logo_geo
eng_logo
ნანკა გვარი: როცა სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს...
- +

28 ოქტომბერი. 2020. 00:18

 

 

 

ნანკა გვარი (გვარიშვილი) მსახიობია, თუმცა მაყურებელს მუსიკალურ პროექტში „დიდი სცენა", როგორც ახალბედა მომღერალი ისე წარუდგა. ნანკამ შესარჩევ ტურზე ცნობილი ჰიტი "ისევ შენ" იმღერა...

 

მის ვიდეოს სოციალურ ქსელში 2 მილიონამდე ნახვა ჰქონდა, დადებითმა შეფასებებმა ნანაკას სტიმული და ბიძგი მისცა, მუსიკალური კარიერა დაეწყო. პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა Bravo Records-თან ერთად შეუდგა და "ისევ შენ" ჩაწერა. არანჟირების ავტორი ალეკო ბერძენიშვილია.

 

შემდეგ კი გაჩნდა იდეა, კლიპი გადაეღო, რომლის ტელეპრეზენტაცია უკვე შედგა. როგორც ნანკა გვარი გვეუბნება, გადაღებები 31 აგვისტოს დაიწყო, რომელიც თბილისის ზღვასა და რუსთავში მიმდინარეობდა. რეჟისორი თინა ატამია (თინა შარაშენიძე), ხოლო კოსტუმების მხატვარი და დიზაინერი გოლა დამიანი.

 

კლიპი თრეშის ჟანრშია გადაწყვეტილი. ნანკა ქალღმერთის როლშია. მისი მთავარი გზავნილი ქალური სოლიდარობაა. კლიპში ქალღმერთიც კი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარებიან ქალი მცველები.

 

ნანკა გვარი, ამჟამად თეატრში "გლობუსი" ახალ სპექტაკლზე მუშაობს. ის ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის "პარტახი" მიხედვითაა და რომლის რეჟისორიც სანდრო მრევლიშვილია. ნანკა გვარის სასცენო სახელია n.e.a.s.y ანუ ნიზი. ეს მისი ბავშვობისდროინდელი მეტსახელია, რომლის პირველი ასო Nanka-ს განსაზღვრავს, ხოლო easy მშვიდ და მარტივ მიდგომას ცხოვრების სირთულეების მიმართ. მისი ხმის გაგონებისას მსმენელი მაშინვე ხვდება, რომ განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს.

 

- ბავშვობიდან ვმღერი. ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩემი გატაცება იყო, სამეგობროს, ნაცნობებს არავის ვუჯერებდი, რომლებიც ჩემს ამ მონაცემს სერიოზულად განიხილავდნენ. ერთხელ მამაჩემის უახლოესმა მეგობარმა ჩვენთან სტუმრობისას, როდესაც ჩემი ღიღინი გაიგონა, მითხრა, რომ ვოკალისთვის აუცილებლად უნდა მიმეხედა, რომ მეცოსოპრანო ვარ და ოპერის ვოკალის მასაწავლებელთან დოდო დიასამიძესთან წამიყვანა. ქალბატონ დოდოსთან ერთად გადავწყვიტეთ, საქმეს, პროფესიონალურად მუსიკალურ განვითარებას შევდგომოდით... მაგრამ, რაღაც ეტაპზე, ეს ყველაფერი მივატოვე, ოპერა აღარ მომინდა, ჯაზვოკალმა მეტად გამიტაცა. მაგ პერიოდში ჯაზის განხრა არსად ისწავლებოდა, თუმცა როგორც კი გავიგე, რომ ნიჭიერთა ათწლედში მისი შესწავლა შემეძლო, იქ წავედი. ცოტა ხანს ვიარე, მაგრამ მერე მაინც "თეტარალურში" ჩავაბარე.

 

- ე.ი. მსახიობობა აირჩიე. არადა, კარგად მღერი....

 

- კი, მაგრამ სცენაზე გამოსვლისას, როდესაც სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს, რომ რამე არ შემეშალოს. თეატრი კი ის ადგილია, სადაც ასეთი კომპლექსი არ მაქვს. მოკლედ, რის დაძლევასაც მარტივად შევძლებდი, იმას მოვკიდე ხელი.

 

მსახიობის პროფესიას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. მიმაჩნია, რომ ეს პროფესია კიდევ ბევრ პროფესიას აერთიანებს, ყველფერთან ერთად, ფიქოლოგიც უნდა იყო. თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით ძალიან საინტერესოა, როლის შექმნისა თუ თამაშისას მათ სამყაროში შეჭრა და გარდასახვა გიწევს. ეს ყველაზე საინტერესო რამ არის, რაც ამ სამყაროში არსებობს.

 

- პროექტში "დიდი სცენა" რატომ მიხვედი?

 

- ვოკალური მიმართულებით სცენაზე გასვლის კომპლექსი რომ დამეძლია. "ისევ შენ" შევასრულე, რომელიც ჩემი ინტერპრეტაციით იყო გაკეთებული, თუმცა დაძაბულობას, შიშებს მაინც ვერ ავცდი. მიუხედავად ამისა, ჟიურის მოვეწონე, ალბათ იმიტომ, რომ სიმღერა გულიდან მოდიოდა. ისიც დაინახეს, რომ მართლაც მქონდა ვოკალური მონაცემები და მხარდაჭერა მჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს მონაცემი მეტად გაღვივებულიყო. დიდი მუხტი მომცეს იმისთვის, რომ მომავალში მუსიკის კეთება და მისი გასაჯაროება შევძლო. მეორე ტურში გადავედი, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ შეცდომების დაშვების შიში ასე მარტივად ვერ დავძლიე. ამდენად ჩემი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, რადგანაც პროექტის დატოვება მომიხდა.

 

 

- თუმცა ამის შემდეგ უკვე კლიპიც გადაიღე და მომღერლის კარიერისთვის ემზადები...

 

- სიმღერას, რომელიც დიდი სცენისთვის მოვამზადე და რომელიც ვიდეოს სახით მაშინვე გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც მართლა ვერ ვიჯერებდი. ამან სტიმული და შანსი მომცა, რომ მისი სრული ვერსია მემღერა. მერე მე და ალეკო ბერძენიშვილი მივხვდით, რომ ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა, ჩემი პროდუქტით უნდა წარვმდგარიყავი მაყურებლის წინაშე. მოკლედ, სიმღერამ გაამართლა და კარგი გამოგვივიდა. ამან კი უკვე კლიპის გადაღების იდეა მოგვაწოდა..

 

- ეს სიმღერა საუკუნეს ითვლის, ბევრ მომღერალს აქვს ნამღერი. შენ რა ემოცია ჩადე მასში და რითია სხვებისგან განსხვავებული?

 

- კი, "ისევ შენის" ბევრი ინტერპრეტაცია მაქვს მოსმენილი და ახლა უკვე 21-ე საუკუნეში რაღაცნაირად უნდა გაცოცხლებუიყო, ახალი ვერსია უნდა შექმნილიყო. ამისთვის ალეკო ბერძენიშვილმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იმდენად ძლიერი მუხტის მქონეა, ისე სავსეა ნამდვილი და ძლიერი გრძნობით, ემიოციით, რომ შემსრულებელიც არ შემხვედრია, უემოციოდ ემღეროს. ამიტომ, რაც არ უნდა მოინდომო, ამ ხაზს სხვაგან ვერ წაიყვან. მგონია, რომ ეს მისია შევასრულე და სიმღერა არ გავაფუჭე.

 

 

- ნანკა, ისეთი გვარი გაქვს - "გვარიშვილი" რომ იტყვიან ხოლმე, "კაიგვარიშვილიაო". აქედან ფსევდონიმიც შეგიქმნია. მოგვიყევი ამაზე...

 

- რეალურად დადეშქელიანები ვართ, საბჭოთა პეიროდში თავადები გვარებს რომ იკეთებდნენ, თავი რომ გადაერჩინათ, ჩვენს წინაპრებს დადეშქელიანი გვარიშვილად გადაუკეთებიათ და ესაა მისი ისტორიაც.

 

ფსევდონიმი კი ასე შეიქმნა, ხშირად მეკითხებოდნენ - შენი გვარი გვარია? ამიტომ, ავდექი და შევამოკლე. რაც შეეხება სასცენო სახელს „ნიზი“-ს. აქ „ნ“ ნანკას ნიშნავს, დანარჩენი „მარტივს“, თუმცა ნანკა მარტივი არ არის, რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ ცხოვრებისეულ სირთულეებს მარტივად ვუყურებ.

 

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

- ალეკო ბერძენიშვილთან ვაგრძელებ მუშაობას. ბატონ ზაზა შენგელიას უნდა, რომ ახალ პროექტად მაქციოს. ძალიან გვინდა, რომ ერთად გარკვეული შედეგი დავდოთ - ჩემი სიტყვა ვთქვა. ამის თავი და თავი კი ალეკო ბერძენიშვილია. ასე რომ, ყველას მადლობა...

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner