logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: ჯერ პოლიტიკაში უნდა მოხვიდე და შემდეგ ხელისუფლებაში
- +

30 აგვისტო. 2016. 21:07


„ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე, წინასაარჩევნო გარემოზე და ოპოზიციური პარტიების შანსებზე „რეპორტიორს" „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე ესაუბრა.


 - თქვენ, როგორც „ქართული ოცნების" ახალ წევრს, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?


- „ქართული ოცნების" ახალი წევრი არ ვარ. ფაქტობრივად პარტიასთან ერთად ვიზრდები. პირველ რიგში, პოლიტიკურ კონიუნქტურა რომ ავიღო, ვემორჩილებით იმას, რაც არის პარტიის  გეგმები და ხედვები, ვიზიარებთ პათოსს. პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი არის საკონსტიტუციო უმრავლესობი მოსვლა მომავალ პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ, დასავლეთისკენ, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი საარჩევნო პროგრამა და არის ჩვენი მთავარი მიზანი.


- როგორ შეაფასებდით თქვენს კოლეგებს და ახალ სახეებს პარტიაში?

 

- არის ძალიან კარგი პარტია, ცოცხალი ორგანიზმი. ახალი წევრები გამოირჩევიან კვალიფიციით, განათლებით, სწორი შეხედულებებით, რაც გულისხმობს ქვეყნის მოწყობას, საგარეო ორიენტაციას და ა.შ. „ქართული ოცნების" გუნდი ძალიან გაძლიერდა. დიდ კოლექტივს, რომლებიც 2012 წლიდან არიან ჩართულნი პროცესში,  ახალი სახეები დაემატნენ.

 

- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს და რას ფიქრობთ „ქართული ოცნების" შანსებზე?


- საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული საარჩევნო კამპანია არ ყოფილა. წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის შანსი და რესურსი, რომ თავისი ხმა მიიტანოს ამომრჩევლამდე. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ საუბრობს სიძულვილის ენით. თავისუფლად საუბრობენ თავიანთ პოლიტიკურ პროგრამაზე, შეხედულებებზე, აქვთ ხალხთან შეხვედრები. სახელისუფლებო ბერკეტის ჩარევა, როგორც ეს იყო 2012 წლამდე, არ არის, პირიქით, გახსნილია ყველანაირი პოლიტიკური კომუნიკაციის საშუალებები. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, როგორ ტარდება არჩევნები და ვითარდება ქვეყანა. საქართველო შედგა არჩევნების კულტურის მხრივ, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა კავკასიის რეგიონში. „ქართული ოცნების'' შანსები ცალსახაა, ამას ადასტურებს შეხვედრებიც, წევრების რაოდენობა, პარტიის დღის წესრიგი. პარტიული დისციპლინის მხრივ „ქართული ოცნება" გამორჩეულია.

 

- ოქტომბრის არჩევნებზე, თქვენი აზრით, წარმატების მიღწევის რა შანსები აქვთ გაერთიანებულ ბლოკებს?


- ვისთვის რა არის წარმატება, ვისთვის - რა. ახლად შექმნილ პარტიებს მინდა რჩევა მივცე, განცხადება, რომ მოვდივარ ხელისუფლებაში, არ არის სწორი, ჯერ უნდა მოხვიდე პოლიტიკაში და შემდეგ ხელისუფლებაში. რა არის პოლიტიკაში მოსვლა? პოლიტიკაში მოსვლის პირველი ბარომეტრი   არის არჩევნები, რომ გქონდეს შენი ნიში, რა არის შენი რეიტინგი. რეალური რეიტინგის მეშვეობით პოლიტიკაში დაფიქსირდები და შემდეგ გექნება ამბიცია, რესურსი, რომ მართო ქვეყანა. ოპოზიციური პარტიები მიღწევაში დღეს გულისხმობენ, ჩემი აზრით, მეორე ადგილისთვის ბრძოლას. გამარჯვებული არის ცალსახად „ქართული ოცნება".


- როგორ ფიქრობთ, რომელი პოლიტიკური სუბიექტები გადალახავენ 5 %-იან ბარიერს?


­­-  ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს პოლიტიკური პროცესი პარლამენტში და არა მის გარეთ. ბევრად უფრო საინტერესო იქნება პოლიტიკური ცხოვრება, თუ პარლამენტი დატვირთული იქნება ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციით, ვინაიდან ჯანსაღი პროცესი უნდა იყოს კონკრეტულ ლოკაციაში და არა ამ შემთხვევაში გარეთ. თუ პოლიტიკური პროცესები განვითარდება პარლამენტში, დემოკრატიისთვის იქნება კარგი. ჩემი აზრით, ბევრ პარტიას აქვს შანსი, სწორი მენეჯმენტის და სწორი საარჩევნო პროგრამმის შემთხვევაში გადალახოს ბარიერი, მაგრამ გამარჯვებული ცალსახად ცნობილია.

 

 

- კეთდება განცხადებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩება პარლამენტში. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

 

 

- ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. „ნაციონალური მოძრაობის'' პოლიტიკური ველიდან გაქრობის ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს ვერცერთი პოლიტიკური პარტია, მითუმეტეს ხელისუფლება, ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხის არჩევანი თუ დადასტურდება, დამიჯერეთ, „ნაციონალური მოძრაობა" აღარ იქნება.


- პაატა ბურჭულაძე გაერთიანდა „ახალ მემარჯვენეებთან", „გირჩთან" და ვაშაძის პარტიასთან. რას ფიქრობ ამის შესახებ?



- საინტერესოა, როდესაც ჩნდებიან ახალი პარტიები და ერთიანდებიან. ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, პაატა ბურჭულაძე განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრში რომ ყოფილიყო თავისი არჩვეულებრივი ხმით, ვიდრე პოლიტიკაში. დღეს ყველამ კარგად იცის, ვინ არის პაატა ბურჭულაძე, ის არის არაჩვეულებრივი ბანი.


- კეთდებოდა განცხადებები, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი იყო. „გირჩთან" და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანებამ, თქვენი აზრით, ეს მოსაზრება დაადასტურა?


- კავშირებს ყველაზე კარგად ხედავს საზოგადოება და არჩევნებზე გააკეთებს თავის შეფასებას.


- პაატა ბურჭულაძის პერსონას საზოგადოებაში ჰქონდა დადებითი რეიტინგი. თქვენი აზრით, პარტიის ჩამოყალიბებამ და გაერთიანებამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეცვალა თუ არა მოსახლეობის აზრი?



- ხალხის ნდობა ჰქონდა როგორც მომღერალს და ქველმოქმედს. პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე არავინ  იცის. ჩვენ  ვიცნობდით არაჩვეულებრივ მსოფლიო დონის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა ჩართულიყო პოლიტიკაში. მისი პოლიტიკური ნდობის ბარომაცია შევაფასოთ მისი პარტიიდან წამოსული წევრების რაოდენობით. პაატა ბურჭულაძის შესაძლებლობა არის მისი არჩვეულებრივი ხმა და ჩემი დიდი სურვილი იქნება, ბურჭულაძემ ასახელოს საქართველო თავისი არაჩვეულებრივი ბანით მსოფლიოს მრავალ სცენაზე და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარემონტებულ თბილისის ბალეტისა და ოპერის სცენაზე. უფრო ეფექტური იქნება.


დღევანდელი მონაცემებით, პაატა ბურჭულაძის რესურსი ძალიან მინიმალურია და არ ვთვლი რომ ეს რამდენიმე დღეში გაიზრდება.


დაბოლოს, საქართველო გადასარჩენი იყო 2012 წელს, დღეს კი საქართველოს სჭირდება მეტი ბიზნესმენი და არა მეტი პოლიტიკოსი. სამასმერაღაცმდენე პარტიის რეგისტრაცია ლოზუნგით „საქართველო გადავარჩინოთ"  არ არის პოლიტიკა. პარტიას დიდი შენახვა და რესურსი სჭირდება, ამ თანხით რამდენიმე საწარმოს გახსნა და ხალხის დასაქმება იქნება უკეთესი. საქართველოს სჭირდება მეტი ბიზნესმენი,  ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი და არა მეტი პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსობანას თამაში. ეს ქვეყანა „პოლიტიკანებით" დაიღალა. დღეს რეალურად საქმეა გასაკეთებელი.







 

right_banner
არქივი
right_banner