logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მამუკა ხაზარაძის პარტია არჩევნებიდან უნდა მოიხსნას!
- +

21 სექტემბერი. 2020. 19:16

 

 

„ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე მამუკა ხაზარაძეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს და მისი პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს:

 

– ჩვეენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ინტენსიურად გვაწვდიან, მევახშე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამომრჩევლის ტოტალურ მოსყიდვაზე არიან გადასული და „მუთაქებში“ შენახულ შავ ფულს არიგებენ6 რაც საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ამაზე რატომღაც არ რეაგირებენ!

 

– შეგიძლიათ, ხაზარაძისა და მისი პარტიის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტები დაასახელოთ?

 

– ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით,  რომელიც დასავლეთ საქართველოდან მოგვაწოდეს, ხაზარაძე ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას ახორციელებს სამტრედიის რაიონის მშობლიურ სოფელ ბაშში, მაგრამ ადგილობრივების უმეტესობა მას, როგორც მევახშესა და ყაჩაღ-ბანკირს, ვერ იტანს. იგივე ხდება თელავში, სამეგრელოს რეგიონსა და თბილისშიც კი.

 

– ხაზარაძე ამომრჩეველს პირდაპირ ფულს ურიგებს თუ მოსყიდვის სხვა ფორმებს იყენებს?

 

– ხაზარაძე ნაღდ ფულს არიგებს და რეგიონების მოსახლეობას პირდება, რომ არჩევნების შემდეგ სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებისთვის „თბილისი ბანკიდან“ იაფ კრედიტებს, ფაქტობრივად, უპროცენტო სესხებს მისცემს.

 

– როგორ ფიქრობთ, მოსახლეობა ხაზარაძის ანკესზე წამოეგება?

 

– საქართველოში ძნელად მეგულება ადამიანი, რომელიც მევახშე ხაზარაძეს სიტყვაზე ენდობა, მაგრამ გაჭირვებული ხალხის ნაწილმა ყაჩაღ-ბანკირს, საარჩევნო ხმის სანაცვლოდ, ფული რომ გამოართვას, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი.

 

მივმართავ თითოეულ ამომრჩეველს, რომელსაც ხაზარაძე მოსასყიდად საკუთარ კლერკებს მიუგზავნის – ფული გამოართვით და მოიხმარეთ, მაგრამ არჩევნებში ხმა არ მისცეთ!

 

– ხომ არ გეგმავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალურად მიმართოთ?

 

– ცხადია, შესაბამის ორგანოებს ოფიციალური ფორმითაც მივმართავთ, თუმცა, მასმედიის საშუალებით გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, უკვე არის იმის საფუძველი, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

 

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი ორგანოები დადებენ თუნდაც ერთ დასკვნას იმის შესახებ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებენ, მათი დანაშაულებრივი პარტია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებიდან ავტომატურად უნდა მოხსნას!

 

ხმამაღლა ვაცხადებ: მამუკა ხაზარაძე, რომელიც შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებთან კორუფციული თანამშრომლობით ქართველ ხალხს უმოწყალოდ ძარცვავდა, ახლა კი იმ ნაძარცვი ფულიდან გროშების მიგდებით ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას, სიმსივნესავით უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან! მევახშეთა კანტორა „ლელოს“ არანაირი მორალური უფლება არა აქვს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და იმ ქვეყნის

ხელისუფლებაში მოსვლა სცადოს, რომლის ძარცვის მეტი მთელი ცხოვრება არაფერი უკეთებია!

 

– სხვათა შორის, გასულ კვირას მამუკა ხაზარაძეს ზუგდიდში ეროვნული მოძრაობის ვეტერანები დაუპირისპირდნენ და მერაბ კოსტავაზე ხელის აღმართვაში დასდეს ბრალი!

 

– პირადად მე, სანდრო ბრეგაძე, 1989 წლის 18 თებერვლის მოვლენების უშუალო მონაწილე, პირდაპირ ვამხელ მამუკა ხაზარაძეს ეროვნული მოძრაობის მიტინგის დარბევასა და მერაბ კოსტავაზე ხელის აღმართვაში!

 

1989 წლის 18 თებერვლის მიტინგის მონაწილეა ბატონი ნოდარ ნათაძეც და ყურადღებით წავიკითხე „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ, რომელშიც პირდაპირ დაადო ხელი ხაზარაძეს, როგორც აქციის დამრბევსა და მერაბ კოსტავაზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებელს!

 

სხვათა შორის, ამ დღეებში ხაზარაძის ყელყელაობა მოვისმინე, თითქოს, მან „ასავალ-დასავალს“ სასამართლო პროცესი მოუგო, არადა, ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ „ასავალ-დასავალს“ ხაზარაძესთან სასამართლო პროცესი პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთით წააგებინეს, რადგან ეს მევახშე მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლების ფავორიტი იყო, პრემიერ-მინისტრად კი მისი ძმაკაცი და პარტნიორი კვირიკაშვილი იჯდა!

 

– ჩვენც დარწმუნებული ვართ, რომ „ასავალ-დასავალთან“ ხაზარაძის სასამართლო დავაში გადამწყვეტი როლი პოლიტიკურმა ჩარევამ და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის გავლენამ ითამაშა!

 

– ჰოდა, ახლა თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ ხაზარაძეს: „ასავალ-დასავალს“ ერთხელ ხომ უჩივლე და იგივე საკითხზე მეორედ ვეღარ უჩივლებ, მაგრამ აბა, გაბედე და ახლა მე – სანდრო ბრეგაძეს მიჩივლე! თუ გინდა, მე და ბატონ ნოდარ ნათაძეს ერთად გვიჩივლე, რადგან ორივე გადებთ ხელს, როგორც მიტინგის დამრბევსა და მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევ ზონდერს!

 

– ხაზარაძემ მართლაც რომ გიჩივლოთ, მზად ხართ, სასამართლოში პირზე დაადგეთ?

 

– რა თქმა უნდა! ვიმეორებ: 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგის მონაწილე ვარ და მამუკა ხაზარაძე არავისში შემეშლებოდა, რადგან ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი გახლდით და ჩვენი მოწინააღმდეგე ბანაკის ყველა ლიდერსა თუ აქტიურ წევრს, როგორც მინიმუმ, სახეზე ვიცნობდი.

 

მოკლედ, ძალიან კარგად მახსოვს, ხაზარაძე თავის ზონდერ-კომკავშირელებთან ერთად როგორ არბევდა ეროვნული მოძრაობის აქციას „გეპეის“ პირველ კორპუსთან და როგორ იწევდა მერაბ კოსტავას საცემრად. არასოდეს დამავიწყდება, რომ მაშინდელი მილიციელებიც კი აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმ სისასტიკის გამო, რომელიც ხაზარაძემ და მისმა ზონდერ-კომკავშირლებმა აქციის მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ გამოიჩინეს. მეტსაც გეტყვით, ხაზარაძე და მისი კომკავშირელი ამფსონები 1989 წლის18 თებერვლის აქციაზე პირადად ჩემ დაკავებაშიც იღებდნენ მონაწილეობას და თავიანთი ხელით გადამცეს მილიციას. სხვათა შორის, ათეულობით ახალგაზრდა მილიციის განყოფილებიდან მალევე გაგვათავისუფლეს, რადგან სამართალდამცავთა უმეტესობა თანაგვიგრძნობდა, ხაზარაძესა და მის ამქარს კი, რომლებმაც მიტინგის დარბევაში რუსების „მერვე პოლკთან“ ერთად მიიღეს მონაწილეობა, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ.

 

– ხაზარაძემ ამ დღეებში განაცხადა– მერაბ კოსტავა 100 მეტრის სიახლოვეზეც კი არ მყავს ნანახიო!

 

– ხაზარაძემ ამ განცხადებით – მერაბ კოსტავა ახლოდან არასოდეს მინახავსო – ალიბი კი არ გაიკეთა, საკუთარი ავაზაკობა და მანქურთობა აღიარა?! დიახ, აღიარა, რომ მას 1989 წლის 9 აპრილს კომუნისტური რეჟიმის ჯალათების მიერ ქართველი ახალგაზრდების დახოცვაც კი არ გაუპროტესტებია! მაშინ უამრავმა ადამიანმა კომპარტიის მანდატები საჯაროდ დაწვა ან დახია, ხაზარაძე კი გეპეიში კომკავშირის კომიტეტის ხელმძღვანელად დარჩა!

 

და კიდევ, ხაზარაძის მარჯვენა ხელმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახადა, პირველ პრეზიდენტს უღალატა და პუტჩისტების მხარეს გადავიდა, კიტოვანისა და იოსელიანის გვერდით დადგა! ახლა რომ ამაყობს, დამოუკიდებლობის აქტზე მაქვს ხელი მოწერილიო, იმ აქტზე თენგიზ სიგუასა და ბევრი სხვა ნაძირალას ხელმოწერაც არის, რომლებიც არამარტო ზვიად გამსახურდიას, არამედ საქართველოს მოღალატეები არიან!

 

სწორედ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში შეტანილი წვლილის საფასურად შეუქმნა შევარდნაძემ ხაზარაძეს „თიბისი ბანკი“, შეაჭმევინა ხალხის ანაბრები და მრავალ მილიონიანი აქტივები ჩააგდებინა ხელში.

 

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან კუდით იყო გადაბმული და ადეიშვილის პროკურატურა „თიბისი ბანკს“ ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევის ინსტრუმენტად იყენებდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ცნობილი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელსაც ხაზარაძემ სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებთან ერთად ქონების წართმევაც არ იკმარა და ციხეში გაუშვა.

 

– და მაინც, რას მოიმოქმედებთ, თუ შესაბამისი უწყებები თქვენს მოთხოვნას ყურად არ იღებენ, ხაზარაძის მიერ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს არ გამოიძიებენ და „ლელოს“ არჩევნებიდან არ მოხსნიან?

 

– ამ ხელისუფლების მთავარი დანაშული ის არის, რომ სამართლიანობა არ აღადგინა და ხაზარაძისნაირებს გლდანის საპყრობილეში არ მიუჩინა სათანადო ადგილი! სამაგიეროდ, ჩვენ ვპირდებით მამუკა ხაზარაძეს, რომ ძალიან მძიმე დროება დაუდგება! მისთვის ახლა საარჩევნო კამპანია კი არა, საარჩევნო ჯოჯოხეთი იწყება, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად მოვუწყობთ!

 

მივმართავ თითოეულ ამომრჩეველს: ვინც ხაზარაძის პარტიას მისცემს ხმა, ის მერაბ კოსტავაზე ხელის დარტყმის, ზვიად გამსახურდიას დამხობის, მევახშეობისა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილედ გადაიქცევა!

 

ამიტომ კარგად დაფიქრდით და აჩვენეთ წითელი ბარათი ხაზარაძესა და მის პარტიას!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner