logo_geo
eng_logo
ნანა თხელიძე: ვიცი, როგორ წარიმართა იმ ქალების ბედი, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა საოპერაციო მაგიდებთან მიიტყუა!
- +

13 სექტემბერი. 2016. 17:22



„მოვუწოდებ რეჟისორ გოგა ხაინდრავას, „ჰეროკრატიას" მომავალ სერიებში ნაწამები ქალი პატიმრების შემზარავი ისტორიები ასახოს, რათა რეჟიმის სისასტიკე ქალებთან დამოკიდებულებაშიც წარმოაჩინოს!" - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სააკაშვილის რეჟიმის ყოფილმა პოლიტპატიმარმა და ყოფილმა პროკურორმა ნანა თხელიძემ, რომელიც პოლიტიკაში მოსვლას ერთადერთი მიზნით აპირებს - პარლამენტის ტრიბუნიდან ამხილოს ჯალათები, რომლებიც დამსახურებულ სასჯელს გადაურჩნენ!


- „ჰეროკრატია" უმაღლეს დონეზეა გადაღებული. ყველაფერი, რაც ამ ფილმის პირველი ნაწილის პრემიერის დროს ეკრანზე ვნახე, მართლაც ხდებოდა. მაგრამ თუ ამ ფილმს, მხატვრული ღირებულების გარდა, ქართველი და უცხოელი საზოგადოების წინაშე მხილების ფუნქციაც აქვს, აუცილებლად უნდა აჩვენონ, რა მდგომარეობაში ამყოფა რეჟიმმა პატიმარი ქალები. ნაცრეჟიმის დილეგი ხომ ათასობით ქალმა გამოიარა და ათობით მანდილოსანი ამ სოციოპათ სისტემას ემსხვერპლა კიდეც. მე რომ რეჟისორ გოგა ხაინდრავას კონსულტანტი ვყოფილიყავი, აუცილებლად გავამახვილებინებდი ყურადღებას პატიმარი ქალების ტრაგედიებზე!


- არც ახლაა დაგვიანებული, ფილმის გადაღება ხომ გრძელდება. გნებავთ, „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან შეახსენოთ რეჟისორს ის დეტალები, რომელთა ნახვას „ჰეროკრატიას" მეორე ნაწილში ისურვებდით?

 

- მე პირადად გამოვიარე რეჟიმის პენიტენციური სისტემის ყველა სისასტიკე, რაც კი შეეძლოთ, ქალი პატიმრისთვის დაეტეხათ! გამოვიარე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი. პატიმრობამ სწორედ იმ წლებში მომიწია, როცა რეჟიმმა ქალი პატიმრების მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმა! როდესაც „მატროსოვის ციხიდან" ქალები რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, იქ არანაკლები ცემა-ტყეპა მოუწყვეს, ვიდრე მამაკაც პატიმრებს სცემდნენ! ისინი გაუსაძლის პირობებში ამყოფეს. ამას აკეთებდნენ დავით ჭაკუა, გაგა მკურნალიძე... ჩემი აზრით, ფილმში რამდენიმე ეპიზოდი აუცილებლად უნდა მიეძღვნას ქალთა ციხეში ბუნტს და მის თანამდევ მოვლენებს, რაც თავიდან ბოლომდე რეჟიმის მიერ იყო დაგეგმილი და ინსპირირებული!


- მოგვიყევით ამ ბუნტის შესახებ. როგორ დაიწყო იგი?

 

- ბუნტი ქალთა ციხეში 2009 წელს მოხდა. იმ პერიოდში რეჟიმი უკვე მთელი სისასტიკით ბობოქრობდა ქვეყანაში, თუმცა, პატიმარი ქალები შედარებით მსუბუქ პირობებში იმყოფებოდნენ და ბუნტის ინსპირატორების მიზანი მათი მდგომარეობის დამძიმება იყო! ყველაფერი რამდენიმე პატიმარს შორის შელაპარაკებით დაიწყო. ადმინისტრაციამ დაპირისპირება ხელოვნურად გააღვივა და პატიმარი ქალების სხვადასხვა ჯგუფს ამ კონფლიქტში მონაწილეობისკენ უბიძგა. დაპირისპირებულ მხარეთა „გაშველების" ფორმები იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ პატიმრების პროტესტში გადაიზარდა. ადმინისტრაცია ხელოვნურად უბიძგებდა პატიმრებს სულ უფრო და უფრო უკიდურესი ზომებისკენ.


ბუნტში ჩაითრიეს და პირდაპირი მნიშვნელობით გააუბედურეს 18-20 წლის პატიმარი გოგონები, რომლებიც ციხეში ბედის ირონიით მოხვდნენ და ამის შემდეგ ისედაც მძიმე სასჯელები კიდევ უფრო დაუმძიმეს! მათ სასტიკად სცემეს, კარცერებში დაამწყვდიეს, მათი სასამართლოებში ეტაპით ტარება კიდევ ცალკე საცოდაობა იყო! სიტყვებით ძალიან მიჭირს გადმოვცე ის სატანჯველი, რომელშიც ქალი პატიმრები აღმოჩნდნენ! ეს ბავშვები ერთმანეთს გადაამტერეს, ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებები მიაცემინეს! რეჟიმმა მარტივი გამოსავალი მონახა, ზონაზე მყოფი ქალი პატიმრები ციხის რეჟიმზე გადაიყვანა და სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებაც მოუსპო!


- პატიმარ ქალებთან დაკავშირებით კიდევ რომელი ეპიზოდების გადაღებას ურჩევთ რეჟისორს?

 

- რეჟიმმა პატიმარი ქალების ერთი ნაწილი მიზანმიმართულად „შესვა" ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე. ეს იყო პატიმრების დამორჩილების, მათი მართვის ერთგვარი ფორმა - პრეპარატები დროთა განმავლობაში შეჩვევას იწვევდა და სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. როდესაც პატიმარს წამლის მიცემას შეუწყვეტდნენ, მას ეწყებოდა სტრესი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხდებოდა, ყვირილით ითხოვდა წამლის მიღებას, რის გამოც კარცერში სცემდნენ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ერიდებოდნენ!


- ქალების ციხეს მაყურებელი ჰყავდა?

 

- არა, მაყურებელი ქალების ციხეში არ იყო, თუმცა, ადმინისტრაცია მუდმივად სარგებლობდა პატიმრებს შორის საკუთარი აგენტების ინფორმაციებით და მათზე დაყრდნობით პატიმარი ქალების მართვას ცდილობდა. ყურადღება უნდა გამახვილდეს ციხეში ახალი პატიმარი ქალის გამოჩენაზე. ციხე ხომ განსაკუთრებული ინსტიტუტია, სადაც გაუცნობიერებელ ადამიანს, მითუმეტეს - ქალს, სრულიად განსხვავებული წესები ხვდება, ვიდრე თავისუფლებაზე. და აი, ისედაც გაოგნებულ, ციხეში ახლად მოხვედრილ ქალზე ადმინისტრაციისთვის თუ საგამოძიებო ორგანოებისთვის სასურველ ზემოქმედებას იწყებდნენ აგენტი პატიმრები! ისეთ დღეში აგდებდნენ, რომ ახალმოყვანილი მზად იყო, ყველაფერზე მოეწერა ხელი! ამ ფუნქციის შესრულების სანაცვლოდ, ადმინისტრაცია მართულ პატიმრებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებდა. ფილმში ეს ეპიზოდები აუცილებლად უნდა აისახოს!


- თვითმკვლელობის შემთხვევები გახსოვთ?

 

- მახსენდება რამდენიმე პატიმარი ქალი, რომლებმაც თავი ჩამოიხრჩვეს. სხვებმა - ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაასრულეს სიცოცხლე! ერთი გოგონა მიზანმიმართულად დააავადეს, გააგიჟეს! მერე საგიჟეთში გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მის ტრაგედიაში მონაწილე თანამშრომლები დღემდე დაუსჯელები არიან! მე შემიძლია, ბატონ გოგას დავაკავშირო ყოფილი პატიმარი ქალები, რომლებიც კონკრეტულ ტრაგედიებს მოუყვებიან!


- ცილისმწამებლური ბრალდებით ბევრი ჰყავდათ დაჭერილი?

 

- უამრავი! და ძალიან ბევრი იხდიდა დანაშაულთან შეუსაბამოდ დიდ სასჯელს! ვიცი მრავალი ყოფილი პატიმარი ქალი, რომლებიც რეჟიმმა ციხეში ჩასვა მარტო იმიტომ, რომ ზემოქმედება მოეხდინა, რათა ბინა, მიწის ნაკვეთი ან მის სახელზე რიცხული რაიმე ქონება დაეთმო! მახსენდება შემთხვევა, როცა მარტო ერთ დღეს, ბაზრობიდან პირდაპირ ციხეში 160 ქალი ერთად მოიყვანეს ზედნადებების გამო. მათთვის ელემენტარული პირობებიც არ შეუქმნიათ, რამდენიმე დღე ციხის დერეფანში ეყარნენ! წარმოიდგინეთ მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა - ამ ქალებს ხომ ჰყავდათ ქმრები, შვილები. ერთბაშად რამდენ ადამიანს აუბედურებდა რეჟიმი! ასეთ პირობებში სპეციალურად ამყოფეს 3 დღე-ღამე, მერე ფული გადაახდევინეს და გაუშვეს!


საბურთალოზე დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ვარ. პარლამენტში შესვლა ერთადერთი მიზნით გადავწყვიტე - ნაცების ჩადენილი დანაშაულები პარლამენტის ტრიბუნიდან ვამხილო და კანონის ფარგლებში დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას მივაღწიო!


- მივადექით ერთ-ერთ ძირითად ეპიზოდს, თუ რა მეთოდებით აჭრიდნენ ორგანოებს პატიმარ ქალებს... უნდა იყოს თუ არა ეს საშინელება ფილმში ასახული?

 

- ეს საკითხები დღემდე გამოუძიებელია! იურისტი  გახლავართ და ამ საკითხზე ვერ ვილაპარაკებ, თუნდაც გონივრული ვარაუდების დონეზე, მაგრამ ფაქტია, რომ სკრინინგ პროგრამის ფარგლებში, რომლებსაც სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი კურატორობდა, 2011-2012 წლებში პატიმარ ქალებს გაუკეთეს იმაზე ბევრად მეტი ქირურგიული ოპერაცია, რაც რეჟიმის მმართველობის სხვა წლებში საერთო ჯამში ჩატარებულა. თუ ადრე პატიმარი ქალები ოპერაციის მოლოდინში თავიანთ საკნებში ნარებზე მიწოლილები იხოცებოდნენ, სიტუაცია პოლარულად შეიცვალა 2011-2012 წლებში. ისეთი დღეებიც გვახსოვს, 10-15 ქალი ერთად გაუყვანიათ სხვადასხვა ოპერაციის გასაკეთებლად. ფილმში ასახვამდე ეს ეპიზოდები სასწრაფოდ ჯერ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. სხვაგვარად საზოგადოებამ, შესაძლოა, არადამაჯერებლად მიიჩნიოს ის სასტიკი ხვედრი, რაც პატიმარ ქალებს არგუნა რეჟიმმა! ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული ყველა ქალის ავადმყოფობის ისტორია, რომლებიც რეჟიმმა საოპერაციო მაგიდაზე აიყვანა.


- თქვენი ვარაუდით, მაინც რასთან გვქონდა საქმე?

 

- მინიმუმ, ფულის გათეთრებასთან! ოპერაციებისთვის გაწერილი იყო თანხები და ამ თანხის ათვისების მიზნით პატიმარ ქალებს საოპერაციოდ გზავნიდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა ოპერაცია სულაც არ სჭირდებოდათ! პირადად გადავიტანე არნახული ზეწოლა, რათა ოპერაციის გაკეთებას დავთანხმებოდი, რადგან განაჩენივით დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი. მაშინ ქალთა ციხის მთავარი ექიმი იყო ჯალათი თეა ჭინჭარაული. დაიწყო ზემოქმედება ჩემს ოჯახზე, რომ თუ დაუყოვნებლივ არ გავიკეთებდი ოპერაციას, თავს დავიღუპავდი! თავიდანვე ეჭვი შემეპარა ამ დიაგნოზში, რადგან ზურაბ ადეიშვილის მძევალი, მისი პირადი პატიმარი ვიყავი და ვივარაუდე, რომ შესაძლოა, ჩემი ლიკვიდაციაც კი ჰქონდათ განზრახული, რისთვისაც ყველაზე „უწყინარი" ფორმა საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილი იქნებოდა.


თავიდანვე გავჯიქდი, იმის მიუხედავად, რომ თეა ჭინჭარაული დღეში ხუთჯერ მაწერინებდა ხელს საბუთზე, რომ ოპერაციაზე უარის გამო ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ის პასუხისმგებლობას იხსნიდა. ესეც ზეწოლის ფორმა იყო! მე ხომ მაშინ არც კი ვიცოდი, რომ არანაირი სიმსივნე არ მჭირდა და უამრავი სხვა პატიმრის მსგავსად, ურცხვად მატყუებდნენ! ოპერაციას თავიდან ვირიდებდი იმის გამოც, რომ ვხედავდი, როგორ დამძიმდა იმ ქალების ჯანმრთელობა, ვინც ადმინისტრაციას ოპერაციაზე დათანხმდა!


- მას შემდეგ 5 წელი გავიდა, როგორია დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

 

- კაჟივით ჯანმრთელი ვარ, არანაირი სიმსივნე არ მაქვს! ციხიდან 2013 წელს ამნისტიით გამოვედი, მაშინვე ჩავიტარე გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ ციხეში დასმული დიაგნოზისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა! ოპერაციას რომ დავთანხმებოდი, გარკვეული ორგანოები ჩემთვის, თურმე, სრულიად უმიზეზოდ უნდა ამოეკვეთათ! და მე ვიცი, როგორ წარიმართა იმ პატიმარი ქალების ბედი, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა საოპერაციო მაგიდასთან მიიტყუა! ისიც ვიცი, რომ რამდენიმე პატიმარი ქალი, რომლებიც ჩემსავით გაჯიუტდა და დასმული დიაგნოზის მიუხედავად, ოპერაცია არ გაიკეთა, დღეს ასევე ჯანმრთელია! დიახ, ეს ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, რადგან რეჟიმმა ამ მეთოდით ათობით პატიმარი ქალი იმსხვერპლა!


 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner