logo_geo
eng_logo
იანა ბიკოვა: თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ მე და ჩემი შვილი ხორცსაკეპ მანქანაში გაგვატარა!
- +

16 ივლისი. 2021. 02:12

 

2010 წლის 16 ივნისს საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ენიგმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნების შესახებ, დღეს კი, 11 წლის შემდეგ, გამწარებული დედა, თბილისელი ებრაელი იანა ბიკოვა გვიყვება მეტად მძიმე ისტორიას, რომელიც მის მცირეწლოვან შვილს ნიკოლოზ ღუღუნიშვილს სწორედ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში გადახდა.

 

ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ სრულიად შეგნებულად ვიკავებთ თავს, ჩვენი რესპონდენტის მონათხრობს კონკრეტული შეფასება მივცეთ და მორალური ან სამართლებრივი პრიზმიდან დავარქვათ სახელი იმას, რაც თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში მცირეწლოვან ნიკოლოზ ღუღუნიშვილს გადახდა, თუმცა, ერთ რამეს კი ვიტყვით: ეს ამბავი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ყურამდე უნდა მივიდეს, საქართველოში გერმანიის ელჩი, ბატონი ჰუბერტ ქნირში კი პირადად უნდა დაინტერესდეს ნიკოლოზ ღუღუნიშვილის ისტორიითა და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის საქმიანობით.

 

იანა ბიკოვა: — ძირძველი ებრაული გვარის წარმომადგენელი ვარ, მამაჩემი კომუნისტების დროს მოსკოვში დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და აკრძალული ჰქონდა, საკუთარ ებრაელობაზე ესაუბრა. მეც, მამის სამსახურიდან გამომდინარე, მოსკოვში დავიბადე, თუმცა, თბილისში გავიზარდე და სკოლაც და ინსტიტუტიც აქ დავამთავრე. საქართველოდან 1990-იანი წლების დასაწყისში წავედი და თბილისში ოჯახთან ერთად 2014 წლის ოქტომბერში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა და წლების განმავლობაში კიდევ შემეძლო, მემუშავა, სამსახური მივატოვე, რადგან მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, უმცროსი ვაჟი საქართველოში გაგვეზარდა. ნიკოლოზი უკვე სასკოლო ასაკს უახლოვდებოდა და მისთვის თბილისში სკოლის შერჩევა დავიწყე.

 

— არჩევანი თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაზე რატომ შეაჩერეთ?

 

— მოგეხსენებათ, გერმანია ხარისხთან და უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან ასოცირდება, რის გამოც ბავშვი თბილისის გერმანულ სკოლაში შევიყვანე. რა თქმა უნდა, სკოლა წინასწარ მოვინახულე, გარემოს გავეცანი და იმედი მომეცა, რომ ნიკოლოზი არამარტო კარგ განათლებას მიიღებდა, არამედ ყოველგვარი ბულინგისა და დისკრიმინაციისგანაც დაცული იქნებოდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვატყდებოდა და თბილისის გერმანული სკოლა ჩემთვის და ჩემი შვილისათვის ხორცსაკეპ მანქანად იქცეოდა.

 

— ნიკოლოზის სასკოლო ცხოვრებაში პრობლემები როდიდან დაიწყო?

 

— როგორც მოგახსენეთ, ბავშვი სასკოლო ასაკის ჯერ არ იყო, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში გერმანული სკოლის ბაღში შევიყვანე, 2015 წლის სექტემბერში კი პირველ კლასში უნდა შესულიყო. საქართველოში ახალჩამოსულმა არც ვიცოდი, რომ შემოღებული ყოფილა კანონი, რომლის მიხედვითაც პირველ კლასში მხოლოდ 6 წლის ასაკის ბავშვებს იღებენ, ნიკოლოზს კი 6 წელი 2015 წლის 2 ოქტომბერს, ანუ სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში უსრულდებოდა. 2015 წლის თებერვალსა და აპრილში ბავშვმა საგამოცდო ტესტები წარმატებით ჩააბარა და პედაგოგებმა თქვეს, რომ პირველ კლასში შესასვლელად აბსოლუტურად მზად იყო, თუმცა, დაახლოებით თვენახევარში გამომიცხადეს, რომ ნიკოლოზი სკოლის მოსწავლე ვერ გახდებოდა, რადგან 1 სექტემბრისათვის 6 წელი არ ექნებოდა შესრულებული.

