logo_geo
eng_logo
ვალერი კვარაცხელია: რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფების გაყიდვას არ ვაპირებთ
- +

8 სექტემბერი. 2016. 15:17



საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია „რეპორტიორთან" საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.


- ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის რეფორმის პრობლემებზე ისაუბრა. კონკრეტულად ჯანდაცვის რეფორმას რა პრობლემები აქვს?


- არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად არის. საყოველთაო ჯანდაცვა სერიოზული პროექტია, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ პროექტის პირველი ეტაპი გავიარეთ ძალიან კარგად, მაგრამ გვინდა, რომ ხარჯეფექტური გავხადოთ. ასევე აუცილებლად გასატარებელია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. ექიმების კვალიფიკაციასთან და განათლებასთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრი კლინიკა და ამბულატორია, კერძო საკუთრება გახდა, რამაც გამოიწვია ის, რომ სახელმწიფოს ცოტა რამ დარჩა. ამის გამო მთიან რეგიონში სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. კერძო კლინიკებმა რამდენიმე სამედიცინო სერვისი გააუქმეს, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, ყველა სამედიცინო სერვისი იყოს აღდგენილი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. მოგვიწია ბევრი კლინიკის გამოსყიდვა და ვაპირებთ კიდევ ამ პროცესის გაგრძელებას. რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფების მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. არ ვაპირებთ ამ კლინიკების გაყიდვას. აღნიშნულ კლინიკებში კერძო და სახელმწიფოს ერთობლივი საწარმოები შეიქმნება. ვფიქრობთ, რომ ეს მოდელი დღევანდელ სიტუაციაში ჩვენთვის ყველაზე მისაღებია.

 

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რამდენ ადამიანს დაეხმარა?


- ამოქმედების დღიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. საკმაოდ დიდი ციფრია. ეს იმ ადამიანების კატეგორიაა, რომლებიც ელემენტარულ სისხლის ანალიზს ვერ იღებდნენ. საყოველთაო ჯანდაცვამ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, როგორიცაა ქიმიოთერაპია, გადაუდებელ ოპერაციები, ონკოლოგიურ დაავადებები, ბავშვთა მკურნალობა.   

 

- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რამდენად წარმატებული აღმოჩნდა?


- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებულია. ის არის უნიკალური, რადგან მსგავსი ელიმინაციის პროგრამა არსად განხორციელებულა. ამ პროექტში გვყავს სოლიდური პარტნიორები, როგორიცაა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) და კომპანია „Gilead". მათთან თანამშრომლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და ვითარდება. აპრილის თვეში, „Gilead"-თან ათწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც გულისხმობს C ჰეპატიტის სამკურნალოდ უნიკალური მედიკამენტების მოწოდებას. C ჰეპატიტის ელიმინაციის  პროექტი კარგად მიმდინარეობს.

 

- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ამჟამად რამდენი პაციენტია ჩართული? იგეგმება თუ არა რაოდენობის გაზრდა?


-  21 500-მდე პაციენტია დარეგისტრირებული. თბილისში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გავაკეთეთ, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.  უფრო დიდი მსგავსი ცენტრი კეთდება სამეგრელოს რეგიონში, რომელიც ოქტომბრის თვეში, ზუგდიდში გაიხსნება. დღევანდელი მონაცემებით, 20 374 პაციენტი მკურნალობს. 9 600-მდე პაციენტმა  მკურნალობა დაასრულა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 90%-ია, რაც ძალიან მაღალია. კომპანია „Gilead"-თან როდესაც ხელშეკრულებას ვდებდით, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ წელიწადში დაახლოებით 25 000-დან 30 00-მდე პაციენტს ვუმკურნალებდით. მედიკამენტებს კომპანია სრულიად უფასოდ გვაწვდის, თუმცა ხარჯები მაინც აქვს C ჰეპატიტის პროგრამას. ზოგიერთ შემთხვევაში არის ისეთი რეჟიმები, როდესაც სხვა პრეპარატები სჭირდება, გარდა „ინტერფერონის" და „რიბოვერინისა", რომლის ყიდვაც აიღო სახელმწიფომ თავის თავზე. ასევე ვაფინანსებთ გამოკვლევებს, 70 %-ს ვუფინანსებთ უმწეოებს, დანარჩენ 30 %-ს თვითმმართველობითი ორგანოები აფინანსებენ.   

 

- რა თანხები დაიხარჯა საყოველთაო ჯანდაცვაზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე?


- საყოველთაო ჯანდაცვაზე წელს ბიუჯეტი 570 მილიონი ლარია. გარკვეული წლების განმავლობაში ბიუჯეტმა მოიმატა. ეს არც ისე დიდი თანხაა. როდესაც მსოფლიო ბანკმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთეს პრეზენტაცია, ჩვენი პროექტების მინუსად გვითვლიან, რომ დანახარჯი უნდა იყოს უფრო მეტი. არ ვთვლით, რომ ჯანდაცვაზე ძალიან ბევრს ვხარჯავთ. იმედია, ქვეყნის განვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს ჯანდაცვაზე და უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს.

 

- კონკრეტულად რას გულისხმობს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა  და რა შედეგების მომტანია?


- პირველადი ჯანდაცვის გარეშე საერთოდ ჯანდაცვა წარმოუდგენელია. სერიოზული პრობლემები შეგვექმნა იმის გამო, რომ წინა წლების განმავლობაში პირველადი ჯანდაცვა მოშლილი იყო. ყველა ამბულატორია და სამედიცინო დაწესებულება ფაქტიურად აღმოჩნდა კერძო პიროვნების ხელში. პირველადი ჯანდაცვა არის საძირკველი, თუნდაც ხარჯების შეკავების თვალსაზრისით. დღეს პირველადი ჯანდაცვის არარსებობის გამო ნებისმიერი პაციენტი, თუნდაც ისეთი დაავადებით, რომელიც არ არის სტაციონარული მკურნალობის, მაინც მიდის სტაციონარში, სადაც იღებს ძალიან ძვირ დახმარებას.  პირველადი ჯანდაცვის პლუსი იქნება ოჯახის ექიმები, რომლებიც მუდმივად ჩართულები იქნებიან პაციენტის მკურნალობაში. დათვლილია, რამდენი პირველადი ჯანდაცვის ობიექტი უნდა იყოს საქართველოში. სქემა იქნება ასეთი, პაციენტი პირველად მიმართავს პირველადი ჯანდაცვის ცენტრს და თუ მისი მკურნალობა შესაძლებელია ოჯახის ექიმის დონეზე, ის დარჩება და მკურნალობას გააგრძელებს, არ წავა სტაციონარში, რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯები შემცირდება. თუ ვთქვათ, მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება პაციენტს, ის გადავა სტაციონარში და თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა, ისინი შემდეგი დონის სტაციონარში მოხვდებიან. ამ სქემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გარკვეული მონახაზები არსებობს და ყველაფერთან ერთად ეს მოგვცემს საშუალებას, ძალიან ბევრი დაავადების წარმოქმნის პრევენციაზე ვიზრუნოთ, მითუმეტეს, რომ მკურნალობა უკვე ხარჯიანია პრევენციისგან განსხვავებით.

 

- საქართველოში კერძო კლინიკების რაოდენობა იზრდება. ეს რაიმე სახის პრობლემას ხომ არ უქმნის სახელმწიფო საავადმყოფოებს და გატარებულ რეფორმებს?


- სახელმწიფო საავადმყოფოები ცოტაა. მინდა ვთქვა, რომ  სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს  საშუალება, საავადმყოფოების გარკვეული რაოდენობა შეინარჩუნოს. თვითონ კერძო სექტორის განვითარება არანაირად არ ქმნის პრობლემას. თუ განვითარდებიან კერძო კლინიკები, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ ხარისხს, რომლის კონტროლიც ჯანდაცვის სამინისტროს გასაკეთებელია. კერძო კლინიკები ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას, რაც ძალიან კარგია, რადგან ფასები დაიწევს და ხარისხი აიწევს. არ ვთვლი, რომ კერძო სექტორი პრობლემას გვიქმნის. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორი ვერ განვითარდებოდა სახელმწიფოს გარეშე. რომ არ ყოფილიყო საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, არ მგონია, საქართველოში ამდენი კერძო კლინიკა აშენებულიყო.   

 

- დამატებით კიდევ რა რეფორმების განხორციელებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო?


- ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინფრასტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება. იხსნება ახალი სახელმწიფო კლინიკები. ზუგდიდის ტერიტორიაზე შენდება საავადმყოფო, რომელიც იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა და მოემსახურება როგორც დასავლეთ საქართველოს, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას. ამის გარდა მომავალი წლისთვის ინფექციური საავადმყოფო აშენდება. ექიმების მომზადება,  პირველადი ჯანდაცვის მიმართულება, ეს ყველაფერი არის პრიორიტეტები ჩვენი სამინისტროსთვის.


 

right_banner
არქივი
right_banner