logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შალვა ნათელაშვილს კონკურენტი არ დაუყენა
- +

15 სექტემბერი. 2016. 15:46




„მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" და შალვა ნათელაშვილს შორის კავშირზე ისაუბრა.


სოსო შატბერაშვილის თქმით, არსებობს ფაქტები და ვიდეომასალა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" ურიგდება შალვა ნათელაშვილს, თუმცა ამას „ნაციონალები" არ გამოაქვეყნებენ, რადგან შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილის სალანძღავად იყენებენ.

 

- თქვენი აზრით, რა კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" შალვა ნათელაშვილთან? რა გარიგებაზეა საუბარი?

 

- 2011 წლიდან შალვა ნათელაშვილს „ნაციონალებთან" ფარული გარიგებები აქვს, რომელიც უკვე აშკარა გახდა. აშკარა გახდა თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ 26 აგვისტოს ხელშეკრულებით შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს 100 000 ლარი გადაურიცხა. გარდა ამისა, მან საკუთარი კანდიდატურა დააყენა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის 38-ე ოლქში და „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც მაჟორიტარობის კანდიდატები მთელ საქართველოში წარადგინა, შალვა ნათელაშვილს კონკურენტი არ დაუყენა. „ნაციონალი" აქტივისტები, რომლებიც ამ რაიონში ცხოვრობენ, პირდაპირ ამბობენ, რომ მათ სურთ, შალვა ნათელაშვილი  მაჟორიტარად გავიდეს.

 

- რა გარიგება აქვს შალვა ნათელაშვილს „რუსთავი 2"-თან?

 

- შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2"-ს ვითომ სატელევიზიო რეკლამებისთვის 100 000 ლარი გადაურიცხა. ეს იმ დროს, როცა შალვა ნათელაშვილს ისედაც ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო როგორც კვალიფიციურ სუბიექტს.


გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, ნათელაშვილის ახლო ურთიერთობა ნიკა გვარამიასთან, რომელიც შალვა ნათელაშვილის მიმართ სიმპათიებს არ მალავს. სწორედ ამის გამოხატულებაა შალვა ნათელაშვილის მიერ „რუსთავი 2"-ისთვის 100 000 ლარის გადარიცხვა. იმ დროს, როცა „მაესტროს", „იბერიას" და სხვას 3 ათასი, 5 ათასი 6 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. ამითაც მტკიცდება, რომ სააკაშვილს და ნათელაშვილს შორს კავშირი ნამდვილად არსებობს.


ინფორმაცია გვაქვს, რომ ნათელაშვილი თავის პარტიაში თათბირზე ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოდიან „ნაციონალები" და „ლეიბორისტები" და ერთად აპირებენ მთავრობის ჩამოყალიბებას.


- გაქვთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს „ნაციონალების" და შალვა ნათელაშვილის კავშირს?

 

- არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ ფინანსურ და პოლიტიკურ ურთიერთობას. დოკუმენტები არსებობს და ეს „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.


როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალები" ვისთანაც თანამშრომლობენ ყველაფერი ვიდეოკადრებზე აქვთ ასახული, მაგრამ ისინი ამას გარკვეული მიზეზების გამო არ ამზეურებენ, რადგან „ნაციონალებმა" ეს კადრები რომ აჩვენონ, მაშინ შალვა ნათელაშვილი მათ აღარ დაემორჩილება. სწორედ ამიტომ ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" „გამოჭერილი" ჰყავს და იმას აკეთებინებენ რაც სურთ.


შალვა ნათელაშვილს დავალებული აქვს, ბიძინა ივანიშვილი კი არ გააკრიტიკოს, ლანძღოს. სწორედ ასეთი ბინძური გარიგებით შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს ატყუებს, თითქოს ხალხის ინტერესი ამოძრავებს.


მაშინ, როცა შალვა ნათელაშვილს შეეძლო, სტატუსშეჩერებული სტუდენტები გადაერჩინა, ჩაედინა ქველმოქმედება, ამის მაგივრად, რაც თანხები ჰქონდა, მოახმარა მტრულად განწყობილ „ნაციონალურ მოძრაობას".


- თუ გქონდათ საუბარი შალვა ნათელაშვილთან, რას ამბობს ამ ბრალდებებზე?

 

- შალვა ნათელაშვილი ჩემთან ლაპარაკს გაურბის. თქვენი საშუალებით მინდა მას მივმართო და ვუთხრა, რომ ვიწვევ სატელევიზიო პოლემიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ნათელაშვილი ამას არ დათანხმდება, რადგან მისი არგუმენტები იმდენად სუსტია, ვერ შეძლებს ჩემთან ოპონირებას.

 

- ბაზალეთის ინციდენტის შემდეგ, იყო თუ არა რამე ინციდენტი შალვა ნათელაშვილის მომხრეების მხრიდან?


- შალვა ნათელაშვილის რამდენიმე მომხრემ დამირეკა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დამემუქრა. მემუქრებიან ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ამის შესახებ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ განცხადებით აცნობა უწყებათაშორის კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს და, როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს ამ საკითხის მოკვლევა.


ჩვენ ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს ეწევიან მუქარას ჩემი მისამართით და არჩევნები გადაჰყავთ 90-იან წლებში.


 

right_banner
არქივი
right_banner