 

რა თქმა უნდა, შევწუხდი და ბავშვმაც ძალიან განიცადა, რომ ბაღის მეგობრები, რომლებსაც შეეჩვია და დაუახლოვდა, სკოლაში მიდიოდნენ, თვითონ კი ისევ ბაღში უნდა დარჩენილიყო ახალ, მისთვის უცხო ბავშვებთან ერთად. ბაღის ჯგუფში ნიკოლოზთან ერთად კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელსაც ასაკით ასევე არ უწევდა პირველ კლასში შესვლა და ჩემს შვილს ვამშვიდებდი, რომ ცოტა ხანში იმ ბავშვთან ერთად შევიდოდა პირველ კლასში.

 

— მოდით, აქვე აღვნიშნოთ, რომ იმ ბავშვის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, რათა არასრულწლოვნის ინტერესები არ დავაზიანოთ!

 

— თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბავშვს გერმანელი მამა ჰყავს და საქართველოსა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

 

— ამ გარემოებას რატომ უსვამთ ხაზს?

 

— 2015 წლის 1 სექტემბერს, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ის ბავშვი, რომელიც, წესით, ბაღში ჩემს შვილთან ერთად უნდა დარჩენილიყო, არსად ჩანდა. თავიდან ვიფიქრე, რომ მშობლებს გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი და მალე დაბრუნდებოდნენ, თუმცა, ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ პირველ კლასში შეუყვანიათ. ეს ჩემთვისაც და ჩემი შვილისთვისაც ფსიქოლოგიური დარტყმა იყო — ბავშვი ისტერიკაში ვარდებოდა, როცა ხედავდა, რომ მისი ყველა ბაღელი უკვე სკოლის მოსწავლე იყო, თვითონ კი ისევ ბაღში დადიოდა. როგორც დედა, ნიკოლოზის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ისე გამოვიდა, რომ ბავშვი მოვატყუე — ვამშვიდებდი, შენ და შენი მეგობარი პირველ კლასში ერთად შეხვალთ-მეთქი, მაგრამ ის გერმანელი ბავშვი უკვე პირველ კლასში იჯდა.

 

— ე.ი. გერმანელი ბავშვი, რომელიც კანონის მიხედვით სასკოლო ასაკისა ჯერ არ იყო, თბილისის გერმანულმა სკოლამ პირველ კლასში მაინც დასვა, თქვენი შვილი კი ისევ ბაღში დატოვა?

 

— დიახ, ჩემი შვილის დისკრიმინაციის პირველი ნიშნები სწორედ მაშინ გამოიკვეთა და, წესით, უნდა მივმხვდარიყავი კიდეც, გერმანული სკოლის სახით რა სისტემასთანაც მქონდა საქმე. სკოლის გერმანელ დირექტორს თარჯიმანთან ერთად შევხვდი და ვკითხე — თუ ჩემი შვილისთვის არ შეიძლება პირველ კლასში სწავლა, რატომ შეიძლება სხვა ბავშვისთვის, რომელიც ჩემს შვილზე უფრო პატარა ასაკის არის-მეთქი? დირექტორმა მიპასუხა — იმ ბავშვს საქართველოსა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და პირველ კლასში მშობლების სურვილით დავსვითო!

 

როცა ავუხსენი, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჩემს შვილსაც აქვს და საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა, დირექტორმა, რომელიც, ზოგადად, უხეშობით გამოირჩეოდა, აგდებულად მიპასუხა — თუ გინდათ, თქვენი ბავშვიც შეიყვანეთ პირველ კლასშიო!

 

— საბოლოო ჯამში, მოხერხდა თქვენი შვილის პირველ კლასში დასმა?

 

— დიახ, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან 10-12 დღეში ნიკოლოზი პირველ კლასში დასვეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გერმანულ სკოლას ჩემი შვილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ დაურეგისტრირებია. არადა, თუ ბავშვი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება, მოსწავლის სტატუსსაც ვერ იღებს და როგორც სკოლის მოწაფე, ოფიციალურად და იურიდიულად, ბუნებაში არ არსებობს. ასეთი ბავშვი სკოლის დამთავრების ატესტატსაც ვერ აიღებს და სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში სხვა სკოლაშიც ვერ გადავა სასწავლებლად, რადგან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაურეგისტრირებელ ბავშვს არცერთი საჯარო და კერძო სკოლა არ იღებს. მაგალითად, მე-5 კლასელმა ბავშვმა, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული არ არის, ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა რომ მოინდომოს, პირველი კლასიდან მეხუთეს ჩათვლით ყველა გამოცდა ექსტერნად უნდა ჩააბაროს.

 

მოკლედ, ჩემმა შვილმა თბილისის გერმანულ სკოლაში მე-5 კლასამდე ისე ისწავლა, რომ მოსწავლედ არსად ფიქსირდებოდა, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და წარმოდგენაც არ მქონდა, ბავშვთან ერთად რა კოშმარის გადატანა მელოდა წინ.

 

— როდის და როგორ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი შვილი სკოლამ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ დაარეგისტრირა და ბავშვს მთელი ხუთი წლის განმავლობაში მოსწავლის სტატუსი არ ჰქონდა?

 

— ეს ჩემთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც იძულებული გამხადეს, რომ ბავშვი გერმანული სკოლიდან გამეყვანა და სხვა სკოლის ძებნა დამეწყო. დიახ, როგორც კი მეხუთე კლასის დამთავრებისა და მეექვსე კლასში გადასვლის დრო მოვიდა, ნიკოლოზის გარშემო უცნაური მოვლენები დატრიალდა — ბავშვს, რომელიც მანამდე კარგად სწავლობდა და აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, უცაბედად დაბალი ნიშნების დაწერა დაუწყეს. გერმანელი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ნიკას მათემატიკაში ძალიან უჭირდა, არადა, კომაროვის შაბათის სკოლაში, სადაც პარალელურად სწავლობდა, მათემატიკაში უმაღლესი ნიშნები ჰყავდა და პედაგოგი მისით აღფრთოვანებული იყო. ჩემთვის თანდათანობით ცხადი გახდა, რომ ბავშვი გერმანული სკოლის პედაგოგების მხრიდან ბულინგს განიცდიდა და სკოლა ყველაფერს აკეთებდა, რათა ნიკოლოზი მეხუთე კლასში ჩაეტოვებინა.

 

— კი მაგრამ, სკოლას ამის გაკეთება რაში სჭირდებოდა?

 

— თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის სტრუქტურა ასეთია: მეხუთე კლასის დამთავრების შემდეგ ბავშვები ან გიმნაზიუმში გადადიან, ან — ე.წ. რეალსქულში. გიმნაზიუმში გადასული ბავშვები გერმანულ ატესტატს იღებენ და უფლება ეძლევათ, სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ, რეალსქულის ატესტატი კი არც საქართველოშია ავტორიზებული და არც — გერმანიაში.

 

თუ ჩემი შვილი მეექვსე კლასში გადასასვლელ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებდა და სწავლას გიმნაზიუმში გააგრძელებდა, თბილისის გერმანულ სკოლას მისთვის ატესტატის მიცემაც მოუწევდა, ამას კი ვერ გააკეთებდნენ, რადგან ბავშვი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ ჰყავდათ დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ნიკოლოზი მეხუთე კლასში ჩაეტოვებინათ და მომდევნო სასწავლო წლამდე, ალბათ, ეცდებოდნენ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაერეგისტრირებინათ, ანუ მოსწავლე, რომელიც მთელი ხუთი წლის განმავლობაში სკოლაში „ლევად“ ჰყავდათ, „გაეპრავებინათ“.

 

— ნუთუ სკოლამ არ იცოდა, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაურეგისტრირებელ მოსწავლეს ბოლომდე მაინც ვერ დამალავდა და მოვიდოდა დრო, როცა მისთვის ატესტატის მიცემა დასჭირდებოდა?

 

— საქმეც სწორედ ის არის, რომ თბილისის გერმანული სკოლა არჩევდა სპეციფიკურ ბავშვებს, რომლებსაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგნებულად არ არეგისტრირებდა და მათ, როგორც მოსწავლეებს, ოფიციალურად არ აჩენდა. კერძოდ, სკოლა ასე იქცეოდა უცხოელ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც თბილისში დროებით, ვთქვათ, ორი-სამი წლით იმყოფებოდნენ, 12 კლასის საქართველოში დამთავრებას არ აპირებდნენ და არც აქაური ატესტატი სჭირდებოდათ.

