logo_geo
eng_logo
კახა თარგამაძე: სანდრა და მიშა ერთი პროექტი გახლდათ, რომელიც ქართველებს გადაგვაყლაპეს!
- +

7 სექტემბერი. 2016. 17:58



მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე ამჯერადაც შეეცადა, პოლიტიკური მოვლენების შეფასებისგან თავი შეეკავებინა, ჩვენი საუბარი მაინც შედგა და საკმაოდ საინტერესო განცხადებებიც გაკეთდა:


- მიუხედავად „ასავალ-დასავალის" მიმართ ჩემი პატივისცემისა, თითქმის ყველა საუბრის წინ გეუბნებით, ბევრი რამის საქმის კურსში არ ვარ, პოლიტიკა დიდი ხანია, აღარ მაინტერესებს-მეთქი. თქვენ რატომღაც არ გჯერათ ჩემი და მაინც მალაპარაკებთ.


- მიუხედავად ამისა, თქვენთან საუბარი ყოველთვის უაღრესად საინტერესო გამოდის...

 

- პოლიტიკით ჩემი დაინტერესების ერთადერთი მიზეზი გარეწარი ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოცილება იყო. ამ მხრივ დღეს გულდამშვიდებული ვარ, მეტიც, მტკიცედ მჯერა, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ვეღარასდროს გაიმარჯვებს!


- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?

 

- ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ნულია, მაინცდამაინც კახა თარგამაძისგან გინდათ მოისმინოთ? 9 წლის განმავლობაში სისხლის კალოები რომ დააყენეს და ათასი სისულელე აკეთეს, ფიქრობთ, ხალხს დაავიწყებთ?!


- მიუხედავად ამისა, სანდრა რულოვსი ზუგდიდში მაჟორიტარად იყრის კენჭს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრი ვარაუდობს, რომ ყოფილი პირველი ლედი გაიმარჯვებს...

 

- სანდრას მაჟორიტარობის შესახებ რომ მითხრეს, ძალიან ბევრი ვიცინე, როცა მეგრელების გული ერთი სიმღერით მოიგო, მხოლოდ სამეგრელო კი არა, მთელი საქართველო თავბრუდახვეული იყო და სააკაშვილის დაგებულ მახეში გაება, მაგრამ რაც მიიღეთ, ხომ დაინახეთ?! მართალია, გააბრუეს ქართველები, მაგრამ საქართველოში აწი ვეღარავის მოატყუებენ! ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა დასრულდეს ამ თაღლითების პარპაში და ძალადობა?!


- ყოფილი პირველი ლედი გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში ძალადობა აღარ განმეორდება...

 

- თვითონ იყო მთავარი მოძალადე და საინტერესოა, რის პირობას დებს?! სანდრა და მიშა ერთი პროექტი გახლდათ, რომელიც ქართველებს გადაგვაყლაპეს და კარგი შედეგიც მივიღეთ. ახლა გადაითამაშეს ფიგურები და სანდრა წამოსწიეს წინა პლანზე, ცდილობენ, ქართველი ხალხი ისევ გააბრიყვონ, მაგრამ ამას ვინღა ჭამს?! სხვათაშორის, სახელმწიფო გადატრიალებაც, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი, ამ პროექტის ნაწილი იყო. უბრალოდ, ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. ქალია და არ მინდა მასზე ზედმეტი ლაპარაკი. პირველ რიგში, ჩემს თავსა და ქართველ ხალხს ვცემ პატივს.


- ინტრიგა შემოიტანეთ. იქნებ, მიახლოებით  მაინც განმარტოთ, რა გაქვთ მხედველობაში?

 

- კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ვიცი, მაგრამ ოჯახში ვარ აღზრდილი და ამ კონტექსტში ქალზე არ ვილაპარაკებ!


- მიხეილ სააკაშვილი რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლით იმუქრება, ესეც პროექტის ნაწილია?!

 

- ჩამოსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ მიშიკოს მალე ჩამოიყვანენ. შესაძლოა, ზუსტად ოქტომბრისთვის ვერ მოესწროს, მაგრამ ახალ წლამდე ალბათ, ჩამოაბრძანებენ საქართველოში და პირდაპირ საკანში უკრავენ თავს.


- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

 

- როცა დაინახავენ, რომ საქართველოში ნაციონალური მოძრაობა ნული გახდა, ნახმარ და გამოყენებულ მიშიკოს თავიდან მოიცილებენ. წესია ასეთი: როდესაც აგენტები საჭირო აღარ არიან, მათ თავიანთ ადგილს მიუჩენენ ხოლმე.


- ანუ დასავლეთი, რომლის მხარდაჭერითაც სააკაშვილი დღემდე სარგებლობს, გაწირავს?

 

- შესაძლოა, რუსეთის აგენტიცაა, არ შეიძლება, ორმაგი აგენტი იყოს?! ნახევარი საქართველო რუსეთს რომ ჩააბარა, ეს შემთხვევითობაა? მიშას თამაში დიდი ხანია, დასრულებულია, უბრალოდ, სიცოცხლისუნარიანობა 2016 წლის არჩევნებამდე შეუნარჩუნეს.


- ანუ ფიქრობთ, რომ ამ არჩევნებს „ქართული ოცნება" მოიგებს?

 

- რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტი გაქვთ რამე?! ახლა არ მითხრათ, ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს შანსიო! ამ არჩევნებში „ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს! მიახლოებით პროცენტსაც გეტყვით - „ქართული ოცნება" ამ საპარლამენტო არჩევნებში ჯამი 65 პროცენტს აიღებს.

 

- თითქოს დაწერილს კითხულობთ, ისე დამაჯერებლად ლაპარაკობთ „ოცნების" გამარჯვებაზე...

 

- როდის იყო, ყველაფერს ვამხელდი, რაც ვიცოდი?! ვლაპარაკობ იმას, რაც სათქმელია. რაც არ არის სათქმელი, იმას ვერც თქვენ დამაცდენინებთ ხელისუფლებაში ყოფნის იმდენი გამოცდილება კი მაქვს, რომ მოვლენების ანალიზი გავაკეთო. ბიძინას ადვოკატი არ ვარ, უბრალოდ, ფაქტია, ამ კაცმა საქართველო საბოლოო განადგურებას გადაარჩინა! იმის ნაცვლად, რომ იყვიროთ - მიშა დავსაჯოთო, კიდევ მისკენ იშვერთ ხელს?! ეს არის სამართალი?!


- სხვათაშორის, „ოცნებას" ედავებიან - შევარდნაძის დროინდელ კადრებს აბრუნებთ ხელისუფლებაშიო...

 

- ნეტავ ჰყავდეთ შევარდნაძის დროინდელი კადრები, ქართველი ხალხის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ისეთი წესიერი ადამიანები დღეს სადღა არიან?! მათ, ნაციონალებისგან განსხვავებით, სინდის-ნამუსი და ღირსება ჰქონდათ შერჩენილი!


- ამასწინათ ერთ-ერთ ტელეარხზე ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, პოლიციის გენერალ ზურაბ ჩხაიძეს დაუსვეს შეკითხვა თქვენთან მეგობრობის თაობაზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თქვენი სახელით დღემდე ბუსავით აშინებენ ხალხს...

 

- მილიონჯერ მაინც მითქვამს - თუ ვინმემ რამე იცის ჩემი კორუფციონერობისა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერ მიიტანა საზოგადოებამდე? ეს არის ნაციონალებისა და დემოკრატების მიერ შეთითხნილი ბინძური ბრალდება, შავი პიარი. მათ ეშინოდათ, რადგან ჩემი მოშორების გარეშე პროექტი უვარდებოდათ - ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ, ამიტომ ათას სიბინძურეს თხზავდნენ. გადავდექი თუ არა, მთელი საქართველო ამოიდეს ლაჯებში და მანამდე ადინეს სისხლი ქვეყანას, ვიდრე ბიძინამ არ გამოჰგლიჯა ხელიდან.


- შესაძლებელია, არჩევნების წინ კვლავ აირიოს სიტუაცია?

 

- არავითარი დესტაბილიზაცია არ იქნება! მშვიდად იძინეთ, არაფრის თავი არა აქვთ - ნაციონალური მოძრაობა იმპოტენტია!


- შესაძლოა, თქვენს ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვეს გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძისა და სხვა ბობოლა ნაციონალების მხრიდან - კახა თარგამაძე ხმას როგორ იღებსო?!

 

- (იცინის) გივი თარგამაძეს ერთხელ უკვე გავეცი პასუხი და მეტი საქმე არ მაქვს, ორჯერ და ათჯერ დავწერო მასზე. საერთოდ, ვინ არის, მაგის ბჟუტურს რომ მივაქციო ყურადღება.


ხელისუფლებასაც ამას ვურჩევ - დროზე დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა! რაც შეიძლება, სწრაფად გააკმენდინონ ხმა ბობოლა ნაციონალებს!

 

 

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner