარო კითხვა-პასუხის მიღმა არსებობს გარკვეული შეკვეთები, რასაც მოქმედებები მოჰყვება. მარგველაშვილი შემთხვევით არ გამხდარა პრეზიდენტი, შემთხვევით არ ემლიქვნელებოდა ივანიშვილს. ეს იყო მომავლისთვის შექმნილი ნაღმი, რომელიც ქართულ ხელისუფლებაში ჩანერგეს, რათა მას დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ ჰქონოდა. სააკაშვილს ერთი ნაბიჯი გადაუდგამს აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. სწორედ ამერიკელებმა დააფინანსეს 2008 წლის აგვისტოს ომი, ხოლო შემდეგ იძულებული გახდნენ, სააკაშვილი დროებით გამოეყვანათ თამაშიდან და ხელისუფლება შეეცვალათ, თუმცა, ამ ხელისუფლებაში ერთადერთი ქართველი, ვისთვისაც მიუღებელია ავანტიურები, ვინც ეკლესიის და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტისთვის გულწრფელად იღვწის, არის პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც შეძლო, რომ საქართველოსთვის აერიდებინა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა.

 

– ნუთუ, ღარიბაშვილი ხელისუფლებაში მარტოსულია?

 

— მის გარშემო საბოტაჟია. საგარეო საქმეთა, ასევე ევროინტეგრაციის მინისტრების მოღალატური პოლიტიკის შედეგია ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც დაფიქსირებულია, რომ ახალ ხელისუფლებას, თურმე, პოლიტპატიმრები ჰყავს. შეიძლება, სულაც არ ესიამოვნოს ღარიბაშვილს, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ, ფაქტობრივად, ის არის მძევალი, ხოლო ქართველი ხალხი მოვლენებში კი არ მონაწილეობს, მაყურებლად არის დარჩენილი. დღეს კრიზისი რომ დაიწყოს, მთავრობა იმას კი არ გააკეთებს, რასაც მოსთხოვს ქართველი ხალხი, არამედ მოიქცევა იმგვარად, როგორც აშშ-ის ელჩი მიუთითებს. პარალელურად, აქტიურდება ოპოზიციად შერაცხილი ბანდა –– „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სათავეში გიგა ბოკერია უდგას და მთავარი იდეოლოგის ფუნქციებსაც ითავსებს. ამ ბანდას გააჩნია სატელევიზიო არხები, უზარმაზარი ფინანსური რესურსი და აქვს დასავლური რეაქციული წრეების მხარდაჭერა.

 

– ბატონო თემურ, რა პოლიტიკურ წიაღში იშვნენ ამ ბანდის ლიდერები?

 

-„მხედრიონში“ ჩამოყალიბდნენ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით. პირველ რიგში, გიგა ბოკერია, ასევე ძმები რურუები, მამა-შვილი გაბაშვილები და სხვები. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენდნენ „მხედრიონის“ იმ მანკიერ მხარეს, რასაც საზოგადოება გმობდა. მე არ მსმენია პატიოსანი, და იმავდროულად, ფულიანი არც მხედრიონელი, არც ზვიადისტი. პირადად მე –– მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ვიმუშავე, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩემი მატერიალური მდგომარეობა უმწვავესია იმ ფონზე, როცა უღირსი მხედრიონელები ფული შოვნაზე იყვნენ ორიენტირებულნი და დღეს უზრუნველად ცხოვრობენ. პირველი პოლიტიკური წრთობა მათ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებში მიიღეს. მაგალითად, ბოკერია სასტიკად არბევდა ზვიადისტებს. მან პირადად დააპატიმრა თბილისში ზვიადისტების მხარდასაჭერად ჩამოსული რუსი დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია… ვაცნობიერებ, რომ მეც მეკისრება ამ დარბევების გამო პასუხისმგებლობა, როგორც „მხედრიონის“ ხელმძღვანელს…

 

– ნანობთ, ზვიად გამსახურდიას რომ დაუპირისპირდით?

 

– ზვიად გამსახურდია უდიდესი პიროვნება იყო, რომლის მსოფლმხედველობის გენიალობა ორი მთავარი ნაწილისგან შედგება: გააღვიძა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და მანვე პირველმა ამხილა დასავლეთის იმპერიალისტური ზრახვები სამშობლოსთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ მასთან ბრძოლაში ვიყავით ჩაბმულები და ეს სიდიადე ვერ გავიაზრეთ. თუმცა, ბატონი ზვიადისთვის მე ხელის გაწოდება არ დამიკლია. უამრავი შეცდომის მიუხედავად, გამსახურდია სუფთა, პატიოსანი კაცი იყო. მე მას შევუთვალე, თუ ჯაბა იოსელიანს გაათავისუფლებ, თუნდაც ის მერე წინააღმდეგი იყოს, „მხედრიონის“ ძირითად ნაწილთან ერთად შენს გვერდით დავდგები-მეთქი. პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებდი საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, მოლაპარაკება ვერ შედგა, რის გამოც მე პიროვნულადაც აღარ გადავსულვარ ზვიადის მხარეს. „მხედრიონი“ ზვიადის მხარეს რომ გადასულიყო, საბედისწერო შეიარაღებული დაპირისპირებაც აღარ მოხდებოდა და საქართველოს ბედიც სხვაგვარად წარიმართებოდა… რაც მეტი დრო გავა, ზვიადი საქართველოში მით მეტად დაფასდება. სინანულით მართლა ვნანობ, რომ ამდენი ვირთხა გამისხლტდა ხელიდან, რომლებიც თავის დროზე უნდა შემემჩნია. ჯობდა, ამ ვირთხებისთვის თავის დროზე მიმეჩინა ადგილი.

 

ზვიადის სახელის უკვდავსაყოფად არ არის საკმარისი, აეროპორტს მისი სახელი ეწოდოს. სპეციალისტებმა უნდა შექმნან ეროვნული იდეოლოგიის სახელმძღვანელო, რომელიც ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილებს, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს – „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, ზვიად გამსახურდიას ნაწარმოებებს – „საქართველოს სულიერი მისია“ და „კაცობრიობა დილემის წინაშე“, ასევე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადაგებებს დაეყრდნობა.

 

ეს სახელმძღვანელო უნდა გახდეს სკოლებში სასწავლო საგანი. ფაქტობრივად, რაც საბჭოთა წყობა გადავარდა, საქართველოს არ ჰქონია იდეოლოგია. სწორედ ასეთი იდეოლოგია არის აუცილებელი სახელმწიფოსთვის.

 

– სენსაციური აღიარებაა! ბატონო თემურ, წარმოიდგენდით ოდესმე, რომ ამ სიტყვების თქმა მოგიწევდათ?

 

– სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვერ გავუგეთ ზვიადს, როდესაც პირველმა შეამჩნია დასავლური იმპერიალიზმის ბოროტი სახე. რუსეთის წინააღმდეგაც იმიტომ წავიდა ზვიადი, რადგან მისი ლიდერი ელცინი – დასავლეთის იმპერიალისტური იდეოლოგიის ტყვე იყო. ჩვენ ზვიადმა დროში გაგვისწრო. დღეს სამყარო იმგვარად ვითარდება, რა პროგნოზებიც ზვიადმა ივარაუდა.

 

მაშინ არ გვესმოდა, რასაც ზვიადი ამბობდა და, სამწუხაროდ, მას დავუპირისპირდით. ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოს სტრატეგიული გზა და მისია სწორედ ზვიად გამსახურდიამ გაიაზრა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩვენ ვერ შევაფასეთ!

 

ირაკლი ღარიბაშვილსაც ელოდება საკუთარ ხელისუფლებაში მსგავსი განხეთქილება, რაც ზვიადის ხელისუფლებაში მოხდა. მაშინ ვერ შევძელი ბარიერების გადალახვა და ზვიადის გვერდით დავმდგარიყავი. ახლა ამ შეცდომას აღარ დავუშვებ და ნებისმიერ ფასად შევეცდები, პრემიერს მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღემდე მენდობა!

 

– რომ მოგეცეთ პრემიერთან მიახლოების და რჩევის მიცემის საშუალება, რას ურჩევდით გადატრიალების პრევენციის მიზნით?

 

— დაუყონებლივ უნდა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება! შეხედეთ, ქართველ საზოგადოებას აზრის გამოსახატად ტრიბუნაც კი არა აქვს, იმ ფონზე, როცა ნაცების ხელში რამდენიმე ტელევიზია მძლავრი პროპაგანდის იარაღად რჩება! 2 წლის შემდეგ არჩევნებია, თუმცა, მანამდე ბევრი პროვოკაცია გველის. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას მისივე „თანაგუნდელები“ უახლოეს მომავალში შეეცდებიან და საზოგადოებამ უნდა შეძლოს მისი დაცვა. სამწუხაროდ, ნაციონალები და მათთან იდეურად ახლოს მყოფი ოცნებელები მძლავრი მატერიალური რესურსებით არიან აღჭურვილნი, იმ ფონზე, როცა ქართველი საზოგადოება არაორგანიზებულია და დაქსაქსულია. როცა კრიზისი დაიწყება და ნაცები საბოლოო მოლაპარაკებას გამართავენ მარგველაშვილთან, ფანჯიკიძესთან, უსუფაშვილთან, ალასანიასთან, მათგან მოითხოვენ, კრიზისის აღმოფხვრის მიზნით ღარიბაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილონ და თანხმობასაც უმალ მიიღებენ! ამ დროს ღარიბაშვილი მხოლოდ ქართველი საზოგადოების იმედად დარჩება! ამიტომ პრემიერმა დროულად უნდა იზრუნოს, რათა ქართველი ეროვნული და სამოქალაქო საზოგადოება დაახლოებით თანაბარ პირობებში ჩააყენოს ნაცებთან, მათ მიერ კონტროლირებად არასამთავრობოებთან და ფინანსურ რესურსებთან მიმართებაში!

 

– რას გულისხმობთ?

 

– თუ ვერ ახერხებენ, ნაცებს და მათ სატელიტებს გადაუკეტონ ფინანსური წყაროები, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეგვიშვან სახელმწიფო სტრუქტურებში და ჩვენ მოვახერხებთ ამას! თუ ესეც არ შეუძლიათ, დაე, დაფინანსებების გზები გამოძებნონ სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც, ვინც უცხოეთიდან ნასაზრდოები ნაცები უნდა დააბალანსონ, ნაცების მიერ ქონებაწართმეულ ბიზნესმენებს დაუბრუნონ საკუთრება და ამ ბიზნესმენების უმრავლესობა ნებაყოფლობით დააფინანსებს სამოქალაქო საზოგადოებას! ბოლო კაპიკს ჩადებენ იმისთვის, რომ სააკაშვილი და ნაცები ხელისუფლებაში აღარასოდეს დაბრუნდნენ! სწორედ, იმიტომ ვლაპარაკობ საბოტაჟზე, რომ ხელისუფლება არ ზრუნავს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე! თუ ღარიბაშვილი დროულად არ მიიღებს ამ მიზნით ზომებს, მას ვეღარ გამოექომაგება სამოქალაქო საზოგადოება, როცა თანაგუნდელები და რევანშისტული ძალები ხელისუფლებიდან მის გაძევებას დააპირებენ! დამატებით იმასაც გეტყვით, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოხატოს ნება და აკრძალოს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ქმედებები აშკარად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სახელმწიფო ძლიერების წინააღმდეგ არის მიმართული.

 

უნდა მოიწვიონ ექსპერტთა ჯგუფები და შექმნან კანონები, რის საფუძველზეც აიკრძალება რეზიდენტული დაჯგუფებების არსებობა. წარმოიდგინეთ, უშიშროება მე მითვალთვალებს, რომელიც ღიად ვაფიქსირებ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მიმართ მხარდაჭერას, ამ რეზიდენტულ ჯგუფებს კი მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს! რატომ არ სჯიან „თავისუფალ ზონას“, როცა ისინი აშკარად არღვევენ კანონს, ლახავენ მოქალაქეთა საკუთრების და გამოხატვის უფლებას, როცა ადამიანებს ე. წ. „გეორგიევსკის ლენტებს“ გლეჯენ მკერდიდან? თუ ამ ლენტის ტარება არ შეიძლება, მაშინ კანონში ჩაწერონ!

 

- თქვენ ვარაუდობთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამერიკიდან უკვე ღარიბაშვილის მოსაცილებელი სპეციალური გეგმით აღჭურვილი დაბრუნდება?

 

– რა თქმა უნდა! მას გეგმას და ინსტრუქციებს გამოატანენ! ნაცების მიერ ხალხისთვის წართმეული ქონებიდან ჯერ კაპიკიც არავისთვის დაუბრუნებიათ. მთელი ეს ფული საქართველოს, ღარიბაშვილის და ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს. ასეთ სიტუაციაში მოსალოდნელია, საპარლამენტო არჩევნებიც კი წააგონ „ოცნებამ“ და ქართველმა საზოგადოებამ.

 

წარმოიდგინეთ, ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აფინანსებდა, დღეს კვლავ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობენ და რეჟიმის ნარჩენების დაფინანსებას აგრძელებენ. სააკაშვილიც მშვიდად ზის ამ ბიზნესმენების წილებში. 2 წელია, ეს უკანონო რესურსები არ გადაკეტილა!

 

– ღმერთმა ნუ ქნას და, მართლაც რომ დაიწყოს ღარიბაშვილის ჩამოშორების საბოლოო კამპანია, თქვენი როლი როგორ წარმოგიდგენიათ?

 

– ხელისუფლებას ბოლომდე გააზრებული რომ ჰქონდეს საფრთხე, რაც მათ და მთელ საქართველოს ელოდება, ბოკერიაც, ბენდუქიძეც, სარფში სააკაშვილთან შესახვედრად ჩასული მთელი „ბრიაშკაც“ ციხეში უნდა ისხდნენ ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ბრალდებით! ისინი ხომ არც მალავენ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები ესადაგება!

 

მე უახლოეს მომავალში ვაპირებ პოლიტიკური აქტივობის დაწყებას, იმის მიუხედავად, რომ ჩემი ყველა ბინა ბანკში ჩადებულია და არანაირი საარსებო სახსრები არ გამაჩნია. ვაპირებ, გავაერთიანო ყველა ის ადამიანი, ვინც ხელისუფლებამ მსგავს მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ბრძოლის მთავარი მიზნები, ნაცების განეიტრალებასთან ერთად იქნება სოციალური მდგომარეობის შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უკვე 2 წელია საქართველოში ვარ. სამართალდამცავებს ჩემს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბრძოლის დაწყებისთანავე ჩემს წინააღმდეგ დაიწყება კარგად დაფინანსებული, ცილისმწამებლური კამპანია. ეს არაფერი… ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში სოციალური პრობლემაც და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც თვეებში გადაწყდება, ლტოლვილები უკლებლივ დაუბრუნდებიან საცხოვრებელ კერებს.

 

საამისო დოქტრინა მზად მაქვს. დარწმუნებული ვარ, როგორ კი მობილიზაციას გამოვაცხადებ, აუცილებლად მოვა ხალხი ამ ბრძოლაში. ჩემი საუკეთესო მოკავშირეები სწორედ ის ზვიადისტები გახდებიან, რომლებსაც პირველი პრეზიდენტის იდეალებისთვის და მსოფლმხედველობრივი გზისთვის არ უღალატიათ. ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის და მისი ბანდის უკან მობრუნებას. ბოლო კაპიკის ჩათვლით მოვატანინებთ, რაც ხალხს და ქვეყანას წაართვეს და დედასაც ვუტირებთ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

„ასავალ დასავალი“

2014 წლის ოქტომბერი

 

 

right_banner
არქივი
right_banner