 

2014 წელს, როცა საქართველოში ახალჩამოსულმა ბავშვი გერმანული სკოლის ბაღში მივიყვანე, ნიკოლოზს მხოლოდ რუსული პასპორტი ჰქონდა და საქართველოს მოქალაქეობა ჯერ არ მიეღო. როგორც ჩანს, სკოლამ იფიქრა, რომ საქართველოში დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებდით, ბავშვი სასწავლებლად დროებით შეგვყავდა და არც ქართული ატესტატი დაგვჭირდებოდა, რის გამოც ნიკოლოზი „დამალული ბავშვების“ სიაში შეიყვანეს.

 

მოგვიანებით, როცა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომისია, ჩემი განცხადების საფუძველზე, თბილისის გერმანულ სკოლაში შემოწმებაზე შევიდა, აღმოჩნდა, რომ სკოლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ჩემი შვილის მსგავსად, 29 მოსწავლე არ ჰყავდა დარეგისტრირებული და მათგან ყველა უცხოელი იყო.

 

— რატომ შედიოდა გერმანული სკოლის ინტერესებში მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობის დამალვა და ბავშვების არასახვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში?

 

— თბილისის გერმანულ სკოლაში სწავლის გადასახადი საკმაოდ მაღალია — წელიწადში 4000 ევროდან იწყება და ყოველ მომდევნო კლასში გადასვლისას რამდენიმე ასეული ევროთი იზრდება. მაგალითად, მე, დაახლოებით 6 წლის განმავლობაში, ჩემი შვილის სწავლაში 22 500 ევრო გადავიხადე. როგორც შემდეგ გავარკვიე, სკოლა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს იმის მიხედვით იხდის, თუ რამდენი მოსწავლე ჰყავს. შესაბამისად, თბილისის გერმანული სკოლა რაც უფრო მეტ მოსწავლეს დამალავდა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ დაარეგისტრირებდა, ბიუჯეტში მით ნაკლებ გადასახადს გადაიხდიდა.

 

ისიც აღსანიშნავია, რომ თავიდან, სანამ ჩემი შვილი გერმანული სკოლის ბაღსა და პირველ კლასში სწავლობდა, სწავლის საფასურს საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე ვრიცხავდი, შემდეგ კი უკვე გერმანული ანგარიში გამომიგზავნეს. ვინაიდან გადასახადს ევროებში ვიხდიდი და კვიპროსში საბანკო ანგარიში მქონდა, ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იყო, თანხა სკოლის მიერ მოწოდებულ გერმანულ ანგარიშზე ჩამერიცხა. მაშინ ხომ არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი თბილისის გერმანულ სკოლას „დამალული მოსწავლეების“ სიაში ჰყავდა და ფიქრადაც არ გამივლია, რომ, შესაძლოა, რაიმე თაღლითობასთან მქონოდა საქმე.

 

— როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეთ, რომ თქვენი შვილი თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლიდან სხვაგან გადაგეყვანათ?

 

— ნიკოლოზისთვის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კერძო სკოლა „ლოგოსი“ შევარჩიე, რომელშიც მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების ბავშვები ახერხებენ ჩასარიცხი გამოცდების ჩაბარებას. ეს ჩემი შვილისა და ჩემთვისაც ერთგვარი ტესტი იყო — თუ ნიკა გამოცდებს წარმატებით ჩააბარებდა და „ლოგოსში“ ჩაირიცხებოდა, კიდევ ერთხელ დადასტურდებოდა, რომ გერმანულ სკოლაში ბავშვს ჩაგრავდნენ და გამიზნულად ცდილობდნენ, მეხუთე კლასში ჩაეტოვებინათ.

 

ასეც მოხდა: ნიკამ გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მე კი, როგორც მშობელმა, „ლოგოსთან“ კონტრაქტს ხელი მოვაწერე და გერმანულ სკოლაში წავედი, რათა განცხადება დამეწერა და ბავშვის საბუთები გამომეტანა. აი, სწორედ აქ „გასკდა“ მთელი ამბავი და გაირკვა ყველაფერი, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ — ჩემი შვილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული არ იყო, სკოლის მოსწავლედ არსად ფიქსირდებოდა და გერმანულ სკოლას მისი პირადი საქმეც კი არ ჰქონდა.

 

სკოლა „ლოგოსიდან“, სადაც ნიკამ მეექვსე კლასში ჩასარიცხი გამოცდები ჩააბარა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვს ვერ ჩარიცხავდნენ, რადგან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდებოდა. ამიხსნეს, რომ ნიკოლოზს, როგორც მეექვსე კლასის მოსწავლეს, არცერთი სკოლა არ მიიღებდა და 10 წლის ბავშვს მხოლოდ პირველ კლასში შეეძლო შესვლა. ეს ჩემი შვილისათვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო — ბავშვი პანდემიის პირობებში მთელი ზაფხული გამოცდებს აბარებდა და გამოვიდა, რომ სულ ტყუილად იტანჯა! არც კი ვიცოდი, როგორ უნდა ამეხსნა ნიკასთვის, რაც მის თავს ხდებოდა!

 

— პრობლემის მოსაგვარებლად რა გზას დაადექით?

 

— ახლობლების დახმარებით მივაღწიე შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძესთან, რომელიც ჩვენმა მდგომარეობამ ძალიან შეაწუხა და მირჩია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილის სახელზე განცხადება დამეწერა. მინისტრის მოადგილემ ისიც მითხრა, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოსწავლის არდარეგისტრირება სკოლისათვის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. მისივე თქმით, თბილისის დემირელის კოლეჯს ავტორიზაცია სწორედ ამგვარი შემთხვევის გამო გაუუქმეს.

 

მოკლედ, დგებუაძის რჩევისამებრ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება შევიტანე და მის უფროსს თამარ მახარაშვილსაც პირადად შევხვდი. მან საქმის ვითარების გაცნობის შემდეგ აღშფოთება ვერ დამალა და თქვა, რომ გერმანული სკოლის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა. ეს პროკურატურის საქმეაო, — მითხრა მახარაშვილმა.

 

 — რა მოხდა მას შემდეგ, რაც ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თქვენ მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე კომისია თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში შემოწმებაზე შევიდა?

 

— კომისიამ სკოლაში არაერთი დარღვევა და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარვეზები გამოავლინა, რაც მის დასკვნაშიც არის ასახული. გარდა იმისა, რომ გერმანულ სკოლაში აღმოაჩინეს 29 „დამალული ბავშვი“, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ იყო დარეგისტრირებული, გაირკვა ისიც, რომ სკოლის უცხოელი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლა სავალდებულო არ იყო, რაც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. თბილისის გერმანულ სკოლას ავტორიზაცია საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად აქვს მიღებული და როცა ამ გეგმას უგულებელყოფს, ეს ავტორიზაციის გაუქმების პირდაპირი საფუძველია.

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ავტორიზაციის საბჭომ თბილისის გერმანული სკოლის მიმართ გასაოცარი გულმოწყალება გამოიჩინა და ყველაფერი აპატია. დიახ, თვალი დახუჭეს იმაზე, რომ სკოლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაურეგისტრირებელი მოსწავლეები ჰყავდა, ეროვნული სასწავლო გეგმის სხვა დარღევებიც „გაატარეს“ და ხარვეზების გამოსასწორებლად 60 დღე მისცეს.

 

— გამოასწორა კი გერმანულმა სკოლამ ხარვეზები?

 

— განათლების დარგის სპეციალისტებმა მითხრეს, რომ ყოვლად შეუძლებელია, 60 დღეში გამოსწორებულიყო ის დარღვევები, რაც კომისიამ გერმანულ სკოლაში აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, 29 მოსწავლე, რომელიც დამალული ჰყავდათ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ისე დაარეგისტრირეს, არც ბავშვებსა და არც მათ მშობლებს არაფერი გაუგიათ და მცირედი დისკომფორტიც არ უგრძნიათ, მე და ჩემმა შვილმა კი ხორცსაკეპ მანქანაში გავიარეთ და უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღეთ.

 

მეტსაც გეტყვით: დარწმუნებული ვარ, იმ 29 ბავშვის მშობლებმა დღემდე არ იციან, რომ მათი შვილების წინაშე კანონი უხეშად დაირღვა და ისინი გერმანულ სკოლაში ისე სწავლობდნენ, რომ მოსწავლეებად არსად ფიქსირდებოდნენ.

 

ჩემ ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის საელჩო და პირადად ელჩი აქტიურად ჩაერივნენ იმაში, რომ განათლების სამინისტროს თბილისის გერმანული სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევებზე თვალი დაეხუჭა და მისთვის ავტორიზაცია არ გაეუქმებინა. ისიც ზუსტად ვიცი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს პირადად განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უბრძანა, გერმანული სკოლის საქმე ჩაეფარცხათ!

 

მოკლედ, ჩემი შვილის უფლებებსა და ფსიქიკას არამარტო თბილისის გერმანულმა სკოლამ, არამედ გერმანიის საელჩომ, ელჩმა, საქართველოს განათლების სისტემამ და პირადად მინისტრმა ჩხენკელმა გადაუარეს!

 

— საბოლოო ჯამში, მოახერხეთ თქვენი შვილის რომელიმე სკოლაში შეყვანა?

 

— ამდენი ომისა და ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში მოხერხდა, რომ ნიკოლოზი თბილისის 21-ე გერმანულ გიმნაზიაში ჩარიცხულიყო და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშიც დარეგისტრირებულიყო, ოღონდ ერთი წელი მაინც დაკარგა, რადგან მეექვსე კლასის მაგივრად კვლავ მეხუთეში დასვეს. შესაძლებელი იყო, განათლების მინისტრის პირადი ბრძანებით, ნიკა მეექვსე კლასში ჩარიცხულიყო, მაგრამ მიხეილ ჩხენკელმა ამაზეც უარი თქვა — მსგავს პრეცედენტს ვერ დავუშვებო!

 

— როგორც ვიცი, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი გაქვთ შეტანილი. რას ითხოვთ?

 

— ვითხოვ, გერმანულმა სკოლამ მოყენებული მორალური ზიანისათვის სიმბოლური თანხა — 1 ლარი გადამიხადოს და ჩემი შვილისათვის მოწყობილი ჯოჯოხეთის გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში!

 

ასევე ჩემი მოთხოვნაა, სკოლამ უკან დამიბრუნოს ხუთი წლის განმავლობაში გადახდილი სწავლის საფასური, რომელსაც ისე მახდევინებდა, რომ ჩემს შვილს მოსწავლის სტატუსი არ გააჩნდა!

 

— ასევე სახალხო დამცველის აპარატში გაქვთ შეტანილი განცხადება, რომლითაც ითხოვთ, რომ ომბუდსმენმა გერმანული სკოლის მხრიდან თქვენი შვილის დისკრიმინაციის საკითხი შეისწავლოს!

 

— ვცდილობ, არ ვიფიქრო, რომ თბილისის გერმანულ სკოლაში ჩემი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლი ჩემი ებრაელობის გამო გახდა! ვცდილობ, ამ ისედაც მძიმე საქმეში ანტისემიტიზმის ნიშნები არ დავინახო, მაგრამ კითხვა მიჩნდება — თუ შეიძლებოდა, რომ გერმანელი ბავშვი, რომელიც სასკოლო ასაკის არ იყო, პირველ კლასში დაესვათ, რატომ არ შეიძლებოდა ეს ჩემი შვილისათვის?

 

თუ შეიძლებოდა, სასამართლო პროცესი უჩუმრად ჩაეტარებინათ, გერმანელი ბავშვი ყოველგვარი გამოცდების გარეშე დაერეგისტრირებინათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და დაესვათ მეექვსე კლასში, რატომ არ შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო ჩემს შვილთან მიმართებაში ისე, რომ ბავშვი ხორცსაკეპში არ გაეტარებინათ და ფსიქოლოგიურად არ ეწამებინათ? სად წერია საქართველოს კანონმდებლობაში, რომ ის, რაც ნებადართულია თბილისის გერმანული სკოლის გერმანელი მოსწავლეებისათვის, ქართველი, ებრაელი, რუსი თუ უკრაინელი მოსწავლეებისათვის აკრძალულია? ხომ არ გვაქვს საქმე ფაშისტურ და ნაცისტურ გამოვლინებებთან 21-ე საუკუნეში?

 

აი, ეს კითხვები მაწუხებს და ამიტომაც მივმართე სახალხო დამცველის აპარატს. ვიბრძვი არამარტო ჩემი შვილის უფლებებისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ სხვა ბავშვებიც არ გახდნენ იმავენაირი ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლნი, რადგან თბილისის გერმანული სკოლისათვის მოსწავლეების ბულინგი და დისკრიმინაცია ჩვეულებრივი ამბავია!

 

 

წინამდებარე მასალის მომზადებისას ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას სასამართლოში სარჩელი შეუტანია ცნობილი ჟურნალისტის ლალი მოროშკინას წინააღმდეგ, რადგან მან დაზარალებულ მშობელს იანა ბიკოვას საშუალება მისცა, მისი და მისი შვილის უბედურების შესახებ საზოგადოებისათვის რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერიდან მოეთხრო.

 

ლალი მოროშკინა: — როცა იანა ბიკოვა დამიკავშირდა და ეს საზარელი ისტორია მომიყვა, გადავწყვიტე, მედიაში გამეშუქებინა. რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში საავტორო გადაცემა მიმყავდა და დაზარალებული მშობელი მოვიწვიე, გერმანული სკოლის პოზიცია კი განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაწერილ დასკვნაზე დაყრდნობით გავახმიანე. რამდენიმე თვის შემდეგ მაცნობეს, რომ გერმანულ სკოლას ჩემი, „ჯორჯიან თაიმსისა“ და იანა ბიკოვას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეუტანია, რომლითაც ითხოვს, რომ „მორალური ზიანისათვის“ 330 000 ლარი უნდა გადავუხადოთ.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ჟურნალისტური ეთიკა დამირღვევია და არც — კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, უბრალოდ, ჩემი პროფესიული მოვალეობა შევასრულე და გავაშუქე ამბავი, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების შელახვას ეხებოდა.

 

— როგორც ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოსთანაც გქონდათ კომუნიკაცია!

 

— დიახ, გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ ქნირშს საგანგებო წერილი მივწერე და დეტალურად მოვუყევი, რა საშინელი ამბავი გადახდათ თავს იანა ბიკოვასა და მის მცირეწლოვან შვილს თბილისის გერმანულ სკოლაში. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გერმანიის ელჩი პირადად არ არის გარეული ამ ამბავში, მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი ინფორმაციით, თბილისის გერმანული სკოლა გერმანიის საელჩოს მფარველობით სარგებლობს!

 

ბოლო თქმა

 

ლალი მოროშკინას მსგავსად, ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, ბატონი ჰუბერტ ქნირში, რომლის ღირსებასა და კეთილსინდისიერებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ, თავის სამსახურებრივ მდგომარეობასა და გავლენას არ იყენებს და არც მომავალში გამოიყენებს იმისათვის, რომ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის პრესტიჟისა და რეპუტაციის დაცვის ხარჯზე უსამართლოდ შეილახოს არასრულწლოვანი ნიკოლოზ ღუღუნიშვილისა და მისი დედის იანა ბიკოვას უფლებები და კანონიერი ინტერესები.

 

დარწმუნებული ვართ იმაშიც, რომ გერმანიის ელჩი არ აღმოჩნდება დამცველი და ქომაგი ნაციზმისა და ანტისემიტიზმისა, რისი ნიშნებიც, ჩვენი რესპონდენტის მონათხრობიდან გამომდინარე, შესაძლოა, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ქმედებაში იკვეთებოდეს. საერთოდ, მიგვაჩნია, რომ ეს ამბავი გერმანიის კანცლერის ყურამდე უნდა მივიდეს და ფრაუ ანგელა მერკელი პირადად დაინტერესდეს, ხომ არ აზიანებს თბილისის გერმანული სკოლა საქართველოში გერმანიის პრესტიჟს და ხომ არ უქმნის საფრთხეს ქართველი საზოგადოების პატივისცემას გერმანული სახელმწიფოსადმი?! როგორც არ უნდა იქცეოდნენ თბილისის გერმანული სკოლის მესვეურნი, გვწამს და გვჯერა, რომ თანამედროვე გერმანიის, როგორც დასავლური დემოკრატიის ერთ-ერთი ფორპოსტისათვის, ადამიანისა და, მით უფრო, ბავშვის უფლებები უზენაესია! საუბედუროდ, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს განათლების სამინისტროსა და პირადად მინისტრ ჩხენკელის შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ, თბილისის გერმანული სკოლის მეხუთე კლასის აწ უკვე ყოფილი მოსწავლე ნიკოლოზ ღუღუნიშვილი დიდი უსამართლობისა და ფსიქოლიგიური ტანჯვისაგან დაეცვათ, მაგრამ ამისათვის არაფერი გააკეთეს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner