logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სახელმწიფოს ჩამოშლას არ დაუშვებს!
- +

29 ოქტომბერი. 2020. 15:43

 

 

 

ვესაუბრებით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ისნის საარჩევნო ოლქში, სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს კახა კახიშვილს, რომელთაც ინტერვიუც 21 ოქტომბერს ზუგდიდში განვითარებული დრამატული მოვლენებისა და ურთულესი სპეცოპერაციის შეფასებით დავიწყეთ:

 

– სპეცოპერაციის პირველმა ეტაპმა, რომელიც მძევლების გათავისუფლებას გულისხმობდა, წარმატებით ჩაიარა, რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, მძევლების უვნებლად გათავისუფლებასთან ერთად დამნაშავის დაკავებაც მოხერხებულიყო, მაგრამ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის უპირველესი ამოცანა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაა და საქართველოს ხელისუფლებამ ეს ამოცანა შეასრულა.

 

– რამდენად არსებობდა შანსი, მძარცველის განეიტრალება მომხდარიყო ისე, რომ მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა?

 

– ბუნებრივია, სპეცოპერაციის დეტალები არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ შესაბამისი ანალიზისა და სავარაუდოდ, მძარცველის ფსიქოტიპის შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ იგი ნამდვილად იყო წამსვლელი ხელყუმბარის აფეთქებასა და მძევლების სიცოცხლის მოსპობაზე. ამდენად, უპირველეს მიზნად მძევლების უვნებლად გათავისუფლება იქნა დასახული, რაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

 

– გასაგებია, რომ სპეცრაზმი მძევლების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებდა და ბანკზე შტურმს ვერ მიიტანდა, მაგრამ მავანი ასეთ კითხვასაც სვამს – რატომ არ იმოქმედა სნაიპერმა, რომელსაც შეეძლ, შუშებიან შენობაში გამაგრებული დამნაშავისთვის ესროლა?

 

– ვინც ასეთ კითხვას სვამს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ დამნაშავეს ხელში ეჭირა „ეფ-1“ ტიპის გახსნილი ხელყუმბარა, რომელსაც ძალიან ფართო რადიუსზე შეუძლია ადამიანების დაზიანება. სნაიპერი მძარცველს თუ ესროდა, მას, ძალიან დიდი ალბათობით, გახსნილი ყუმბარა ხელიდან გაუვარდებოდა და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა ბანკის პატარა შენობაში, სადაც 49 მძევალი იმყოფებოდა.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უპირველესი ამოცანა მძევლების სიცოცხლის გადარჩენა იყო და ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრა, დამნაშავისთვის 500 ათასი დოლარის გადაცემაზე როცა საუბრობენ, არავის დაავიწყდეს, რომ დედამიწაზე არ არსებობს თანხა, რომელიც თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე მეტია!

 

ასე რომ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს ხელმძღვანელობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად დამნაშავეს მძევლად ჩაბარდა და ყველა ადამიანს, ვინც ამ სპეცოპერაციაში იყო ჩართული.

 

იმედი მაქვს, სპეცოპერაციის მეორე ფაზაც ასეთივე წარმატებით დასრულდება – დამნაშავეს დააკავებენ და პასუხისგებაში მისცემენ!

 

– თქვენ კი უხდით მადლობას შს სამინისტროს ხელმძღვანელობას, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები, პირველ რიგში, ნაცმოძრაობა და მისი ანასხლეტები ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩააფლავა, ქვეყნის უსაფრთხოება ჩამოიშალა და ა.შ.

 

– ყველა დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციის პროფესიონალიზმი, უპირველეს ყოვლისა, არა გვამების, არამედ გადარჩენილი სიცოცხლის რაოდენობით ფასდება! არ შეიძლება, პოლიტიკური ქულების დაწერაზე იფიქრო მაშინაც კი, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას ეხება! მადლობა ღმერთს, ჩვენს ხელისუფლებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც მძევლების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდებოდა, ბანკის შტურმით აღების გადაწყვეტილებას მიიღებდა და იტყოდა – მოხდეს, რაც მოხდება, მთავარია, დამნაშავე გავანეიტრალოთო! თუ ვინმეს ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები ხელისუფლება უნდა, მისი ნებაა, ჩვენი ხელისუფლება კი მსგავს არაადამიანურობასა და უკანონობას არასოდეს მოაწერს ხელს!

 

– უკანონობას?

 

– დიახ, საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ პირდაპირ წერია, რომ პოლიციას ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იმ ადგილებში, სადაც ამან სხვა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობა შეიძლება, გამოიწვიოს.

 

მინდა, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ვკითხო – თვითონ რომ ყოფილიყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ზუგდიდში 21 ოქტომბერს? გვითხრან, შს სამინისტრო ამ სპეცოპერაციას რა დააკლო ისეთი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები მის ადგილას გააკეთებდნენ? შესაძლოა, ხმამაღლა ვერ იძახიან იმას, რაც გულში აქვთ და რასაც იზამდნენ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს კანონთან არანაირ შესაბამისობაში არ იქნებოდა. დანაშაულს უნდა უპასუხო არა დანაშაულით, არამედ სამართლით. სწორედ ამას სჭირდება პროფესიონალიზმი, თორემ ძალის გამოყენება და უკანონობის ჩადენა ძალიან ადვილია.

 

აბა, წარმოვიდგინოთ: დამნაშავის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრები უმძიმეს წუთებში იმაზე ფიქრობდნენ, რომ მძარცველს 500 ათასი დოლარი არ წაეღო თუ იმისათვის ლოცულობდნენ, რომ მათი შვილები და ნათესავები უვნებლად გადარჩენილიყვნენ? რა დროც არ უნდა გავიდეს, დამნაშავეს აუცილებლად დაიჭერ, მაგრამ გარდაცვლილ ადამიანს ვერავინ გააცოცხლებს!

 

– საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთიოდე დღე რჩება და ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილში უფრო და უფრო ძლიერდება განცდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი შენაერთებითა თუ დანაყოფებით დესტაბილიზაციისთვის ემზადება. როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა მცდელობა დესტრუქციულ ოპოზიციას, არჩევნების მეორე დღიდანვე რევოლუციური პროცესები ააგოროს?

 

– 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ არჩევნებისას ვხედავთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მთავარი ამოცანაა არა არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება, არამედ ხმის დათვლის პროცედურის დაწყებისთანავე პროვოკაციების მოწყობა, დაძაბულობის ესკალაცია, საარჩევნო უბნებზე შევარდნა და ა.შ. ვფიქრობ, გამონაკლისი არც წლევანდელი არჩევნები იქნება და კვლავ მძიმე სურათის შექმნას შეეცდებიან, რათა შემდეგ დამდგარი შედეგი და, ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

 

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არჩევნების დღეს სამართალდამცავმა სისტემამ განსაკუთრებული დატვირთვით იმუშაოს და პოლიცია მაქსიმალურად ოპერატიულად გამოცხადდეს ყველგან, სადაც კონკრეტული ინციდენტის გამო გამოიძახებენ, არავის უნდა მიეცეს საშუალება, დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს და მერე ეს კიდევ უარეს უბედურებაში გადაზარდოს. ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და სამშობლოს მომავალი პოლიტიკურ კინკლაობას არ გადააყოლოს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას უნდა გავუფრთხილდეთ, მითუმეტეს ახლა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა სანატრელი გახდა.

 

– ხომ კარგად იცით, რომ თქვენს ამ შეგონებას ნაცები არ გაითვალისწინებენ და ქვეყნის ინტერესებს, როგორც ყოველთვის თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ ზრახვებზე მაღლა არ დააყენებენ?

 

– ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციის მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული ადეკვატური პასუხი გაეცემა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას კარგად ფლობს და სახელმწიფო სტრუქტურები საკმარისად კარგად არის გამართული იმისთვის, რომ ნებისმიერი დანაშაული დროულად აღკვეთოს. ამდენად, ნურავის გაუჩნდება განცდა, რომ იმას, რისი გაკეთებაც 15-20 წლის წინათ იყო შესაძლებელი, დღესაც გააკეთებს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სახელმწიფოს ჩამოშლას არ დაუშვებს!

 

– აქვს თუ არა რესურსი „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს და მთავრობის დასაკომპლექტებლად ოპოზიციასთან კოალიციის შექმნა არ დასჭირდეს?

 

– 8 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და, შესაძლოა, ბევრი შეცდომაც ჰქონდეს, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენს ხელისულფებას ადამიანის ღირსება არასოდეს შეულახავს. დიახ, „ქართული ოცნება“ ადამიანზე, მოქალაქეზე ორიენტირებული ხელისუფლებაა და მისი უმთავრესი ამოცანაა, თუნდაც შეცდომების დაშვების ფონზე, ქვეყანას სიკეთე მოუტანოს. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდება.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო იმაზე ვფიქრობ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, როგორ მქონდეს ადამიანებთან ისეთი კომუნიკაცია და როგორ უნდა მედოს ხელი მათ პულსზე, რომ მათ, ვინც ნდობა გამომიცხადა და ხმა მომცა, იმედები არ გავუცრუო.

 

– ანუ უკევე დარწმუნებული ხართ, რომ ისნის მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში სწორედ თქვენ მოგიწევთ?

 

– რა თქმა უნდა, ჩემი საარჩევნო კამპანია იმისკენ არის მიმართული, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვო! ამ მომენტისთვის ჩემი უპირველესი ამოცანაა, საარჩევნო კამპანია მშვიდობით დავასრულოთ და ისნის ოლქში არანაირ ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი, შემდეგ კი უკვე მაჟორიტარი დეპუტატის ვალდებულებების შესრულებას შევუდგები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ ადამიანსაც არ გაუჩნდეს განცდა – სხვანაირი ადამიანი მეგონა და სულ სხვანაირი აღმოჩნდაო!

 

ბუნებრივია, ყველას ყველაფერს ვერ გავუკეთებ, რადგან ზოგი საკითხის გადაჭრა, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგრამ მთავარია, ადამიანი არ მოატყუო, რაღაცას რომ დაპირდები, მერე არ დაემალო და პასუხი გასცე უარყოფითი პასუხიც პასუხია, თუ იგი დასაბუთებული და ობიექტური იქნება.

ახლა უმთავრესია, რომ ამომრჩეველი, რომელიც მხარს მიჭერს, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივიდეს, როგორც წესი, საქართველოში სახელისუფლო კანდიდატის ამომრჩევლები ფიქრობენ – ისედაც მოიგებს და არჩევნებზე რისთვისღა წავიდეო, მაგრამ ჩვენ ის ხელისუფლება არ ვართ, რომელსაც არჩევნების შედეგები წინასწარ გვაქვს დაწერილი! ამიტომაც, თითოეულ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მხარი უნდა დაგვიჭიროს, ვთხოვ, არჩევნების დღეს სახლში არ დარჩეს!

 

 

– ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხი მაინც არ გამეცით – შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ არჩევნების ისე მოგება, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს?

 

– „ქართული ოცნება“ არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს! პირადად მე მიმაჩნია, რომ კოალიციურ მთავრობას ქვეყნისთვის სტაგნაცია მოაქვს და საქართველოს არაფერში სჭირდება ისეთი მინისტრთა კაბინეტი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მინისტრები ქვეყნისთვის სიკეთის მოტანაზე კი არ იქნებიან ორიენტირებული, არამედ იმაზე, თუ როგორ დააზიანონ ერთმანეთი და ვიწრო პარტიული სარგებელი მიიღონ.

 

დღევანდელი გადასახედიდან, ნამდვილად გვაქვს რესურსი, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან კოალიცია არ დასჭირდეს და მთავრობა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს!

 

მთავარია, ჩვენმა ამომრჩეველმა არჩევნებზე წასვლა არ დაიზაროს და 31 ოქტომბერს აუცილებლად მოიხადოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. თითოეული ადამიანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველას გთხოვთ, ერთი დღე როგორმე გაიჭირვოთ. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

right_banner
არქივი
right_banner