logo_geo
eng_logo
"რატომ განაახლეს ნაციონალებმა საარჩევნო სია?"
- +

19 სექტემბერი. 2016. 13:48



მკითხველს, ალბათ, კარგად ემახსოვრება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ივლისში პომპეზურად გამოქვეყნებული და დამტკიცებული სია. ეს ამბავი 22 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მოხდა. სხდომას პოლიტსაბჭოს წევრები, საარჩევნო სიის კანდიდატები, მაჟორიტარული ოლქების კანდიდატები, პარტიის რაიონული თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიის პროგრამა, სამოქმედო გეგმა, პარტიის განახლებული ლოგო. ასევე, დამტკიცდა 2016 წლის არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სია - მაშინ ამბობდნენ, რომ საბოლოო ვერსიით. ყველა საკითხი პოლიტიკურმა საბჭომ კენჭისყრით დაამტკიცა. მაშინ არც დარბაზში და არც სიაში არავის შეუნიშნავს რამაზ ნიკოლაიშვილი...


ზემოაღწერილი მოვლენის შემდეგ, დაახლოებით თვე-ნახევარში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" განახლებული სია კვლავ შესთავაზა თავის ამომრჩეველს. ბევრმა ჩათვალა, რომ სიის განახლება სანდრა რულოვსის მეორე ნომრად ჩამატებამ გამოიწვია მხოლოდ. ამ ლოგიკით, ივლისში წარმოდგენილ რიგითობას მხოლოდ ერთი პუნქტით უნდა ჩამოეწია, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ხმამაღლა გაცხადებული მიზეზის მიღმა, განახლებულ სიას სულ სხვა ინტრიგა ახლავს.


მართლაც, რულოვსის მეორე ნომრად ჩამატების შემდეგ სია ერთი პუნქტით ქვემოთ ინაცვლებს, მაგრამ ასე გრძელდება 15 ნომრამდე, სადაც გიგა ბოკერია სახელდება. თუმცა, ძველ სიაში თუ მას შემდეგ თენგიზ გუნავა აგრძელებდა რიგითობას, ახალში მის ადგილს კობა ნაყოფია იკავებს, გუნავა კი 24-ეზეა გადანაცვლებული. სწორედ ამ ნომერს იკავებდა ძველ სიაში ნაყოფია. რატომ მოხდა ეს გადანაცვლება, ამის შესახებ პრეტენზიას არავინ გამოთქვამს ნაციონალების მხარდამჭერებში, თუმცა, თუ წარსულ გამოცდილებას დავუჯერებთ, ასე ხშირად ხდება ხოლმე გარკვეული საზღაურის გადახდის დასაფასებლად... თუმცა, სჯობს, განვაგრძოთ თანმიმდევრობა, ვინაიდან გაცილებით საინტერესო ფაქტს უნდა მივადგეთ: ნაყოფიას შემდეგ განახლებულ სიაში რიგითობა ძველი თანმიმდევრობით გრძელდება - ნადირაშვილი, ჩიქოვანი, ბოკუჩავა... მაგრამ შემდეგ, სადაც გიორგი თევდორაძე უნდა აღმოგვეჩინა, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ რამაზ ნიკოლაიშვილი. ის განახლებულ სიაში მეოცე ადგილზეა წარმოდგენილი. ცხადია, მოვიძიეთ თევდორაძის რიგითობა და ის 63-ეზე დაგვხვდა... მართალია, ბატონი გიორგი ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატია ნაციონალებიდან, მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ მას ასე უმტკივნეულოდ დაეთმო ნიკოლაიშვილისთვის თავისი გარანტირებული ადგილი ოცეულში, როცა ნაციონალების ხელისუფლების დროინდელი ფინანსური პოლიციის, მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ბოლოს კი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ივლისში გამოქვეყნებულ-დამტკიცებულ სიაში საერთოდაც არ იკითხებოდა...


ახლა კი იმის შესახებ, რა დაუჯდა ნიკოლაიშვილს ეს „პატივი"...


როგორც „პრაიმტაიმს" უამბობენ, მის სიაში მოხვედრას „ნაციონალურ მოძრაობაში" ე.წ. გიგა ბოკერიას ფრთა ლობირებდა. სახელდება კონკრეტული გვარებიც - დავით ბაქრაძე, აკაკი ბობოხიძე და დავით კირკიტაძე... იმავე ინფორმაციით, რამაზ ნიკოლაიშვილმა ამ ნომრად სიაში ყოფნისთვის ერთი მილიონი გადაიხადა. გიორგი თევდორაძის დათანხმება კი მარტივად მოხდა - მას თავის მაჟორიტარულ ოლქში განსაკუთრებულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ... თუმცა წყარო იმასაც ამბობს, რომ გადახდილი მილიონიდან თევდორაძესაც ერგო თავისი „კუთვნილი წილი" ასეთი მსხვერპლშეწირვისთვის...


სამწუხაროდ, გიორგი თევდორაძესთან დაკავშირება ხსენებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენს მკითხველს წარმოვუდგენთ აღნიშნულზე რამაზ ნიკოლაიშვილის პოზიციას, რომელიც ძალიან ააღელვა ჩვენმა კითხვებმა:

 

- როგორ ახსნით თქვენს აღმოჩენას ნაციონალების სიაში? უკმაყოფილება რატომ უნდა გამოეწვიანაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ერთ ნაწილში?

 

- ვისი უკმაყოფილება გამოიწვია?


- მხარდამჭერთა ერთი ნაწილის, რომლებიც საკუთარ პოზიციას არც მალავენ სოციალურ ქსელებში...


- აზრები რომ იყოფა, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ვისი აზრები გაიყო კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით, მე არ ვიცი...


- თქვენ გრძნობთ ამ უარყოფით დამოკიდებულებას სიაში თქვენს გამოჩენასთან დაკავშირებით?


- მე რას ვგრძნობ, ეს მე ვიცი, მაგრამ კითხვა ჩემი მისამართით არ არის...

 

- არსებობს ინფორმაცია, რომ სიაში თქვენს ჩასმას ლობირებდნენ დავით ბაქრაძე, კაკო ბობოხიძე და დავით კირკიტაძე. ამ პროცესში მართლა გქონდათ ამ ადამიანებთან განსაკუთრებული ინტენსივობით ურთიერთობა?


- უსაგნო საუბარია ახლა ეს... თუ ვინმესთვის გასაკვირია, რატომ მოვხვდი მე ნაციონალების სიაში, მაშინ მას 2012 წლამდე საქართველოში არ უცხოვრია.

 

- არის სხვა ინფორმაციაც, თითქოს თქვენ მილიონი გადაიხადეთ ამ ადგილისთვის...


- (იცინის) გინდათ, რომ ამ თემაზე ვიჭორაოთ? არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს...


- თავად თქვენ როგორ შეგიძლიათ, ახსნათ ის ფაქტი, რომ გოგა თევდორაძემ, რომლის ადგილიც თქვენ დაიკავეთ ამ სიაში, 63- ადგილზე გადაინაცვლა?..


- ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ...


სამწუხაროდ, რამაზ ნიკოლაიშვილს ვერ აღმოაჩნდა არგუმენტები არსებული ინფორმაციით წარმოქმნილი ეჭვის გასაფანტად...


რაც შეეხება კობა ნაყოფიას დაწინაურებას თენგიზ გუნავას „ხარჯზე", ამის შესახებ „პრაიმტაიმი" შეეცდება, თავის მკითხველს მომავალში უამბოს.



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner