logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ სახელმწიფო გადატრიალების სცენარს ცდის
- +

18 სექტემბერი. 2020. 02:37

 

 

სააკაშვილის მუდმივი დაპირება ჩამოსვლის შესახებ როგორ აისახება „ნაციონალების“ რეიტინგზე და რამდენად იმუშავებს „ოცნების“ სასარგებლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორი, ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრა“ ანალიტიკოს ირაკლი გოგავას ესაუბრა:

 

– „ქართული ოცნების“ სიის ოცეულს რომ გადავხედე, ნაცნობი ცოტა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, მმართველმა ძალამ ის პოლიტიკოსები შეარჩია, ვისაც სუფთა წარსული აქვს.

 

– სპორტსმენებზე კიდევ ერთხელ რატომ დადეს ფსონი?

 

– ვიქტორ სანიკიძე ძალიან კარგი კალათბურთელია, დავით კაჭარავა კი რაგბის ლეგენდა. უდავოა საქართველოს წინაშე მათი დამსახურება. სპორტსმენი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ცუდი პოლიტიკოსი იქნება. ეს ინდივიდუალური საკითხია და მათ წარმატებას ვუსურვებ.

 

– არჩევნებისგან რას ელით?

 

– მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან ვერ ხედავს ეროვნული პროექტის მონახაზსაც კი. ახლა ტორტის უკეთესი ნაჭრისთვის მიდის ძიძგილაობა.

 

– სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებაზე რას ფიქრობთ?

 

– სააკაშვილმა რაც უნდა თქვას და გააკეთოს, მისი ამომრჩევლების რაოდენობა არ იცვლება. ჩემთვის სანდო კვლევებით, მის პარტიას მოსახლეობაში 7%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ 7%-ს შეიძლება რამდენიმე ათასი ხმა მიემატოს ან დააკლდეს. ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ აუცილებლად სახელმწიფო გადატრიალების სცენარს დის, როგორც არაერთხელ უცდია. გამოუვა თუ არა, სხვა საკითხია. მოსახლეობის 88%-ისთვის ის კვლავაც მიუღებელია.

 

– ამ ცრუ დაპირებებით არ კარგავს რეიტინგს?

 

– სააკაშვილის ფსიქოპორტრეტი ვინც იცის, ის მიჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას და ნამდვილად არ ჩამოვა ციხეში ჩასაჯდომად. ამ განცხადებებს უფრო მომხრეების მობილიზაციისთვის აკეთებს. მათ ის ძველებურად რევოლუციურ ლიდერად მიაჩნიათ. სააკაშვილს ერთხელ გამოუვიდა, როდესაც რუსეთის ხელშეწყობით მოვიდა ხელისუფლებაში და ახლაც იმავე სცენარით მოქმედებას ცდილობს.

 

– სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ან თუნდაც არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცმოძრაობას“ 7%-ზე მაღალი რეიტინგი აქვს.

 

– სოციოლოგიურ გამოკითხვაში 15-20%-ს რომ უწერენ, ეს იმ მოქალაქეების მაჩვენებელია, ვინც არჩევნებზე მიდის. ეს ციფრი 2-ჯერ უნდა გაყო, რადგან 3 მილიონნახევარი ამომრჩევლისგან არჩევნებზე საშუალოდ მილიონ 800 ათასი კაცი მიდის.

 

– თქვენთვის სანდო კვლევებით, როგორია წლიდან წლამდე „ნაციონალების“ რეიტინგი?

 

– არ იცვლება, 250 ათასი ამომრჩეველი სტაბილურად ჰყავთ. ეს ის ხალხია, რომელიც მისი ხელისუფლების დროს კარგად ცხოვრობდა.

 

– ბოლო არჩევნებზე სააკაშვილის ფაქტორმა დიდი როლი შეასრულა „ოცნების“ ხელისუფლების გამარჯვებაში, როგორ ფიქრობთ, ამ სტრატეგიას ამჯერადაც მიმართავს ხელისუფლება?

 

– დიახ, და აუცილებლად იმუშავებს. ეს „ოცნების“ ტაქტიკა და სტრატეგიაა – საფრთხობელას შიშით აიძულოს ხალხი, რომ ხმა მისცეს. მორალურად ეს ყოვლად მიუღებელია, მაგრამ პოლიტ-ტექნოლოგიურად ამართლებს.

 

– ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების თვითშეგნებაც ხომ ამაღლდა, რომ ამ ტაქტიკამ წელს მაინც არ გაამართლოს?

 

– საზოგადოების ბრალია, რომ ეს ტაქტიკა მუშაობს. თავის თავს უნდა დააბრალოს, რომ ვერ შვა ისეთი ძალა, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ოცნების“ დანიშნულ „ნაცმოძრაობას“ ჩაანაცვლებდა.

 

– ამ მხრივ „ლელომ“ რატომ ვერ გაამართლა?

 

– სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ „ლელო“ ე.წ. მესამე ძალად ვერ ჩამოყალიბდა.

 

– როგორ ფიქრობთ, რამდენი პარტია გადალახავს 1%-იან ბარიერს?

 

– ვფიქრობ, პარლამენტში 7-8 პარტია შევა და უმრავლესობა 1 ან 2 კაცით იქნება წარმოდგენილი. თუმცა შეიძლება უფრო ნაკლებად იყოს, რადგან საზოგადოებაში ნიჰილიზმმა ძალიან მოიკიდა ფეხი.

 

– თქვენი აზრით, „ქართული ოცნება“ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას?

 

– „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პრობლემა, რომელიც „ნაციონალებმა“ მიაკერეს – რომ არის უნიათო, რაც გარკვეულწილად სწორი იყო, მაგრამ პანდემიის დროს გახარიას მენეჯმენტმა მოლოდინს გადააჭარბა და ეს იარლიყი მოიხსნა.

 

დღეს არსებული სურათით „ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს 40%-ის აღება და ერთპიროვნულად უმრავლესობის ჩამოყალიბება. თუმცა შესაძლოა დასავლეთმა ეს არ დაუშვას და როგორც წინა არჩევნებზე, პარტნიორად პროდასავლური ძალა მოუძებნოს, ხომ გვახსოვს, 2012 წელს სიაში ხიდაშელ-უსუფაშვილის დუეტი ჩაუსვეს. 2016 წელსაც გამოძებნეს ვიღაც სამოქალაქო სექტორიდან. ვნახოთ, წელს რა იქნება. ლიბერალურ ფრთაზე რომელი პარტიაც აჩვენებს შედეგს, ალბათ, იმ პარტიასთან ერთად შეეცდებიან უმრავლესობის ჩამოყალიბებას. არა მგონია, „ოცნება“ განწყობილი იყოს ვინმესთან ერთად უმრავლესობის შექმნისთვის. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მმართველი ძალა არჩევნებს ერთპიროვნულად მოიგებს.

 

– დასავლეთისა და ამერიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები?

 

– საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიის განვითარებაში პროგრესი აქვს, ამიტომ უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები. თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება შეერთებული შტატების არჩევნების გავლენას საქართველოზე. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე იქნება, თუ წააგებს, მაშინ „ნაციონალები“ სახელმწიფო გადატრიალების საკითხს მიუბრუნდებიან.

 

თიკო ოსმანოვა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner