logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი რუსული ძალაა საქართველოში!
- +

2 სექტემბერი. 2020. 19:35

 

 

სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საინფორმაციო -ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალური პროკურატურის პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი და ანალიტიკოსი თეიმურაზ კვირკველია იმის შესახებ გვესაუბრება, თუ როგორ მუშაობს რუსული სქემა ქართულ პოლიტიკაში და ვინ არის კრემლის რეალური დასათყრდენი ჩვენს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს გამუდმებით აკერებენ „რუსეთის აგენტისა“ და „პუტინის მონის“ იარლიყს:

 

– 2000 წლიდან მოყოლებული, როცა რუსეთის სათავეში პუტინი მოვიდა, საქართველოს შიდა პოლიტიკისადმი კრემლის მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, პუტინმა დაინახა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ანტიკრემლისტი იყო, რის გამოც პრორუსულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და რეიტინგი ვერ აკრიფეს.

 

ამიტომაც, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში აქცენტი გააკეთა არა ღიად პრორუსულ ძალებზე, არამედ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომელიც რადიკალური ანტირუსული რიტორიკით გამოვიდოდა, ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სწორედ ანტირუსული რიტორიკის შირმით რუსეთის საქმეს გააკეთებდა.

 

– ანუ პუტინმა აირჩია სტრატეგია: „აგინე რუსეთი, მაგრამ აკეთე მისი საქმე“?

 

– რასაკვირველია!

 

– რასაკვირველია თუ გასაკვირველია?

 

– ზოგისთვის, შესაძლოა, გასაკვირველია, მაგრამ ჭკვიანური ტაქტიკა ნამდვილად არის: „რამდენიც გინდა, აგინე რუსეთს, მაგრამ რუსული საქმე აკეთე და კრემლის ინტერესებს ემსახურე!“

 

2000 წლიდან, როცა პუტინმა საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა აირჩია, სააკაშვილის რიტორიკა და მოქმედებაც უცებ შეიცვალა!

 

– დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

 

– მანამდე სააკაშვილის მთავარი ნიშა „კორუფციასთან ბრძოლა“ იყო. გვახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სახლების ფოტოებს რომ აფრიალებდა და ამით ცდილობდა პოლიტიკის ზედაპირზე ეტივტივა, რუსეთს კი საერთოდ არ ახსენებდა და ანტირუსული რიტორიკისგან შორს იყო. სამაგიეროდ, რუსეთში პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ სააკაშვილმა საკუთარი ნაპარტივი მკვეთრად შეცვალა და ანტირუსულ განცხადებებს მოუხშირა, მუდმივად იმეორებდა, რომ შევარდნაძე პრორუსია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს და ა.შ. მოკლედ, სააკაშვილი და მისი პარტია ერთბაშად იქცნენ ანტირუსული რიტორიკის მედროშეებად.

 

– თუმცა, ხალხის თვალში სააკაშვილი ამერიკის ფავორიტად მიიჩნეოდა და „ვარდების რევოლუციაც“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ დემოკრატიულ მოვლენად გასაღდა!

 

– გაიხსენეთ, ვინ იყო ერთადერთი უცხოელი ოფიციალური პირი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დროს თბილისში ჩამოვიდა? ეს გახლდათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რომელმაც შევარდნაძესა და რევოლუციონერებს შორის შუამავლის როლი ითამაშა და ყველაფერი სააკაშვილის სასარგებლოდ დაალაგა.

 

– სხვათა შორის, ე.წ. აჭარის რევოლუციის დროსაც ბათუმში იგორ ივანოვი ჩამოვიდა და ასლან აბაშიძე მოსკოვში წაიყვანა!

 

– ასლან აბაშიძე ღიად პრორუსული ძალა გახლდათ, რომელსაც 1990-იანი წლების ბოლოს რუსეთის არმიის გენერალის წოდებაც კი მიანიჭეს, თუმცა, 2004 წელს მისი ავტორიტეტი არათუ საქართველოს მასშტაბით, არამედ უკვე აჭარის რეგიონშიც კი თითქმის განულებული იყო და კრემლს დასაყრდენად აღარ გამოადგებოდა.

 

გარდა ამისა, რუსეთს ცალკე აღებული აჭარის რეგიონის კონტროლი აღარაფერში სჭირდებოდა, რადგან გარანტია ჰქონდა, რომ სააკშავილი მთელ საქართველოს კრემლის გავლენის ქვეშ მოაქცევდა. ამიტომაც, ასლან აბაშიძე წაიყვანეს და მისი აგნულებული ავტორიტეტი სააკაშვილის ავტორიტეტის ზრდას შესწირეს.

 

– რა როლს თამაშობდა ამ პროცესებში სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც გაეროს განიარაღების კომიტეტში რუსეთის ფედერაციის კვოტით მუშაობდა?

 

– თემურ ალასანია, რომელიც „კაგებეს“ მაღალჩინოსანია და, ამავდროულად, ამერიკის მოქალაქეც არის, „ვარდების რევოლუციის“ მზადების დროს, სააკაშვილს რუსეთის პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებთან საქმეებს ულაგებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი პირველივე ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, თემურ ალასანიაც თან ახლდა, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა. ხომ საინტერესოა, რამ უნდოდა ალასანიას სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრაზე? როდის იყო, პრეზიდენტებს ოფიციალურ ვიზიტებზე საკუთარი ბიძები და ნათესავები დაჰყავდათ?

 

– მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა, თემურ ალასანია სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ ხანებში საქართველოს მთავრობის სხდომებსაც ესწრებოდა.

 

– ისიც გავიხსენოთ, რომ 2002-2003 წლებში, როცა სააკაშვილი ბობოქრობდა და საქართველოს რეგიონებში აქციებს ატარებდა, რუსების მიერ ნაჩუქარი ჯავშნიანი „უაზით“ გადაადგილდებოდა. თითქოს, ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ნიუანსი: „ამერიკის მეგობარმა“ და „რუსეთის მტერმა“ სააკაშვიმლა ხელისუფლებაში მოსასვლელი მთელი პოლიტიკური კამპანია რუსების მიერ ნაჩუქარი ჯავშნიანი ავტომანქანით ჩაატარა. ე.ი. რუსები სააკშავილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და ისიც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს რუსების მიერ ნაჩუქარ „უაზში“.

 

– როგორ ფიქრობთ, „ვარდების რევოლუცია“ რუსეთიდან იყო დაფინანსებული?

 

– პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ კრემლის მიერ საქართველოში ჩატარებულ პოლიტიკურ სპეცოპერაციებზე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიკი აღარ დახარჯულა, რადგან ამისთვის საჭირო თანხებს რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს ადებინებდნენ და დღემდე ასეა.

 

დიახ, რუსეთიდან დაფინანსებული ყველა პარტია, მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ფულს რუსეთში მცხოვრები ქართველი მილიონერების ჯიბეებიდან იღებს. პუტინის მიდგომა ასეთია – „რატომ უნდა დავახარჯოთ ჩვენი ფული პოლიტიკურ პროექტებს საქართველოში? ქართველმა ბიზნესმენებმა, აქ რომ მილიონებს შოულობენ, კეთილი ინებონ და ჯიბეზე ხელი გაიკრან!“

 

და კიდევ: უდავოა, რომ „ვარდების რევოლუციად“ მონათლული სახელმწიფო გადატრიალებით ყველაზე მეტად რუსეთმა იხეირა!

 

– მაინც რა ხეირი მიიღო რუსეთმა „ვარდების რევოლუციითა“ და საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლით?

 

– ჩვენ ვნახეთ, სააკშავილის მოსვლის შემდეგ როგორ სწრაფად გადაეცა რუსეთს საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი, რომლითაც კრემლი იყო დაინტერესებული. საქართველოს დენი, წყალი, მადნეულის საბადოები და ეროვნული მნიშვნელობის სხვა სიმდიდრეები მთლიანად რუსული კაპიტალის ნაწილი გახდა.

 

დღესაც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიით ამარაგებს „ენერგო-პროჯორჯია“, რომელიც, ვითომ ჩეხური კომპანიაა, მაგრამ საქმის წარმოებას რატომღაც რუსულად ახორციელებს და სამუშაოდაც რუსული წარმოების ავტომანქანებს იყენებს. საინტერესოა, რაში სჭირდება ჩეხურ კომპანიას რუსული „ნივები“ და „უაზები“, როცა ჩეხეთს საკუთარი საავტომობილო წარმოება გააჩნია?

 

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ 2006 წელს სააკაშვილმა რუსებს ხელშეკრულება გაუფორმა, რომლითაც სამხედრო ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების უფლება მისცა! არც იმის შეხსენება სჭირდება ვინმეს, რომ ახალგორის რაიონი სწორედ სააკაშვილმა შეიყვანა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში, კოდორის ხეობას კი „ზემო აფხაზეთი“ დაარქვა და მერე ეს ორივე ტერიტორია ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა რუსეთს!

 

– მოკლედ, იმის თქმა გინდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული ძალაა?

 

– უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი რუსული ძალა საქართველოში, სხვა პარტიები კი, რომლებიც პრორუსულობას ღიად გამოხატავენ, კრემლს გვერდზე ჰყავს გაჩოჩებული, რადგან იცის, რომ ისინი ქართველი ხალხის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ. ამდენად, საქართველოში კრემლის დამრტყმელი ძალა არის არა ღიად პრორუსული რომელიმე პარტია, არამედ ანტირუსული რიტორიკით შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა!“

 

– კი მაგრამ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრორუსული ძალაა, ცალკეული ამერიკელი კონგრესმენ-სენატორები და ევროპარლამენტარები რატომ უჭერენ მხარს?

 

– სამი თუ ოთხი სენატორის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ამერიკა „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. როგორ გგონიათ, კორუმპირებული პოლიტიკოსები მხოლოდ საქართველოში არიან და ამერიკაში ან ევროპის წამყვან ქვეყნებში არ არსებობენ? სააკაშვილის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებულ ცალკეულ უცხოელ ჩინოსნებს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დიდძალი ფინანსური დახმარებებიდან სერიოზული „ატკატები“ მიჰქონდათ, რაც დღემდე თამაშობს გადამწყვეტ როლს იმაში, რომ ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი „ნაციონალური მოძრაობის“ მხურვალე გულშემატკივრად გვევლინება.

 

– ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამერიკა და დასავლეთი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნით არიან დაინტერესებული!

 

– ამერიკისა და დასავლეთისთვის სულაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, საქართველოს ხელისუფლებაში პეტრე იქნება თუ პავლე, მათთვის მთავარია, ჩვენს ქვეყანაში სტაბილური ვითარება იყოს.

 

საქართველოში უკვე არსებობს ქართულ-ამერიკული სასწავლო სამხედრო ბაზა, რომლითაც ამერიკელებმა არამარტო ჩვენ შეგვიქმნეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტია, არამედ თავიანთი ინტერესების დაცვასა და რეგიონში რუსეთის ამბიციების შეზღუდვაზე იზრუნეს. ამდენად, ამერიკასა და დასავლეთს არაფერში სჭირდებათ, რომ თავგაცხელებულმა ნაცებმა არჩევნებში სრული კრახი განიცადონ და შემდეგ ქვეყანა აურ-დაურიონ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოლზიცია ასეთია: „შეიყვანეთ პარლამენტში 20-30 „ნაციონალი“, რათა პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს!“

 

– კოალიციური მთავრობა იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა გაუყოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც თქვენ რუსულ ძალას უწოდებთ!

 

– დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ არჩევნებში ხმების 40 პროცენტზე მეტს აიღებს და კოალიციური მთავრობის შექმნა არ დასჭირდება!

 

საერთოდ, 1-პროცენტიან ბარიერს, მინიმუმ 10 პატარა პარტია მაინც გადალახავს და ჯამში, 15-20 დეპუტატს გაიყვანს, ეს კი პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ხვედრით წილსა და გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს!

 

– ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „ნაცები“ და მათი სატელიტები არჩევნების შემდეგ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან. როგორ ფიქრობთ, თუ ქუჩის აქციებს ააგორებენ, ქვეყნის გარედან პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ?

 

– თუ „ნაციონალები“ არჩევნების შემდეგ არეულობასა და რევოლუციას დააპირებენ, მხარდაჭერა მხოლოდ რუსეთიდან ექნებათ, რადგან რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს! თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ქართველი ხალხი „ნაცურ-რუსულ“ რევანშს არ დაუშვებს!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner