logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელიც ამ ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს!
- +

27 სექტემბერი. 2020. 20:29

 

 

გიორგი ვოლსკი, მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში „ქართული ოცნებიდან“ როგორც „საერთო გაზეთთან“ საუბარში ამბობს, ამ რაიონში მძიმე მემკვიდრეობაა და რა თქმ აუნდა, შეკითხვებიც ბევრია.

 

– ბატონო გია, საუბარი დავიწყოთ პრობლემებითა, თქვენ არაერთხელ თქვით, ძალიან ბევრი შეკითხვებიაო, რა არის აქედან უმთავრესი?

 

– საკითხები ორ ნაწილად უნდა დავყოთ, ერთია საერთო, ანუ პოლიტიკური, მოსახლეობას აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ბედი, კონკრეტული თემები, რა იქნება საგარეო კუთხით, როგორ იქნება და ასე შემდეგ. არის შეკითხვები განათლებასთან დაკავშირებით, პანდემიასთან დაკავშირებით. მეორე ნაწილი ეხება ყოველდღიურ ყოფას, სოციალურ პრობლემებს, რაც ძალიან აქტუალურია მოსახლეობისთვის. მაგალითად, დიდუბე-ჩუღურეთში წლების განმავლობაში წარმოიშვა ავარიული ბინების პრობლემა.

 

– დიახ, ვიცით, ეს პრობლემა მართლაც წლების განმავლობაში არსებობს. თქვენ რას პირდებით, ამას რამე ეშველება?

 

– ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც დეპუტატი ვერ მოერევა. რა თქმა უნდა, მე ვიაქტიურებ, საკითხს დავაყენებ, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც დედაქალაქის ხელმძღვანელობაზეა. კონკრეტულად რას ითხოვენ ჩემგან და არა მხოლოდ ჩემგან, ნებისმიერი კანდიდატისგან? ითხოვენ ვადებს, თუ როდის, რა დროში გამაგრდება ბინები, რათა ჩამონგრევისა არ ეშინოდეთ. არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა სტატუსი ეკუთვნით და არ აქვთ. ბოლო პერიოდში კი გაკეთდა ბევრი რამე, მაგრამ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია – ქუჩები, გზები, კანალიზაცია და ასე შემდეგ. აქ ერთი რამე უნდა გამოვყო, აშკარად იგრძნობა, რომ ხალხი ხედავს საქმეს, ბევრი გაკეთდა, რაც წლების განმავლობაში დიდი პრობლემა იყო, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამას ყველა ამჩნევს, მაგრამ პრობლემები იმდენია, ბუნებრივად ჩნდება კითხვები თუნდაც იმაზე, 2004 წლიდან მოყოლებული, რა თანხებია დახარჯული. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დახარჯულია 150 მილიონი ლარი და ფაქტობრივად არაფერია გაკეთებული. ამ რაიონში იპოთეკით დაზარალებული ადამიანების მთელი არმია დამხვდა, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის პრობლემა, ადამიანები ყველგან იძულებულნი იყვნენ, რომ ჯანმრთელობის სანაცვლოდ ბინები და სხვა სახის ქონება ჩაედოთ ბანკებში მტაცებლური პირობებით. ახლა სხვა დროა, ჯანდაცვის კუთხით სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ იმ ძველ ვალებს მოშორება უნდა.

 

– ამ მხრივ რამე პერსპექტივა არსებობს?

 

– ერთი პერიოდი კერძო პირმა გადაწყვიტა და იცით, რომ 630 ათას ადამიანს ვალები დაუფარა, მაგრამ ამ პრობლემის ასე იოლად მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუმცა ამ თემაზე მუდმივად იქნება მსჯელობა. მე ამ ეტაპზე არ შემიძლია, რამე დაპირებები გავცე.

 

– ჩვენ ერთ დროს ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ვინმე ვალებს დაუფარავდა, მაგრამ მოხდა სასწაული.

 

– ვნახოთ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთი საკითხია... ბოლო მონაცემებით საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანთა რიცხვი კი განახევრდა, ამან გარკვეული სტიმულიც გააჩინა, მაგრამ ასეთები ჯერ კიდევ მრავლად არიან. საერთო ჯამში მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე.

 

– ბატონო გია, თქვენი კონკურენტები არიან ოდიოზური ფიგურები... პრინციპში, მე თუ მკითხავთ, კონკურენტებიც არ არიან, მაგრამ ცოტა უცნაური ქცევით გამოირჩევიან. გირჩი ზურაბა მოგიწოდებთ, დებატები გამართოთ მასთან ქვეყნის გადარჩენის საკითხებზე, ხოლო ანა დოლიძე აპირებს დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც თამარ მეფემ ქორწილი გადაიხადა, არ დატოვოს თქვენს ხელში, ანუ ფანრიანი „ნოკიას“ თაობის ამარა. არა მგონია, თავად დოლიძე „აიფონი“ იყოს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ასეთი წარმოდგენა აქვს, რას ფიქრობთ, გირჩ ზურაბასთან კამათს აპირებთ?

 

– მე არ ვფიქრობ, რომ ჯაფარიძესთან რამე მაქვს სალაპარაკო. ახლა კი დაირქვა „გირჩი“, მაგრამ კარგად გვახსოვს, რა თანამდებობები ეკავა „ნაცმოძრაობაში“ – ერთი პერიოდი აღმასრულებელი მდივანიც იყო და ჩართული გახლდათ ყველა ბოროტებაში. ამათ უამრავი ბოროტება ჩაიდინეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, ქუჩაში ხალხი ჩახოცეს. ეს ყველაფერი შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ და ამაზე უფრო ფართოდ იქნება საუბარი. სახელმწიფო სჩადიოდა დანაშაულს და ორგანიზებას უკეთებდა მკვლელობებს, წამებას. ამაში ჩართული იყო ზურაბ ჯაფარიძე. სხვათა შორის, ეს ადამიანი საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობს, მის შვილებს სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ სხვისი შვილები ასე ატყუო და გაწირო, ეს დანაშაულია. თურმე თავისუფლება არის ის, რომ საკუთარ სხეულს რასაც გინდა, იმას უზამ. არ უნდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, ორალური სექსით ფულის შოვნა საამაყოაო. არსებობს მორალური სტანდარტები, რამაც სახელმწიფო გადაარჩინა. ასე რომ, ჯერ სადისტური ხელისუფლების საქმეებში მონაწილეობა და ახლა ამორალური განცხადებებით მანიპულირება მე არ მიქმნის იმის განწყობას, რომ ამ თემებზე მას ველაპარაკო. მე ვარ თავისუფლების მომხრე, რომელიც მოაქვს განათლებას, პატრიოტიზმს, წმინდა დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ, ქვეყნის მიმართ, რომელიც არ გულისხმობს, რომ მტრის წინაშე შარვალი უნდა ჩაიხადო და უკანალი აჩვენო. ჯაფარიძეს სხვა შეხედულებები აქვს, მე – სხვა, ამის თაობაზე ამომრჩეველმაც ძალიან კარგად იცის. ის, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ლოიალური უნდა იყოს, გადაიხედოს განაჩენები, შეიძლება კანონი უფრო მკაცრია, მაგრამ ამას ჯანსაღად ვუყურებ, რათა საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრსაც ვითვალისწინებ, რომელსაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მიაჩნია საფრთხედ. აქ უნდა გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და არა პოპულისტური განცხადებების კეთება. თვითონ ზურაბ ჯაფარიძე არ ცხოვრობს იმ სტილით, რასაც სხვებისთვის ქადაგებს, მისი „კრეატიული“ გამოსვლები არის პოპულისტური და წმინდა წყლის დემაგოგია. მე ჯაფარიძის მიმართ არ მაქვს ბოროტული განწყობა, ჩვენსა და მაგის ყოფილ პარტიას შორის სწორედ ეგ არის, მტრის შვილსაც კი დავეხმარები, თუკი ეს საჭირო იქნება. თუმცა მისი მოკავშირეები მზად არიან, ჩემ შვილს მიაყენონ სერიოზული ზიანი, რათა ჩემზე ზეგავლენა მოახდინონ. იგივე ჯაფარიძეს ბოდიში არასოდეს მოუხდია, პირიქით, ის  სულ აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ „მოღვაწეობაში“ საბოდიშო არაფერია. რაც შეეხება ანა დოლიძეს, მე ვფიქრობ, საინტერესო მოსაზრებები აქვს, მაგრამ თავისი გაგებით იდეალისტია და რევოლუციისკენ იხრება, ვიდრე და ერთ ჯგუფად გაერთიანებული მოსამართლეები რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, არც კი ვიცოდით, განაგრძობდნენ თუ არა სააკაშვილის პოლიტიკური ნებისადმი დამორჩილებას. როგორც კი ამ სასამართლომ გაასამართლა „ნაციონალური მოძრაობა“, იმ წუთში დაიწყო შეტევა. მე მესმის, რომ იმ პერიოდიდან მოსული პიროვნებები გარკვეულ ანტიპატიას იწვევდნენ, მაგრამ მთავარია, ინსტიტუტი მუშაობს და ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს სჭირდებოდა. მე მგონი, თქვენ კარგად გესმით, რასაც ვამბობ.

 

– დიახ, მესმის, მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო.

 

– ჰოდა, აქედან გამომდინარე, როცა იცი, რომ ყველგან სააკაშვილი იყო – სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში და ვიდექით კრიტიკულ ზღვარზე, აქ უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო საჭირო. ამის გაგება ანა დოლიძეს არ უნდა, პირიქით, ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. მე არ მგონია, ანა დოლიძე გამოადგეს ქართულ პოლიტიკას, მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც დღეს დიდუბე-ჩუღურეთშია. რაც შეეხება ფანრიან „ნოკიას“, ამას წინათ პერფორმანსი მოაწყვეს, პირბადეები მოიხსნეს და ყველამ აანთო ფანრიანი „ნოკია“, ამით სოლიდარობა გამოუცხადეს ჩვენს თაობას, ანუ სახელმწიფოსთვის საჭირო ადამიანებს. ახლა თავის ქება არ მინდა, კიდევ ბევრის თქმა შემიძლია.

 

– მე პირადად მომეწონა „ქართული ოცნების“ პირველი ოცეული, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ სიაში თქვენც გიხილავდით. რა ხდება, მაჟორიტარობის კანდიდატები სიაში არ იქნებიან?

 

– არა, ჩემი აზრით, მაჟორიტარობის კანდიდატები სიაში არ უნდა იყვნენ.

 

– გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას.

 

– მადლობა, ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner