logo_geo
eng_logo
ლელა ვეფხვაძე: მთელი ცხოვრება ამ კაცსა და მის ოჯახზე ვილოცებ!
- +

29 აგვისტო. 2020. 01:04

 

 

9 აპრილის სიმბოლოდ მიჩნეულ უსინათლო მომღერალს, ლელა ვეფხვაძეს, ბიზნესმენმა, ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოთხოთახიანი ბინა აჩუქა

 

ლელა ვეფხვაძე 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მეგობრებთან ერთად მაშინ მღეროდა, როცა მომიტინგეებს რუსის ჯარი მძიმე ტექნიკითა და რკინის ხიშტებით უსწორდებოდა. მაშინ 26 წლის იყო და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. 9 აპრილს ჯალათებს ძლივს გადაურჩა, მოიწამლა კიდეც... ლელა მაშინ ასევე უსინათლო მეგობრებთან – ზაირა გელაშვილთან, დონარა ცხადიაშვილთან და თინა ბირკაძესთან ერთად მღეროდა. ახლა არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის.

 

ლელა ვეფხვაძეს მოგვიანებით მეორე ქალიშვილიც შეეძინა. მისი ერთი გოგონა ხედავს, მეორე – ვერა. ორივე ქალიშვილს თითო შვილი ჰყავს და ყველა ერთად ცხოვრობს. ქალბატონ ლელას ქმარიც უსინათლო ჰყავდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მისი მოხუცი დედაც უსინათლოა. საკუთარი სახლი აქამდე არასოდეს ჰქონია და ახლა ყველაზე ბედნიერი დღეები უდგას.

 

ლელა ვეფხვაძის სახელით ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნდა, სადაც წერდა, რომ ბინა, რომელიც დაქირავებული ჰქონდა, უნდა დაეცალა პატრონის მოთხოვნით.

 

„ისევ! ისევ აბარგება! ახლა დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ. აღარ ვიცი, რა ვქნა, ჯერ ბინა იპოვო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს 2 უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ... რომ იპოვო ადამიანი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე... დავიღალე, ხალხო, დავიღალე!

 

ნუთუ არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?! წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ ახლა“, – წერდა უსინათლო მომღერალი, რომელიც წლებია მეტროში სიმღერით ირჩენდა თავს.

 

ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ხალხმა მისთვის ბინის შესაძენად ფულის შეგროვება დაიწყო. მოულოდნელად კი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფიდან“ დაურეკეს და ბინის ყიდვა შესთავაზეს.

 

ლელა ვეფხვაძემ „სარკეს“ თავისი სიხარული გაუზიარა.

 

ლელა ვეფხვაძე: – ჩემი ბინის ფულის მოსაგროვებლად კამპანია ააგორა ოთხმა ადამიანმა – მაკა სახურიამ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა პირველი კლასიკური გიმნაზიისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე გელა იზორიამ, ბიზნესმენმა ლევან მაღლაკელიძემ და ნანა მახარაძემ. ნანას 9 აპრილის ფოტოებიდან ყველა იცნობს, დროშა რომ უჭირავს იური მეჩითოვის ფოტოში.

 

ამ ადამიანების ორგანიზებით, ხალხი მირიცხავდა ანგარიშზე ფულს, მაგრამ ცოტ-ცოტას და ეს ალბათ პანდემიიდან გამომდინარეც იყო, რადგან ისეთი დროა, ყველას უჭირს ცხოვრება.

 

მერე მივმართეთ ბიძინა ივანიშვილს თხოვნით, რომ დამხმარებოდა ბინის შეძენაში. „ქართუ ჯგუფიდან“ დაუკავშირდნენ იმ ადამიანებს, ვინც მეხმარებოდნენ და უთხრეს, რომ ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებდნენ. მალე კი შეიძინეს ბინა ვარკეთილში და უბედნიერესი ვარ! ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია, ისე კარგად ვარ. მადლობელი გახლავართ იმ ადამიანების, ვინც თუნდაც ერთი ლარი გადმომირიცხა მანამდე.

 

– ბინა მხოლოდ „ქართუ ჯგუფმა“ შეიძინა თუ ხალხის გადმორიცხულიც დაუმატეთ?

 

– მხოლოდ მათ შეიძინეს. ხალხის შეგროვილი ფულით კი ავეჯის ყიდვას ვაპირებ. ეს გახლავთ ოთხოთახიანი ბინა, რომელსაც მოწყობა სჭირდება. საძინებელი, სამზარეულო და უამრავი რამ მინდა. მთელი ცხოვრებაა ქირით ვარ და ბინიდან ბინაში გადავდივარ. რაღაც ავეჯს მეც ვყიდულობდი, მაგრამ გადატანა-გადმოტანაში ზოგი მიფუჭდებოდა, ზოგი მეკარგებოდა და ყველაფერი თავიდან მაქვს შესაძენი. საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი ვართ. ორივე ქალიშვილი ჩემთან ერთად იქნება და უამრავი რამ გვჭირდება. ყოველი ლარისთვის მადლობელი ვარ, მე რა უნდა გავუკეთო ამ ადამიანებს, უფალმა დაუბრუნოს სიკეთითა და სიხარულით. ადამიანს როგორ უნდა უნდოდეს შენი დახმარება, რომ 1 ლარი ჩაგირიცხოს!

 

– უკვე გადახვედით ახალ ბინაში?

 

– არა. ვინც გაყიდა, დაცლის და მერე გადავალ. 10 აგვისტოს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და უკვე მომივიდა საჯარო რეესტრიდან შეტყობინება, რომ ეს ჩემი ბინაა.

 

ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ბევრჯერ მსმენია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემ მიმართაც ასეთ დიდსულოვნებას გამოიჩენდა. ხმა რომ მიაწვდინო, რთულია და თან ქვეყანაში იმდენი პრობლემური ოჯახია... უამრავჯერ მინდა იცოდეს, რომ მუდამ ვილოცებ მისთვის და მისი ოჯახისთვის, რადგან ჩემთვის სასწაული მოახდინა.

 

ძალიან ბევრი ბინა ვნახეთ და ბოლოს ეს შეირჩა.

 

– ოთხოთახიანი ბინა თქვენ შეარჩიეთ?

 

– დიახ. მაკა სახურიას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბინა მოგვეძებნა. არ ვიცოდლი, რა ფასში უნდა მეძებნა და უფრო ნაკლებფასიანს ვეძებდი. ეს ბინა რომ ვნახე, ვერც დავიჯერე, რომ ამას მიყიდიდნენ, რადგან არც ისე ცოტა ღირდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ძალიან ბევრი იყო. ნორმალური ბინა, სადაც შესვლა შეიძლებოდა, ძალიან ძვირი ღირდა და თუ ცოტა იაფფასიანი ვნახეთ, თითქმის ყველა ავარიული სახლი იყო.

 

მაკა სახურიამ უთხრა „ქართუს“ წარმომადგენლებს, ასეთი ბინაა გასაყიდიო და შეთანხმდნენ, რომ იყიდდნენ ჩემთვის. კიდევ ვერ აღვიქვამ, რომ უკვე ბინა მაქვს, სანამ არ გადავალ, არ მჯერა!

 

– უსინათლო ადამიანისთვის რა დეტალებია გასათვალისწინებელი, როგორ ბინას ეძებდით?

 

– პირველ რიგში, ჩემთვის მისაგნებად ადვილი უნდა ყოფილიყო, რადგან ყველგან ადაპტაციას ვერ ვახდენ. ჩემს ქალიშვილსაც მხედველობის პრობლემა აქვს, ისეთი ადგილი უნდა ყოფილიყო, სადაც მისვლა არ გამიჭირდებოდა. მინდოდა, ბავშვებს ცალკე ოთახი ჰქონოდათ...

ფასზე არავის არაფერი უთქვამს, მხლოდ ის შემოგვითვალეს, რომ ბინა ჩვენ თვითონ მოგვეძებნა. ფონდშიც იმდენად ღვთისნიერი ადამიანები მუშაობენ, რომ მე დამცირებულად, საცოდავაც არ მიგრძვნია თავი. თვითონ კი თქვეს, ეს ჩვენი ღირსების საქმეაო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას უამრავი ღირსეული ადამიანი ჰყავს და ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათ რიცხვში შემიყვანდნენ.

 

– მახსოვს, ცოტა ხნის წინ ნაწყენი იყავით, ამდენი წელია მხოლოდ 9 აპრილს ვახსენდები ყველასო...

 

– გული მტკიოდა. ყოველ 9 აპრილს მეკითხებიან, როგორ გაიხსენებო. არასოდეს დავიწყებდი თხოვნას, რომ საჭმლის ფული მოეცა ვინმეს, რადგან მეტროში ვმღერი და ასევე კეთილი ადამიანების დახმარებით მშივრები არ ვართ, მაგრამ როდემდე შევძლებდი მეტროში სიმღერას და მერიის მიერ გამოყოფილ თანხაზე კიდევ დამატებით ქირის გადახდას? (თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბინის ქირის 60%-ს უხდის. – ავტ.). ჯანმრთელობა შერყეული მაქვს, ასაკით პატარა გოგო არ ვარ. სულ იმაზე ვფიქრობდი, უფალი რომ წამიყვანდა ამქვეყნიდან, ჩემი შვილები სად და როგორ იცხოვრებდნენ. ამათ ქირას არავინ გადაუხდიდა. ეს დარდი მშობელს სულ გაქვს. ახლა თუნდაც იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ ჩემს შვილებს იქიდან ვერავინ გამოყრის და ეტყვის, დაცალე და წადიო.

 

ყველაზე ძალიან, იცით, რა მიხარია? კომენტარებს მიწერენ ჩემს ამბავზე სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებული სტატიების ქვეშ და არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ მინახავს. ყველას უხარია ჩემი ამბავი.

 

– პირველი სართულზე ცხოვრება გჭირდებათ აუცილებლად?

 

– არა, სართულის პრობლემა არ მაქვს. ერთი-ორჯერ ვნახავ და ვიმახსოვრებ, სად უნდა დავაწვე ლიფტში ღილაკს. უსინათლოებს სართულის პრობლემა არ გვაქვს. ეს ნაქირავებიც მეექვსე სართულზეა. ახლა კი თექვსმეტსართულიანის მე-9 სართულზე უნდა ვიცხოვრო.

 

– რამდენმა უნდა იცხოვროთ ახალ ბინაში?

 

– მე, დედაჩემმა და ჩემმა ორმა ქალიშვილმა თავიანთი შვილებით. ორივეს ერთი შვილი ჰყავს. ერთი ქმარს გაშორებულია, მეორეს ქმარი ჰყავს და აქამდე ნახევრად სარდაფში ცხოვრობდნენ. ამის გამო ბავშვს ჰაერის უკმარისობა აქვს. ამის გარდა, ჩემი დახმარებაც სჭირდებათ. ბავშვი 9 თვისაა და ხელში მაინც ავიყვან, რომ ჩემმა შვილმა რაღაც გააკეთოს. თან სწავლობს უნივერსიტეტში.

 

ჩემი გოგონები გახარებულები არიან. ერთმანეთი ძალიან უყვართ და უხარიათ, ერთად რომ უნდა იცხოვრონ. თან ბავშვები გაიზრდებიან ერთად. ერთი ბიჭი გვყავს, 4 წლის გაბრიელი და მეორე გოგონაა, 9 თვის ნენე.

 

ჩემს ოცნებებში სულ მინდოდა დიდი სახლი, სადაც ყველა ერთად ვიქნებოდით და თან მექნებოდა კუთხე, სადაც დაღლილს შემეძლებოდა, თუნდაც თვალი მომეტყუებინა და დამესვენა. ახლა ამის საშუალება მექნება.

 

– მეტროში გააგრძელებთ სიმღერას?

 

– დიახ, მაგრამ მეტრომ ჯანმრთელობა საკმაოდ შემირყია. მაქვს სმენის პრობლემა, რომელიც აქ არსებულმა ხმაურმა გამოიწვია. მომიწევს ისევ იქ სიმღერა, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად მაწუხებს, საკუთარი თავი ყოველთვის ნაკლებად მაწუხებდა.

 

ვიღაც წერდა, კარგი იქნებოდა, მეტროშიც აღარ იმღეროსო.

 

– სიმღერის გარდა რამის კეთება შეგიძლიათ?

 

– სხვადასხვა სამსახურებში არიან დასაქმებულები უსინათლო ადამიანები. გონებრივი პრობლემა არ მაქვს და დავიმახსოვრებდი, რა უნდა მეპასუხა მოქალაქეებისთვის, თუ, მაგალითად, რომელ ოთახს უნდა მიმართონ და ა.შ. სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ საქმეზე, პასუხისმგებლობაც მაქვს და კეთილსინდისიერადაც შევასრულებდი ჩემს საქმეს. მეტროში ის მაძლებინებს, რომ ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობ.

 

– მეტრო ჯანმრთელობის პრობლემას გიქმნით. ქუჩის მომღერლისთვის სხვა ადგილი არ არსებობს?

 

– ქუჩაშიც მიმღერია ხშირად. სამგორის ბაზრობასთან ვმღეროდი, ლილოშიც... ჩემს ნატალისთან ერთადაც ვმღეროდი და მარტოც. ახლაც მიწევს ქუჩაში სიმღერა, მაგრამ როცა სიცხეა გარეთ, მეტროში გრილა და სიცივეში თბილა. ამიტომაცაა მეტრო კარგი, თორემ სიცივეში ქუჩაში ვერ იმღერებ, ყელი გაგიცივდება. მეტროში კი ჟანგბადის უკმარისობა გემართება. ახალგაზრდები მღერიან და მათ არ აქვთ პრობლემა.

 

ჩემი მეგობარი თინიკო, რომელიც ჩემზე უფროსი იყო და მეტროში მღეროდა, ამბობდა, როგორ დავიღალე, სახსრები მტკივა, ჰაერის უკმარისობაე მაქვსო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მიკვირდა. გავიდა დრო და იგივე პრობლემები შემექმნა. ასე რომ, მეტრო არავისთვისაა სასურველი.

 

საგუნდო კაპელაში ვმღეროდი თავის დროზე, მაგრამ დაიშალა და მეტროში გავაგრძელე სიმღერა, რადგან სხვა გზა არ მქონდა.

 

– მეტროში უსიამოვნებებიც შეგხვედრიათ?

 

– არიან ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ შენი სიმღერა, ხშირად უთქვამთ, კარგი რა, საკონცერტო დარბაზი ხომ არ არისო. მათ ვერ გავამტყუნებ, მეც ვიცი, რომ მეტრო საკონცერტო დარბაზი არ არის და სხვა გამოსავალი რომ მქონდეს, სიამოვნებით მოვშორდებოდი ამ ადგილს.

 

ახლა „დინამიკით“ დავდივარ, ფანდურზე აღარ ვუკრავ. ფანდური, სკამი, მიკროფონი, დინამიკი, ყველაფერი ერთად მეკავა ხოლმე ხელში და ძალიან მიჭირდა, რთული იყო გადაადგილება, ვაგონიდან ვაგონში ამ ყველაფრის გადატანა. ახლა მხოლოდ მიკროფონსა და დინამიკს დავატარებ. ჩიპზე მაქვს ჩაწერილი მუსიკა და ცოცხლად ვმღერი. ხშირად მომისმენია, ახალგაზრდას უთქვამს, ჩანაწერი დაიწყოო. გავჩუმებულვარ, რომ დაენახა, ჩანაწერს კი არ ვამღერებდი, მე ვმღეროდი ცოცხლად. არასოდეს მიმღერია პლუსზე, მუდამ ცოცხლად ვმღერი.

 

კნცერტებზეც გამოვდივარ და ეს მეტწილად საქველმოქმედოე კონცერტებია, სადაც თანხას არ ვიღებ. ჩემი ნატალიც სულ საქველმოქმედო კონცერტებზე მღერის. ასე რომ, ჩვენი ოჯახის შემოსავალი მეტროში სიმღერაა და ამ წუთას სხვა გზა არ გვაქვს.

 

 

რუსუდან ადვაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner