logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: „ბატკა“ არც იანუკოვიჩია და არც სარქისიანი, მისი დამხობა ადვილი არ იქნება!
- +

26 აგვისტო. 2020. 19:34

 

 

ქართველი ანალიტიკოსისა და მეცნიერის, პროფესორ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ბელარუსის საშინაო საქმეებში რუსეთი ერევა და იმ საპროტესტო აქციების უკან, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ლუკაშენკოს დამხობას, სინამდვილეში პუტინი დგას:

 

– ბელარუსში ფერადი რევოლუცია, როგორც ჩანს, არა დასავლური, არამედ რუსული სცენარით მიმდინარეობს. ეტყობა, ფერადი რევოლუციების მოწყობა რუსებმაც ისწავლეს... ალბათ, ამიტომ იყო, რომ 2013 წელს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და სამხედრო დოქტრინაში ფერადი რევოლუციებისა და ჰიბრიდული ომების წარმოების კონცეფცია საგანგებოდ ჩაწერეს. რუსებმა ნიკოლ პაშინიანი ხელისუფლებაში სწორედ ფერადი რევოლუციის გზით მოიყვანეს, რადგან სერჟ სარქისიანმა ევროკავშირთან გააბა რომანი, ხოლო ჰიბრიდული ომით რუსეთმა უკრაინა საშინელ ქაოსსა და უბედურებაში გახვია...

 

– მაინც რისთვის სჯის პუტინი ლუკაშენკოს?

 

– ლუკაშენკოს საქმე რომ კარგად ვერ ექნებოდა, 2020 წლის 9 მაისს გამოჩნდა, როცა „ბატკა“ თავის ვაჟთან ვიქტორთან ერთად მოსკოვში გამარჯვების სამხედრო პარადზე დასასწრებად ჩავიდა, მაგრამ პუტინმა უმაღლეს ტრიბუნაზე არ აუშვა და ქვემოთ ალოდინა.

 

ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ის ხანგრძლივი და დაუნდობელი ომია, რომელიც ლუკაშენკოსა და რუსეთის უმაღლესი მმართველი ელიტის ლიბერალების კლანს შორის მძვინვარებს!

 

– ვინ არიან ამ კლანის წარმომადგენლები?

 

– რუსეთის პოლიტიკური ვერტიკალი სულ რვა კლანისგან შედგება. ყველაზე გავლენიანია ე.წ. სილოვიკების კლანი, რომელსაც წარმოადგენენ: იგორ სეჩინი, ვიქტორ ივანოვი, ნიკოლაი პატრუშევი და ალექსანდრე ბორტნიკოვი – „ფეესბეს“ მოქმედი დირექტორი. მეორეა სამხედროების კლანი, რომელსაც სერგეი შოიგუ და დიმიტრი როგოზინი განასახიერებენ მესამეა სანკტ–პეტერბურგის, ანუ ლიბერალების კლანი ანატოლი ჩუბაისის, მიხაილ ფრიდმანის, პიოტრ ავენის, სერგეი კუდრინისა და დიმიტრი მედვედევის შემადგენლობით. მეოთხეა ფედერალებისა და ოლიგარქების კლანი, რომელსაც რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკა წარმოადგენენ. ამავე კლანს შეიძლება მივაკუთვნოთ რამზან კადიროვიც. მეხუთეა პარტოკრატების კლანი. მეექვსე – ტექნოკრატების კლანი, მეშვიდე – პუტინის პირადი გვარდია, ანუ კოოპერატივი „ტბა“, რომელსაც წარმოადგენენ: ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, ძმები არკადი და ბორის როტენბერგები, იური და მიხეილ კოვალჩუკები და ვლადიმერ იაკუნინი. მერვე გახლავთ ულტრანაციონალისტების კლანი, რომლის ლიდერებიც ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი და ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე დუგინი არიან.

 

თითოეული ეს კლანი აკონტროლებს უზარმაზარ კორპორაციასა და სამრეწველო კომპლექსს. მაგალითად, ლიბერალების კლანი, რომელთანაც ლუკაშენკო დიდი ხანია დაპირისპირებული, აკონტროლებს „გაზპრომს“, „როსატომს“, „როსნანოს“... „სილოვიკები“, რომელთანაც ლუკაშენკოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, აკონტროლებენ „როსნეფტს“, ალუმინის ბიზნესს, რამდენიმე სამრეწველო კომპლექსს და ა.შ.

 

– რა გახდა ლუკაშენკოსა და ლიბერალების კლანის დაპირისპირების მიზეზი?

 

– დაპირისპირება დაიწყო დიდი ხნის წინათ, როცა „გაზპრომმა“ ტარიფების აწევა მოინდომა და ლუკაშენკო შეეწინააღმდეგა. მაშინ ბელარუსსა და რუსეთს შორის ნამდვილი ენერგეტიკული ომი დაიწყო. ლუკაშენკოს რუსეთთან ურთიერთობა განსაკუთრებით მედვედევის პრეზიდენტობის დროს გაუფუჭდა, რომელიც სწორედ ლიბერალების კლანის წევრია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლუკაშენკომ ანატოლი ჩუბაისს ერთხელ ლამის დედაც კი აგინა და მედვედევთან ერთად ბელარუსის მტრად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ლუკაშენკოს ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და აქტიური ფიგურანტი გახლავთ ვიქტორ ბაბარიგო, რომელიც რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის „ბელგაზპრომბანსი“ დირექტორი იყო, ხოლო ბელარუსში ოპოზიციის რეალური ლიდერი არის არა სვეტლანა ტიხანოვსკაია, არამედ მარინა კოლესნიკოვა, რომელმაც ოპოზიციის მთავარი საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა. იცით, მარინა კოლესნიკოვა ვინ იცის? ეს ქალბატონი ვიქტორ ბაბარიგოს საპრეზიდენტო შტაბის უფროსი იყო...

 

– ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო რუსეთს ემსახურება!

 

– დიახ სწორედ ამას ნიშნავს, რადგან მარინა კოლესნიკოვას შტაბმა უკვე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ბელარუსის საგარეო პოლიტიკური კურსისა და კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად არ იბრძვის! განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლუკაშენკოს სინამდვილეში რუსეთი ებრძვის? გაითვალისწინეთ ისიც, რომ საპროტესტო აქციების დაწყების წინ ბელარუსში ძალიან საეჭვო ვითარებაში გამოჩნდნენ „ვაგნერელები“, რომლებიც დააპატიმრეს. ცნობისთვის, ბელარუსში უკვე შამჩნიეს ვლადიმერ პუტინის „მწვანე კაცუნებიც“ – თავზეხელაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც თავის დროზე ყირიმი დაიკავეს. ოღონდ ვის მხარეზე არიან ეს „მწვანე კაცუნები“ - ლუკაშენკოს თუ ოპოზიციის – ჯერ არავინ იცის!

 

საერთოდ, ლუკაშენკო ძალიან ცბიერი და გამოცდილი პოლიტიკოსია და ამ თვალსაზრისით პუტინსაც კი სჯობნის. რომ არა ჩუბაისი, რომელმაც ეს გეგმა ჩუშალა, 1998 წელს ლუკაშენკო კინაღამ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს მმართველიც კი გახდა. მათი მტრობა სწორედ იქიდან მოდის... დასავლეთი უკვე მიხვდა, რა თამაშიც მიდის ბელარუსში და გერმანიამ და საფრანგეთმა აქტიურობა შეწყვიტეს. ერთადერთი, ვინც ბელარუსის საქმეში ჩარევას ცდილობს, პოლონეთი და ლიეტუვა გახლავთ.

 

– თუ ლუკაშენკოს დაამხობენ, ახალი ხელისუფლება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს?

 

– ეს არავინ იცის ისევე, როგორც არავინ იცის, თუ რა ბედი ეწევა ამ მარტივ მამრავლებად დაშლილ ქართულ ოპოზიციას! ერთი რამ აშკარაა – საქართველოში ოპოზიციას არჩევნებში წარმატების მოპოვება ძალიან გაუჭირდება! ხოლო პარლამენტი აშკარად ჭრელი გვეყოლება, ზუსტად ისეთი, როგორიც 1992 წლის 11 ოქტომბერს შევარდნაძის მიერ ე.წ. იმედის არჩევნებით დაკომპლექტებული პარლამენტი იყო. ვფიქრობ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ვერ ავცდებით!

 

– დაამხობენ თუ არა ლუკაშენკოს?

 

– „ბატკა“ არც იანუკოვიჩია და არც სარქისიანი, მისი დამხობა ადვილი არ იქნება! ვფიქრობ, ლუკაშენკომ პირველი შოკი გადაიტანა და ოპოზიციასთან ბრძოლაში პარიტეტის აღდგენა უკვე შეძლო. რაც გინდა, მოხდეს, პუტინი ბელარუსში წაუგებელ თამაშს თამაშობს, ლუკაშენკო დარჩება თუ წავა, ბელარუსში რუსეთის პოზიციები ნებისმიერ შემთხვევაში გაძლიერდება!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner