logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: რევოლუციური სცენარი სააკაშვილის ინტერესია, მშვიდობა და განვითარება კი საქართველოსი
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:12

 

 

2020 წლის არჩევნების შედეგებსა და მოსალოდნელ პროცესებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრება:

 

– „ქართულ ოცნებას“ შეეძლო უფრო დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. სააკაშვილს შესწევს ხალხის მოტყუების უნარი. შედეგის მიუხედავად, ოპოზიციამ ეს ვერ გამოიყენა, ამიტომაც ისევ სააკაშვილთან გაერთიანება გადაწყვიტა. საერთოდაც, იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ეკუთვნოდათ. „ნაციონალების“ სტილია მარცხის ზეიმი, როგორც 2008 წლის ომის დროს გააკეთეს – „სარკოს“ ყვირილი დაავიწყდათ, თორემ დანარჩენი იგივე იყო.

 

– გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტის ფორმად ქუჩის აქციებს, ბოიკოტს, რიგგარეშე არჩევნებსაც კი განიხილავს.

 

– თუ ხელისუფლება შეძლებს თავისი ხმების დაცვას, რიგგარეშე არჩევნები აღარ იქნება საჭირო. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ბოიკოტის უკან სააკაშვილი დგას, ეს აშკარაა. მე არ ვიცი რა მოხდება, ეს ძალები როგორ გადანაწილდებიან, ვინ ვისთან იამხანაგებს, მაგრამ მათ ბრძოლას ერთადერთი აზრი აქვს – როგორმე პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს, რომელიც, ვფიქრობ, განწირულია მარცხისთვის, რადგან ქართველი საზოგადოება ახლა, როდესაც კავკასიას ცეცხლი უკიდია, რევოლუციურ სცენარს არ დაუშვებს. ახლა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დროა.

 

სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულ ძალებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედებენ და ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში, ხალხს ხვალინდელ მშვიდობიან დღეს კი არა, რყევებსა და რევოლუციას სთავაზობენ. ეს პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, ისევე, როგორც ის, თუ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს ასეთი განწყობებითა და დამოკიდებულებით. მგონი, ამის ახსნა არ მჭირდება, რა ინტერესები აქვს ჩრდილოელ მეზობელს. მას მუდმივად გააქტიურებული აქვს საცეცები, მაგრამ ყარაბაღის ომის პარალელურად საქართველოში დაძაბულობა მისთვის ბევრად ხელსაყრელია. ადვილი მისახვედრია, რომ მისი განზრახვა კეთილი არ იქნება და არეულ საქართველოში ყველაფერს უფრო ადვილად გააკეთებს. ასე რომ, რევოლუციური სცენარი მიხეილ სააკაშვილის ინტერესია, მშვიდობა და განვითარება კი საქართველოს ინტერესი. სააკაშვილი შეწუხებულია, ოღონდ იმიტომ, რომ არ არის ხელისუფლებაში და თავის უპასუხისმგებლო აღვირახსნილობას ვერ იკმაყოფილებს.

 

„ოცნებამ“ შეძლო პანდემიისა და დაანონსებული რევოლუციის ფონზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

 

– ოპოზიცია სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

 

– ისინი რას ამტკიცებენ, სრულიად უინტერესოა და იმედია, ხელისუფლება ხალხის არჩევანს დაიცავს, ეს არის ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას წაგებული ომი, დაკარგული მიწა-წყალი და რაც მთავარია, ასობით დაღუპულის ფონზე გამარჯვება იზეიმა. ეს არის ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ფეხზე წამოუდგა, დევნილები მზისგულზე დაასახლა და „გეტოში“ იცეკვა. ეს არის ძალა, რომელმაც გონივრული ეჭვი მაქვს, დავითგარეჯა გაასხვისა, რაც ჩვენთვის არის თავზარდამცემი, თორემ მათთვის არავითარი ღირებულება არა აქვს, რადგან კერპთაყვანისმცემელები არიან. მათ სწამთ ერთი ძეგლი – ერთი ადამიანი, ის არის მათი დავითგარეჯაც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც... სავსებით მოსალოდნელია ამ ძალებმა სისხლიანი სკანდალები ატეხონ და თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეც წავიდნენ, „ოცნებას“, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნებას, მათი გასამართლება მოუწევს. ამის თქმის საფუძველი მაქვს – არც ისე დიდი ხნის წინ მათ პარლამენტში შეჭრა დააპირეს და პოლიციელებზე ხელი აღმართეს, „გავრილოვის ღამეს“ ვგულისხმობ... ასე რომ, ამჯერად „ოცნებას“ მოუწევს მისთვის სასურველ ოპონენტს შეელიოს და ოპონირებიდან საქმე სასამართლოში გადაიტანოს. მოკლედ რომ ვთქვა, მათი დასახელება საარჩევნო ბიულეტენში მიუღებელი და გაუგებარი იყო.

 

– ხშირად ახსენებდით მესამე ძალას.

 

– დიახ, ახლა ყველაზე დიდი შანსია, მესამე ძალა გამოჩნდეს, რადგან გაირკვა, რომ ოპოზიცია არ არსებობს, რადგან ვიღაცებს რეიტინგი არა აქვთ, ზოგი კი, თავისი ჭკუით, რევოლუციური სცენარის გათამაშებას ცდილობს, რადგან ხელისუფლებაში მოსასვლელად საკმარის ხმებს ვერ იღებს. ხელისუფლებაში ყოფნისას საფრთხეს წარმოადგენდნენ და ახლაც საფრთხე არიან...

 

რევოლუცია ხდება მაშინ, როცა რომელიმე ძალა ამომრჩეველში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ხმებს უყალბებენ, ამ ძალამ კი მოსახლეობას ძალიან ცუდად დაამახსოვრა თავი. რაც უნდა იძახონ აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკიო, ისტორიას ვერასდროს წაშლიან და მათი პოლიტიკური ეპიტაფია იქნება ცოცხები და ციხის კადრები. ადამიანების წამებას თავიანთი ბიოგრაფიებიდან ვერასდროს ამოშლიან, მწამებლები კი პოლიტიკაში მით უფრო, ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდნენ. ახლა მესამე ძალის შესაქმნელად ძალიან საინტერესო ნიადაგია. თუ საზოგადოება განჭვრეტს და თავის წიაღში იპოვის რესურსს, ძალიან კარგი იქნება. კიდევ ერთი რამ არის მთავარი – ამ განწყობების პოლიტიკურ ენაზე თარგმნა, რათა საზოგადოებაში მესამე ძალის მოთხოვნა გაჩნდეს. ასევე დაიწყო ძალიან კარგი პროცესი – ახალგაზრდებმა მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ახალ ძალაზე საუბრისას მხოლოდ ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ, ვინც ადეკვატური იქნება, წარმატებას მიაღწევს. თუმცა ახალი ძალის წარმოქმნას რადიკალური ძალები ყოველთვის ხელს უშლიდნენ, ეს კი ხელს აძლევდა „ოცნებას“, ამიტომ მას მოუწევს შეელიოს „საოცნებო ოპონენტს“, ამ დაჭაობებულ ორპოლუსიან პოლიტიკას ახალი სიცოცხლე სჭირდება.

 

– რას იტყვით გაერთიანებულ ოპოზიციაში არსებულ პოლიტიკურ გუნდებზე?

 

– შესაძლოა, ახალ სისხლს არსებული პოლიტსპექტრიდანაც შეუერთდეს ვინმე „გირჩიდან“, „ლელოდან“ თუ სხვა გუნდიდან... ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ და გარკვეული მიმართულებით კრიზისი გარდაუვალია, მაგრამ ჩემი ხალხის, ქვეყნის ისტორიული გამოცდილების, აწმყოსა და მომავლის, უფლის წყალობისა და ჩვენი ხალხის შინაგან კულტურის იმედი მაქვს, რომ ქვეყნის მშვიდობიანად განვითარება გაგრძელდება. საზოგადოება არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ასე რომ, პანდემიის დროსაც უნდა შევინარჩუნოთ სახე, უკვე ჩანს, ყველაფერი მძიმედ ჩაივლის, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ძალა და ერთმანეთი გავამხნევოთ, ამისთვის კი საჭიროა გონივრული სიფრთხილე, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს უმოქმედობას.

 

სხვისი შეცდომა ორჯერ მეტი შეცდომის დაშვების უფლებას არ მაძლევს, თორემ ყველას ახსოვს, რაც კი ბოტები და ტროლები იყო, ჩემი ლანძღვით იყვნენ დაკავებული და ამით ხელისუფლებას ეპრანჭებოდნენ. მომავალშიც ვეცდები საზოგადოების ღირსების დაცვას, ოღონდ არა შაჰ-აბასის ბანაკიდან.

 

ლალი პაპასკირი

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner