logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: საქართველოსთვის ევროკავშირი პრიორიტეტად რჩება!
- +

25 ივნისი. 2016. 15:27


დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმში, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლას ამომრჩეველთა 51,9%-მა მხარი დაუჭირა.  ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი ევროკავშირის დაშლის დასაწყისს და რა გავლენას მოახდენს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორს"  ესაუბრა.


- დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. არის თუ არა იმის საფუძველი, რომ ევროკავშირი საბოლოოდ დაიშალოს?

 

- დიდი ბრიტანეთი დატოვებს თუ არა ევროკავშირს, ჯერ კიდევ საკითხავია. რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების პეტიციას  500 ათასზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი. ბრიტანეთის კანონმდებლობაში არის პირობები, რომელიც გულისხმობს ავტომატურად რეფერენდუმის გამეორებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს შედეგი საბოლოო არ იქნება.


- არის თუ არა მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებმაც დატოვონ ევროკავშირი?

 

- საბერძნეთს შეექმნა სირთულეები და ამდენად შეიძლება გაუჩნდეს გამოსვლის ტენდენცია. ინგლისს შეექმნა სირთულეები სუვერენულობასთან დაკავშირებით და რეფერენდუმი ჩაატარა. ასე რომ, კონკრეტულ ქვეყნებს თავიანთი კონკრეტული პრობლემები ამოძრავებთ.


- რა გავლენას მოახდენს საქართველოზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა?


- თუკი დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, შეიძლება, საქართველოზე გავლენა მოახდინოს. ევროკავშირში არის საუბარი, რომ საემიგრაციო და ვიზა-ლიბერალიზაციის პოლიტიკას გადახედონ. საქართველო არ უხსენებიათ და არ ეხება ჩვენს ქვეყანას,  მაგრამ შეიძლება, თურქეთს და უკრაინას ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შეუჩერდეთ. მართალია, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, მაგრამ  ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს პრობლემები შეიძლება შეექმნას.


- ამ პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ევროკავშირი კვლავ პრიორიტეტად დარჩება?

 

- ევროპულ სტრუქტურებში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პოზიციაზე გავლენას არ მოახდენენ. ჩვენი ამოცანა და მიზანია, როგორმე შევიდეთ ევროპულ სივრცეში, გავხდეთ მისი ნაწილი. ვინც არ უნდა გავიდეს ევროპული კავშირიდან, საქართველოსთვის ევროკავშირი პრიორიტეტად დარჩება.


- ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამ მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკაზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს?

 

- გავლენას იქონიებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე. ფუნტი სტერლინგის კურსი უკვე დაეცა 10%-ით, რაც ნიშნავს რომ ბიზნესწრეები მგრძნობიარეები არიან ამ ფაქტის მიმართ. საქართველოზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს, ძნელი სათქმელია. 


 

right_banner
არქივი
right_banner