logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს აგრძელებს!
- +

24 ივნისი. 2016. 14:34


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩაფიძემ, „რეპორტიორს" განუცხადა, არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ქართული ოცნებას"  90-95 დეპუტატი ეყოლება.  ჩაფიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლებელია 5%-ანი ბარიერი ვერ გადალახოს, რადგან სხვა ოპოზიციურ ძალებს საზოგადოებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ. 


- როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  „ქართულ ოცნებას" პარლამენტში რამდენი დეპუტატი ეყოლება? რომელ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი?


- ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნება" შთამბეჭდავ გამარჯვებას მოიპოვებს. 90-95 დეპუტატი ეყოლება პარლამენტში. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათი რეიტინგიდან გამომდინარე, არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც აქვთ შანსი, გადალახონ ბარიერი. ყველაფერი დამოკიდებულია ბოლო სამ თვეზე. როგორ პროგრამებს ჩამოაყალიბებენ, როგორ შეხვდებიან  ამომრჩევლებს.


- როგორ ფიქრობთ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩება?

 

- „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა ვეღარ იქნება, ეს არის არსებული რელობა. სხვა ოპოზიციური ძალები გაცილებით პოპულარულები არიან საზოგადოებაში, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა". საერთოდ, დარწმუნებული არ ვარ საარჩევნო ბარიერს თუ გადალახავენ. 


- რამდენად მშვიდ გარემოში ჩაივლის საპარლამენტო არჩევნები? გაკეთდა განცხადებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, პროვოკაციები განახორციელოს. რა ბერკეტები გააჩნია ხელისუფლებას, რომ არჩევნებზე დაპირისპირება არ მოხდეს?


- ნებისმიერი პროვოკაცია უნდა იქნეს აღკვეთილი. „ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციით მოვიდა ხელისუფლებაში და ამ გზას აგრძელებს. ბევრ მეთოდს გამოიყენებენ სიტუაციის ასარევად, მაგრამ ეს მეთოდები არ გაამართლებს, რადგან გვყავს ძლიერი სამართალდამცავები, რომლებიც ამ პროვოკაციებს აღკვეთენ. საარჩევნო კანონმდებლობის გამკაცრება და პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხელს შეუწყობს, რომ არჩევნებზე დაპირისპირებას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს.

 

- გაკეთდა განცხადებები, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გადადების პროცესი საქართველოს საშინაო პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს პროცესი დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან?


- ევროპაში ერთხმად აღიარებენ, რომ  ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით დიდი მიღწევები გვაქვს. პარლამენტიც ყოველდღე მუშაობს, რომ ქართული კანონმდებლობა ჰარმონიაში მოიყვანოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან მიმართებაში. წარმატებით შევასრულეთ ყველა დავალება, რაც ამ გზაზე გვქონდა. საშინაო ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროცესის მთავარი შემაფერხებელი გახდა პრობლემები, როგორიცაა დევნილების რაოდენობის სიჭარბე და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებას.



 

right_banner
არქივი
right_banner