logo_geo
eng_logo
მყვინთავი მაშველი: სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად უკან არასდროს დამიხევია, მაგრამ სახელმწიფო რომ ზურგს გიმაგრებს, კიდევ მეტი სტიმულია
- +

23 სექტემბერი. 2020. 02:37

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, მყვინთავ-მაშველებს ხელფასი გაეზარდათ 100 პროცენტით. ამის გარდა, რეფორმების ფარგლებში შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. „ჯი-ეიჩ-ენი“ დასავლეთ საქართველოს განყოფილების ერთ-ერთ მყვინთავ-მაშველს, ვახტანგ მიქელაძეს ესაუბრა. 

 

- ვახტანგ, რამდენი წელია მყვინთავი მაშველი ხარ?

 

- 2003 წლიდან ვარ მყვინთავი მაშველი. 2006 წლიდან დღემდე კი საერთაშორისო კლასის პროფესიონალური მყვინთავი. მიყვარს ჩემი საქმე, როცა სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებ,  თუნდაც საკუთარის რისკის ფასად, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.   

 

 

- რატომ გადაწყვიტე, მაინცა და მაინც მყვინთავი მაშველი ყოფილიყავი?

 

- დღემდე მახსოვს, წარმოიდგინეთ 30 წლის დედა, რომელსაც შვილი დაეხრჩო და ცხედარს ვერ პოულობდნენ. მეხვეწებოდა მაპოვნინეთ საფლავი რომ მქონდესო. ეს ტრაგედიაა, დედა გარდაცვლილის პოვნას ითხოვდა, დამამარხინეთო. მას შემდეგ გავხვდი პროფესიონალური მყვინთავი, მაქვს საერთაშორისო სერთიფიკატი. 

 

- მყვინთავი მაშველი ურთულეს პროფესიათა ჩამონათვალში შედის და რამდენიმე დღის წინ, თქვენი ხელფასები 100%-ით გაიზარდა...

 

- საუბარი ამით მინდოდა დამეწყო. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, შესაძლოა, არ დამეჯერებინა. ეს უდიდესი აღიარებაა იმისა, რომ შენს თავგანწირვას აფასებენ.   არც ერთი მყვინთავი მაშველი წყნარ ზღვაში, ან მდინარეში არ შედის. 4-5-ბალიან შტორმში კი მხოლოდ ხელფასის გამო არავინ შედის. სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, უკან არასდროს დაგვიხევია, არც ერთ სიტუაციაში. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ როდესაც ამას სახელმწიფო გიფასებს, ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება მეტი მყვინთავი მაშველი, მეტი გადარჩენილი სიცოცხლე. სახელმწიფოსთვის ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.  მიხარია, რომ მყვინთავების რაოდენობაც გაიზრდება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

 

- შედიხართ  4-5-ბალიან შტორმში და გყავთ ოჯახი, შვილები...  შიში არ გაქვთ?

 

- მყავს მეუღლე და ორი შვილი. 11 წლის ბიჭი და 8 წლის გოგო. რა თქმა უნდა, შიშიც არის, მაგრამ  ეს ჩაყვინთვისთანავე წყლის ზევით რჩება და მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშ ადმიანს ეძებ, ანუ ალბათობა დიდია, რომ ცოცხალი აღარ არის, მაინც გინდა რომ გადაარჩინო.

 

- როგორც წესი, როცა მყვინთავი მაშველების საჭიროება დგება, საქმე რთულადაა, გქონიათ შემთხვევა რომ გადაგირჩენია?

 

-კი. ასეთებიც ყოფილა, არც თუ ცოტა. ამ ორიოდე წლის წინ, წყლის პირზე  იძირებოდა ადამიანი. მაშველებს უკვე თვალთახედვიდან დაეკარგათ. უსწრაფესი რეაგირება მოვახდინეთ. მყვინთავები გავედით, ეს სულ 1-2 წუთში მოხდა და ამოვიყვანე. პირველადი დახმარება მე ჩავუტარე და გადარჩა. შემდეგ სასწრაფო მოვიდა და გადაიყვანეს...

 

- განსაკუთრებით საამაყო რა შემთხვევა გახსოვს?

 

- ყველა გადარჩენილი სიცოცხლით ვამაყობ, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ბევრი რამ მხოლოდ შენზე აღარ არის დამოკიდებული. ვამაყობ, რომ 2017 წელს, 4-საათნახევარი 5-ბალიანი შტორმის დროს გადავარჩინეთ ორი ადამიანი. 4 საათნახევარი ხელში გვეჭირა და ველოდებოდით გემს. იცი რატომ არის ყველაზე რთული მყვინთავი მაშველის პროფესია? თუ  სხვა სამაშველო სიტუაციას იქნება ეს სახანძრო თუ სხვა ტიპის შემთხვევა, აქვს თავდაცვითი საშუალებები, წყალში ასეთი რამ თითქმის არ არსებობს. წყალში თავდაცვის საშუალება შენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებია. 

 

- როგორი უნდა იყოს მყვინთავი?

 

- ფიზიკური მონაცემები ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელია. გარდა ამისა, მყვინთავის ფსიქიკა ძალიან ძლიერი უნდა იყოს. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ყველაფერს უნდა გაუმკლავდეს. მე სიღრმის მყვინთავი ვარ და ამას წლები სჭირდება. 40 მეტრის სიღრმეში 3-4 წელიწადში ვერ ჩახვალ. ამას ფიზიკურადაც უნდა გაუძლო და ფსიქოლოგიურადაც. წარმოიდგინეთ 8-მილიმეტრიანი ტანსაცმელი 10 მეტრ სიღრმეზე 2-მილიმეტრიანი ხდება, წნევის გამო. თუ 40 მეტრზე ჩახვალ, ამ წნევას ფიზიკურად უნდა გაუძლო.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner