logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: „ქართულ ოცნებას“ ბიზნესის არნახული მხარდაჭერა აქვს
- +

14 სექტემბერი. 2016. 15:38


 


რას საქმიანობდა პოლიტიკაში მოსვლამდე, ვის მიიჩნევს კონკურენტად და რა გეგმები აქვს? - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ქალაქ თბილისში 1965 წელს დავიბადე. ვსწავლობდი 55-ე საშუალო სკოლაში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით დავამთავრე. დაახლოებით 2 წელიწადს სპეციალობით ვმუშაობდი, ჯერ საპროექტო ინსტიტუტში, შემდეგ კაჭრეთის რკინაბეტონის ქარხანაში. კარგად გავეცანი ქარხნის მუშაობას და რკინაბეტონის კონსტრუქციებს. 90-იან წლებში პროფესია ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი აღარ გახდა მოთხოვნადი. ამის შემდეგ შევქმენი საკუთარი ჯგუფი „ვაკის პარკი", რომლის სიმღერების მუსიკის და ტექსტების ავტორიც გახლავართ. „ვაკის პარკის" ტექსტებში ყოველთვის იყო პოლიტიკური თემები, სოციალური თემატიკა, ადამიანების გასაჭირი და ა.შ.


შემდეგ დავიწყე ურთიერთობა სტუდია „მაესტროსთან", მასთან ერთად განვახორციელე ძალიან საინტერესო პროექტი - „საუკუნის ნოსტალგია", ცნობილი უცხოენოვანი სიმღერები ვთარგმნეთ ქართულად. მოგვიანებით გამიტაცა ნადირობამ და დავიწყე მუშაობა რადიო „უცნობში", სადაც 2 წლის განმავლობაში მიმყავდა გადაცემა „მონკავშირი", სადაც პროპაგანდას ვუწევდი სწორად ნადირობას, კანონის ფარგლებში მოქცევას, მოვუწოდებდით მონადირეებს, არ დაეყარათ ბუნებაში საგზალი, რასაც სამწუხაროდ, ხშირად აკეთებენ და ა.შ. მიმიწვიეს ასევე რადიო „მაესტროში", ჯერ გადაცემა „პოლიტ როკ-ენ-როლის" წამყვანად და შემდეგ უკვე ტელევიზია „მაესტროში" გადაცემა „პირდაპირი საუბრების" წამყვანად.


2012 წლის არჩევნების შემდეგ ვიყავი კიდევ ერთი პროექტის დირექტორი - „მაგთი ფანის". ამის შემდეგ 1 წლის განმავლობაში ჩემი საქმით, მუსიკით ვიყავი დაკავებული, თბილისის კლუბებში ვუკრავდი. ბოლო 7-8 თვე ვმუშაობდი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" „პიკი საათის" წამყვანად. ამ გამოცდილებით მოვდივარ პოლიტიკაში.


- მოსახლეობასთან, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აქტიურ შეხვედრებს მართავთ. რა პრობლემები არსებობს დღეს ვაკის ოლქში?


- პირველ რიგში, მაჟორიტარის მცნება, 90-იანი წლებიდან დაწყებული, არასწორად იყო გაგებული. რაღაც ფეოდალივით იყო, რომელიც თავის რაიონს პირადი ხარჯით რაღაცეებს უკეთებდა. ადამიანები დავალებულები იყვნენ მისგან.

თბილისის ყველა უბანს აქვს როგორც საერთო, ასევე განსხვავებული პრობლემები. ჩვენს უბანშიც არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებიც ძალიან რთულად გადასაწყვეტია თბილისის დღევანდელი  ბიუჯეტის ფარგლებში. 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო საცხოვრებელ ბინებზე ლოჯიების მიშენება. დღეს ეს მიშენებები არის საშინელ მდგომარეობაში. ხშირ შემთხვევაში აშენებულია კარკასი, რომლის სახურავიც და საძირკველიც დარჩენილია ჰაერში. დღეს მოსახლეობა ამ საკითხში ითხოვს დახმარებას.


მოგეხსენებათ, თბილისის ბიუჯეტის მესამედი მიდის ჯანდაცვაზე და სოციალურ დახმარებებზე. ჩვენ ვთვლით, რომ თუ ადამიანი ჯანმრთელი არ იქნება, სათამაშო მოედნის და სადარბაზოს გარემონტებას აზრი არ ექნება. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანი. ამ ბიუჯეტის პირობებში გვიჭირს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ვაკის რაიონში ორჯერ მეტი გზა არის დაგებული. დაახლოებით 196 სახლს გამოეცვალა სახურავი. 200-მდე სახლს გაურემონტდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. უბანში ავარიული სახლები ძალიან ბევრია. მინდელის ქუჩის პირველ ნომერში 14-სართულიან კორპუსს, რომელიც არის ავარიული, 900 000 ლარი დაუმტკიცდა სარემონტო სამუშაოებისთვის, რაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ერთბაშად ყველაფრის გაკეთება ადვილი არ არის. ტექნიკა არ არის იმდენი, რომ ერთბაშად გააკეთო ყველა პროექტი. ეს არის ძირითადი პრობლემები, რაც უბანში არსებობს. ძალიან ბევრ ადამიანს პირადი გაჭირვება აქვს, რისთვისაც არის ერთჯერადი ფულადი დახმარების სისტემა. გარდა ამისა, ჩვენს რაიონში 2000 ოპერაცია დაფინანსდა და მედიკამენტების კომპლექსი მიიღო ამდენივე ადამიანმა.


ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, თბილისის მასშტაბით გეტყვით. კეთდება კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ქალაქს. კოჯრიდან სამადლომდე გაკეთდა ძალიან მაღალი ხარისხის გზა. ახალდაბას უკეთდება გზა,  უზრუნველყოფილია 24-საათიანი წყალმომარაგებით. მიწისძვრის შედეგად მიღებული ზარალიც აუნაზღაურდათ სრულიად.


- რომელი პარტიის წარმომადგენელს მიიჩნევთ თქვენს კონკურენტად?


- ვფიქრობ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც კონკურენტებს არ აფასებს. ბატონი ლევან ბერძენიშვილი საკმაოდ გამოცდილი, მძიმეწონოსანი პოლიტიკოსია, განათლებული. „ნაციონალური მოძრაობიდან" არის ბატონი პეტრე ცისკარიშვილი, დიდი ხანია პოლიტიკაშია ისიც, მაგრამ გარკვეული უპირატესობები მაქვს. გამარჯვების იმედი მაქვს. ჩემი უპირატესობა არის პირველი ის, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი, ყველა კვლევის მიხედვით, მაღალია. მეორე, გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი - გიორგი კვირიკაშვილი. მესამე, „ქართული ოცნება" 70%-ით არის განახლებული. რეალურად სხვა პოლიტიკურმა ძალებმა განახლება ვერ მოახერხეს. მეოთხე, ჩვენი გამგეობის მიერ ჩატარებული საქმიანობა. ადგილზე გასვლის დროს მოსახლეობა თვითონ მაჩვენებს, რა გაუკეთდათ და მსაყვედურობენ, პიარი რატომ არ გაქვთ ისეთი, როგორიც გქონდათ ადრეო. ჩვენ ვუხსნით, რომ ჩვენგან ტელევიზიებში მითითება არ მიდის, მაინცდამაინც ყველა გზა, სკვერი და ა.შ. გაშუქდეს.


ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ამომრჩეველს უყვარს სიახლე და დიდი ნაწილი „ქართული ოცნების" ვართ ახალი სახეები. ასევე, ყველაზე მთავარი, რაც არის - ჩემს მიმართ ნდობას ვგრძნობ.


- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?

 

- შედარება არ არის იმასთან, რაც იყო 2012 წელს. ადრე ყველა იმ თანამდებობაზე, სადაც უნდა იყოს ნეიტრალური ადამიანი, რომ დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, ყველგან იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი. გაიხსენეთ, 2008 წელს ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი,; ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლევან ბეჟაშვილი, სახალხო დამცველი, ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო სამსახურის დირექტორი გადავიდნენ „ნაცმოძრაობაში". აი, ასეთი გარემო იყო. აღარაფერს ვამბობ მიტინგებიდან ხალხის გატაცებაზე და ცემაზე, ქვების სროლაზე და ა.შ.


სამწუხაროდ, 2-3 შემთხვევა არის დღესაც, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების მხრიდან შეკვეთილი. არიან ადამიანები რომლებიც ვერ საზღვრავენ იმას, რომ მათი გარკვეული ქმედებები ჩირქს ცხებს პირველ რიგში მმართველ პარტიას. ჩვენი მოწოდება არის სიმშვიდე, ყველა პარტიას თანაბარი პირობები აქვს.


„ქართულ ოცნებას" ბიზნესის არნახული მხარდაჭერა აქვს, რადგან ჩვენი დამსახურებაა, რომ ბიზნესი თავისუფალია და არავინ ატერორებს. ჩვენ მივდივართ იმ შედეგამდე, რომ ბიზნესი არის მთავარი დამსაქმებელი და არა სახელმწიფო.


- თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური სუბიექტები გადალახავენ საპარლამენტო არჩევნებზე 5 %-იან ბარიერს?


- გარედან მოვლენების ყურება არ იძლევა სურათს, რადგან არ იცი, შიგნით რა ხდება. ძალიან კარგია, რომ „ქართული ოცნება" გადის ცალკე, „რესპუბლიკელები", ალასანია, „მრეწველები", „ფორუმი" გადიან ცალცალკე. ძალიან დიდი პოლიტიკური სპექტრია და შანსი არის, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, თუმცა, ვისურვებ, რომ „ქართული ოცნება" დარჩეს კვლავ ხელისუფლებაში.


 

right_banner
არქივი
right_banner