logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: „ევროპული საქართველო“, „ნაცმოძრაობა“ ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და ჯონ მაკ-კეინის გუნდის გოშიები არიან!
- +

16 სექტემბერი. 2020. 21:33

 

 

 

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ მაისაიას ინტერვიუს, რომელიც „ასავალ-დასავალში“ ამ ორიოდე კვირის წინათ გამოქვეყნდა, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა... (იხ. „ასავალ-დასავალი“, 2020 წლის 24-30 აგვისტო, №35 (1343), „რაც გინდა მოხდეს, პუტინი ბელარუსში წაუგებელ თამაშს თამაშობს!“).

 

 

ზემოხსენებულ პუბლიკაციაში მეცნიერმა თავიდან ბლომდე გაშიფრა რუსების მმართველი ელიტები და კლანები. მკითხველის თხოვნით, ქართველი ანალიტიკოსი ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პოლიტიკური კლანების ანატომიას ააშკარავებს და აცხადებს, რომ ძალებს, რომლებიც საქართველოში რევანშისთვის ემზადებიან, უფროსები რუსეთშიც ჰყავთ და ამერიკაშიც:

 

 

– ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბერს არის დანიშნული, სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებაა ტრადიციონალისტებსა და ნეოლიბერტარიანელებს შორის. ტრამპის ადმინისტრაციამ გახსნა კორუფციული სქემა, რომელიც ბაიდენის ვაჟს უკრაინაში ჰქონდა დანერგილი, ხოლო ბაიდენი ტრამპს აბრალებს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკრაინის დაშანტაჟებას. ამდენად, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ქალბატონი ჰილარი კლინტონის განცხადება იმის შესახებ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, გასაკვირი სულაც არ არის! სხვათაშორის, მსგავსი განცხადება ამ ცოტა ხნის წინათ ჯო ბაიდენმაც გააკეთა, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყება და აშენებული და აყვავებული ქვეყანა დაინგრევა. ჩვენთვის ეს შესაძლოა შემაშფოთებელია, მაგრამ ამერიკის პოლიტიკური კულტურა მსგავსი ტიპის განცხადებებს იტანს.

 

 

– ბატონო ვახტანგ, საქართველოსთვის მსგავსი განცხადებები მართლაც შემაშფოთებელია, რადგან ჰილარი კლინტონისა და ჯო ბაიდენის ქართველმა გოშიებმაც შესაძლოა, იგივე გაიმეორონ და ქვეყანა დიდ ხათაბალაში გახვიონ!

 

– ეს მართლაც ყურადსაღები თემაა, რადგან გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“, მთელი „ნაცმოძრაობა“, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი და, რაც ყველაზე სავალალოა, ხელისუფლებაში ჩანერგილი ფარული „ნაცები“, სწორედ ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და ჯონ მაკ-კეინის გუნდის გოშიები არიან! კაცმა რომ თქვას, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ძალაა და არჩევნებში მისი გამარჯვება არ უნდა ცნონ! ცხადია, საქართველოსთვის მსგავსი განცხადება უაღრესად საშიშია. არადა, გიგა ბოკერიასა და სააკაშვილზე უფრო პრორუსული ძალა საქართველოში მეორე არ მეგულება!

 

 

– დაასაბუთეთ!

 

 

– შორს რომ არ წავიდეთ, გეტყვით, რომ გიგა ბოკერია მიხაილ ხადარკოვსკისთან პირდაპირ კავშირშია, რომელიც „ღია რუსეთს“, ამ ტიპის ორგანიზაციებსა და ალექსანდრ ნავალნის აფინანსებს. ეს ნათლად გამოჩნდა „პატრიოტთა ალიანსის“ გარშემო ატეხილი სკანდალის დროს, რომელიც სწორედ ხადარკოვსკისა და ბოკერიას ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ძალიან საეჭვოდ მოკლე დროში შექმნა ხადარკოვსკიმ საიტი, რომელმაც თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია გაავრცელა და „პატრიოტთა ალიანსი“ თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. ცხადია, ამ ყველაფრის უკან დგანან ხადარკოვსკისა და ბოკერიას ამერიკელი პატრონები.

ხადარკოვსკი თავისი არსით ისევე, როგორც გიგა ბოკერია, „ნეოკონი“, ანუ ნეოლიბერტარიანელია. ნავალნი პუტინზე უკეთესი არაფრით გახლავთ, პირიქით, ის რადიკალური ლიბერტარიანელია და თუ ამ მოწამვლას გადაურჩა და ხელისუფლებაში მოვიდა, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს! ლიბერტარიანელობას საერთო არაფერი აქვს ლიბერალიზმთან, რადგან ის სინამდვილეში ტოტალიტარული სექტაა ისევე, როგორც ფაშიზმი და ბოლშევიზმი და წარმოიშვა სოციალიზმის იდეიდან. ციხეში ყოფნის დროს ეს საკითხები ზედმიწევნით დავამუშავე და შევისწავლე. მაგალითად, საქართველოში ლევან რამიშვილმა და გიგა ბოკერიამ „თავისუფლების ინსტიტუტის“ სახით პირველებმა შექმნეს ლიბერტარიანელთა ბუნაგი და სწორედ რამიშვილი და ბოკერია იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეოლოგები.

 

 

– „ასავალ-დასავალში“ ამ ორიოდე კვირის წინათ თქვენ გაშიფრეთ და ხელისგულზე დაგვიდეთ რუსეთის მმართველი ელიტები და კლანები. ამერიკის შეერთებული შტატების ელიტებსა და გავლენიან კლანებზე რას გვეტყვით? მაგალითად, იგივე ბოკერია, სააკაშვილი და ხადარკოვსკი ამერიკაში ვის ემორჩილებიან?

 

 

– დავიწყებ ბოლო შეკითხვიდან და პირდაპირ გეტყვით, რომ ისინი ემორჩილებიან სოროსს! რაც შეეხება კლანებსა და მმართველ, გავლენიან ელიტებს შეერთებულ შტატებში, რუსეთისგან განსხვავებით, კლანები მკაცრად არ არის ფორმირებული და კონსტრუირებული 1845 წლიდან მოყოლებული, ამერიკის მოსახლეობა პირობითად დაყოფილია ორ დიდ კლანად – დემოკრატებად და რესპუბლიკელებად, მაგრამ საკუთრივ ამ ორ უზარმაზარ გაერთიანებაში არის სხვადასხვა დაჯგუფება, რომელთა ინტერესებიც ერთმანეთშია აღრეული. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამერიკაში კაცი შესაძლოა მხარს უჭერდეს რესპუბლიკურ პარტიას, მაგრამ მოწოდებით და არსით უფრო ახლოს იყოს დემოკრატიული პარტიის რომელიმე კლანთან!

 

 

– რესპუბლიკურ პარტიაში რა და რა კლანებია?

 

 

– ამერიკაში, როგორც მოგახსენეთ, ბიპოლარული პოლიტიკური სისტემაა. ადრე ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მთავარი განსხვავება ის იყო, რომ რესპუბლიკელები აქტიურ საგარეო პოლიტიკას ემხრობოდნენ, ხოლო დემოკრატები – ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე იყვნენ ორიენტირებული. „ცივი ომის“ შემდეგ ეს რეალობა დაინგრა და ახლა ამერიკაში ყველაფერი აღრეულია, ანუ დღევანდელი ამერიკის პოლიტიკური სისტემა ძალიან ჰგავს ვინეგრეტს... ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებში ძირითადად სამ-სამი კლანი გამოიყოფა. დავიწყოთ რესპუბლიკელებით!

 

 

რესპუბლიკელებში პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ტრადიციონალისტები, რომელთა მეთაურია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ეს კლანი იცავს ე.წ. ერთსართულიანი ამერიკის, ანუ შიდა შტატების ინტერესებსა და ფასეულობებს, რომელიც მართლაც ტრადიციულია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა დიდი განსხვავებაა იმ ამერიკელებს შორის, რომლებიც ოკეანის სანაპიროსა და შიდა შტატებში ცხოვრობენ. მეორე კლანია კონსერვატორები, რომელსაც ჯორჯ ბუში (უმცროსი) და კონდოლიზა რაისი განასახიერებენ. ამავე კლანს წარმოადგენდნენ რიჩარდ ნიქსონი და ჰენრი კისინჯერიც, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მესამე კლანია ყველაზე საშიში ძალა – ნეოკონსერვატორები, რომლებსაც სინამდვილეში კონსერვატიზმთან არავითარი კავშირი არა აქვთ და გაქანებული გლობალისტები და ლიბერტარიანელები არიან. სწორედ ესენი წარმოადგენენ ნეოტროცკისტებს, რომლებიც არიან ძალიან აგრესიულები და ამტკიცებენ, რომ ამერიკის გლობალური ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი საშუალებით უნდა იყოს დაცული. ეს ძალიან საშიში ძალაა, რომელსაც მეთაურობენ ჯორჯ სოროსი, დიკ ჩეინი, ჰილარი კლინტონი, ჯო ბაიდენი, აწ განსვენებული ჯონ მაკ-კეინის დაჯგუფება და ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი კოგანი – ვიქტორია ნულანდის ქმარი, რომელიც ჰილარი კლინტონის მოადგილე იყო. აი, ესენი არიან „ნეოკონები“... მაგალითად, პრეზიდენტი რეიგანიც „ნეოკონი“ იყო და „ქორების“ დაჯგუფებას წარმოადგენდა.

 

 

– მაინც რას წარმოადგენენ ნეოლიბერტარიანელები, ანუ იგივე „ნეოკონები“?

 

 

– „ნეოკონების“ ტიპური წარმომადგენელი იყო ჯონ მაკ-კეინი, რომელიც 1985 წელს მთელი მსოფლიოს წინაშე თავს იწონებდა და უსირცხვილოდ აცხადებდა – პინოჩეტი ჩემი ძმაკაციაო! ნეოკონსერვატორების იდეებს გარკვეულწილად იზიარებდა ბჟეზინსკიც, რომელიც პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი იყო. არადა, ამ დროს კარტერი „ნეოკონების“ დაუძინებელი მტერი გახლდათ. 2003 წელს ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი რომ ყოფილიყო, სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. სწორედ კარტერის იდეები გააგრძელა ობამამ, რომელმაც სააკაშვილს წირვა გამოუყვანა და პოლიტიკური სანაგვის გზას გაუყენა.

 

 

– დემოკრატიულ პარტიაში რომელი კლანებია?

 

 

– დემოკრატებში ძირითადად სოციალურ-ლიბერალურ იდეებზე დაფუძნებულ კლანებს ვხვდებით. მაგალითად, ერთ-ერთი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბერნი სანდერსი არის ულტრასოციალისტი. აქვე ვხვდებით ცენტრისტებს, მაგალითად, კონგრესის თავმჯდომარეს ნენსი პელოსს, ბარაკ ობამასა და ჯიმი კარტერს. რაც შეეხება მესამე კლანს, ეს გახლავთ რადიკალთა გაერთიანება, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დემოკრატიული პარტიის ლიბერტარიანული ფრთა, ანუ რესპუბლიკელი „ნეოკონები“ და დემოკრატი რადიკალები, ანუ ლიბერტარიანელები, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენენ ერთ საშიშ ძალას მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ერთი შეხედვით, სხვადასხვა პარტიებში არიან გადანაწილებული. აი, სწორედ ამ თავისებურებაზე მოგახსენებდით ჩვენი საუბრის დასაწყისში. რუსული პოლიტიკური სისტემისგან განსხვავებით, სადაც იერარქია სტრუქტურირებულია, ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ყველაფერი აღრეულია და ვერ გაარკვევ – ვინ ვისია! მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციაში ჯონ ბოლტონი, მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ტიპური „ნეოკონი“ იყო, რომელიც იქიდან დაიფრინეს. „ნეოკონია“ ია მეურმიშვილის მეუღლე კურტ უოკერიც...

 

 

– ანუ ამერიკის დემოკრატიულ პარტიაში რადიკალების კლანსა და რესპუბლიკელებში „ნეოკონების“ კლანს ერთი და იგივე ხალხი მართავს?

 

 

– დიახ, ესენი არიან: ჰილარი კლინტონი, მაკ-კეინის გუნდი, სოროსი, ბაიდენი და დიკ ჩეინი! აი, სწორედ ამათი გოშიები არიან სააკაშვილ-ბოკერიას კლანის წევრები და შემთხვევით არ ყოფილა, რომ შარშან ჰილარი კლინტონმა ბოკერიას ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილი ფემინისტების კონგრესზე მიიწვია. ჩერგოლეიშვილი იმ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და ხელში მარო მაყაშვილის სურათი ეჭირა... ხომ წარმოგიდგენიათ, ფასეულობების როგორი აღრევაა?! სად ჩერგოლეიშვილი და სად – მარო მაყაშვილი, რომელიც ეროვნული სახელმწიფოს შექმნას შეეწირა?! ესენი არიან საშიში ხალხი, რომლებიც ფლობენ უზარმაზარ ფინანსებს, გავლენებს და მათი სიტყვა თავიანთი ქართველი გოშიებისთვის კანონია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ნებისმიერ ვარიანტში უნდა იყოს ფრთხილად. როცა სისტემაში ჯერ კიდევ გყავს ადამიანის მწამებელი ზუმბაძეები, დათაშვილები და ორჯონიკიძეები, როცა კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ნაცმოძრაობაში ისე გადახტა, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, ყველაფერია მოსალოდნელი!

 

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner